იაგო ნაცვლიშვილი
11.06.2015

 საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სპორტული კომენტატორი სანდრო ცნობილაძე გაათავისუფლა. ეს ცნობა "რეზონანსს" თავად ცნობილაძემ დაუდასტურა. მისი ინფორმაციით, არხიდან საქართველო-პორტუგალიის საფეხბურთო მატჩის დროს დაშვებული შეცდომის გამო გაუშვეს.

ეს გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის სადისციპლინო კომიტეტმა მიიღო. ცნობილაძე ამბობს, რომ ინფორმირებული იყო კომიტეტი მისი საკითხის განხილვას რომ გეგმავდა, თუმცა არხის მიერ ასეთი რადიკალური გადაწყვეტილების მიღებას არ ელოდა.

ამბობს, რომ ახლა გაოგნებულია და არ იცის გაასაჩივრებს თუ არა არხის გადაწყვეტილებას სასამართლოში, ან გააპროტესტებს თუ არა მას რაიმე ფორმით. "ფეისბუქზე" უკვე გაიხსნა მისთვის სოლიდარობის გამომხატველი გვერდი, რომელსაც პეტიციის ფორმა აქვს, სადაც ითხოვენ, რომ ცნობილაძე "პირველ არხზე" დააბრუნონ.

შეგახსენებთ, რომ სანდრო ცნობილაძემ შეცდომა საქართველო-პორტუგალიის 19 წლამდელთა ნაკრებების შეხვედრის დროს დაუშვა. მატჩის პირველ წუთებზე ქართველ კომენტატორს, პორტუგალიისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორმები ერთმანეთში აერია. მან მაყურებელს ამცნო, რომ საქართველოს ნაკრებმა გაიტანა გოლი, არა და წინ პორტუგალიელები გავიდნენ, რომლებიც 11-მეტრიანი დარტყმით დაწინაურდნენ. ცნობილაძემ იმ ფეხბურთელის გვარიც დაასახელა, რომელმაც თითქოს და გოლი გაიტანა - ოთარ კიტეიშვილი. სინამდვილეში პენალტი პედრო როდრიგესმა შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ თავის დროზე რადიოდან "დამალული" გოლის გამო ცნობილი ქართველი კომენტატორი ეროსი მანჯგალაძეც გაუშვეს. მაშინ მან რადიომსმენელს თბილისის "დინამოს" მიერ გატანილი გოლი დაუმალა და სიურპრიზი გულშემატკივარს მატჩის მიწურულს გაუმხილა.

სანდრო ცნობილაძე: ვადასტურებ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არხიდან გამათავისუფლა.

"რეზონანსი": რა გახდა ამის მიზეზი?

ს.ც: ალბათ იცით ჩემი ცნობილი შეცდომის შესახებ, რომელიც საქართველოს და პორტუგალიის მატჩის დროს დავუშვი და გუნდები ამერია ერთმანეთში. ამ შეცდომის გამო არხმა მიიღო რადიკალური გადაწყვეტილება. ეს ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელი იყო.

"რ": არ გააპროტესტეთ ტელევიზიის გადაწყვეტილება, რომ სხვა სანქცია დაეკისრებინა, მაგრამ არა არხიდან გაშვება?

ს.ც: ეს ყველაფერი მოხდა დღეს. სულ ორი საათის წინ. 16 საათზე დაიწყო სადისციპლინო კომიტეტის სხდომა, რომელიც საათნახევარში დამთავრდა. ანუ, დრო არ გასულა იმდენი, რომ რაღაც გადაწყვეტილება მიმეღო. შესაბამისად, არ ვიცი, გამოვთქვამ თუ არა რაიმე პროტესტს არხის გადაწყვეტილების გამო. ამ ეტაპზე პროტესტზე ლაპარაკი ზედმეტია.

"რ": ანუ თქვენ ეს მედიის საშუალებით გაიგეთ?

ს.ც: არა, ტელეკომპანიიდან ჩემმა მეგობრებმა დამირეკეს და სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება მაცნობეს.

"რ": თქვენი საკითხის განხილვა რომ იგეგმებოდა, ეს იცოდით?

ს.ც: დიახ, ეს ვიცოდი. მეორე დღესვე მქონდა კონტაქტი საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებთან. ვიცოდი, რომ სადისციპლინო კომიტეტი უნდა შეკრებილიყო და რაღაც გადაწყვეტილება მიეღო. დაახლოებითი თარიღიც ვიცოდი, როდის უნდა მომხდარიყო შეკრება.

"რ": არხის გადაწყვეტილებას სასამართლოში ხომ არ გაასაჩივრებთ?

ს.ც: როგორც უკვე გითხარით, დრო ძალიან ცოტაა გასული. მხოლოდ და მხოლოდ ორი საათი, აქედან გამომდინარე ჯერ არავითარი გადაწყვეტილება არ მაქვს მიღებული. ახლა გაოცებულ-გაოგნებულ მდგომარეობაში ვიმყოფები.

ერთი რამე, რაც ზუსტად ვიცი, ის არის, რომ ამიერიდან ჩემს ენერგიას და დროს დავუთმობ საერთაშორისო კომპანია "ჯიდი-თაიმსს", სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის პარალელურად ვმუშაობდი. საქართველოში მას აქვს სპორტული რადიო "ჯაკო". შესაბამისად ჩემს ენერგიას მთლიანად მას დავუთმობ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×