1995 წელია. ბ-ნ ლევან გოთუას 90 შეუსრულდებოდა. მძიმე დრო იყო. იუბილეებისათვის არავის ეცალა. იმ დღეს ბატონ ოტია იოსელიანს შინ ვეწვიე, წყალტუბოში.
- ლევან გოთუაზე მასალებს ვაგროვებ და რამეს ხომ არ დამიწერთ-მეთქი?
მწერლის დაბადების დღე - 10 მარტი - უკვე გასული იყო. სიჩქარეს აზრი არ ჰქონდა. არადა, ძალიან მინდოდა, ჩემთვის სათაყვანო ადამიანზე სწორედ გვიშტიბელ ბრძენკაცს მოემზადებინა წერილი.
ოღონდ რამე დაეწერა და მზად ვიყავი, მთელი თვე დავლოდებოდი.
შაბათ საღამოს ბატონმა ოტიამ მომიბოდიშა: - რაცხა კი დავწერე, მარა გადაბეჭდვა ვერ მოვასწარითო.
წერილს ხელი წამოვავლე, ბ-ნ ოტიას მადლობა გადავუხადე და სასწრაფოდ თბილისში გამოვქანდი.
ბატონი ოტიას წერილმა ჩემი გაზეთი დაამშვენა, რომელსაც ამჯერადაც გთავაზობთ.
ჯუმბერ ჯიშკარიანი
ლევან გოთუა დეპუტატი?!
60-იანი წლების მეორე ნახევარია, ჩემი პირველი ნოველები იბეჭდება ჟურნალ "დროშაში". რედაქტორი გრიგოლ აბაშიძეა. იგი ხშირად არ არის, მაგრამ რედაქციაში როცა უნდა მივიდე, იქ არიან ედიშერ ყიფიანი, კოტე ჯავრიშვილი და გურამ თიკანაძე. მართალია, გურამი ყოველთვის არაა - მერცხალივითაა, შემოფრინდება, ცინცხალ ფოტოებზე აღბეჭდილ მთის, ბარის, მწვერვალის, ცის, ერის, ბერის უახლესი ამბებით დააპურებს რედაქციას და მიფრინავს; გურამი საოცრებაა! იგი როცა მიდის, არც მერე ტოვებს იქაურობას. მარტო ფოტოებს კი არა, რაღაცნაირ ხილულ ნათელს ტოვებს და უიმისოდ მაინც არ რჩები. ედიშერი და კოტე სულ იქ არიან. გურამიც ასევე და მთელ დღეს რედაქციაში ხომ ვერ დაჯდები, თორემ, თუ თბილისში ხარ, იქ უნდა იყო.
ჩემი მაშინდელი მოკრძალების მიუხედავად, რაც გამიხერხდება, ფეხს მათთან ვიტეხ. ედიშერი ჩემი თაობისაა და უფრო თამამად ვარ, სახლშიც ვარ მასთან ნამყოფი, ღამეგათეულიც. კოტესთან, რა თქმა უნდა, - შორს და რიდით, მაგრამ კარებში ჩემი თავის შეყოფისთანავე იმნაირ საჩემო ღიმილს მახვედრებს, აქ კარი კი იყო მოხურული, მაგრამ ჩემთვის ღიაა. მე არ მიყვარს იმ არემარეზე წრიალი, სადაც არ მიმელიან. ბატონი კოტე, არ ვიცი რატომ, მაგრამ მელოდა. იქ მარტო მე რომ ვყოფილიყავი მიმსვლელი, კარებს გაღებულს დატოვებდა. უმეტესად ლაპარაკია ჟურნალის მასალებზე: რა იბეჭდება, რა იხატება, გურამის რომელი ფოტო მიდის, რა მოთხრობა, ლექსი, ნარკვევი და წერილი... ლაპარაკია ჩვეულებრივ, რაც რედაქციაში ხდება, მაგრამ არის კიდევ ხმადაბლა და საიდუმლოს გამხელასავით ჩურჩული ლევან გოთუას მოთხრობებზე, რომელიც აგერ აწყვია.
ლევანის ახალი მოთხრობები... თვალში მომხვდა ერთის სათაური - "კუდა ზაქი"... რამდენჯერ მივალ, ყურებდაცქვეტილი ვარ, გავიგო, რა გადაწყდა? იბეჭდება რომელიმე, თუ ისევ საეჭვოა და ამდენად, საეჭვოა ლევან გოთუას ბედიც...
მაშინ მარტო ჩემი სოფელი კი არა, მთელი ქვეყანა დაყრუებული იყო და ვინ იცოდა, ვის რა ქვეყნის დაქცევას დააბრალებდნენ, თავს სად უკრავდნენ.
მაშინ რა ვიცოდი, თუ ბატონი კოტე ჯავრიშვილიც ლევანივით კატორღელი იყო. ამის თაობაზე დიდი ხნის შემდეგ, შემთხვევით (თუმცა, შემთხვევით არაფერი ხდება) ვიგებ ბალტიისპირეთში - ესტონეთში, ჩემი ქართულიდან ესტონურად მთარგმნელ უნო უსისსოოსაგან. უნოს ბევრი ჩემი ნოველა და მოთხრობა ჰქონდა თარგმნილი და წიგნად გამოცემული, როცა პირველად ტალინში შევხვდი, ქართულად ლაპარაკი ძალიან უჭირდა. გავიოცე, როგორ? ქართულად სულ ვერ ლაპარაკობთ-მეთქი?! - "დაწერილს ვკითხულობ, ლაპარაკის პრაქტიკა კი კოტე ჯავრიშვილის შემდეგ აღარა მაქვს, აქ ქართველები არავინააო", - ამიხსნა უნომ.
