ხედავთ, ელვის მაუწყებელი ვარ და ღრუბლის მძიმე წვეთი: ხოლო სახელი ამა ელვისა - ზეკაცი.
ფრიდრიხ ნიცშე
თამაზ აქუბარდია
ერთ-ერთ წერილში ჩვენ გამოვთქვით მოსაზრება იმის შესახებ, რომ ადამიანში იმანენტურად დევს "სხვა ადამიანზე ბატონობის საკრალური სურვილი". აქვე უნდა დავამატოთ, რომ ჩვენი აზრით, ეს, ადამიანში, როგორც სოციალურ არსებაში, ჩამოკრისტალდა როგორც შეძენილი მანკიერება, თუმცა პირველსაწყისი ფორმით ასეთი დამოკიდებულება დამახასიათებელია მრავალი ბიოლოგიური არსებისათვის, როგორიცაა, მაგალითად, ფუტკარი, ჭიანჭველა, რომლებიც ორგანიზაციის საკმაოდ მაღალი ფორმებით გამოირჩევიან.
ფრიდრიხ ნიცშე ადამიანთა ასეთ ბუნებაზე სრულიად გარკვევით მიანიშნებს თავის უმთავრეს ნაშრომში - "ესე იტყოდა ზარატუსტრა". ზარატუსტრა ხაზგასმით აცხადებს, რომ ცხოვრების საფუძველი ბატონობის სურვილია. უფროსი მონა ბატონს ხელ-ფეხს ულოკავს მხოლოდ იმიტომ, რომ თვითონ უმცროსებზე იბატონოს. ასეთია არსებობის მიზანი და შინაარსი.
ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ ადამ სმიტისეული "უჩინარი ხელის" არსებობა მხოლოდ კერძო შემთხვევაა იმ, უფრო განზოგადებული და მისტერიული "უჩინარი ხელისა", რომელსაც "სხვაზე ბატონობის სურვილი" ეწოდება!
შესაძლოა ადამიანმა იფიქროს, რომ თუ ღმერთი არსებობს და ეს "სურვილი" ადამიანში, ღმერთის ნებით, იმანენტურად ძევს, მაშინ ამ მანკიერების წინააღმდეგ ბრძოლას აზრი არა აქვს.
მიუხედავად ყველაფრისა, ასეც რომ იყოს, ეს იმდენად დიდი, უფრო მეტიც, უზარმაზარი პრობლემაა კაცობრიობის განვითარების ეკლიან, მრავალი წინააღმდეგობებისა და უკანდახევის, ბრძოლების, გამარჯვებებისა და დამარცხებების უსასრულო გზაზე რომ გულზე ხელის დაკრეფა არამც და არამც არ შეიძლება.
სანამ ამაზე უფრო დაწვრილებით ვისაუბრებდეთ, მოდით, ვნახოთ, როგორ არის ადამიანთა საზოგადოება მოწყობილი ამ "უჩინარი ხელის" არსებობის ფონზე.
ჯერ განვიხილოთ ადამიანთა საზოგადოების აგებულების, ფორმით უმარტივესი (უმარტივესი მხოლოდ იმ გაგებით, რომ ორგანიზაციის წევრთა რაოდენობა მცირეა), ხოლო თავისი შინაარსით ისეთი უმნიშვნელოვანესი და ურთულესი, ელემენტი (გნებავთ უჯრედი), როგორიცაა ოჯახი.
ამ მიმართულებით კაცობრიობამ უდიდეს წარმატებას მიაღწია იმ გაგებით, რომ დღეს ძალადობა ოჯახში, როგორც ადამიანის ადამიანზე ბატონობის ერთ-ერთი ფორმა, საძრახისად ითვლება და კანონით ისჯება. მართალია, ამ ხრივ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ ფაქტია, რომ ამ მიმართულებით საზოგადოებამ იმედისმომცემ წარმატებებს მიაღწია.
ახლა ვნახოთ, რა ხდება ადამიანთა ორგანიზაციის სხვა ფორმებში.
ჯერ განვიხილოთ კერძო სექტორი. აქ ადამიანის ადამიანზე ბატონობის, შეიძლება ითქვას, სამართლებლივად დაკანონებული ნორმებია. და, თუ კაცობრიობამ თავის დროზე მას პროფკავშირები დაუპირისპირა, როგორც დამქირავებელთა ბატონობიდან დაქირავებულთა დაცვის ინსტიტუციონალური ფორმა, დროთა განმავლობაში პროფკავშირების როლი იმდენად დაეცა, რომ მათ ამ ურთიერთობაში წარმმართველი როლი დიდი ხანია დაკარგეს და იმ არსებებს დაემსგავსნენ, რომელთაც ძვალს გადაუგდებენ.
კერძო სექტორში ფირმის ხელმძღვანელის დიქტატი უსასრულოა და ნებისმიერი წინააღმდეგობის გაწევა ფატალურად მთავრდება დაქირავებულისათვის. საკითხის არსს არ ცვლის ისეთი, თავისი არსით უნიკალური პრეცედენტები, როგორიცაა სამყაროს ერთ-ერთი უნიკალური ტვინის მქონე ადამიანის, - სტივ ჯობსის საკუთარი ფირმიდან გაძევება, დიქტატურობამდე მისული ხასიათის, ექსცენტრიული გამოვლინების გამო.
