ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება 6 თვეა მოსკოვის მხრიდან შეპირებულ 5 მილიარდ რუბლს (დაახლ. 90 მილიონი დოლარი) ელოდებოდა, თუმცა უკვე გაირკვა, რომ შეპირებული ფული წელს არ იქნება, რის გამოც დე ფაქტო პარლამენტში უკვე უკმაყოფილო საუბრებიც გაისმა.
უფრო მეტიც, "დეპუტატმა" ბესლან ცვინარიამ განაცხადა, კრემლს დახმარებაზე უარი ვუთხრათ, ხოლო რუსეთსა და აფხაზეთს შორის, როგორც თანასწორ სახელმწიფოებს შორის, ხელშეკრულებები გაფორმდეს და აფხაზეთში არსებულ რუსულ ბაზებზე არენდის გადასახადი დავაწესოთო.
სწორედ იმიტომ, რომ მოსკოვმა სოხუმს შეპირებული მილიარდები არ გადაურიცხა, დე ფაქტო მთავრობა და პარლამენტი ძალიან დელიკატურ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, რადგან 6 თვის წინ კრემლის იმედად დამტკიცებული 12-მილიარდრუბლიანი (დაახლ. 216 მილიონი დოლარი) ბიუჯეტის კორექტირება უნდა მოხდეს.დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა არტურ მიქვაბიამ უკვე გამოაცხადა, რომ 1,7 მილიარდი რუბლი (30 მლნ დოლარი) მომდევნო წლისათვის გადაიდო და აფხაზეთი დარჩენილ პერიოდში მის მიღებას ვერ ასწრებს. ამიტომაც, მიქვაბიას თქმით, უახლოეს პერსპექტივაში ბიუჯეტის გადახედვის საკითხი დგება.
ოკუპირებულ აფხაზეთში პერიოდულად ისმის-ხოლმე მოწოდებები, რომ უარი უთხრან რუსულ ფინანსურ დახმარებას. ისინი, ვინც ასეთ მოწოდებებს ავრცელებენ, ამბობენ, რომ ასეთი სუბსიდირებით აფხაზეთი მხოლოდ უნებისყოფო, მუქთა დახმარების მომხმარებლად იქცა. არ ხდება სტიმულირება, თავად უზრუნველყოს საკუთარი სახსრები და ბიუჯეტის შესავსებად გაააქტიუროს საკუთარი შესაძლებლობები. ბიუჯეტის შეკვეცის საფრთხის გამო ოპოზიციის და რიგითი აფხაზების მსგავსად უკვე "პარლამენტშიც" გაისმა რუსულ მოწყალებაზე უარის თქმის მოწოდებები.
ბიუჯეტის კორექტირებაზე მსჯელობისას, დე ფაქტო პარლამენტის ერთ-ერთ სხდომაზე რუსულ ფინანსურ დახმარებაზე უარის თქმის იდეა ე.წ. საბიუჯეტო კომიტეტის წევრმა, "დეპუტატმა" ბესლან ცვინარიამ გაახმაურა.
"ბიუჯეტი დასამტკიცებლად წარმოგვიდგინეს, გაწერეს ბიუჯეტის შემოსავლები, არ ვიცი, რაზე დაფუძნებით. ალბათ, გარკვეული შეთანხმება არსებობდა, მთავრობათაშორისმა კომისიამ ერთმნიშვნელოვნად არაფერი განმარტა. ჩვენ ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილში დაახლოებით 12 მილიარდი რუბლი დავამტკიცეთ. ახლა კი მსჯელობა მიდის, რომ ჩვენ ბიუჯეტი უნდა შევამციროთ. გაწერილი იყო, რომ 3,2 მილიარდი რუბლი იყო საკუთარი სახსრები, 5 მილიარდი - დახმარების ფარგლებში უნდა მიგვეღო და 3 მილიარდი რუბლი ფულადი სახსრები, რომლებიც ინვესტიციებისკენ უნდა მიმართულიყო," - აცხადებს ცხვინარია და დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ საერთოდ უარი ეთქვას რუსულ დახმარებას.
ცვინარია ამბობს, რომ "რუსეთი აფხაზეთს ფინანსურ დახმარებას დაჰპირდა, მაგრამ უკვე ნახევარი წელიწადია ეს არ ხორციელდება და გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ჩვენ არ დავიღუპეთ და არაფერი საშინელი არ მომხდარა. სამაგიეროდ ნახევარი წელია ამ დახმარების მოლოდინმა ჩვენი არც თუ სახარბიელო მდგომარეობა აჩვენა.
