რუსა მაჩაიძე
22.06.2015

 მკვლელი შენობები - ასეთია სპეციალისტების მიერ ბოლო პერიოდის იმ ინფრასტრუქტურული პროექტების დახასიათება, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო ადამიანებისთვის საფრთხის შემცველები აღმოჩნდნენ. ეს მიზეზები კი არც ისე ბევრია - ისინი ან არასწორად არის აშენებული, ან არასათანადო ადგილას ან ექსპლუატაციის ვადა აქვს გასული. ასეთი ნაგებობები კი საქართველოში ძალიან ბევრი აღმოჩნდა.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, ინფრასტრუქტურულ ნაგებობებს საფრთხის შემცველად სხვადასხვა ფაქტორი ხდის, რომელთა დაჯგუფება სწორედ იმის მიხედვით ხდება, თუ სად არის აშენებული, ანუ, რამდენად უსაფრთხოა კონკრეტული ადგილი კონკრეტული ნაგებობისთვის, როგორ არის პროექტი განხორციელებული და აშენებულის ექსპლუატაციის საშუალო ვადა და მოხმარების პირობები.

როგორც არქიტექტორი ირაკლი მურღულია "მთელ კვირასთან" საუბრისას განმარტავს, ეს არის საფრთხეების ზოგადი დაჯგუფება, რომელიც თავის მხრივ სხვადასხვა ფაქტორს ითვალისწინებს. ამიტომაც ანალიზის გაკეთებისას ყველა ფაქტორის გათვალისწინება ხდება.

ექსპლუატაციაგავლილი ნაგებობები

ის ამ დროისთვის ყველაზე პრობლემატურად ექსპლუატაციაგავლილ ნაგებობებს ასახელებს და ამბობს, რომ "ამ მხრივ საქართველოში კატასტროფული ვითარებაა, განსაკუთრებით თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში".

ირაკლი მურღულიას თქმით, ამ კატეგორიაში ხვდება ყველა ტიპის ნაგებობა. განსაკუთრებით პრობლემატურად კი ხიდებს, გვირაბებს და საცხოვრებელ კორპუსებს, ე.წ. "ხრუშჩოვკებს" ასახელებს. თუმცა, განსაკუთრებულ აქცენტს საგზაო კვანძებზე აკეთებს.

ნაჩქარევად აშენებული ნაგებობები

"არცერთი კვანძი არ არის ისე აშენებული, რომ გათვლილი იყოს რამდენ მანქანას გაატარებს, რა ინტენსივობით და მოთხოვნა და ინტენსივობა როგორ შეეფარდება ერთმანეთს. "წლების წინ აშენებული ნაგებობები გათვლილი იყო უახლოეს 10-20-30 წელზე. რაც მთავარია, არ იყო ნააგარიშები გააკუთრებით თბილისის ისეთ მზარდ ტემპზე, რაც რეალობაში მივიღეთ," - ამბობს ირაკლი მურღულია.

რაც შეეხება თბილისის გარდა არსებულ სხვა მაგისტრალებს და კვანძებს, ამბობს, რომ ავტობანებსა და მთავარ გზებზე გაცილებით ნაკლები პრობლემაა სხვადასხვა ფაქტორის გამო.

ეს ის კატეგორიაა, რომელსაც წინა ხელისუფლებას ყველაზე მეტად ედავებოდნენ, რადგან, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ნაჩქარევად აშენება რამდენიმე სახის პორობლემას აერთიანებს. გარდა იმისა, რომ ასეთი პროექტების განხორციელებისას იკარგება მნიშვნელოვანი თანხა, სახიფათო ხდება ადამიანებისთვის, რადგან სიჩქარის გამო არ ხდება არც გარემოს სათანადო ანალიზი, რამდენად შეიძლება კონკრეტულ ადგილზე კონკრეტული პროექტის განხორციელება და მეორეც - აშენების პროცესში რამდენად დაცულია სტანდარტები.

ამის კარგი მაგალითია განმუხურის ხიდი - ხის მასიური კონსტრუქცია, რომელიც ერთი დღისთვის ააშენეს, რადგან მაშინდელ პრეზიდენტს ამ ხიდის გახსნა ზღვის სეზონის დროს ჰქონდა განზრახული და ამ დროისთვის სრულყოფილი ხიდის მშენებლობა ვერ ესწრებოდა.

