პანკისელი ახალგაზრდების 70% რადიკალური ისლამის იდეოლოგიასთან არის კავშირში - "რეზონანსთან" ვაჰაბიტურ-სალაფიტური იდეოლოგიის სახიფათო ზრდაზე საუბრობს სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე.
14 ივნისს პანკისში სპეცოპერაციისას ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახემწიფოსთან" კავშირში ეჭვმიტანილი 5 პირი დააკავეს, 4 დაკავებული მალევე გაათავისუფლეს, პატიმრობაში რჩება ორგანიზაციის "ვაინახები ადამიანის უფლებებისთვის" წევრი და სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამი აიუფ ბირჩაშვილი, რომელსაც ტერორიზმის ხელშეწყობა და აპრილში ორი მოსწავლე ბიჭის სირიაში ტერორისტების მხარეზე საბრძოლველად გაგზავნა ედება ბრალად. შსს-სვე ცნობით, ასევე ბორჩაშვილის დახმარებით ორ ახალგაზრდას უკვე აღებული ჰქონდა თურქეთში გასამგზავრებელი თვითმფრინავის ბილეთი და ისინი აეროპორტში დააკავეს.
"რეზონანსი": დღეს პატიმრობაში ორგანიზატორობის ბრალდებით ერთი ადამიანი რჩება. შეიძლება ხეობაში მარტო ერთი ადამიანი კურირებდეს ასეთ საქმეს, მარტო ერთი ადამიანი რომ დააკავეს?
მამუკა არეშიძე: აიუფ ბორჩაშვილი და ყველა, ვინც პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას აიყვანეს, ვიცი, ვინც არიან, მაგრამ ჯერჯერობით ხელის დადება არავიზე არ მინდა და ვერაფერს ვიტყვი, სანამ გამოძიება არ დასრულდება. თუმცა რად უნდა იმას ლაპარაკი, რომ ხეობაში არიან ადამიანები, რომლებიც ორგანიზებას უკეთებდნენ როგორც ადგილობრივი ახალგაზრდების იდეოლოგიურ დამუშავებას, ისე მათთვის სამარშრუტო ხაზის შექმნას თურქეთში და იქიდან სირიაში გასასვლელად, როგორც ვალედან, ისე ბათუმიდან.
რამდენადაც ვიცი, პანკისში ბორჩაშვილს სახლში მიუვარდა სირიაში საბრძოლველად წასული ერთ-ერთი ბიჭის მამა და შვილის უკან დაბრუნება მოსთხოვა.
ჩვენ ვუკიჟინებდით სამართლდამცველებს, რომ ამ მიმართულებით არაფერს აკეთებდნენ. ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსი მეც ვიყავი, მაგრამ როდესაც ქართულენოვანი ისლამისტური საიტების დაბლოკვა დაიწყო, უკვე მივხვდი, რომ ამ მიმართულებით აქტიურობა ხორციელდებოდა. მეორეც - ძალიან დამაიმედებელი იყო, როდესაც მე და ამ საქმით დაკავებულმა ჩემმა მეგობრებმა ერთ დღეს აღმოვაჩინეთ, რომ სირიასა და ერაყში ჩვენი მოქალაქეების რიცხვი შემცირდა.
"რ": საქართველოში დაბრუნდნენ?
მ.ა: საერთო ჯამში 170 საქართველოს მოქალაქე იყო სირიასა და ერაყში საბრძოლველად წასული. არა მარტო პანკისიდან, ასევე აჭარიდან და ქვემო ქართლიდანაც. ეს რიცხვი ლამის განახევრდა.
ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ სირიაში ჩვენი თანამემამულეები კი არიან, მაგრამ მათგან ნაწილს საქართველოს მოქალაქეობა უკვე არ აქვს. მათ შორის, ერთ-ერთი ცნობილი საველე მეთაური მუსლიმ მარგოშვილი, რომელიც პანკისის ხეობიდანაა, მაგრამ ის ამჟამად საქართველოს მოქალაქე არ არის, რუსეთის მოქალაქეა. ასეა სხვებიც, ზოგი ავსტრიის მოქალაქეა და ზოგი - ბელგიის.
"რ": რატომღაც "ისლამურ სახელმწიფოზე" საუბრისას ძირითადად პანკისის თემაა აქტუალური, არადა საბრძოლველად აჭარიდან და ქვემო ქართლის აზერბაიჯანული თემიდანაც ბევრია წასული. რამდენად მწავეა ეს პრობლემა არ ორ რეგიონში?
მ.ა: აჭარა თბილისიდან შედარებით შორსაა, ვიდრე პანკისი, თუმცა გარდაბანი აქვეა. ჟურნალისტები მაინც უფრო პანკისით ინტერესდებით, არადა რაც პანკისში ხდება, ის ხდება ქვემო ქართლშიც. უფრო მეტიც, მასშტაბი აქ უფრო დიდია, მაგრამ ცნობები არ არის და ამიტომ მხოლოდ პანკისზე ლაპარაკობენ. მაგალითად, ამ ერთი თვის წინ დადგინდა, რომ გარდაბნიდან ორი აზერბაიჯანელია დაღუპული. რამდენიმე ქალიც წავიდა, რასაც ამ რეგიონში ძალიან მწვავედ განიცდიან.
პანკისის ხეობაში 8 ათასი კაცი ცხოვრობს და შევჭამეთ ისინი, ქვემო ქართლში კი 400 ათასია და მათგან უკვე ძალიან ბევრია სალაფიტი. მართალია, ისეთი კრიტიკული რაოდენობა არ არის, ისე, როგორც აჭარაში, მაგრამ ძალიან ბევრია. როდესაც თბილისში, ფონიჭალაში სალაფიტურ მეჩეთს გიშენებენ, უნდა მიხვდე, რომ მდგომარეობა ზღვარზეა მისული.
