
"ეს დოკუმენტი ნამდვილად არსებობს და შემიძლია მისი ასლები გაჩვენოთ", - განაცხადა "მთელ კვირასთან" ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორმა, საქართველოს საპატრიარქოს, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორმა სერგო ვარდოსანიძემ.
შეგახსენებთ, რომ მის მიერ გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ თბილისის ზოოპარკი ეკლესიის ზარების გადადნობით მიღებული თანხით არის აშენებული. ამ საკითხთან დაკავშირებით "მთელი კვირა" სერგო ვარდოსანიძეს ესაუბრა.
სერგო ვარდოსანიძე: უპირველეს ყოვლისა კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩემი სამძიმარი გარდაცვლილების ოჯახების მიმართ, ეს იყო დიდი ტკივილი. პატრიარქმა საკვირაო ქადაგების დროს განაცხადა, რომ სტიქიის დროსაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მთელი რიგი მოვლენებისა, რაც ხდება, დასაფიქრებელი და გასაანალიზებელია.
პატრიარქმა ახსენა ზოოპარკის ტერიტორია. პატრიარქი არ არის ის პიროვნება, რომელიც ჰარი-ჰარალედ რაღაცას იტყვის, თუ რეალური ფაქტები არ გააჩნია. ეს ზოოპარკი გაშენდა სწორედ მონასტრებიდან და ეკლესიებიდან წამოღებული და გადადნობილი ზარების თანხებით. ეს დოკუმენტი ნამდვილად არსებობს და მე შემიძლია მისი ასლები გაჩვენოთ.
ამ ამბის შესახებ საუბარს ცოტა შორიდან დავიწყებ. 1921 წლის 25 თებერვლის შემდეგ, როდესაც ბოლშევიკური საოკუპაციო ხელისუფლება მოვიდა, მათთვის ნომერ პირველი მტერი იყო ეკლესია და სარწმუნოება. საქართველოს სამოციქულო ეკლესია 1921 წლის 15 აპრილს რევკომის დადგენილების საფუძველზე კანონგარეშედ გამოცხადდა, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ამიერიდან, ამ დადგენილების შემდეგ, ეკლესიას რაც ჰქონდა ნაგებობები, ხატები, ჯვრები ცხადდებოდა სახელმწიფო საკუთრებად, ანუ, ბოლშევიკების თქმით, ხალხის საკუთრებად. ეკლესიას ამ დროს იურიდიული სტატუსი აღარ ჰქონდა.
1921 წლის თებერვალში, როდესაც ბოლშევიკები შემოვიდნენ, 1450 ეკლესია და 25 მონასტერი იყო, სადაც ღვთისმსახურებას ეწეოდა 1600 სასულიერო პირი. 1946 წელს, კალისტრატე ცინცაძის პატრიარქობის დროს ოფიციალურმა ხელისუფლებამ მოითხოვა მონაცემები - ამ დროს საქართველოში მოქმედი იყო 15 ეკლესია და 30 სასულიერო პირი იყო დარჩენილი, აქედან ორი გადასახლებული. ასე რომ, ბოლშევიკებმა მთელი საქართველოს მასშტაბით დაანგრიეს ეკლესიები.
მარტო თბილისი რომ ავიღოთ, თუნდაც მისი ერთი პატრა მონაკვეთი; დღეს სადაც მდებარეობს ჭადრაკის სასახლე, ვერის ბაღში, მანდ იყო წმინდა ნიკოლოზის ეკლესია, რომელიც ვერის სასაფლაოსთან ერთად 30-იან წლებში გაანადგურეს. ასევე ორი ეკლესია იყო ახვლედიანის ქუჩაზე; ვარდების მოედანზე მარჯვენა მხარეს - აქაც იყო ეკლესია. 9 აპრილის ქუჩაზე, ქაშუეთის ეკლესიის ქვევით ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესია; კინოთეატრ "რუსთაველის" ტერიტორიაზე არსებული ეკლესია; უნივერმაღ "თბილისის" ადგილზეც იყო ეკლესია - ეს ერთი პატრა მონაკვეთი. ეს ეკლესიები ყველა დაანგრიეს, მასალა მშენებლობებისთვის გამოიყენეს, ხოლო ზარები გამოჰქონდათ და ხდებოდა მათი გადადნობა.
არაერთი დადგენილება გვაქვს არქივში, რომ ზარების გადადნობა ხდებოდა. ზარები იყო ვერცხლის, სპილენძის და ოქროს. ზარების გადადნობის შემდეგ იქიდან შემოსულ თანხას იყენებდნენ სხვადასხვა დანიშნულებისთვის. 1930 წლის დოკუმენტის თანახმად, სწორედ ამ ზარებიდან შემოსული თანხით არის კეთილმოწყობილი ზოოპარკის ტერიტორია. ამ ტერიტორიას, სადაც სტიქია მოხდა, სხვა დანიშნულებაც ჰქონდა და კიდევ ერთი ამბავი უკავშირდება.
