სალომე სარიშვილი
12.06.2015

თბილისში ვიზიტად მყოფი სომეხი ჟურნალისტი რუზან გიშიანი რამდენიმე საჯარო უწყებასთან კომუნიკაციის ნაკლებობას უჩივის. ამბობს, რომ სამი დღეა სამინისტროებიდან "ძალიან მარტივი" კომენტარების მიღებას ცდილობს, მაგრამ ეს მხოლოდ 4-დან ერთ სამინისტროში მოახერხა. ყველაზე მეტად კი საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მუშაობითაა უკმაყოფილო.

ჟურნალისტი ერევანში რადიო "თავისუფლებას" წარმოადგენს, საქართველოში კი ჯავახეთის რეგიონში არსებულ პრობლემების გასაცნობად ჩამოვიდა. გიშიანს კითხვები ჰქონდა როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ისე იუსტიციისა და განათლების სამინისტროებსთან, თუმცა როგორც ამბობს მათთან კონკრეტული პასუხები ვერ მიიღო. უფრო მეტიც, მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში 2 დღის განმავლობაში სატელეფონო კომენტარის მოპოვებას ცდილობდა, თუმცა სრულიად უშედეგოდ - მის ზარებს სამინისტროში არავინ უპასუხა.

შედარებით ლოიალურად განათლების სამინისტრო მოიქცა - მათ ჟურნალისტს განუცხადეს, რომ სასურველ პასუხებს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით უახლოეს დღეებში მიაწვდიან. პასუხი სრულად კი მხოლოდ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისგან მიიღო.

"საქართველოში ჯავახეთის რეგიონის პრობლემების გასაცნობად ჩამოვედი. 3 დღე ახალქალში ჟურნალისტებთან და ექსპერტებთან ერთად ვიყავი, შეხვედრები გვქონდა ადგილობრივ მოსახლეობასა და ხელისუფლებასთან, რის შემდეგაც ბუნებრივია სამინისტროებთან შეკითხვები გამიჩნდა. სამწუხაროდ, 3 დღეა რამდენიმე საჯარო უწყებიდან ძალიან მარტივი კომენტარის მოპოვებას ვცდილობ, თუმცა უშედეგოდ - ბევრმა მათგანმა სხვადასხვა უწყებაში გადამამისამართა, იქიდან კიდევ სხვა უწყებაში და ა.შ. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირება ყველაზე მეტად გამიჭირდა, მათ ჩემს ზარს 3 დღის განმავლობაში არ უპასუხეს, არადა ჩემთვის ამ ინფორმაციების მოგროვება მნიშვნელოვანი იყო," - ამბობს რუზან გიშიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×