"თუკი დღეს ჩვენ გავაგრძელებთ დახმარების თხოვნას და თავის დამცირებას, მაშინ ხვალ ჩვენ ძნელად შევძლებთ ავაშენოთ ნორმალური საქმიანი ურთიერთობა. ასე არ ხდება. იმისათვის, რომ ნორმალური ურთიერთობები ავაგოთ, მათ შორის ურთიერთსასარგებლო კომერციული თვალსაზრისითაც, ჩვენ თანაბარ საწყისებზე უნდა ვიყოთ. დღეს ჩვენ არ ვართ თანაბარ საწყისებზე, დღეს ჩვენ მთხოვნელის როლში ვართ. თუკი მხარზე ქურქს მოგვახურავენ, მადლობა უნდა ვთქვათ ამისთვის, არ მოგვახურავენ - თხოვნა ისევ უნდა გავაგრძელოთ," - ამბობს ცვინარია და განმარტავს რომ რუსეთის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გამო მიზანშეწონილია სტრატეგიული პარტნიორის მიმართ პატივისცემის ნიშნად უარი თქვან დახმარებაზე.
ის აცხადებს, რომ აფხაზეთს საკუთარი თავის რჩენა შეუძლია და მაგალითად რუსული სამხედრო ბაზების იჯარას ასახელებს.
ცვინარიას თქმით, სერგეი ბაღაფშის "პრეზიდენტობისას" რუსეთის სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა და რუსეთი ამ ბაზების აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსების სანაცვლოდ არაფერს იხდის, თუმცა, მისი თვალსაზრისით, დღეს ამ ხელშეკრულების გადახედვა შესაძლებელია.
"თუ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ, არ ვფიქრობ, სწორია, რომ აფხაზეთის ღირებულება წელიწადში 3 მილიარდი რუბლი იყოს. ვთვლი, რომ ამას ჩვენ წერტილი უნდა დავუსვათ და აღარ ვითხოვოთ. ეს ხელს შეუწყობს პირველ რიგში იმას, რომ ჩვენ გაძლიერებულად დავიწყებთ მოფიქრებას, სად ვიშოვოთ შემოსავალი. მეორე მხრივ, ეს ჩვენ მოგვცემს უფლებას ვილაპარაკოთ სამხედრო ბაზების იჯარაზე. მაგალითად, ყაზახეთი ბაიკანურის კოსმოდრომის იჯარის სახით წელიწადში 200 მილიონ დოლარს იღებს," - აღნიშავს ცვინარია.
კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ ცვინარიას ეს განცხადება გაღიზიანების შედეგია, რეაქცია იმ სიტუაციაზე, რომელსაც რუსეთი აფხაზეთს უქმნის, იმაზე, რომ რუსეთი აფხაზეთს ისე ექცევა, როგორც უნდა.
"მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ერთი შეხედვით ცდილობს აფხაზეთთან თავისი მოკავშირეობა დაამტკიცოს, ხშირად ეს მოკავშირეობა მხოლოდ ქაღალდზე რჩება და მხოლოდ სიტყვიერი ფორმით შემოიფარგლება. ამიტომ, ეს აფხაზებს აღიზიანებთ. ისინი თვლიან რა, რომ როგორც აფხაზებს სჭირდებათ რუსეთი, ისეა პირიქითაც - რუსეთს სჭირდება აფხაზეთი. ამიტომაც უყურადღებობაზე მათი გაღიზიანება მაღალია.
"რუსეთი ბევრ დახმარებას შეგვპირდა და ამ დაპირებას არ ასრულებს, ამიტომ ჩვენ რუსეთის დახმარების გარეშეც კარგად ვიქნებით - ეს პათოსია და ნათქვამია იმ მოტივით, რომ ეს გზავნილი მოსკოვში გაიგონ. არადა, რუსეთმა ერთ დღეს მართლა რომ თქვას, გიკეტავთ ყველაფერს და კარგად იყავითო, აფხაზეთიში საშინელება ატყდება. ეს გზავნილია იმისათვის, რომ რუსეთმა აფხაზეთს ის თანხა გადაურიციხოს, რასაც დაპირებულია. კონკრეტულ ტრანშზე იყო ლაპარაკი, რომელიც წლის პირველ ნახევარში უნდა გადარიცხულიყო და არ გადარიცხულა," - ამბობს არეშიძე.
მისი თქმით, ხალხში არის განწყობა და გაღიზიანება იმაზე, რომ რუსეთი აფხაზეთს თანასწორ სახელმწიფოდ არ ექცევა და ექცევა, როგორც უფროსი, მაგრამ ბევრი მათგანი თვლის, რომ ეს მაინც ნორმალურია. იმიტომ, რომ რუსეთი დიდი სახელმწიფოა, ბევრი რამ გააკეთა აფხაზეთის დამოუკიდებლობისათვის და ზოგი რამ უნდა აპატიონ. ზოგი ასე არ მიიჩნევს და რუსეთის ამ დამოკიდებულებაზე გაღიზიანებულია.
