"თავისუფალი დემოკრატები" იმის გარკვევას ელიან, არის თუ არა თინა ხიდაშელის მიერ საფრანგეთში საჰაერო თავდაცვითი სისტემების გადმოცემაზე გაფორმებული დოკუმენტი "იმ შეთანხმების ადეკვატური გაგრძელება", რაზეც ირკალი ალასანია მუშაობდა.
საკითხის გარშემო უამრავ კითხვას სვამენ სფეროს სპეციალისტებიც და აცხადებენ, რომ თავდაცვის სამინისტროს შეეძლო ელემენტარული ინფორმაცია მაინც გაესაჯაროებინა. ისეთი, რომელიც დოკუმენტის შესახებ გარკვეულ წარმოდგენას შექმნიდა და ამავდროულად ქვეყნის ინტერესებს არ დააზიანებდა.
თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი ირაკლი ჩიქოვანი "რეზონანსთან" ინტერვიუში ამბობს, რომ უახლოეს მომავალში ნდობის ჯგუფში დოკუმენტის შესახებ ინფორმაციის გამხელას ელიან. ჯგუფის შეკრების შემდეგ კი პასუხი ზუსტად ეცოდინებათ.
ირაკლი ჩიქოვანი: ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდისაკენაა მიმართული, ჩვენთვის მისასალმებელია. რაც შეეხება უშუალოდ ამ დოკუმენტს, რომელიც ქვეყნისათვის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების გადმოცემას ეხება და ირაკლი ალასანიას მინისტრობის პერიოდში იყო ინიცირებული, მასზე ბევრი არაფერი ვიცით, მაგრამ ეს გასაგებიცაა. ეს საიდუმლო ინფორმაციაა და, ვფიქრობთ, ამის განხილვის შესაფერისი ადგილი პარლამენტის ნდობის ჯგუფია. მასში ჩვენი წარმომადგენელიცაა, უმრავლესობისაც, ოპოზიციისაც და ასეთი განხილვა ძალიან ბევრ კითხვას მოხსნიდა.
"რეზონანსი": ნდობის ჯგუფის შეხვედრა როდის შედგება?
ი.ჩ: ეს თავად ჯგუფის შემადგენლობამ უნდა გადაწყვიტოს. ზურაბ აბაშიძემ ამ თხოვნით ხელმძღვანელობას უკვე მიმართა და გადაწყვეტილებას ალბათ დიდი ხანი არ დასჭირდება. როცა თავდაცვის მინისტრიცა და ნდობის ჯგუფის წევრებიც თბილისში იქნებიან, შეხვედრა უნდა შედგეს.
"რ": ამ შეხვედრაზე რა სახის ინფორმაცია გახდება თქვენთვის ცნობილი?
ი.ჩ: ამ შეხვედრაზე ერთი რამ მაინც გაირკვევა - არის თუ არა ეს დოკუმენტი იმ შეთანხმების ადეკვატური გაგრძელება, რომელიც თავის დროზე ირაკლი ალასანიას ინიცირებული იყო. თუმცა, დეტალები საჯაროდ არ განიხილება. ამ შეკრების მერე ისიც გაირკვევა, რისი გამხელა შეეძლო სამინისტროს და რისი - არა. ხელისუფლება გვეუბნება, რომ ეს შედეგი უკვე დადგა და ჩვენ ახლა მისი რეალობა გვაინტერესებს.
"რ": მიუხედავად ყველაფრისა, შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ დოკუმენტი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას აამაღლებს?
ი.ჩ: დოკუმენტის შინაარსი უნდა ვნახოთ.
"რ": ანუ, შეიძლება მას ისეთი შინაარსი ჰქონდეს, რომ ამან ქვეყანას სასიკეთო ცვლილებები ვერც მოუტანოს?
ი.ჩ: არა, ჩვენთვის ყველა ნაბიჯი მისასალმებელია, მაგრამ არის თუ არა ეს ალასანიას წამოწყებული საქმის დასრულება, დოკუმენტის გაცნობის შემდეგ გვეცოდინება.