თავდაცვის ახალი მინისტრის მიერ საფრანგეთთან გაფორმებული ხელშეკრულება, სპეციალისტების თქმით, საქართველოს ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემებს მოუტანს. ხელშეკრულების დეტალები ჯერ ცნობილი არაა, მაგრამ სამხედრო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა მალე "კროტალის" ტიპის საშუალო მანძილზე მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემით გამდიდრდება.
არ გამორიცხავენ, რომ ხიდაშელის მიერ დასრულებული საქმე ალასანიას მიერ წამოწყებულისაგან განსხვავდებოდეს, ვინაიდან, მათი თქმით, ალასანია სხვა ტიპის სისტემებზე საუბრობდა, თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ კადრებში კი სხვა რამ ჩანს.
სამინისტრო ხელშეკრულების პირობებს სახელმწიფო საიდუმლოებას უწოდებს და მას არ ახმაურებს, თუმცა მიუხედავად დეტალების არცოდნისა, ყველა თანხმდება იმაზე, რომ საფრანგეთში ხელმოწერილი ხელშეკრულება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის კუთხით, აამაღლებს.
მოგეხსენებათ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა საფრანგეთთან ხელშეკრულება გუშინწინ გააფორმა. უწყების ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ავსტრიიდან საფრანგეთში გაემგზავრა. თინათინ ხიდაშელი პარიზის 51-ე საერთაშორისო სამხედრო-საავიაციო შოუს დაესწრო. ლაბერჟეს საავიაციო გამოფენის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ფრანგულ მხარეს შორის კონტრაქტს მოეწერა ხელი.
"დღეს დავასრულეთ ფრანგებთან მოლაპარაკების პირველი ეტაპი და გაფორმდა ხელშეკრულება, რომელზეც საქართველოში ამდენი საუბარი იყო. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ორ წინამორბედ მინისტრს იმისთვის, რომ ეს პროცესი დაიწყო, წარმართა. მე მერგო პატივი, რომ პროცესი დამესრულებინა, ხელშეკრულებისთვის საბოლოო ფორმა მიგვეცა და ხელი მოგვეწერა.
"მინდა მთელ საქართველოს ვუთხრა, რომ შესაძლებლობა, რომელიც საქართველოს გაუჩნდა, უმნიშვნელოვანესია მისი თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის და მადლობა ვუთხრა ფრანგულ მხარეს კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის. პირობები არის მაქსიმალურად მომგებიანი ჩვენი ქვეყნისთვის. ხელშეკრულებაც ძალიან წარმატებულია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია ძალიან გრძელი პროცესისა, რომელიც მოემსახურება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უფრო მეტად განმტკიცებასა და გაძლიერებას", - განაცხადა გუშინ თავდაცვის მინისტრმა.
"ინტერპრესნიუსის" ცნობით, საფრანგეთში იმყოფება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძეც.
თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა ავიაშოუზე წარმოდგენილი ტექნიკა დაათვალიერეს. პარიზის ავიაშოუ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო კომერციული გამოფენაა, სადაც სამხედრო და სამოქალაქო საფრენი აპარატები და უახლესი ტექნოლოგიური მიღწევებია წარმოდგენილი. ღონისძიებას საერთაშორისო მწარმოებლებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ესწრებიან.
თინათინ ხიდაშელი საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, ჟან-ივ ლე დრიანსაც შეხვდა. ფრანგ კოლეგასთან საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ხელშეკრულებას წინ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი და გამოთქვამს ვარაუდს, თუ რა ტიპის სისტემებით გამრავალფეროვნდა ქვეყნის შეიარაღება.
"თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ფრანგული საზენიტო სარაკეტო სისტემა ფიგურირებს - "კროტალის" ტიპის. იგი საშუალო სიშორეზე მოქმედია. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელშეკრულებაში საუბარი ნამდვილად მასზეა. სანამ გნაცხადებას ოფიციალურად არ გაავრცელებენ, დარწმუნებით საუბარი რთულია.
"ჩვენ ისიც არ ვიცით, ეს სწორედ ისაა, რაზეც ირაკლი ალასანია ამბობდა, რომ მემორანდუმის გაფორმება და ხელშეკრულების დადება უნდოდა. აცხადებდა, რომ იმას, რის ყიდვასაც აპირებდა, ბრძოლა არა მხოლოდ თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების წინააღმდეგ შეეძლო, არამედ ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგაც. კადრებში რაც ჩანდა, ამ სისტემას ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება არ შეუძლია," - ამბობს სამხედრო ანალიტიკოსი.
