იურისტთა ნაწილი ახალ კანონპროექტს არაგენდერულად მიიჩნევს
ლიკა ამირაშვილი
22.06.2015

 ქალის მიმართ უკანონო თვალთვალი, სატელეფონო ან ელექტრონული საშუალებებით კომუნიკაცია, რომელსაც სისტემატური ხასიათი აქვს, ორ წლამდე პატიმრობით დაისჯება. ახალი კანონი ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახური ძალადობის პრევენციის მიზნით, იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა. იურისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ქალის მიმართ თვალთვალის ცალკე კანონად გამოყოფა არაგენდერულია.

ამ ცვლილებით, "საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში" ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული ნორმების მოქმედების სფერო ფართოვდება. ის მოიცავს არა მარტო ოჯახის წევრ ქალთა მიმართ, არამედ, საზოგადოდ ქალის მიმართ გამოვლენილ ძალადობასაც. ქალი დაცული იქნება არა მხოლოდ ოჯახურ სივრცეში, არამედ ოჯახის მიღმაც. ცვლილებათა პაკეტი 20-მდე კანონს შეეხება.

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრაში საზოგადოების ჩართულობის უზრუნველსაყოფად ფართოვდება იმ პირთა წრე, ვისაც სამართალდამცველებისათვის ძალადობის ფაქტების შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს. ამის შესაძლებლობა ექნებათ საჯარო სკოლების მასწავლებლებს, დირექტორებს, მანდატურებს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიურ პერსონალს. ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე რეაგირება შეეძლებათ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსაც.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილებების პაკეტი ძალადობის მსხვერპლ ქალთა დაცვისა და დახმარების მექანიზმებს უფრო ეფექტურს ხდის.

იურისტი ლია მუხაშავრია "მთელ კვირასთან" ამბობს, რომ ახალი საკანონმდებლო ნორმები უფრო პრაქტიკული იქნება.

"ახალი პაკეტი კონკრეტულ უწყებებს კონკრეტულ ღონისძიებებს ავალებს, რომელიც მათ უნდა განახორციელონ. ეს პაკეტი უფრო კომპლექსური და ყოვლისმომცვლელია, სადაც ასევე იგულისხმება ბავშვის საკითხების გადაწყვეტაც, თუ როგორ უნდა მოხდეს მათი განთავსება თავშესაფარში, რაც იმის საფუძველს ქმნის, რომ საკანონმდებლო ნორმები უფრო პრაქტიკული იქნება.

"ახლა მოქმედი კანონი ურიგო არ არის, მაგრამ იმის გამო, რომ პრაქტიკაში ხარვეზებია, აქ უფრო მეტი რეგულირება გვექნება. თუმცა, პრაქტიკაში კონკრეტულ შემთხვევას როგორ განმარტავენ, ეგ უკვე სასამართლოს გადაწვეტილება იქნება.

"დღევანდელი პაკეტით განსაზღვრულია მხოლოდ ოჯახური ძალადობის შემთხვევები. მაგრამ ახალი პაკეტით შეიძლება ორ ადამიანს ერთმანეთთან ოჯახური ურთიერთობები არ ჰქონდეს, თუმცა, მასზე მაინც ფსიქოლოგიურად ძალადობდეს. ეს ნიშნავს შემთხვევას, როდესაც მოძალადე მსხვერპლს გასაქანს არ აძლევს და აიძულებს საკუთარი ნების საწინააღდეგოდ მოიქცეს. ამ შემთხვევაში ასეთი ქალები დაცულები იქნებიან.

"მე მგონია, რომ ვიდრე საზოგადოებრივი კონტროლი არ იქნება, სიტუაცია არ გამოსწორდება. ჩვენ ისეთ გარემოში ვცხოვრობთ, როდესაც გვისმენენ, ამიტომ ცხოვრება ისე ვისწავლეთ, რომ ტელეფონში მნიშვნელოვანზე არ ვისაუბროთ. ასე რომ, ეს ნორმა ამ შემთხვევაში ხელისუფლების რეაქციაა იმ კრიტიკაზე, რაც დასავლეთიდან იყო ჩვენს საკანონმდებლო ნორმაზე. ამით კი სიტუაცია იქმნება, თითქოს ასეთი რამ მკაცრად ისჯება.

