საქართველო-რუსეთის საზღვრებზე ტვირთის ბრუნვის მინიტორინგთან დაკავშირებით რუსეთის საბოლოო პასუხი შესაძლოა ორიოდე კვირაში გახდეს ცნობილი. შეგახსენებთ, რომ 2011 წელს გაფორმებული ქართულ-რუსული შეთანხმებით, მდინარე ფსოუზე და როკის გვირაბთან ნეიტრალური დამკვირვებლები უნდა განთავსდნენ, რომლებიც საზღვარზე ტვირთის მოძრაობას დააკვირდებიან.
პრაქტიკულად ეს ოფიციალური მოსკოვის მიერ ხელმოწერილი ერთადერთი შეთანხმებაა, რომლითაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. შესაბამისად, ექსპერტთა უმრავლესობის აზრით, მის ამოქმედებას საქართველოსათვის დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.
საქართველოს პრემიერის ოფიციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ ამ საკითხის ბოლო განხილვისას რუსულმა მხარემ ტექნიკური დეტალების დასაზუსტებლად 3 თვე ითხოვა. ეს ვადა უკვე გასულია და აბაშიძე ვარაუდობს, რომ რუსების საბოლოო პასუხს შეთანხმების ამოქმედებაზე ივლისის ბოლოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან დაგეგმილ შეხვედრაზე მიიღებს.უკვე განსაზღვრულია ის კომპანია, რომელიც ფსოუსა და როკის გვირაბთან ტვირთებს გააკონტროლებს. ეს გახლავთ შვეიცარიული "ეს-ჯი-ესი", რომელიც საინსპექციო მომსახურებას ეწევა. რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულების მიხედვით, ქართულმა და რუსულმა მხარეებმა ამ კომპანიასთან ცალ-ცალკე უნდა გააფორმონ შეთანხმება.
ზურაბ აბაშიძის თქმით, ქართულ მხარეს ყველაფერი მზად აქვს და ახლა საბოლოო პასუხს მოსკოვისგან ელოდებიან.
"თებერვალში რომ შევხდი კარასინს, მითხრა - შიდა უწყებრივი საკითხები გვაქვს მოსაგვარებელი და ამისთვის 3 თვე გვიჭრდებაო. ასე რომ, ეს დრო გავიდა და ახლა რომ შევხვდები, გავიგებ, რას აპირებენ. ჩვენ ჩვენის მხრივ ყველაფერი მოგვარებული გვაქვს და ახლა მეზობელი ქვეყნის პასუხს ველოდებით, რომ საბოლოოდ ორივე მხარემ შვეიცარიულ კომპანიასთან გავაფორმოთ ხელშეკრულება", - უთხრა "რეზონანსს" აბაშიძემ.
რაც შეეხება კონკრეტულ ადგილებს, თუ სად ჩადგებიან შვეიცარიელი მონიტორები, აბაშიძემ გვითხრა, რომ ხელშეკრულებაში ყველაფერი დეტალურადაა გაწერილი - პარამეტრები და კილომეტრებიც განსაზღვრულია, თუმცა, ამასთან დაკავშირებით ტელეფონით ვერ გვესაუბრება, მაგრამ აღნიშნა, რომ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით რუსეთ-საქართველოს შორის აზრთა სხვადასხვაობაა.
"ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გვაქვს აზრთა სხვადასხვაობა. სხვადასხვანაირი ხედვა და წინააღმდეგობები არის, მაგრამ ხელშეკრულება ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ. ეს საერთაშორისო ვალდებულებაა ჩვენთვისაც და რუსეთისთვისაც. მართალია, წინა ხელისუფლებამ მოაწერა ხელი, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, ეს საქართველოს ვალდებულებაა. ასე რომ, ვნახოთ, რას იზამენ.
"ამბობენ, რომ მიმდინარეობს მუშაობა. შვეიცარიელებსაც აქვთ ასეთი სიგნალები, რომ მუშაობა გრძელდება. ასე რომ, შევხვდები და ყველაფერს გავიგებ", - გვითხრა აბაშიძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე სერგი კაპანაძე, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული ამ ხელშეკრულების მომზადებასა და გაფორმებაში, აცხადებს, რომ დიდი ალბათობით, ეს ხელშეკრულება აღარ ამოქმედდება და ამაში იგი დღევანდელ ხელისუფლებას ადანაშაულებს.
"ხელშკერულების გაფორმებიდან 3 წელი გავიდა და აქამდე არ ამოქმედებულა. ასე რომ, არ მგონია, ახლა მოხდეს მისი იმპლემენტაცია. სამწუხაროდ, ეს არ არის მარტო რუსეთის ბრალი, საქართველოს ხელისუფლებაც დამნაშავეა, რომ ხელშეკრულება ვერ მიიყვანეს ბოლომდე და ვერ შეიყვანეს ძალაში.
"ამ ხელისუფლებას ამაზე პასუხისგება მოუწევს და ეს იქნება მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოლიტიკური შეცდომა, რადგან ფაქტობრივად ხელში გვქონდა როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებაც საერთაშორისო ფორმატით შესაძლებელი იქნებოდა.
არაფერი შესათანხმებელი არ იყო. ძალიან კარგად მახსოვს, თუ რა სახით დავტოვეთ დოკუმენტი. მხოლოდ ტექნიკური საკითხები იყო გადასაწყვეტი, რომელსაც უნდა დასჭირვებოდა რამდენიმე თვე და არა სამი წელი.
"რუსეთისთვის ამ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულება სასურველი არ არის. ამიტომ ყველანაირად ეცდება, რომ ეს არ შესრულოს. შემოდგომაზე რუსეთს ხელშეკრულების გადახედვის უფლება ექნება და ალბათ ეს შეთანხმება აღარც შესრულდება," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას კაპანაძე.
მისივე თქმით, სავაჭრო დერეფნები გეოგრაფიული კოორდინატების მიხედვით განისაზღვრა.
"ხელშეკრულებაში განსაზღვრულია კონკრეტული კოორდინატები, თუ სად უნდა დადგნენ მონიტორები. მათი განლაგების ადგილი არის - როკის გვირაბის ჩრდილოეთით, ასევე ლარსის ჩრდილოეთი და მდინარე ფსოუს წინ. ეს არის კორიდორის ჩრდილოეთი ნაწილი. რაც შეეხება ქვედა ნაწილებს, ეს არის ზუგდიდთან, გორთან და ლარსის სამხრეთით.
"აფხაზეთი" და "სამხრეთ ოსეთი" ხელშეკრულებაში ნახსენები არ არის. თუმცა, ყველაზე მთავარი, რაც არის ამ ხელშეკრულებაში, ისაა, რომ ზოგადად მონიტორინგი ეხება ყველა იმ ტვირთს, რომელიც შედის და გადის ამ კორიდორებიდან. საუბარია ყველა ვაჭრობაზე, რომელიც არის აფხაზეთსა და რუსეთს შორის", - გვითხრა კაპანაძემ.
შეგახსენებთ, რომ ამ ხელშეკრულების გაფორმებას რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) მის გაწევრიანებაზე საქართველოს თანხმობის სანაცვლოდ დათანხმდა.
რუსეთმა მსო-ში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ 1990-იან წლებში დაიწყო, თუმცა საბოლოოდ ორგანიზაციაში გაწევრიანება მხოლოდ 2012 წელს შეძლო.