"დამღალა მონებზე ბატონობამ" ფრიდრიხ ||
მოსაზრება
22.06.2015

მიმდინარე წელს ლართან დაკავშირებული პერიპეტიები ნათლად გვიჩვენებს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ, იქ სადაც ეს შესაძლებელია, დოლარი ლარმა "ჩაანაცვლოს". ცხადია, ეს ჩანაცვლება მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით უნდა მოხდეს და აქ, ხელისუფლებას შეუძლია თავისი გადამწყვეტი სიტყვა თქვას.

ჯერ, ერთ მაგალითს მოვიყვან, რომლის მონაწილეც უშუალოდ ვიყავი ჩემი იაპონიაში, ე.წ. "ჯაიკას" პროგრამით, ვოიაჟის დროს. ორთვიანი პროგრამით ვიყავი იაპონიაში და წამოსვლის წინ, ყოვლად დამამცირებელი ეკონომიის შედეგად, იაპონური ფულის ერთეულებში 250 ათასი იენა დამიგროვდა, რაც დოლარებში 2000-ის ეკვივალენტური იყო.

ბუნებრივია სახლში დოლარების წამოღება მინდოდა და თითქმის მთელი დღე მოვუნდი სხვადასხვა ბანკებში სიარულს (ცხადია ფეხით, ტრანსპორტის წარმოუდგენელი სიძვირის გამო), რათა ეს თანხა დოლარებში გადამეხურდავებინა. სულ ცოტა, ოთხ ბანკში, უარი მითხრეს ფულის გადახურდავებაზე, რადგან, როგორც ამიხსნეს, ეს პროცედურა მხოლოდ ზოგიერთ (არ ვიცი რა ნიშნით) ბანკებში ხორციელდებოდა.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყანას, რომელსაც საკუთარი არანაირი ბუნებრივი რესურსი არ გააჩნია (საკუთარი ძალიან პრაგმატული ტვინის გარდა), მთლიანად ექსპორტზეა ორიენტირებული. დიახ, დიახ, არ მეშლება!

იგი მთელი ასი პროცენტით რესურსების იმპორტიორია და, იმისდა მიუხედავად, რომ მას საკუთარი არანაირი ნედლეული არ გააჩნია, იაპონიას შემოაქვს აბსოლუტურად ყველაფერი, მას გარდაქმნის უმაღლესი დონის პროდუქტად და გააქვს ექსპორტად მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში.

აქედან გამომდინარე, გასაგები უნდა იყოს მკითხველისთვის, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ქვეყნის ეკონომიკისათვის საკუთარი ფულადი ერთეულის დოლართან მიმართებაში გაცვლით კურსს. და როდესაც 1983 წელს, ამერიკამ, ალბათ უფრო პოლიტიკური მოსაზრებებით, დოლარის კურსი ორჯერ გაამყარა იენთან მიმართებაში, იაპონელებმა 80-მდე მხოლოდ საავტომობილო ქარხანა განალაგეს მხოლოდ ამერიკის კონტინენტზე.

თუ ამ გასაოცარი ქვეყნის მაგალითს გამოვიყენებთ, ამასთან გერმანიის მაგალითსაც მოვიშველიებთ, რომელმაც სულ რაღად 25 წელიწადში ორი მსოფლიო ომი წამოიწყო, ორივეჯერ კატასტროფულად დამარცხადა და ამის მიუხედავად ლუციფერივით ფეხზე წამოდგა, მგონი საწუწუნო არაფერი არ უნდა გვქონდეს და რაც გვჭირს, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს თავს დავაბრალოთ.

ერთ-ერთი პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, ყველანაირად ხელი უნდა შევუწყოთ ბიზნეს-აქტივობას. რაღაც-რაღაცებზე თვალი დავხუჭოთ, როცა საქმე ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას ეხება და, ნუ ჩამოვკიდებთ ქვეყნის ეკონომიკას, მთლიანად უცხოელ ინვესტორებზე. აქ კარგად გათვლილი ეკონომიკური პოლიტიკა უნდა გატარდეს.

მაგრამ, რა გინდა მოსთხოვო ჩინოვნიკს, რომელიც, ყველაზე სანუკვარ სიზმარშიც კი, ვერასოდეს ვერ წარმოიდგენდა იმ თანამდებობას, რომელზედაც, გარემოებათა უცნაური (თუ კურიოზული არა), დამთხვევის გამო, აღმოჩნდა და, არა თავისი პირადი თვისებების გამო (თუ იმ თვისებებს არ მივიღებთ მხედველობაში, რომელიც მონური მორჩილების აუცილებელი ატრიბუტია). მას მხოლოდ ერთი ღმერთი ჰყავს, და მის ყველა სურვილს, თუ ბრძანებას, უყოყმანოდ ასრულებს (ცხადია, ეს მანამ ხდება, სანამ მისი სუზერენი მყარად გრძნობს თავს თავის ადგილზე), ხოლო, თუ ეშმაკმა ინება (მაინც მინდა დავიჯერო, რომ აქ ღმერთი არაფერ შუაშია) და თანამდებობაზე დიდხანს დარჩა, მერე ისეთი ამბიციები უჩნდება, რომ, ფუი ეშმაკს, გაფიქრებაც კი არ მინდა, რაზეც წამსვლელია!

ასეთ პირობებში, როგორ უნდა მოვიქცეთ? აი, ეს არის უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი კითხვა!

