აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისათვის კატეგორიულად მიუღებელია პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის შეთავაზება, რომ აფხაზეთის მცხოვრებლებმა ზუგდიდში ცე ჰეპატიტზე უფასოდ იმკურნალონ. ამის შესახებ სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრმა ანძორ გოოვმა განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში ვიზიტისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აფხაზებს ცე ჰეპატიტზე უფასო მკურნალობა შესთავაზა.
რუსული მედიის ცნობით, გოოვი ასევე შეუძლებლად მიიჩნევს ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობას ოფიციალურ თბილისთან. მისივე ცნობით, ახლახან აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ გალის რაიონში ერთ-ერთი პოლიკლინიკა დახურა იმის გამო, რომ მისი მთავარი ექიმი თბილისიდან იყო დანიშნული.
ამ ცნობებს კატეგორიულად უარყოფენ აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროშიც. მათი ინფორმაციით, ეს ცნობები პროვოკაციული ხასიათისაა და ისინი რუსულმა მედიამ შეგნებულად გაავრცელა.
"ვიდრე ოფიციალურ თბილისს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება უჭირს, საქართველოს ჯანდაცვის უწყებასთან ნებისმიერი სახით კონტაქტი გამორიცხულია. უფრო მეტიც, აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედ არცერთ ექიმს და არც ერთ სამედიცინო დაწესებულებას არა აქვს უფლება, საქართველოს იურისდიქციას დაექვემდებაროს", - განაცხადა გოოვმა სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ცოტა ხნის წინ მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გალის რაიონის ერთ-ერთ პოლიკლინიკაში მთავარი ექიმი ქართული მხარის მიერ იყო დანიშნული, რის შემდეგაც რაიონის მთავარ ექიმს ვითარების გარკვევა სთხოვა.
"ჩვენ ერთად ვეწვიეთ იმ პოლიკლინიკას და ადგილზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს დაწესებულება დაგვეხურა. მინდა იცოდეს ყველამ, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე ვრცელდება მხოლოდ აფხაზეთის და მისი ჯადაცვის სამინისტროს იურისდიქცია და ყველა მას უნდა დაემორჩილოს. ამიტომ, ენგურსგაღმიდან წარმოებული ყველანაირი დანიშვნა უკანონო და ძალადაკარგულია", - აღნიშნა გოოვმა.
გალში მცხოვრები ერთ-ერთი ქართველი "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ოფიციალურ დონეზე რაიმე შეთანხმების არსებობა აუცილებელი არაა - ვისაც მკურნალობა მოუნდება, გადმოვა საქართველოს ტერიტორიაზე და იმკურნალებს.
"არ მაქვს ინფორმაცია, რომ დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლებამ საქართველოს ტერიტორიაზე ცე ჰეპატიტით მკურნალობა აკრძალა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არის ერთი რიგითი განცხადება, რომელიც ემსახურება იმას, რომ აფახაზებსა და ქართველებს კონტაქტი არ ჰქონდეთ.
"მაგრამ, როგორც აქამდე არ შეუშლიათ ხელი, რომ აფხაზები გადმოსულიყვნენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ, ალბათ ასე იქნება ახლაც. მითუმეტეს, რომ ცე ჰეპატიტზე მკურნალობა უფასოა და თანაც ჰეპატიტი ძალიან გავრცელებულია აფხაზეთის ტერიტორიაზე. ეს პრობლემა ასე მწვავედ იმის გამო დგას, რომ გავრცელებულია ნარკომანია.
"ამიტომ მიმაჩნია, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ამ დათმობაზე წამოვა. მათი ჯანდაცვის მინისტრის განცხადება პოლიტიკური განცხადებაა. მან ეს თქვა პოლიტიკურ კონტექსტში და ხალხის გასაგონად ისაუბრა ამაზე. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ხელს შეუშლიან სამკურნალოდ საქართველოს ტერიტორიაზე გადასვლის მსურველებს. რა თქმა უნდა, ოფიციალურ დონეზე თანხმობას არ გასცემენ, მაგრამ "საზღვარსაც" არ ჩაკეტავენ.
"ამაზე იქიდან გამომდინარე ვსაუბრობ, რომ გვაქვს ასეთი ფაქტები, როდესც აფხაზები გადმოდიან ქართველების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და მკურნალობენ. მაგალითად, ახლახან იყო შემთხვევა, როდესაც რუსლან ქიშმარია მკურნალობდა ქართულ კლინიკაში", - გვითხრა მან.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ არ იცის, თქვა თუ არა აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრმა, რომ არ აპირებენ ქართულ მხარესთან თანამშრომლობას, მაგრამ ფაქტია, რომ აფხაზები მკურნალობენ ოფიციალური თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
"ჩვენ ხომ ვიცით, რომ თბილისის საავადმყოფოებში არაერთი აფხაზი მკურნალობს. დეტალურად არ მაქვს ინფორმაცია, ვინ რა თქვა. მთავარი აქ ის კი არ არის, თქვა თუ არა იმ მინისტრმა ეს ამბავი. მთავარი ჩემთვის ის არის, მოდიან თუ არა აფხაზები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ. ვიცი, რომ მოდიან.
"არც ის ინფორმაცია მაქვს, გალის კლინიკა დახურეს თუ არა იმის გამო, რომ მისი მთავარი ექიმი ქართველების მიერ იყო დანიშნული, მაგრამ ის, რომ იქაურ კლინიკებში ქართველი ექიმები მუშაობენ, ეს ვიცი", - გვითხრა მამუკა არეშიძემ.
აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ გალში არცერთი კლინიკა არ დახურულა.
"დღეს ეს ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს სამედიცინო ამბულატორია იქაური ჯანდაცვის მინისტრის ჩარევის შედეგად დაიხურა, რასაც მე არ ვადასტურებ. ჩვენ ოპერატიულად ვიღებთ ინფორმაციას, თუ სადმე რაიმე მსგავსი ხდება. შემიძლია გითხრათ, რომ იქ არსად მსგავსი არაფერი მომხდარა.
"იქ არის კლინიკები, რომლებთანაც გარკვეული შეხება ჩვენც გვაქვს, მაგრამ იმის თქმა, რომ ეს ჩვენს იურისდიქციაშია, ძალიან ხმამაღალი ნათქვამი გამოვა.
"გალის რაიონში ცხოვრობს 70 000 ქართველი და მათ პირველადი დახმარება მხოლოდ და მხოლოდ ამ დაწესებულებებში გაეწევათ. ამ სამედიცინო დაწესებულებების შენარჩუნება აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქ მცხოვრებ ადამიანებს შეექმნებათ პრობლემა და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.
"ცე ჰეპატიტს რაც შეეხება, ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა აფხაზეთში. სანამ ეს სახელმწიფო პროგრამა დაიწყებოდა, ენგურის აქეთ აფხაზები იქამდეც გადმოდიოდნენ და ჩვენს ინფექციურ დაწესებულებაში მკურნალობდნენ. ახლაც მათ საქართველოს მოქალაქეების მსგავსად დიდი მოლოდინი აქვთ, რომ ჩაერთვებიან ამ პროგრამაში და მომსახურებას მიიღებენ.
"აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას ჯანდაცვის შესახებ კანონიც კი არ აქვს მიღებული და ბიუჯეტში მსგავსი პროგრამებისთვის არ აქვთ სახსრები. მე არ ვიცი, როგორ დაარეგულირებენ იმას, რომ აფხაზეთის მცხოვრებლებს ხელს შეუშალონ ამ სერვისის მიღებაში", - გვითხრა ქეთევან ბაკარაძემ.