თუმცა ობიექტური რეალობაა, რომ სულ მცირე ორი ცნობილი საველე მეთაური პანკისის ხეობიდანაა.
"რ": აჭარიდან ან ქვემო ქართლიდან წასულ მებრძოლებში ცნობილი საველე მეთაურები არ არიან?
მ.ა: თარხან ბათირაშვილისა და მუსლიმ მარგოშვილივით - არა.
"რ": ქალები რატომ მიდიან, მათ რა ფუნქცია აქვთ?
მ.ა: ეს ძალიან ფაქიზი თემაა. ძირითადად, შესაბამისი იდეოლოგიური დამუშავების შემდეგ მიდიან იმისთვის, რომ ჯიჰადისთვის მებრძოლებს მეუღლეობა გაუწიონ. ამ იდეოლოგიაში არსებობს დოქტრინა, რომ ჯიჰადის მებრძოლს უერთგულესი მეუღლე უნდა ჰყავდეს, რომელიც მის ოჯახს მოუვლის. მეომრის სიკვდილის შემდეგ მისი მეუღლე სხვა მებრძოლს მიჰყვება ცოლად.
"რ": ერთი თვის წინათ ორი ეთნიკური აზერბაიჯანელი ქალბატონის გამგზავრებაზე იყო საუბარი და ორივეს ქმარ-შვილი ჰყავდა.
მ.ა: შარიათის მიხედვით, თუკი მუსლიმი ისლამისთვის არ იბრძვის, ის მუსლიმად არ ითვლება და ქალი ვალდებული არ არის ასეთ მამაკაცთან ოჯახური ცხოვრება გააგრძელოს. სამუშაოს სთავაზობენ.
"რ": როგორ ხდება გადაბირება?
მ.ა: რელიგიურ-ჰუმანიტარული ორგანიზაციები ჰქვიათ და ძირითადად ისინი მუშაობენ ამ მიმართულებით. ძირთადად, არაბული.
"რ": რამდენად სახიფათოა ქვეყნისთვის პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციები, მით უმეტეს ვიცით, რომ ბათირაშვილის ბიძაშვილიც იყო დროებით აყვანილი...
მ.ა: რაც უფრო აქტიურად ებრძვის ხელისუფლება ასეთი ტიპის სენს და ჩანასახშივე სპობს, მით უფრო ნაკლებია საფრთხე. თუმცა თუკი "ისლამური ხალიფატის" ამოცანები შეიცვალა, კავკასია სერიოზული საფრთხის წინაშე დადგება. ხალიფატის გაფართოების შემდგომი ეტაპი შუა აზიასა და კაავკასიაზე დარტყმას გულისხმობს.
"რ": პანკისელ ახალგაზრდებში რამდენად ძლიერია ვაჰაბიტური იდეოლოგია?
მ.ა: ჯერ ერთი, ისინი თავს ეძახიან სალაფიტებს - ანუ ისლამისთვის მებრძოლებს და პანკისელი ახალგაზრდების 70% ამ იდეოლოგიასთან არის კავშირში. პანკისელები პრაქტიკულად უსაქმოდ არიან. ჭიდაობის დარბაზიც კი ძლივს დაასრულეს. ჩემი თხოვნააა და რამდენი ხანია ვიბრძვი, რომ პანკისში კულტურისა და სპორტის დიდი ცენტრი გაიხსნას. ახალგაზრდების ენერგიაა დასახარჯი. უსაქმოდ და ნაკლები განათლების მქონე ახალგაზრდის იდეოლოგიური დამუშავების ძალიან დახვეწილ მეთოდებს ფლობს "ხალიფატის" შესაბამისი სამსახურები. ასეთი მდგომარეობაა აჭარაშიც. უბრალოდ, აჭარაში ბევრად მეტი ადამიანისთვისაა მიუღებელი რადიკალური ისლამი.
"რ": პანკისელ ახალგაზრდებში ბათირაშვილი რომანტიზებულია?
მ.ა: რა თქმა უნდა და ამის საფუძველიც არსებობს. წარმოგიდგენიათ, ერთი პატარა კუთხის შვილი, პატარა ტომის შვილი, 29 წლის ახალგაზრდა უცებ ამხელა არმიის სარდალი ხდება.
"რ": პანკისელები მუდმივად იმას ამტკიცებენ, რომ სირიაში ფულის გამო არ მიდიან, იდეოლოგიაა მთავარი, თუმცა სირიაში საბრძოლველად წასულთა სახლები აშენდა და ფინანსური შემოსავალი მათ ოჯახებს დაეტყოთ. გამოდის, იდეოლოგია არ ყოფილა მოტივაცია?
მ.ა: საწყის ეტაპზე შიშველი იდეოლოგია იყო. მას შემდეგ, რაც ერაყში გაჩაღდა "ისლამური ხალიფატის" მოქმედება, ძალიან დიდი ფული შემოვიდა, იქაური ჭაბურღილების უკანონო ექსპლუატაციით, ბანკებიდან ნაძარცვი ფულით, ამას ემატება დონორების ფული. დიდი ფული ტრიალებს. დღეს უკვე დაღუპული ძმების, აჩიშვილების დედა 2013 წელს რომ ჩავიდა სირიაში, 100 დოლარი არ ჰქონდათ დედის უკან გამოსაშვებად. ახლა ვითარება შეიცვალა. ვინც პანკისიდან დაიღუპა, მათ მართლა ეხმარებიან და კარგი სახლები აქვთ.