სამცხე-ჯავახეთის მხარეში მდებარე ახალქალაქის ციხე-სიმაგრე უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. ციხე-ნაქალაქარი ეროვნული მნიშვნელობის ძეგლია და მე-11 საუკუნით თარიღდება, თუმცა, მიუხედავად მისი სტატუსისა, დღეს ის მიტოვებული და გავერანებულია.
უფრო მეტიც, გარდა იმისა, რომ მიმდებარე ტერიტორია საქონლის სადგომადაა ქცეული, ძეგლის შემორჩენილი ნაგებობა და იქვე მდებარე მეჩეთი ფუნით და ნაგვითაა სავსე. ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ძეგლის მძიმე მდგომარეობის შესახებ ძეგლთა დაცვის სააგენტო საქმის კურსშია, თავად სააგენტოში კი ამბობენ, რომ მის აღდგენასა და გამაგრებას მომდევნო წლისთვის გეგმავენ.
როგორც "მთელ კვირას" ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედუარდ აღასარიანმა განუცხადა, ადგილობრივ ხელისუფლებას ძეგლის მძიმე მდგომარეობისა და მისი რესტავრაციის საკითხზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან საუბარი უკვე ჰქონდა. მისივე ინფორმაციით, ციხე-სიმაგრის რეაბილიტაცია-გამაგრება მომდევნო წლიდან დაიწყება.
"ახალქალაქში მდებარე ციხე-ნაქალაქარის საკითხზე საუბარი გვქონდა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან. მათ იციან, რომ ძეგლი მძიმე მდგომარეობაშია. ჩვენ ამ საკითხზე ორმხრივი დიალოგი გვქონდა და როგორც მათ აღნიშნეს, მომდევნო წლიდან ციხის რესტავრაცია დაიწყება, მოხდება მისი თანამედროვე ინფრასტრუქტურით განახლება და ციხე-ნაქალაქარის აღდგენა. ცხადია, ეს მისასალმებელია, ვინაიდან ეს ტურისტების რაოდენობას გაზრდის და მათი მხრიდან მეტ ინტერესს გამოიწვევს," - ამბობს აღასარიანი.
ადგილობრივი მცხოვრები იური შაინიძე კი ციხე-სიმაგრის მოუვლელობის შესახებ გვიყვება და ამბობს, რომ ძეგლი დიდი ხანია ასეთ მდგომარეობაშია. მისი თქმით, ტურისტებს ციხე-ნაქალაქარის სილამაზე იზიდავთ, თუმცა იმის გამო, რომ ტერიტორია დაბინძურებული და მოუვლელია, იქ დიდხანს არავინ ჩერდება.
"წარმოშობით აჭარიდან ვარ, მაგრამ ბავშვობიდან ახალქალაქში ვცხოვრობ და ზეპირად ვიცი აქაურობა. ეს ციხე დიდი ხანია ასეთ მდგომარეობაშია. რაც თავი მახსოვს, სულ ასეთი მოუვლელია. არადა, თქვენც ხედავთ, სანახაობრივად რამდენად ლამაზი და მიმზიდველია აქაურობა. გარდა იმისა, რომ ციხე-ნაქალაქარს ისტორიული დატვირთვა აქვს, დასათვალიერებლად ძალიან საინტერესოა.
"ტურისტები ჩერდებიან და ათვალიერებენ, მაგრამ აქაურობა ნაგვით და ფუნითაა სავსე, ამიტომ დიდხანს აქ არავინ ჩერდება. თუ მოინდომებენ, ბევრი რამის გაკეთება შეიძლება და ვფიქრობ, რომ აქაურობის გალამაზება ყველა ქართველისთვისაც და აქ მცხოვრები სომხებისთვისაც თანაბრად მნიშვნელოვანი იქნება," - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას ერთ-ერთი ახალქალაქელი.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე კი "მთელ კვირასთან" საუბრისას აცხადებს, რომ ციხე-სიმაგრის კრიტიკული მდგომარეობის შესახებ სააგენტო ინფორმირებულია. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ძეგლთა დაცვის სააგენტო ციხე-ნაქალაქარის რეაბილიტაციისთვის საჭირო კონკრეტული კონცეფციის შემუშავებას გეგმავს, რომელიც მზად წლის ბოლოსთვის იქნება.
