"სასმელი წყლის ხარისხი 24-საათიან რეჟიმში კონტროლდება და მოქალაქეთა ჯანმრთელობისთვის სავსებით უსაფრთხოა"
თაია არდოტელი
25.06.2015

 "ამ სტიქიას წყალსადენი სისტემების ნგრევა და დაზიანება არ გამოუწვევია, ამიტომ სასმელი წყალი სრულიად შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს და მოქალაქეებისთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა", - განუცხადა "რეზონანსს" სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის მცენარეული საკვებისა და წყლის ხარისხის სამმართველოს უფროსმა მაია გორდაძემ, დედაქალაქში სასმელი წყლის ხარისხის შეფასებისას.

როგორც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ქალაქში შექმნილი მდგომარეობა და სტიქიის შემდეგ სასმელი წყლის ხარისხზე გამუდმებული საუბარი უფრო პანიკის ბრალია.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აცხადებს, რომ დედაქალაქისთვის მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხი 24-საათიან რეჟიმში კონტროლდება და მოქალაქეთა ჯანმრთელობისთვის სავსებით უსაფრთხოა.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" განმარტავს, რომ მოსახლეობისთვის მიწოდებულ სასმელ წყალს არანაირი კავშირი არ აქვს მდინარე ვერეს წყალთან, რადგან დედაქალაქი სასმელი წყლით არაგვის ხეობიდან მარაგდება. სასმელი წყალი მრავალჯერად დამუშავება-ფილტრაციას გადის და 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში კონტროლდება. თბილისის მოსახლეობისთვის დღეს მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება საქართველოს ეროვნულ სტანდარტებსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიის რეკომენდაციებს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ლაბორატორიის სპეციალისტები დღემდე საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და თბილისის მასშტაბით წყლის სინჯებს მუდმივად იღებენ. წყლის ხარისხის ლაბორატორიულ კვლევაში, მონაწილეობას იღებს სურსათის ეროვნული სააგენტო და ჩართულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიც. ამასთან, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დამატებითი პრევენციის მიზნით, დედაქალაქში სასმელი წყლის ორმაგ დაქლორვასაც ახორციელებს", - აცხადებენ კომპანიაში.

"მოსახლეობას ჩვეულებრივად უსაფრთხო და ხარისხიანი წყალი მიეწოდება. "ჯივიპისა" და სურსათის ეროვნული სააგენტოს საგანგებო რეჟიმში გადასვლა კი იმიტომ ხდება, რომ სტიქიის შემდგომ დაზარალებულ ზონებში პატარ-პატარა ადგილობრივი დაზიანებები არ ყოფილიყო გაპარული.

"აღსანიშნავია ისიც, რომ სასმელი წყლის სინჯების კვლევა პარალელურ რეჟიმში ორ ლაბორატორიაში ხდებოდა. სტიქიით დაზარალებული ტერიტორიებიდან აღებული სინჯები "ჯივიპისა" და კერძო ლაბორატორიაში მიდიოდა. ორივე ლაბორატორია აკრედიტებული და სასმელი წყლის კვლევებში საკმაოდ კომპეტენტურია.

"უკვე დასრულებულია სასმელი წყლის ხარისხის შემოწმება წყნეთის ქუჩებზე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, კოსტავას გამზირზე, ბაგებში, ატენის ქუჩაზე, გაბაშვილის ქუჩაზე. აქ სასმელი წყლის მიღება სრულიად უსაფრთხოა, რადგან არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა.

"ამასთან, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დოლიძის, ბალანჩივაძის, ქარელის, და სტიქიის სხვა ეპიცენტრებში სასმელი წყლის სინჯების აღება ყოველდღიურად ხდება და შედეგებიც პერმანენტულად მოგვეწოდება ლაბორატორიებიდან", - აღნიშნა მაია გორდაძემ.

მისივე თქმით, სასმელი წყლის ხარისხზე სახელმწიფო კონტროლი გამუდმებით ხორციელდებოდა და ახლა უბრალოდ საგანგებო რეჟიმში არიან გადასულები, განსაკუთრებით იმ ტერიტორიებზე, სადაც სტიქიის ეპიცენტრი იყო.

ამასთან, სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის მცენარეული საკვებისა და წყლის ხარისხის სამმართველოს უფროსმა მაია გორდაძემ ჩვენთან სასმელი წყლის მოხმარების რეკომენდაციების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ზოგადი რეკომენდაციებია, რაც მოქალაქემ ყოველდღიურად უნდა დაიცვას.

"კვირაზე მეტი გავიდა, რაც ეს სტიქია მოხდა. რაღაც რომ ყოფილიყო ადგილობრივად დაზიანებული, სასმელი წყლის გამო უკვე ნაწლავური ინფექციების შემთხვევები იქნებოდა. თუმცა წყლის ხარისხის შემოწმება რა თქმა უნდა კვლავ გრძელდება. ფაქტობრივად, ქუჩები მოცული გვაქვს, მაგრამ თუნდაც მაღალი ტემპერატურისა და იმის გამო, რომ ერთი სადარბაზოც არ დარჩეს შეუმოწმებელი, მუშაობა კიდევ გაგრძელდება.

"რაც შეეხება რეკომენდაციებს, მოსახლეობაში ეს უფრო პანიკას ქმნის. სასმელი წყლის მოხმარებასთან დაკავშირებით ზოგადი რეკომენდაციები არსებობს, რომელიც სტიქია იქნება, თუ არა, მაინც უნდა დავიცვათ. მაგალითად თუ წყალი შეწყვეტილია და მერე მოვიდა, უნდა ვიცოდეთ, რომ მინიმუმ 10 წუთი ვადინოთ და სასმელად მერე გამოვიყენოთ. იმ შემთხვევაში კი თუ რაღაც არ მოგვეწონა, წყალი მღვრიე ან შეფერილია, თუნდაც რამე სუნი აქვს, გადადუღებული წყალი უნდა მივიღოთ და "ჯივიპის" ცხელ ხაზზე დავრეკოთ, რომლებიც ძალიან სწრაფად შეამოწმებენ.

"რაც შეეხება, ჯივიპის განცხადებას სასმელი წყლის ორმაგ ქლორილებასთან დაკავშირებით, საგანგაშო არც ამაშია არაფერი. გეგმიურად კომპანია ჰაერის ტემპერატურის მომატების გამო ორმაგ ქლორილებაზე 1 ივლისიდან უნდა გადასულიყო, თუმცა სტიქიის გამო პროცესმა გადმოიწია და წყლის ორმაგი დაქლორვა უკვე ხდება. ეს ყველაფერი ისეა მოწესრიგებული, რომ შემიძლია დაგარწმუნოთ, სასმელი წყალი აბსოლუტურად უსაფრთხოა", - აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის მცენარეული საკვებისა და წყლის ხარისხის სამმართველოს უფროსი მაია გორდაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×