მოსაზრება
11.06.2015

ავთანდილ კახნიაშვილი,

სამართლის დოქტორი

სასამართლოსადმი ნდობის ასამაღლებლად და ადამიანის უფლებათა ეფექტურად დასაცავად დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს "ვარდების რევოლუვიის" შემდეგ შემოღებული ე.წ. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, რომელიც უკვე იმ განვითარებულ ქვეყნებშიც იშვიათად გამოიყენება, რომლებშიც საუკუნეების განმავლობაში მოქმედებდა. მაგალითად, ნაფიცი მსაჯულების სამშობლოშიც კი, ინგლისში, 1993 წლიდან თქვეს უარი მის გამოყენებაზე, ხოლო აშშ-ში ნაფიც მსაჯულების მოსამართლეებით ჩანაცვლებაა დაწყებული.

აღნიშნული ინსტიტუტი, საქართველოში, ფაქტობრივად, თავიდანვე საერთო სასამართლოებში მორიგი რეფორმის ილუზიის შესაქმნელად და უცხოეთიდან მორიგი გრანტების ასათვისებლად იყო შემოტანილი. ამჟამად კი, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში რეალურად არაფერს ცვლის და მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის სრულიად გაუმართლებელ ხარჯვას იწვევს.

არ მეგულება დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელიც ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის შემოღებას ურჩევდა ისეთ "განვითარებად" და სპეციფიკურ ქვეყანას, რომელშიც, ფაქტობრივად, შეუძლებელია მიუკერძოებელი ნაფიცი მსაჯულების შერჩევა და მათი დაცვა ბრალდებულის ახლობლების მხრიდან ზემოქმედებისგან ან, თუნდაც მოსყიდვისგან. არადა, ცივილიზებულ ქვეყნებში აღიარებულია, რომ თუ ნაფიცი მსაჯულები გადაწყვეტილებას ერთსულოვნად ვერ მიიღებენ და ერთი მაინც ბოლომდე ვერ დარწმუნდება ბრალდების საფუძვლიანობაში, რჩება საფრთხე, რომ დამნაშავედ სრულიად უდანაშაულო პირი იქნას ცნობილი.

რამდენიმე წლის წინ შემოღებულმა ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტმა რომ საქართველოში არ გაამართლა, დაადასტურა მათი მონაწილეობით ბოლოს განხილულმა საქმემაც, როდესაც განსასჯელმა თავისი იერით და გამონათქვამებით იმდენად დააშინა ნაფიცი მსაჯულების ნაწილი (მგონი, ტელემაყურებელიც...), რომ მათ ვერ გაბედეს გამამტყუნებელი ვერდიქტის გამოტანა და დიდი ალბათობაა, ასეთ ვითარებაში, ნაფიცი მსაჯულების ახალმა შემადგენლობამაც ვერ მოახერხოს "სამართლიანობის აღდგენა", რაც ბრალდებულის გამართლებას გამოიწვევს (აბა, ვის უნდა, რომ მას ან მისი ოჯახის წევრების სიცოცხლეს რეალური საფრთხე დღეს ან თუნდაც მსჯავრდებულის ციხიდან გამოსვლის შემდეგ დაემუქროს?).

ამდენად, მიმაჩნია, რომ კანონმდებელმა დაუყოვნებლივ უნდა თქვას უარი ხარვეზიანი ფორმით შემოღებულ ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტზე, ხოლო განსაკუთრებით რთულ საქმეებზე, როგორც ეს სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების განხილვის პროცედურით არის გათვალისწინებული, სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შესაძლებელი უნდა იყოს პირველ ინსტანციაშივე საქმე სამმა მოსამართლემ განიხილოს, რაც მეტ შანს მოგვცემდა ბრალდებულის მიმართ სამართლიანი განაჩენი დამდგარიყო.

შესაძლებლად მიმაჩნია, აგრეთვე, ის საქმეები, რომლებიც სადღეისოდ ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით იხილება, პირდაპირ სააპელაციო სასამართლოს 3 მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ განიხილოს, ხოლო განაჩენის გასაჩივრება უზენაეს სასამართლოში მოხდეს (მსგავსი წესი ადრეც მოქმედებდა, როდესაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების თაობაზე საქმეებს პირველი ინსტანციით უზენაესი სასამართლოს ერთი მოსამართლე იხილავდა, რაც სრულიად მიუღებელი იყო, რადგან გასაჩივრება, მხოლოდ იმავე სასამართლოში იყო შესაძლებელი).

