"ჩემი აზრით, ალასანიამ ფაქტობრივად საიდუმლო ინფორმაცია გააჟღერა," - აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი საფრანგეთთან საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენის გარშემო "თავისუფალი დემოკრატების" აქტიურობის კომენტირებისას.
მისი თქმით, "თავისუფალი დემოკრატებისა" და პირადად თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადებები წყლის ნაყვაა და საფრანგეთთან დადებული გარიგების თაობაზე მათ თანაგუნდელ ზურაბ აბაშიძეს უკვე მიღებული აქვს ამომწურავი ინფორმაცია, "იმაზე მეტიც კი, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია."
"ეს იყო დეტალებში მიღებული დაწვრილებითი ანგარიში. ამის შემდეგ კი მას დამატებითი კითხვები არ უნდა გასჩენოდა. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის აჟიოტაჟის ატეხვის მცდელობა," - უთხრა ირაკლი სესიაშვილმა "რეზონანსს".
შეგახსენებთ, რომ გუშინ "თავისუფალმა დემოკრატებმა" პარლამენტის ნდობის ჯგუფის შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის მიწვევა მოითხოვეს.
მათ ამასთან დაკავშირებით ოფიციალური მიმართვა ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ირაკლი სესიაშვილის სახელზე წარადგინეს.
ისინი ითხოვენ, რომ ნდობის ჯგუფის ფორმატში შეხვედრა საფრანგეთთან დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გაიმართოს, რომელიც საფრანგეთში საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენას ეხება.
ამას გარდა, ალასანიას თანაგუნდელებს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის შემცირებაზეც უნდათ მსჯელობა.
"მივმართავ ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელ ირაკლი სესიაშვილს, თავდაცვის მინისტრის დაბრუნებისთანავე შეიკრიბოს ნდობის ჯგუფი და იქ მოვისმინოთ, კონკრეტულად რას მოეწერა ხელი, იმიტომ, რომ ეს დახურული, საიდუმლო ინფორმაციაა," - განუცხადა "თავისუფალმა დემოკრატმა" ზურაბ აბაშიძემ გუშინ ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, ნდობის ჯგუფის წევრებმა უნდა იცოდნენ, კონკრეტულად რა ხელშეკრულება გაფორმდა, რა ვადებზეა საუბარი და ზოგადად, როგორ გაძლიერდება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა.
"აუცილებელია, ნდობის ჯგუფმა იმსჯელოს ამ საკითხის მნიშვნელობაზე და აქტუალობაზე. შემდგომ, რა თქმა უნდა, გაკეთდება დასკვნები," - აღნიშნა აბაშიძემ.
"თავისუფალი დემოკრატების" მოთხოვნას ნდობის ჯგუფისა და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი "ღია კარის მტვრევას" უწოდებს.
მისი თქმით, ამას არანაირი მოთხოვნა არ სჭირდება, რადგანაც ეს საკითხი სხდომაზე ისედაც განხილული იქნება. ხოლო რაც შეეხება დროს, განხილვა როდის გაიმართება, სესიაშვილის განცხადებით, ამას თავად ნდობის ჯგუფის წევრები წყვეტენ.
"მე მინდა საზოგადოებას განვუმარტო, რომ არანაირი მოთხოვნა არ სჭირდება იმას, ნდობის ჯგუფის ფორმატში იქნეს განხილული ის საკითხები, რაც მათ აინტერესებთ. საფრანგეთთან მიმდინარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებითაც ასეა. მათ ყველანაირი საშუალებაა აქვთ, რომ გაეცნონ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, რაც მათ აინტერესებთ.
"საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მე გადავწყვიტე, რომ ნდობის ჯგუფის კიდევ ერთი სხდომა ჩატარდეს, ვინაიდან ჩვენ წინა ჯგუფის სხდომისას მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფო დაცვის სამსახურის სპეციალური ანგარიში მოგვესმინა. არ გამოვრიცხავ, რომ სხდომაზე ამ ხელშეკრულების განხილვაც მოხდეს, რაც ჩვენი საქმიანობის ჩვეულებრივ ნაწილს წარმოადგენს.