"თუმცა რომ გითხრათ, აფხაზეთში პრორუსული განწყობა შეიცვლება, ამის ილუზია არ უნდა გვქონდეს. ძალიან მცირე, ერთეული პროცენტია, რომელიც მიიჩნევს, რომ ძალიან კარგად უნდა ივაჭრო დასავლეთთანაც და რუსეთთანაც. დანარჩენები ძუძუმწოვარი გოჭებივით რუსეთს არიან მიმაგრებულები," - აღნიშნავს არეშიძე.
"ექსპერტთა კლუბის" თავმჯდომარის, აფხაზეთის უშიშროების ყოფილი მინისტრის, ლევან კიკნაძის თქმით, აფხაზებს დამოუკიდებლობა უნდათ, მაგრამ რუსული ფულის ხარჯზე. მათ ძალიან კარგად იციან, რომ რუსული ფინანსური შემოდინების გარეშე ისინი ვერ იარსებებენ, მათ არც ეკონომიკა, არც არაფერი არ აქვთ თავისი, ვერც ვერაფერი შექმნეს და ამას თავადაც აღიარებენ.
ლევან კიკნაძე: "რაც უნდა თქვას ერთმა ან ორმა დეპუტატმა, ამას არანაირი კავშირი არ ექნება აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების რაიმე სერიოზულ გადაწყვეტილებასთან. საქმე იმაშია, რომ აფხაზებს უნდათ, დამოუკიდებლები იყვნენ, მაგრამ - რუსეთის ხარჯზე. ისინი სხვის ხარჯზე ცხოვრებას არიან მიჩვეულები. თავის დროზე ჩვენს, ქართველების ხარჯზე ცხოვრობდნენ, ახლა მოსკოვის ხარჯზე ცხოვრება უნდათ. ამასთან, ამბიციები აქვთ დიდი. რატომ გვაქვს უფლებები აყრილი და რატომ ვმოქმედებთ და ვცხოვრობთ რუსის კარნახითო. ესეც არ უნდათ. მოკლედ, მათ უნდათ დამოუკიდებლად იცხოვრონ, მაგრამ მოსკოვის ხარჯზე. რომ არა რუსეთის დახმარება, ისინი ვერ გაძლებენ. ეს აშკარაა და ეს აფხაზებმა მშვენივრად იციან."
მისი თქმით, აფხაზეთში ანტირუსული განწყობა რომ არის, ეს მოსკოვმაც იცის, მაგრამ ისიც იცის, რომ ასეთი განწყობა ძალიან მცირე ნაწილშია.
"ხალხის ერთი კატეგორია ფიქრობს, რომ მართვის ყველა სადავე რუსეთისთვის არ უნდა დაეთმოთ. თუმცა ეს ხალხი იმას ვერ აანალიზებს, რომ დამოუკიდებლად ეკონომიკას ვერ ააღორძინებენ, ხოლო რუსეთი ფულს ტყუილად არავის გადაუხდის. რუსეთი ფულს იხდის და საკუთარ ინტერესს ატარებს. აფხაზებს აჩვენებს, რომ ის არის უფროსი. ერთია სურვილი და მეორეა შესაძლებლობები. აფხაზებს სათავისოდ სურვილები დიდი აქვთ, შესაძლებლობა - არა. ხალხის მეორე კატეგორიაა, რომელიც თვლის, რომ რუსის გარეშე ვერ იცხოვრებს და არც უარს ამბობს ამაზე. რუსული პოლიტიკის და ე.წ. გარუსების საფრთხის მიუხედავად, დღეს აფხაზეთში ეს მეორე კატეგორია უფრო მეტია. მათ ისიც კი მიაჩნიათ, რომ რუსეთისაგან ფინანსური დახმარებები ეკუთვნით. რუსებს ვალდებულად თვლიან.
"სეპარატისტული აფხაზეთის ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი რუსული ფინანსური ნაკადით ივსება. ვისაც რუსეთის მოქალაქეობა აქვს, იმას პენსიები და ჯანდაცვის დაფინანსება რუსული აქვთ, ასეთი კი აფხაზეთში ძალიან ბევრია. გარდა ამისა, რუსული დახმარებებიდან ამ მილიარდების უდიდესი ნაწილი აფხაზი ჩინოვნიკების ჯიბეებში ილექება. არის ე.წ. ატკატების პრობლემა. ამაზე მოსახლეობასა და ადგილობრივ ოპოზიციაში საუბარი და პრეტენზიები მუდმივად არის, მაგრამ არც ერთი დე ფაქტო ჩინოვნიკი ამ მუქთა ფულზე უარს არ იტყვის," - დასძენს კიკნაძე.