ამბობს, ამის შედეგად საჰაერო თავდაცვა უდავოდ გაძლიერდება, თუმცა აქვე იმასაც დასძენს, რომ შეძენაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი მისი "ჭკუით მოხმარებაა". ამის დასტურად კი აგვისტოს ომის წინ შეძენილ საჰაერო თავდაცვის სისტემებს იხსენებს, რომლებიც არათუ ვერ გამოვიყენეთ, არამედ "მტერს საწყობებიდან უბრძოლველად გავატანეთ." ამიტომ, მისი თქმით, ახლა პირადი შემადგენლობის გადამზადება აუცილებელია, რათა მათ ამ სისტემების საჭიროებისამებრ გამოყენება შეეძლოთ.
რაც შეეხება ანტისატანკო სისტემებს, ამაზე, ალადაშვილის თქმით, ჯერ ცნობილი არაფერია.
"ანტისატანკო და ანტისაჰაერო სულ სხვადასხვა მიმართულებაა. თანამედროვე შეიარაღებაში არსებობს საშუალებები, რომელთაც შეუძლიათ როგორც ტანკის აფეთქება, ისე დაბალ სიმაღლეზე მფრენი შვეულმფრენის ჩამოგდება. თუმცა, ძველ სისტემებს ეს არ შეუძლია," - აღნიშნავს იგი.
თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ინფორმაციის გაუხმაურებლობას პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ბუნებრივს უწოდებს და ამბობს, რომ მთავარია, რომ ხელშეკრულება გაფორმებულია. ეს უკეთესი თავდაცვის მოლოდინს ქმნის, ვინაიდან, მისი თქმით, საჰაერო თავდაცვითი სისტემების გარეშე ვერც ერთი ქვეყანა ვერ იქნება მშვიდად, მითუმეტეს თუ მას სრულიად არაადეკვატური მეზობელი ჰყავს.
იმის კონკრეტიკა, თუ რა არის ჩაწერილი ამ ხელშეკრულებაში, ექსპერტის აზრით, შემდგომი დოკუმენტების თემა იქნება, ვინაიდან, როგორც წესი, ერთ ხელშეკრულებაში ხანგრძლივი პროექტის აღსრულების ყველა დეტალი არ იდება.
"მიუხედავად დეტალების უცოდინრობისა, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა მნიშვნელოვნად ამაღლდება. რამდენად დამაჯერებელი იქნება თავად თავდაცვის პერსპექტივა, ამაზე ჩვენზე ადრე მოსკოველი მერცხლები აჭიკჭიკდებიან. მათი გამონათქვამებიდან მეტ ინფორმაციას მივიღებთ, რადგან ჯერ კიდევ ოქტომბერში პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიწოდებული "შპარგალკის" საფუძველზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სრულიად არაადეკვატური კითხვა დასვა - ვის წინააღმდეგ აპირებს საქართველო ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის გამოყენებასო? თითქოს ვინმეს როდისმე ეს სისტემა უმიზეზოდ გამოუყენებია.
"როგორც წესი, ასეთი დანადგარის იმ აგრესორს უნდა ეშინოდეს, რომელიც ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცეში შემოჭრას და ტერიტორიის დაბომბვას გადაწყვეტს. რასაკვირველია, ლავროვმა ეს შესანიშნავად იცის. არ გამოვრიცხავ, რომ ამ გაუგებარი ამოძახილის შემდეგ უკვე პირადი კომუნიკაცია დამყარებულიყო ჩვენი ხელისუფლების დაუდგენელ პირებთან, რის შემდეგაც ალასანიას წინააღმდეგ დაიწყო ის, რაც ყველამ ვნახეთ. იმედს ვიტოვებ, რომ ხიდაშელი ამჟამად რუსეთის ლიდერების სამიზნე არ გახდება და ხელშეკრულების პირობები განხორციელდება. თუმცა, რა თქმა უნდა, სჯობს, ჰოპ გადახტომის შემდეგ დავიძახოთ," - აღნიშნავს სოსო ცისკარიშვილი.