"მთელი კვირა": ისევ ეკლესიასთან ან მის ქონებასთან არის დაკავშირებული?
ს.ვ.: საქართველოს სამოციქულო ეკლესია წყალკურთხევის დღესასწაულს 19 იანვარს აღნიშნავს. 1923 წლამდე წყალკურთხევა ხდებოდა სწორედ იქ, სადაც გზა იყრება - ვერის ხევთან, რომელიც მიდის ფილარმონიისკენ. იქ იყო ხიდი და მანდ ასრულებდნენ წყალკურთხევას. ბოლო წყალკურთხევა ამ ადგილზე 1923 წელს შესრულდა. ეს არც უწმინდესის მოგონილია და არც ჩემი. ამ ადგილზე ტრაგედია რომ არ მომხდარიყო და ადრეც ვინმე მკითხავდა, ამ ადგილს აქვს თუ არა ეკლესიასთან რამე საერთო, მე ვიტყოდი, რომ ეს ერთი მომენტიც იყო და მეორეც.
ახლა რასაც გეტყვით, შეიძლება ამასაც არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვეს. გზა, რომელიც ახლა დაიტბორა, საცურაო აუზიდან თუ გავყვებით ძველ ავტოსადგურამდე, სანამ იქ მივალთ, ქვაფენილი გააკეთეს, მასალად გამოყენებული იყო წმინდა ნიკოლოზის ეკლესიიდან, მიცვალებულების საფლავებიდან აღებული ქვები. ახლა ეს წარწერები გამოჩნდა, შეგიძლიათ ჩახვიდეთ და ნახოთ.
ისე, როცა ამ ტერიტორიაზე ახალი ბორდიურები გააკეთეს, მაშინაც გამოჩნდა წარწერები.
"მ.კ.": ეკლესიებიდან გატანილი ძვირფასეულობა კიდევ რომელ შენობა-ნაგებობებში გამოიყენეს ბოლშევიკებმა, თუ გაქვთ ამის შესახებ ცნობები?
ს.ვ.: 1921 წლის 24 თებერვალს საგანგებოდ შეიკრიბა საკათალიკოსო საბჭო და როცა ბოლშევიკური საოკუპაციო ჯარები შემოდიოდნენ, თბილისისა და მცხეთის ეკლესია მონასტრების ძვიფასეულობა: დიდი ტრაპეზის ჯვარი, კვერთხი მოოქროვილი, ოქროს მიტრა თავისი ჯვრებით, 6 ოქროს მიტრა - პატრიარქების მიტრები ბრილიანტის თვლებით მოჭედილი; ამას გარდა წინ გასაძღოლი საპატრიარაქო ჯვარი, სამი დაფა ოქრომკედით ნაქარგი, პატრიარქის გულსაბნევი ჯვარი და სხვა უამრავი ნივთი რომ არ განადგურებულიყო, მაშინ გაიტანეს და ქუთაისში ნაზარ მიტროპოლიტის სახლში დამალეს. იქ ვიღაცამ მერე გასცა და ბოლშევიკებმა 1923 წლის 25 აპრილს, დღის 12 საათზე ამოიღეს ეს ნივთები და გაყიდეს. ვილიან ბახტაძე ედგა ამ საქმეს სათავეში, ქუთაისის ბოლშევიკური ორგანიზაციის ლიდერი.
ეს ნივთები სამუდამოდ დაიკარგა საქართველოს ეკლესიისთვის და ქართველი ხალხისთვის. ეს იყო ისტორიული სიწმინდეებიც და მას ჰქონდა აგრეთვე მატერიალური ღირებულება, ისინი ოქროსი იყო.
ასეთი ბევრი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია და არსებობს ცნობები, რომ ამ თანხებს სხვადასხვა დანიშნულებისთვის იყენებდნენ. მაგალითად, დავითაშვილის ქუჩა რომ იწყება, იქ ქვაფენილი იყო დაგებული. ეკლესია რომ დაანგრიეს, მასალად გამოიყენეს მიცვალებულების საფლავებიდან აღებული ქვები. ახალი ბორდიურები რომ გააკეთეს, წარწერები მაშინაც გამოჩნდა.
"მ.კ.": საქართველოს მასშტაბით რა ხდება, სხვა ქალაქებში თუ არის ეკლესია-მონასტრებიდან გამოტანილი ქონების ხარჯზე აშენებული რამე?
ს.ვ.: უამრავი ასეთი მაგალითი არსებობს, მაგრამ ამის შესახებ შემდგომში ვისაუბროთ. ერთ ფაქტს ახლაც გეტყვით, ქუთაისში მესხიშვილის თეატრის წინ ადრე იყო ეკლესია, რომელიც დაანგრიეს და ამ ქვებით არის აშენებული ქალაქის მერია.