თბილისის საკრებულომ მხოლოდ მას შემდეგ უარყო იარაღის ტარების უფლების მოთხოვნა, რაც სოციალურ ქსელებსა თუ მედია-საშუალებებში საკმაოდ მწარე დაცინვის საგანი გახდა. მანამდე კი გავრცელდა დოკუმენტის ასლი, სადაც რამდენიმე დეპუტატი საკრებულოს თავმჯდომარეს თხოვნით მიმართავდა, ეშუამდგომლა პარლამენტთან ამ უფლების მოსაპოვებლად.
პროექტის თანახმად, თბილისის საკრებულოს დეპუტატები პარლამეტის დეპუტატების მსგავსად იარაღის ტარების უფლებას ითხოვენ. მას ხელს აწერენ თედო კობახიძე, თამარ ტალიაშვილი და სხვა დეპუტატები.
იარაღის ტარების უფლება სხვადასხვა უწყების თანამშრომლებს კანონმდებლობით ენიჭებათ და მათ შორის ძირითადად არიან ძალოვანი უწყების გარკვეული კატეგორიის თანამშრომლები. ცხადია, იმ ლოგიკით, რომ მათი სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე, შესაძლოა, რისკის ქვეშ იყვნენ.
იარაღის ტარების უფლება აქვთ პარლამენტის წევრებსაც იმავე არგუმენტით, რომ შესაძლოა, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ მაღალი პოლიტიკური სტატუსის გამო. ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა პარლამენტარი იარაღით დადის. ეს არის უფლება, რომლითაც სარგებლობა დეპუტატებს შეუძლიათ.
თვითმმართველობების დონეზე ეს უფლება არ არსებობს იმ მიზეზით, რომ არც ერთი საკრებულო არ არის იმ რანგის, რომ მათ პოლიტიკური თვალსაზრისით შეექმნას საფრთხე.
თბილისის საკრებულომ კი იარაღის ტარების უფლება სწორედ მაშინ მოითხოვა, როდესაც თბილისში პანიკაა ორი მტაცებლის გარეთ ყოფნის გამო. ამიტომაც საკრებულოს ეს მოთხოვნა სწორედ მხეცების შიშს დაუკავშირდა, მიუხედავად იმისა, რომ პროექტში არც ეს მიზეზი და არც სხვა მიზეზი დასახელებული არ არის, თუ რატომ უნდა ჰქონდეს ეს უფლება მაინცდამაინც თბილისის საკრებულოს.
სწორედ ამ ფაქტორზე მიანიშნებს საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია, რომ მოთხოვნის არგუმენტი არ არის დასახელებული.
"ალბათ ჩემი კოლეგების რაღაც არგუმენტი არსებობს დოკუმენტთან დაკავშირებით, მე ვერ გეტყვით კონკრეტულად რა ინიციატივაა," - განაცხადა ჯაბა სამუშიამ ჟურნალისტებთან ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ.
ოპოზიცის მხრიდან კი ამ თემას მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
"ეს არის უპასუხისმგებლობა. ეს, რაც იკადრა 16 ივნისს "ქართული ოცნების" მთელმა დეპუტაციამ, არის სილის გაწვნა თბილისელებზე," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ნიკა მელიამ.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე სევდია უგრეხელიძე კი ამბობს, რომ "ამ ვითარებაში ეს არის სირცხვილი. მინდა გითხრათ, რომ ჩემი კოლეგების ნაცვლად ძალიან მრცხვენია."
მხოლოდ ამ კომენტარების შემდეგ გაკეთდა საკრებულოს საგანგებო განცხადება, რომ საკრებულოს უმრავლესობის წევრების მიერ იარაღის ტარების მოთხოვნა არ ყოფილა.
"თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატთა მიერ იარაღის ტარების უფლების საკითხის განხილვა არ ყოფილა. ამასთან დაკავშირებით, ოფიციალური წერილი არც საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ალიბეგაშვილის სახელზე და არც საკრებულოს კანცელარიაში შესულა," - ნათქვამია დედაქალაქის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ამ განცხადების გაკეთებამდე თავად ალიბეგაშვილი ამ იდეის არსებობას ჟურნალისტებთან საუბრისას ადასტურებდა.
მისი თქმით, "აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით აზრი ჩამოყალიბებულია, მაგრამ კონკრეტული მიმართულება ჯერ არ არსებობს."
"ეტყობა, შიგნიდან გაჩნდა ეს აზრი და ყველა დამოუკიდებელია თავის არჩევანსა და გადააწყვეტილებაში," - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.