ეს ხიდი 2011 წლის აგვისტოში პრეზიდენტმა საზეიმოდ გახსნა. ღონისძიებიდან რამდენიმე დღეში ხიდი ქარმა დაშალა, რის შემდეგაც ის უფრო მყარი კონსტრუქციებით ხელახლა ააწყვეს.

ესპანურმა არქიტექტურულმა კომპანია სქვ შტპუტშუკწთ-მა, ანაკლიაში საკურორტო ინფრასტრუქტურის დაპროექტებისთვის, კომპანიის მონაცემებით, 16.5 მილიონი ევრო მიიღო. რკინის კონსტრუქციის აგება კი გაცილებით მეტი დაჯდა. შემდეგ კი ხელისუფლებამ და პროექტის განმახორციელებელმა კომპანიამ თავი იმით იმართლა, რომ ეს ხის ხიდი საჭირო იყო რკინის ხიდის ასაშენებლად, რადგან მუშებს სადგომი ადგილი სჭირდებოდათ.

ნაჩქარევად აშენებულად ითვლება თბილისის აეროპორტი, რომელსაც 2007 წლიდან დღემდე ქარმა სახურავი 5-ჯერ გადახადა. სახურავი ვერც წვიმას უძლებდა და მოსაცდელ დარბაზების იატაკებიც ხშირად ვედროებით იყო მოფენილი. ამ ყველაფრის გამო ხალხმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტს "კაბრიოლეტი" უწოდა.

ცნობისთვის, ოფიციალური ინფორმაციით, აეროპორტის რეკონსტრუქცია 90,5 მილიონი დოლარი დაჯდა.

სტიქიამ ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრის სახურავიც იმსხვერპლა. გახსნიდან სულ რაღაც ორ დღეში, კონცერტის დროს დარბაზში "გაწვიმდა".

მსგავსი ისტორია ქუთაისის პარლამენტშიც განმეორდა. შუშის შენობა ქარის დროს საგრძნობლად დაზიანდა.  სხვათაშორის, სხვადასხვა ექსცესები იქ სტიქიის გარეშეც მომხდარა. მაგალითად, 2013 წლის აგვისტოში ნულოვან სართულზე ჭერი ჩამოინგრა. ეს შენობა, რომლის გარშემოც საზოგადოება და პოლიტიკოსები დღემდე კამათობენ, ბიუჯეტს 340 მილიონი დოლარი დაუჯდა.

ქარმა საგრძნობი ზარალი მიაყენა თბილისში მდებარე იუსტიციის სახლსაც. თანამშრომლების ევაკუაცია სასწრაფო წესით მოხდა.

2013 წლის დეკემბერში წყალი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც ჩავიდა. ეს შენობაც ბოლო წლებშია აშენებული და როგორც ჩანს, უხარისხოდ არის შესრულებული მიუხედავად იმისა, რომ შენობის დიზაინი არქიტექტურული თვალსაზრისით თანამედროვე არქიტექტურის ცნობილ ნიმუშად ითვლება.

პრობლემურია გომბორის გზაც, რომელიც ყოველი უამინდობისას ისე ინგრევა, რომ ერთ მონაკვეთზე გასასვლელი პრაქტიკულად აღარ რჩება და მოძრაობა ფერხდება.

გზის ერთი მონაკვეთი მეწყერსაშიშ ზონაში გადის. მისთვის გვერდის ასაქცევად მთაში მცირე გვირაბის გაკეთება იყო საჭირო. თუმცა, სააკაშვილს სურდა თელავში რთველის ოფიციალურ გახსნაზე სწორედ ამ ახალი გზით ჩასულიყო, თუმცა ამ დროისთვის გვირაბის გაკეთება ვერ ესწრებოდა.

საბოლოოდ გზა მაინც მეწყერსაშიშ ზონაში გაიყვანეს. შედეგად, ეს მონაკვეთი ყოველწლიურად ზიანდება და მას ყოველწლიურად ხელახლა აგებენ.

რაც მთავარია, თავად პრეზიდენტი სააკაშვილი სწრაფად აშენებული პროექტების გახსნისას ამაყობდა კიდეც, "ქართველებმა მშენებლობა ჩინელების სისწრაფით ისწავლესო".