ამასთან, თუ გავითვალისწინებთ, რომ იმავე აშშ-ში, რიგ შემთხვევებში, როდესაც სისხლის სამართლის საქმის გამოძიების სტადიაზე მოპოვებული მტკიცებულებების სასამართლომდე შენარჩუნებას რეალური საფრთხე ემუქრება, განაჩენის გამოსატანად განსაკუთრებით მნიშვნელოვანი (ძირითადი) მოწმეების დაკითხვა, სასამართლოში საქმის განხილვის დაწყებამდე და უშუალოდ ნაფიც მსაჯულთა დიდი ჟიურის წინაშე ხდება.

ამდენად, საქართველოში არსებული რეალობიდან გამომდინარე, გონივრულად მიმაჩნია, მოგვეხდინა ნაფიცი მაჯულების ინსტიტუტის ტრანსფორმირება და ნაფიც მსაჯულთა სადღეისოდ შერჩეული შემადგენლობა ზემოაღნიშნული მიზნით გამოგვეყენებინა. კერძოდ, პირველი ან/და მეორე ინსტანციის სასამართლოებთან შეიქმნებოდა არანაკლებ 3-კაციანი ე. წ. ნაფიც მსაჯულთა კოლეგიები (მაგ., თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში მუდმივმოქმედი, ხოლო სხვა ქალაქებში შეიძლებოდა საჭიროებისამებრ შეკრებილიყვნენ). ბრალდების ან დაცვის მხარის მოთხოვნით "ნაფიც მსაჯულთა კოლეგიების" წინაშე ის ბრალდებულები ან მოწმეები წარსდგებოდნენ, რომელთა ჩვენებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნებოდა სამართლიანი განაჩენის გამოსატანად, თუმცა მათზე ფიზიკური ან ფსიქიკური ზემოქმედების, აგრეთვე ამ პირთა მიმალვის, მკვლელობის ან გარდაცვალების გამო (თუნდაც ავადმყოფობის შედეგად ან ასაკით), შეიძლება, სასამართლოში საქმის განხილვის მომენტისთვის ეს ძირითადი მტკიცებულება აღარ არსებობდეს. მითუმეტეს, რომ საქართველოში გამოძიებაც და სასამართლოში საქმის განხილვაც, არცთუ იშვიათად, გაუმართლებლად ჭიანურდება.

იმ ვითარებაში, როდესაც პირი ნაფიცი მსაჯულების წინაშე ნებაყოფლობით, წერილობით ჩამოაყალიბებდა საკუთარ თვალსაზრისს მომხდართან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გარემოებების თაობაზე ან ზეპირად მისცემდა ჩვენებას (მხარეებისა და ნაფიც მსაჯულთა კითხვებზეც გასცემდა პასუხებს), მისგან მიღებული ინფორმაცია კანონით დადგენილი წესით მოპოვებულ მტკიცებულებად ჩაითვლებოდა (ფიქსირება ვიდეოკამერითაც მოხდებოდა), რომელიც შემდგომში გამოყენებული იქნებოდა სასამართლოში საქმის განხილვისას და მოხსნიდა ბრალდებულის ან მოწმის ჩვენების შეცვლასთან დაკავშირებულ პრობლემას.

ამასთან, აუცილებლობად მიმაჩნია, დამკვიდრდეს ნაფიც მსაჯულთა თანდასწრებით ჩვენების საკუთარი ხელით დაწერის ან აკრეფის პრაქტიკა, რაც მაქსიმალურად გამორიცხავს საქმის ფაქტობრივი გარემოებების არაობიექტურ ასახვას.

ფაქტია, რომ დღეს გამომძიებელ-ინსპექტორები და პროკურორები ბრალდებულის, მოწმის ან დაზარალებულის ჩვენებებს საკუთარი ხელით კრეფენ, როგორც წესი, ვითარებას ისე წარმოაჩენენ, როგორც თავად მიიჩნევენ საჭიროდ, ბოლოს კი ახსნა-განმარტებაჩამორთმეულ ან დაკითხულ პირს დოკუმენტზე ხელს აწერინებენ და საკუთარი ხელით მხოლოდ იმის დადასტურებას თხოვენ, რომ სამართალდამცავებმა მისი სიტყვები უცვლელად გადაიტანეს ფურცელზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×