"დიახ, დაგეთანხმებით, რომ გალავნისა და დარჩენილი ციხის ნაწილი ძალზედ მძიმე მდგომარეობაშია. ასევე რთულ მდგომარეობაშია შემორჩენილი მეჩეთის ნაწილიც. საერთო ჯამში მთლიანი კომპლექსი პრობლემის წინაშეა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საჭიროა მომზადდეს კონკრეტული კონცეფცია, მოხდეს ძეგლის რესტავრაცია-კონსერვაცია და განისაზღვროს, თუ რა დატვირთვა ექნება მას, რადგან თავად დატვირთვას უდიდესი მნიშვნელობა აკისრია.
"შესაბამისი კონცეფცია მზად უკვე ამ წლის ბოლოს გვექნება, შემდეგ კი მუშაობა უშუალოდ პროექტზე დაიწყება,"- ამბობს ანთიძე და დასძენს, რომ ტერიტორია თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ტურისტებისთვის მისაღები კომპონენტებით განახლდება.
"გეგმაში აქ უნდა მოხდეს რეაბილიტაცია-კონსერვაცია, ამასთან ერთად კი ადაპტაციაც, რაც ნიშნავს იმას, რომ აქ ტურისტებისთვის შესაბამისი და თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობა იქნება საჭირო. საბოლოოდ კონცეფცია გვეტყვის სად, რომელ ნაწილში შეიძლება რესტავრაცია, სად იქნება საჭირო კონსერვაცია და სად ადაპტირება.
"ჩვენ გვქონდა ამ საკითხზე ადგილობრივ ხელისუფლებასთან კომუნიკაცია, თუმცა, ალბათ მოგვიწევს მათთან ურთიერთობის განახლება, რათა ელემენტარულად ტერიტორიის შეღობვა მაინც მოხდეს. ცხადია, აქ საქონლისა და სხვა უცხო პირების მიერ ტერიტორიის დაბინძურება ძეგლს კიდევ უფრო აზიანებს, ამიტომ ვეცდებით, ეს პრობლემა დროულად გადაიჭრას.
"ზოგადად, როცა მედია ასეთ მწვავე საკითხებს აშუქებს, ვგულისხმობ მემკვიდრეობასა და დაზიანებული ძეგლის მდგომარეობას, კარგი იქნება, მხოლოდ კრიტიკაზე არ გადავერთოთ. რა თქმა უნდა, არ მიკვირს, რომ კითხვები ჩნდება, თუ რას აკეთებს ამ დროს ძეგლთა დაცვის სააგენტო, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში დაზინებული ძეგლები მრავლადაა, რომელთა რესტავრაციასაც ეტაპობრივად ვცდილობთ. ამიტომ არ შეიძლება მუდმივად ნეგატივი ვეძებოთ.
"ჩემი თხოვნა იქნება, რეალურად გაკეთებულ საქმეზეც გაამახვილონ ყურადღება. ცხადია, ამას თქვენი მისამართით არ ვამბობს, ეს ეხება ზოგადად მედიის ასეთი საკითხებისადმი მიდგომას," - განუცხადა "მთელ კვირას" ნიკა ანთიძემ.
ისტორიკოსი გია ანჩაბაძე კი ყურადღებას ციხე-სიმაგრის ისტორიულ ნაწილზე ამახვილებს და ამბობს, რომ მას სამხრეთ საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ანჩაბაძე მიიჩნევს, რომ ძეგლის რესტავრაცია მხოლოდ პირვანდელი სახის შენარჩუნების შემთხვევაშია დასაშვები.
"ეს ციხე-სიმაგრე დაახლოებით მე-11 საუკუნეშია აშენებული. როგორც მატიანე გვეუბნება, ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმაგრე ჯერ კიდევ სელჩუკებთან ომის დროს. შემდგომ, როდესაც ეს მხარე ოსმალებმა დაიპყრეს, ეს ციხე ახალციხის საფაშოს ერთ-ერთი სიმაგრე იყო, რომელიც რუსებმა დიდი ბრძოლით აიღეს და რომელსაც ქართველი, მესხი მაჰმადიანები იცავდნენ.
"ციხე-სიმაგრის აღების შემდეგ იქ რუსეთის ჯარი იდგა, შემდგომ კი ეს ციხე მიტოვებულად იქცა. ეს გახლდათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმაგრე, რომელიც სამხრეთ საქართველოს იცავდა. ამდენად, ქვეყნისთვის მას ძალზედ მნიშვნელოვანი დატვირთვა გააჩნია. ცხადია, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ციხე-სიმაგრის რესტავრაცია მნიშვნელოვანია, თუმცა ეს ისე უნდა მოხდეს, რომ მისი პირვანდელი სახე არ დაიკარგოს," - უთხრა "მთელ კვირას" ისტორიკოსმა.