არასათანადო ადგილას აშენებული ნაგებობები

ამ კატეგორიაში მოქცეულ შენობებს ხშირად ნაჩქარევად აშენებასაც უკავშირებენ იმ არგუმენტით, რომ სიჩქარის გამო გარემოსთან დაკავშირებით სათანადო დასკვნების მომზადება ვერ ესწრება. მაგრამ, სპეციალისტები ამ პრობლემას უფრო ღრმა პრობლემად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ხშირად ადგილის მდგრადობას იმის გამო არ ექცევა ყურადღება, რომ მშენებლისთვის მომგებიანია, სახელმწიფო კი ამ დასკვნებს საერთოდ არ ითხოვს.

ასეთი ნაგებობები კი დიდ ქალაქებში და განსაკუთრებით თბილისში საკმაოდ მრავლად არის აშენებული. ამის ყველაზე აშკარად ნიმუშად კი გმირთა მოედანთან, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ცირკის პირდაპირ კლდეზე აშენებულ ახალ მრავალსართულიან, მასიურ კორპუსს ასახელებენ.

სპეციალისტების თქმით, აქ კლდე არ არის მდგრადი, კლდეში მუდმივად ჟონავს წყალი და ამის გამო იშლება. აქ კლდე რკინის ბადითაც კი არის დაფარული, რომ ჩამოცვენილმა ქვებმა გზაზე მიმავალ ტრანსპორტს საფრთხე არ შეუქმნას. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს კლდის არამდგრადობაზე მიანიშნებს და ამბობენ, რომ ეს კორპუსები სიცოცხლისთვის საშიშია ისევე, როგორც ასევე გმირთა მოედანთან, ოღონდ კოსტავას ქუჩაზე, აბრეშუმის ყოფილი ქარხნის მოპირდაპირე მხარეს კლდის ქიმზე აშენებული კორპუსები.

"ასეთი კორპუსები ძალიან ბევრია მთელი თბილისის ტერიტორიაზე. განსაკუთრებით ვაკესა და ძველი თბილისის უბნებში," - ამბობს ურბანისტი ცირა ელისაშვილი "მთელ კვირასთან" საუბრისას.

ამ კატეგორიაში ასევე ასახელებენ ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტსაც, რომელიც იმით გამოირჩევა, რომ მრავალსართულიან შენობაში ზედა სართულებზე "ეშმაკის ბორბალია" ჩამონტაჟებული.

ამ კატეგორიაში ექცევა დიდი კაშხლების მშენებლობის თემაც, რაც ბოლო წლებში სადავო საკითხად არის ქცეული.

კურიოზული მშენებლობები

ამ კატეგორიაში პირველ ადგილს მესტიაში გაკეთებული ჰაწვალის სათხილამური ტრასა იკავებს, რომლის გახსნა რამდენჯერმე სხვადასხვა მიზეზის გამო გადაიდო. ყველაზე საინტერესო კი საბაგიროს ბოძების უკუღმა ჩასმა იყო.

ჰაწვალი მესტიიდან 8 კმ-ში, 2500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და იქვეა მაღალი ტურისტული პოტენციალის მქონე ჰაწვალი-ზურულდის სათხილამურო კომპლექსი, რომლის გახსნის იდეა სააკაშვილს ეკუთვნის. თუმცა, მისი პრეზიდენტობისას ეს ვერ მოესწრო. 2010 წელს იტალიური კომპანია "ლაიტნერმა", რომელიც ამ პროექტს ახორციელებდა, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართველმა კონტრაქტორებმა ბაგირების დამჭერი ბოძები შებრუნებულად დაამონტაჟეს, რის გამოც სიმძიმის ცენტრი ჰაერში მოექცა.

ნოდარ წვერიკმაზაშვილმა, რომელიც იტალიური კომპანია "ლაიტნერ როუფვეისის" იტალიელ და უკრაინელ წარმომადგენლებთან ერთად სათხილამურო და საბაგირო გზის მშენებლობაშია ჩართული, მაშინ განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა და "დაჩქარებული მეთოდით მშენებლობის პროცესში ერთადერთი შეცდომა, რაც გაეპარათ, ის იყო, რომ, ვიდრე ბოძებს მიწაში ღრმად ჩაამაგრებდნენ, გათხრილ ორმოებში ჩაამონტაჟეს ე.წ. ანკერები, რომლებიც ღუზის ფუნქციას ასრულებენ. ანკერებს თავზე ქანჩები აქვთ და მუშებმა რამდენიმე ანკერზე ეს ქანჩები შეცდომით დაამაგრეს".