ფაქტია, რომ დღეისათვის ყველაზე უფრო განვითარებულ ქვეყნებშიც კი (და, მგონი, აქ კიდევ უფრო დახვეწილი ფორმებით) კერძო სექტორში გვაქვს ვერტიკალური დიქტატურის, თავისი არსით ყველაზე საშიში, და ფორმით ყველაზე დახვეწილი, გამოვლინება.
ასეთი ურთიერთობის შედეგები საბოლოო ჯამში, ყველა ჩვენგანზე აისახება, რადგან მონური ფსიქოლოგია ადამიანში ინიციატივას კლავს და იგი, საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ ზემოდან მოსული დიქტატის საუკეთესო შემსრულებელია.
ამ მხრივ კიდევ უფრო უარესი მდგომარეობაა საჯარო სექტორში. უარესი იმიტომ, რომ კერძო სექტორში, თუ ერთ რომელიმე ფირმაში ვერ "შეეწყვე" არსებულ სიტუაციას, სხვაგან გადახვალ. საჯარო სექტორში ასე არ ხდება. აქ თუ "ფეხი დაგიცდა", მთელი დარჩენილი სიცოცხლე "არარაობაში" დარჩები. ამიტომ, აქ მომუშავენი, როგორც წესი, პიროვნებების მსახურები არიან და არა ქვეყნის ( გნებავთ ხელისუფლების)! ისინი ყოველგვარი ჭოჭმანის გარეშე ასრულებენ და კადრულობენ ნებისმიერ სიბინძურეს, რაც მის უშუალო "სუზერენს" ესაჭიროება. მაგალითებისათვის შორს წასვლა სულაც არ არის საჭირო, - ჩვენი უახლოესი წარსული ამის საუკეთესო მაგალითია. აღარაფერს ვამბობ ისეთ კინოშედევრებზე, როგორიც არის შესანიშნავი ამერიკული სერიალები, - "ბანქოს სახლი" და "სკანდალი".
კიდევ უფრო მძიმე სიტუაციაა პარტიულ სტრუქტურებში. ჩემი დეპუტატობის პერიოდში და მერეც, მომიწია გარკვეული, თუმცა ზედაპირული შეხება რამდენიმე პარტიასთან და ის ფარისევლობამდე მისული ურთიერთობა, რომელიც გარეგნულად პარტიის რიგით წევრებსა და მის ლიდერს შორის ვნახე, ენით არ აღიწერება.
და ეს ოცწლიანი პარტიის ლიდერები, ფიფას მარადიული პრეზიდენტებივით, მხოლოდ იმის კიდევ ერთი ცხადი მაგალითია, რომ დიქტატურა, მისი გამოვლინების თუნდაც ყველაზე "ჰუმანურ ფორმებში", სამარცხვინოა და ადამიანის ღირსებას ეს არ ეკადრება.
ჩვენი მიზანი ის კი არ არის მხოლოდ, რომ კაცთა მოდგმის ეს სიბინძურე გამოვამზეუროთ (ამას ჟურნალისტებიც კარგად ახერხებენ, ცხადია, აქ გაყიდულები არ მყავს მხედველობაში), არამედ, როგორ აღვუდგეთ წინ ამ მანკიერებას.
როგორ მოვახერხოთ, რომ ადამიანთა საზოგადოების ეს სამარცხვინო მანკიერება ისტორიის კუთვნილება გახდეს?
იქნებ არც არის საჭირო მის წინააღმდეგ ბრძოლა, რადგან დიქტატურა საბოლოო ჯამში ხელს უწყობს საზოგადოების პროგრესს?
ამ მოსაზრებას თუნდაც იმიტომ ვერ დავეთანხმებით, რომ დღეს საზოგადოების ეკონომიკური განვითარების დონე იმ სიმაღლეზეა, რომ მშიერი ადამიანი არ უნდა არსებობდეს მსოფლიოში და, გაიხედეთ, თუნდაც ჩვენს ქვეყანაში, რამდენია მშიერ -მწყურვალი.
როგორი სამარცხვინო უნდა იყოს ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფალისათვის, რომ შენი ქვეყნიდან, შენი ქვეყნის მოქალაქეები "ნებაყოფლებით" ტოვებენ სამშობლოს, რომლისათვის მილიონობით ქართველის სისხლია დაღვრილი.
ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა ადამიანთა ურთიერთობის ამ მანკიერი ფორმიდან ის არის, რომ იგი ხელს უშლის, უფრო მეტიც, დამღუპველად მოქმედებს არა მხოლოდ ცალკე აღებული, ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, არამედ, ღია ეკონომიკის პირობებში, პრაქტიკულად მთელ მსოფლიოზე.
ამის საუკეთესო მაგალითს 2005-2008 წლების უდიდესი საფინანსო კრიზისი წარმოადგენს, რომლის წარმოშობის მიზეზების ახსნას ჩვენ, ჩვენი აზრით არც ურიგო ნაშრომი მივუძღვენით - ეკონომიკური კრიზისის ფინანსური და პოლიტიკური მდგენელი.
როგორ უნდა აღუდგეს საზოგადოება (უფრო ზუსტად ის "შიდა წრე", თუ გურჯიევის ტერმინს გამოვიყენებთ, რადგან მის "გარე წრეს" ეს გააზრებულიც კი არა აქვს, ან შეგუებულია) ამ მანკიერებას, აი, საით უნდა იყოს საზოგადოების წამყვანი ფენის ძალისხმევა მიმართული!