- როგორ, კოტე ჯავრიშვილი კი ადრე აქ, ესტონეთში იყო-მეთქი? მაშინ მწარედ გაეღიმა.
- აქ კოტე კი არა, მეც არ ვიყავი, ეს ციმბირში, შორეულში ხდებოდა, ჯოჯოხეთში რომ ერთად ვიყავით.
- ღმერთო ჩემო! ჯოჯოხეთში იყავით და ბატონი კოტე ქართულს გასწავლიდა?! როცა ყოველდღე ტანჯვა-წამებით სულის ამოხდას ელოდით?!
ბატონი უნო უსისსოო უაღრესად მოკრძალებული კაცი, მტკივანღიმილიანი, - "ასე იყო... ამით ვცოცხლობდითო"...
თურმე, ლევან გოთუა, კოტე ჯავრიშვილი და უნო უსისსოო ერთად ყოფილან კატორღულ ბანაკში. უნო უსისსოო ბატონი ლევანის "ჯოჯოხეთიდან" დაბრუნებამ და მის მოთხრობებთან ჩემმა შეხვედრამ გამახსენა, ბატონი კოტეს, გურამისა და ედიშერის დაუვიწყარობამ...
ბატონ ლევანს მერე და მერე იშვიათად ვხვდებოდი. მაგარი ხელის ჩამორთმევა იცოდა. მომზადებული უნდა შეხვედროდი, მარჯვენას ისე, ჰაიჰარად ვერ გაუწვდიდი. თვითონ არაფერს ამბობდა, მაგრამ კანტი-კუნტად სხვებისგან მქონდა გაგონილი ამ კაცის მოწამებრივი ცხოვრების თაობაზე და რაოდენ გავოცდი, როცა გავიგე, რომ თბილისის საქალაქო საბჭოს დეპუტატია!
მაშინდელ დეპუტატობას ისე ნუ გავიგებთ, თითქოს ვინმეს ძალას ატანდნენ და აიძულებდნენ: გინდა თუ არა, უნდა გადეპუტატდე და ტაში და ოვაციები მოგვიწყოო. საუბედუროდ, ამის მოსურნე ბევრი იყო და ყოველნაირად ცდილობდნენ, რომ დაემსახურებინათ. დეპუტატის ნიშნები გულზე ებნიათ (არა მარტო პიჯაკზე) და ყინჩადაც კი დაალაჯებდნენ. თუმცა იქ, სადაც დეპუტატობდნენ, მქუხარე, ხანგრძლივი ტაშისა და ოვაციების მეტს არაფერს აკეთებდნენ.
ბატონ ლევანთან ისე ახლოს არ ვიყავი, მისთვის "ჭკუა მესწავლებინა". ჩემთვის რომ სადეპუტატოდ შეულეველი კაცი იყო, ეს მაინც ვერ დავფარე და ისევე უეცარი შეხვედრის დროს, როგორც კი ხელი მისი ხელის ტყვეობიდან დავიხსენი, კადნიერად, უტაქტოდ ვუსაყვედურე (როგორც უნდა ისე ეწყინოს, თუ უნდა აწი გამარჯობასაც ნუ მეტყვის-მეთქი), - ბატონო ლევან, თქვენი დეპუტატობა ვინ ოხერმა მოიგონა-მეთქი! გაუხარდა, ჩაეცინა. ისევ წამომიწია ხელი ხელახლა ჩამოსართმევად, მაგრამ ამჯერად მე ვეღარ შევაგებე, ზედიზედ ორჯერ ხელის ჩამორთმევა ვეღარ გავბედე. რა დამავიწყებს მის უაღრესად მეგობრულ, დამაჯერებელ, მოსიყვარულე (რაღაცის ამკვიატებელ, ჯიუტ ყმაწვილს რომ დამოძღვრავენ), მამაშვილურ ახსნას, რომ: ის საქალაქო საბჭოს დეპუტატია და არა უმაღლესი ან საკავშირო. რომ აქ ზოგჯერ ხდება ქალაქისა და ქვეყნის ბედზე სჯა-ბაასი. ხდება ისიც, რომ მართლა რაღაცის გაკეთებასაც ფიქრობენ და იქ ჩემისთანა კაცს შეუძლია სასიკეთო მარცვლის ჩაგდებაო. ვერ ვიტყვი, ჩემ რჩევაზე დადიოდნენ, მაგრამ ისე უნდა შეაპარო და შეაგულიანო, ეს თითქოს მას უნდოდა ეთქვა, გუნებაში ედო ან უკეთესი - ვითომ ადრე ეთქვას კიდეც და მერე გულზე გადავარდნოდეს.
- მაინც რა, რა, ბატონო ლევან, რაა ასეთი?
- სხვას რომ თავი დავანებოთ, ჩვენს მიწა-წყალს, ადგილ-მამულს, უბანს, ქუჩას ქართული სახელი ხომ უნდა ერქვას?
- კი, ბატონო, მერე...
- მაგალითად, ნავთლუღი.
- კი, ბატონო, მამიდა ცხოვრობს იქ ჩემი, ღამეებს იქ ვათევ.
- მერედა, სამგორი... ცუდია?
- კარგია.
- სოღანლუღი მოგწონს?
- ღმერთმა დამიფაროს!
- ფონიჭალა?
- ესეც კარგია.
- არმაზს არმაზი ერქვას და "ნევთობაზას" ეძახდე?
- არმაზი დიდებულია!
- ასე და ამისთანები რამდენი რამაა...
- აგაშენა ღმერთმა, ბატონო ლევან!
ოტია იოსელიანი