ვნახავთ, რამდენად გვექნება ტექნიკური საშუალება, რომ ამ სხდომას მინისტრიც დაესწროს.
"ჩემი აზრით, მათი მხრიდან ამ განცხადებების გაკეთება პოლიტიკური აჟიოტაჟის შექმნას ემსახურება, რომ ვითომ მხოლოდ ალასანიამ დაიწყო ამ საკითხზე საუბარი. ეს არის პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა და მეტი არაფერი. მათ წინა მინისტრის, მინდია ჯანელიძისგანაც მოისმინეს ანგარიში, რა მდგომარეობაში იყო მოლაპარაკებები.
"მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი, რომ ამ თემაზე ღიად გვესაუბრა. ჩემი აზრით, ალასანიამ ფაქტობრივად საიდუმლო ინფორმაცია გააჟღერა. ზურაბ აბაშიძემ ამ თემაზე ამომწურავი ინფორმაცია უკვე მიიღო, იმაზე მეტიც კი ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია.
"ეს იყო დეტალებში მიღებული დაწვრილებითი ანგარიში. ამის შემდეგ კი მას დამატებითი კითხვები არ უნდა გასჩენოდა. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის აჟიოტაჟის ატეხვის მცდელობა.
"საქმე კეთდება, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, კეთდება. რიგ შემთხვევაში პოლიტიკოსებმა კარგად უნდა იცოდნენ, რომ ლაპარაკს დუმილი სჯობს. იმიტომ, რომ ლაპარაკით საქმე ფუჭდება, ხოლო დუმილით კეთდება. მე ამის მომხრე ვიყავი და კვლავაც ვრჩები. მე მგონი პოლიტიკოსს უნდა ესმოდეს, რომ ქვეყნის უსაფრთხოება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლიტიკური ქულების დაწერა," - აცხადებს სესიაშვილი.
ის დარწმუნებულია, რომ "თავისუფალი დემოკრატები" ძალიან კარგად ათვითცნობიერებენ, რომ ამ საკითხთან მიმართებაში არანაირი საშიშროება არ არსებობს და საქმე კეთდება, რადგანაც ძალიან კარგად იციან, რომ ხელისუფლებას ამ თემის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს.
ხოლო რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს დაფინანსების შემცირებას, მისი განცხადებით, ამ დეტალებზე საუბრისგან თავს შეიკავებს, რადგანაც ეს სახელმწიფო საიდუმლოა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა საფრანგეთთან ხელშეკრულება გააფორმა.
"დავასრულეთ პირველი ეტაპი ფრანგებთან მოლაპარაკების და გაფორმდა ხელშეკრულება, რომელზეც ამდენი საუბარი იყო საქართველოში. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ორ წინამორბედ მინისტრს იმისთვის, რომ ეს პროცესი დაიწყეს, წარმართეს. მე მერგო პატივი, რომ პროცესი დამესრულებინა, ხელშეკრულებისთვის საბოლოო ფორმა მიგვეცა და ხელი მოგვეწერა.
"მინდა მთელ საქართველოს ვუთხრა, რომ შესაძლებლობა, რომელიც გაუჩნდა საქართველოს, არის უმნიშვნელოვანესი მისი თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის და მადლობა ვუთხრა ფრანგულ მხარეს კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის.
"პირობები არის მაქსიმალურად მომგებიანი ჩვენი ქვეყნისთვის. ხელშეკრულებაც ძალიან წარმატებულია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია ძალიან გრძელი პროცესისა, რომელიც მოემსახურება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უფრო მეტად განმტკიცებას და გაძლიერებას," - განაცხადა ორი დღის წინ თავდაცვის მინისტრმა.
გავრცელდა ცნობები, თითქოს საქართველოს საფრანგეთისგან საშუალო რადიუსის მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემა "კროტალს" ყიდულობს. თავდაცვის სამინისტრო გარიგების დეტალებს არ ასაჯაროებს.