ცნობისთვის, ეს ის კურორტია, რომელიც 2013 წელს პრემიერმა ღრიბაშვილმა თავიდან გახსნა. თუმცა, პრობლემები ამის შემდეგაც იყო. ტრასა არ ფუნქციონირებდა და ახალმა ხელისუფლებამ უკვე საკუთარი თავის გამართლება იმით სცადა, რომ მედიატური დაგეგმა, მაგრამ არ შეასრულა. მიზეზი კი ისევ ის იყო, რომ საბაგირო გზა გამოვიდა მწყობრიდან და მთავარ ტრასაზე, სადაც ტურნირი უნდა ჩატარებულიყო, ვერც მონაწილეები ავიდნენ და ვერც ორგანიზატორები.

პირადი ინტერესები და სადავო პროექტები

სპეციალისტები უკვე დასახელებული ჯგუფების გარდა ასევე გამოყოფენ დაგეგმილ მშენებლობებსაც, რომლებიც ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ სპეციალისტებისა და საზოგადოების ნაწილი მათ აშენებას დაუშვებლად მიიჩნევს.

მათი თქმით, რამდენიმე კონკრეტული პროექტი არა მარტო კულტურული თვალსაზრისით არის საფრთხის შემცველი, არამედ ადამიანების უსაფრთხოების თვალსაზრისითაც და ამბობენ, რომ "ასეთი პროექტების განხორციელების პრეცედენტების შექმნა უნდა შეწყდეს მარტო იმისთვის კი არა, რომ კულტურა გადარჩეს, არამედ ადამიანების უსაფრთხოებისთვის".

"რისკის თვალსაზრისით ყველაზე სარისკო "პანორამა თბილისის" სოლოლაკის ქედზე განსახორციელებელი ლოკაცია იქნება იმიტომ, რომ ის მრავალსართულიანი შენობა, რომელიც იქ უნდა აშენდეს, გარდა ამ ქედის ბეტონის სალტეებში მოქცევისა, ეს შენობა შენდება ლეღვთა ხევის კალაპოტიდან. ეს არის ზუსტად ის ადგილი, სადაც ლეღვთა ხევი უხვევს. ამდენად, ის, რაც ვერემ 13 ივნისის ღამეს გააკეთა, შესაძლებელია გააკეთოს წავკისის წყალმა, რადგან ამ ორ პატარა მდინარეს იდენტური თვისებები აქვს.

"ამ თვალსაზრისით გამოცდილება უკვე არსებობს. თავის დროზე ადიდებულმა წავკისის წყალმა, რომელიც ამ ხევში მოდის, აბანოები დატბორა.

"რაც შეეხება კონკრეტულად "პანორამა თბილისს", მეორე რისკია მირზა-შაფის განაშენიანება იმიტომ, რომ გააჩნია აქ როგორი ჩაღრმავება გაკეთდება, როდესაც იქ 7-12 სართულიანი შენობები განთავსდება არსებული კონსტრუქციის თანახმად. არსებობს ზუსტი მონაცემები, რომ აქ თერმული, ანუ გოგირდოვანი წყლების სათავეებია და შესაძლოა ეს სათავეც კი დაიკარგოს. ესეც არის რისკი.

"კიდევ ძალიან დიდი რისკია ვერეს ხეობაში უკვე მიმდინარე მრავალსართულიანი ნაგებობების მშენებლობა, რომელიც ჯერ დასრულებული არ არის. ამავე დროს, ის "აღსადგენი" ნაგებობები, რომელიც სტიქიამ წალეკა, იმედი მაქვს, რომ აღარ აღდგება. რადგან მათი თავიდან იმავე ტერიტორიაზე აგება არაფრით არ შეიძლება, რადგან ჩვენ იგივე რეჟიმში ჩავდგებით, რასაც ჰქვია კალაპოტის ხელოვნური დავიწროვება," - ამბობს ურბანისტი ცირა ელისაშვილი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×