თეა ბეჟიტაშვილი
10.06.2015

 სულ მალე დიდუბის პანთეონი ოფიციალურად დაიხურება. იმის გამო, რომ პანთეონში საზოგადო მოღვაწეთა დასაკრძალად ადგილი ფიზიკურად არ არის, აშენდება ახალი პანთეონი. იმის გასარკვევად, თუ სად გაიხსნება ახალი პანთეონი, სარეკომენდაციო საბჭოა შექმნილი, რომლის თავმჯდომარე თბილისის მერი დავით ნარმანიაა.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, ახალი პანთეონისთვის შესაფერისი ადგილის შესარჩევად ინტენსიური მუშაობა 2-3 თვეა მიმდინარეობს.

"შერჩეული იყო რამდენიმე ადგილი. ეს გახლდათ ე.წ. რუსთაველის მონუმენტი, რომელიც ლოტკინის ასახვევშია. ასევე ზურაბ წერეთლის მიერ აგებული "მეფეთა მონუმენტი", რომელიც თბილისის ზღვაზეა, მაგრამ ბოლოს კომისიამ გადაწყვეტილება შეაჩერა ახლად მშენებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრის შემოგარენზე (მახათას მთა).

"ამაზე მიდის ახლა საუბარი. პატრიარქის ლოცვა-კურთხევაც არის ამ თემასთან დაკავშირებით. ჩართულნი არიან სპეციალისტები, სასულიერო პირები, მოქალაქეები, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები. ვფიქრობთ, უახლოეს მომავალში მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც პანთეონს, როგორც ისტორიულ ადგილს და არა მხოლოდ დასაკრძალ ადგილს, თავის იერსახეს მიანიჭებს და ჩვენს დედაქალაქს ექნება შესაფერისი პანთეონი," - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

"შექმნილ საბჭოში შედის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი, არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელი, გარდა მერიისა, არიან პანთეონების დირექტორები, კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი, საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისის თავმჯდომარე. გარდა კომისიის და მოწვეული წევრებისა კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს საპატრიარქოსთანაც," - უთხრეს "რეზონანსს" მერიის კულტურის საქალაქო სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს, მოწმდება ტერიტორია თუ სად შეიძლება ახალი პანთეონის აშენება: "ახლა კონკრეტულად რამდენიმე ვარიანტზეა საუბარი, საბოლო გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა, საბჭოს სხდომები ყოველკვირეულად იმართება და ძალიან მალე ზუსტი პასუხი გვეცოდინება თუ სად იქნება ახალი პანთეონი."

საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის თქმით, დიდუბის პანთეონის ალტერნატივად მახათას მთის შემოგარენი მოიაზრება: "დიდუბის პანთეონმა თავისი რესურსი აბსოლუტურად ამოწურა, ამიტომ შეუძლებელია მან გააგრძელოს თავისი საქმიანობა იმ კუთხით, რომ შემდგომში საზოგადო მოღვაწეები დიდუბის პანთეონში დაიკრძალონ. პანთეონის დახურვის გადაწყვეტილება შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ობიექტურმა მიზეზებმა განაპირობა.

"რაც შეეხება იმას, თუ სად აშენდება ახალი პანთეონი, ყველაზე რეალურ ვარიანტად მახათას მთის ტერიტორია განიხილება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა. ის, რომ ეს პროცესი გამჭვირვალეა, ამას ისიც მოწმობს, რომ ამ კომისიაში საზოგადოების წარმომადგენლებიც არიან ჩართულნი, რომელთაც შესაბამისი ექსპერტული გამოცდილება გააჩნიათ," - ამბობს ტალიაშვილი.

მისი თქმით, ახალი პანთეონი გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს: "ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება. პანთეონი, რომელიც დაარსდება, უნდა იყოს ღირსეული და კულტურული, რადგან ამ პანთეონის მეშვეობით ჩვენ ისტორიას ვქმნით და უნდა დავაფასოთ ის ადამიანები, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობისთვის დიდი წვლილი მიუღძვით.

"ამას გარდა, უნდა გავითვალისიწინოთ ის საკითხები, რაც მოსახლეობას პანთეონთან დაკავშირებით აწუხებს. მათთვის მისაღები უნდა იყოს, რომ ახალმა პანთეონმა ქალაქი კი არ დაამძიმოს, არამედ პირიქით, შექმნას დამატებითი კულტურული ადგილი და შემოგარენში მცხოვრები მოსახლეობისთვის დისკომფორტის შემქმნელი არ იყოს," - ამბობს თამარ ტალიაშვილი.

დიდუბის პანთეონის დირექტორის ბადრი ქუთათელაძის თქმით, პანთეონში სულ 800-მდე საზოგადო მოღვაწეა დაკრძალული: "დიდუბის პანთეონს ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. ოფიციალურად პანთეონი, როგორც ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, 1915 წელს გაიხსნა, გახსნის ინიციატივა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ეკუთვნოდა. პანთეონის გახსნის მცდელობა მანამდეც იყო, თუმცა საქართველოში დიდუბის პანთეონი პირველი პანთეონია.

"პანთეონს ოფიციალურად წელს ასი წელი შეუსრულდა, თუმცა საზოგადო მოღვაწეებს მანამდეც კრძალავდნენ. ახლა უბრალოდ ფიზიკურად ადგილი არ არის, თორემ პანთეონს სხვა პრობლემა არ აქვს.

"როგორც ასეთი თბილისში არის ცალკეული პანთეონები, მაგალითად საბურთალოს, მუხათგვერდის, მაგრამ თბილისში არის სამი დიდი პანთეონი, ესენია დიდუბის, მთაწმინდის და სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ავლაბრის პანთეონი. ყველაზე დიდი დიდუბის პანთეონია, სადაც 800-მდე საზოგადო მოღვაწეა დაკრძალული. მთაწმინდის პანთეონში კი 51 საზოგადო მოღვაწეა დასაფლავებული," - ამბობს ბადრი ქუთათელაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×