ერთი რამ კი ცხადზე უცხადესია, - როდესაც შენი მოქალაქეები მასობრივად ტოვებენ ქვეყანას, რომლის ხელისუფალიც ხარ, ე.ი. ქვეყანაში საქმე ძალიან ცუდად არის და შენც ცუდი ხელისუფალი ხარ!

ამგვარად, ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობის მაჩვენებელთა მთელი სისტემა შეიძლება ამ ერთი მაჩვენებლით ჩანაცვლდეს, რომელიც პირუთვნელად გვეუბნება, თუ რამდენად ვითარდება ქვეყანა.

ის, რომ ქვეყანას განვითარების პერსპექტივები გააჩნია, ძალიან კარგად ჩანს იქიდანაც, თუ რომელი ქვეყნებიდან ხდება შემოსევა და როგორ მეთოდურად ყიდულობენ ჩვენი ქვეყნის მიწებს გადამთიელები, რომლებიც სულაც არ ჩამოდიან აქ კეთილი ზრახვებით!

და მაინც, როგორ მოვექცეთ ლარს?

როგორც ზემოთ ითქვა, ყველგან, სადაც კი ეს შესაძლებელია, გადახდის საშუალება უნდა იყოს ლარი!

მაგალითად, ავტომობილის ყიდვისას, ხელიდან ხელში ხდება ანგარიშსწორება, ანუ ეს ტრანზაქცია არ ხვდება ქვეყნის საგადამხდელო ბალანსში და ფიზიკური პირების მიერ ეს ანგარიშსწორება, როგორც წესი, დოლარებში ხდება. რატომ?

ბინების ყიდვა-გაყიდაც, როგორც წესი, დოლარებში ხდება. რატომ?

ბანკებიდან სესხის აღება დოლარებში ხდება. რატომ?

როგორც ხვდებით, ეს კითხვები უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს.

რა ხდება ენერგომატარებლებთან დაკავშირებით და რატომ ადევს ამ თემას ცხრაკლიტული?

ჩვენი ენერგომატარებლების რესურსების გამოყენების შესაძლებლობები რატომ არის ტაბუდადებული თემა?

სულაც არ მინდა ვინმეს ჭკუა ვასწავლო, მაგრამ თუნდაც ერთი საკითხის პრაქტიკული გადაჭრის მაგალითს მოვიყვან.

ყველამ ვიცით, რომ ერთ-ერთი იმ წურბელათაგანი, ვინც "ჩვენს სისხლს, ყოვლად უსინდისოდ წოვს", კორპუსების პირველი სართულებისა, თუ სარდაფების მფლობელი, ჯერ კიდევ საბაზრო ეკონომიკის გარიჟრაჟზე, კომუნისტური ნომენკლატურის მიერ "პრიხვატიზებული" და შემდეგ ათასჯერ გადაყიდულ-გადმოყიდული ქონების მფლობელები არიან.

ახლა, ცხადია, მათ ამ ქონებას ვერ წაართმევ, თუნდაც ამ კრიმინალური გარიგებების ხანდაზმულობის გამო, მაგრამ აქ რომ წესრიგია დასამყარებელი, ესეც ხომ ფაქტია?

ის, რომ აქ ჯერ ისევ შავი ბუღალტერიაა, ეს ხომ ცხადია; და, თუ არ იციან შესაბამისმა უწყებებმა, ეს - ერთი პრობლემაა, მეორე, ხომ ისედაც ცხადია.

ამ ძნელბედობის ჟამს საგადასახადო სამსახურის, ფინანსური პოლიციის, და, საერთოდ, ფინანსთა სამინისტროს მოქალაქეობრივი ვალია, როგორღაც შეაჩეროს გაქირავების საფასურის დოლარიზაცია.

გაქირავება აუცილებლად უნდა ხდებოდეს ეროვნულ ვალუტაში და გადახდა აუცილებლად უნდა მოხდეს ბანკის გავლით, და თან ისე, რომ ჩანდეს ვინ გადაიხადა ფული. ვინ შეიტანა ლარებში ქირავნობის გადასახდელი, მისი პირადობის ნომრის ჩანაწერის აღნიშვნით!

რაც შეეხება შავ ბუღალტერიას, როდესაც გადახდა რეალურად დოლარებში ხდება და ლარებში ნაკლებ თანხას უჩვენებენ, ამაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ორივე მხარეს (და არავითარ შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა). და საერთოდ, ეკონომიკურ დანაშაულზე იშვიათი შემთხვევების გარდა (ის, რაც დღეს გვაქვს, სერიოზულ გადახედვას მოითხოვს), მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა უნდა იყოს, რადგან ეს უფრო ქმედითი მექანიზმია იმათ მიმართ, ვისაც აქეთკენ აქვს მიდრეკილება (თეორიულად, - პრაქტიკულად ყველას) და ქვეყანასაც უფრო ნაკლები დანახარჯები ექნება.

ზყთყ ეკონომიკის სამინისტრო ლარის გაუფასურებას ამ, ერთი შეხედვით გულის ამაჩუყებელი გზით (საკუთარი სამინისტროს შენობის აუქციონზე გატანა ლარის გაუფასურებასთან ბრძოლის ეგიდით) არ უნდა ებრძოდეს. ეს სამარცხვინოა უბრალოდ!

და კიდევ ერთი, - შესაძლოა მონებზე ბატონობა მოსაწყენია, მაგრამ მონობა ნამდვილად სამარცხვინოა! ვიფიქროთ ამაზეც!

თამაზ აქუბარდია

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×