"თუკი მე არ მაქვს შესაძლებლობა საერთოდ გავიგო ვინ მისმენს - ვის აქვს ეს აპარატურა და ვის აქვს ამის შესაძლებლობა, როგორღა უნდა მოვითხოვი მისი პასუხისმგებლობაში მიცემა.

"რაც შეეხება ძალადობის შემთხვევაში სპეციალური ორგანოებისათვის შეტყობინებას, პრაქტიკულად ყველას ჰქონდა ამის უფლება, თუმცა, როგორც წესი, არ იყენებდნენ.

"ახლა კანონი გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ საზოგადოებას უფრო მეტად გაუჩნდეს მოთხოვნილება, რომ როდესაც ძალადობის შესახებ იგებს, სამართალდამცავებს შეატყობინოს. ეს უფრო მეტად ხდება ვალდებულება, აქამდე მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის კეთილი ნება იყო.

"მე პირადად გამომიძახებია პოლიცია, როდესაც სრულიად უცხო უჯახის ძალადობის შესახებ გამიგია. უნდა გითხრათ, რომ პატრული მოვიდა, სახლი დაათვალიერეს, მეზობლებიც გამოკითხეს, თუმცა არც ერთმა მეზობელმა არ თქვა, მითუმეტეს, რომ სიმართლე იცოდნენ.

"კანონის მიხედვით ვალდებულება თუ იქნება დაკისრებული, უფრო კარგი იქნება. მოძალადე ძირითადად იმით სარგებლობს, რომ ამის შესახებ არავინ იცის. ამიტომ გამოაშკარავება ძალიან კარგი საშუალებაა პრევენციისათვის", - განაცხადა მუხაშავრიამ.

როგორც იურისტმა გელა ნიკოლაიშვილმა "მთელ კვირასთან" საუბრისას აღნიშნა, მისთვის გაუგებარია რატომ გახდა საჭირო ქალთა მიმართ თვალთვალი ცალკე კანონად გამოყოფილიყო.

"ჩემთვის ცოტა ბუნდოვანია. ამ საკანონმდებლო პაკეტს კარგად არ ვიცნობ, თუმცა, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ქალების ცალკე გამოყოფა ცოტა არარელევანტურია. ვფიქრობ ნებისმიერი პირის მიმართ უკანონო თვალთვალი - ეს ქალი იქნება, მამაკაცი, ბავშვი, თუ მოხუცი - ისედაც დასჯადი უნდა იყოს.

"ნებისმიერი ძალადობა ნებისმიერი კატეგორიის ადამიანების მიმართ პრევენციას მოითხოვს. მე არ ვიცი ცალკე ქალთა მიმართ თვალთვალი რატომ უნდა იყოს გამოყოფილი. ხომ არ შეიძლება ქალის მკვლელობა სხვანაირად ისჯებოდეს და მამაკაცის მკვლელობა - სხვანაირად?!

"მე ცოტა აბსურდული მგონია. ქალის თვალთვალის გამოყოფა არაგენდერულ მიდგომად მიმაჩნია. ასეთი ქმედება ისედაც დასჯადია და, როგორც მახსოვს ერთ წლამდე პატიმრობით ისჯება.

"კანონის გამკაცრება, იმის გამო, რომ ძალადობის პრევენცია მოხდეს არასწორად მიმაჩნია. აქ საუბარი სასჯელის გარდუვალობაზე უნდა გვქონდეს და არა მის გამკაცრებაზე. ადამიანს იმის განცდა თუ ექნება, რომ აუცილებლად დაისჯება, დანაშაულს აღარ ჩაიდენს. მნიშვნელობა არ აქვს მას ორ წელს, თუ სამუდამოს მიუსჯიან, მთავარია მას განცდა ჰქონდეს, რომ აუცილებად დაისჯება", - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×