სეპარატისტთა ხელისუფლებამ რუსეთს, შესაძლოა, აფხაზეთში სამხედრო ბაზების განთავსებისათვის იჯარა მოსთხოვოს
ეკატერინე ბასილაია
29.06.2015

 უკვე ერთი კვირაა, აფხაზი "დეპუტატები" აფხაზეთის სუვერენიტეტის შელახვასა და რუსეთის პრემიერის თანაშემწის, ვლადისლავ სურკოვის მხრიდან შანტაჟზე ძალიან აღშფოთებულ განცხადებებს აკეთებენ. მართალია, ყველა ე.წ. პარლამენტარის გამოსვლაში კრემლის პოლიტიკის კრიტიკა არცთუ თამამია, მაგრამ სურკოვის ღია ლანძღვაში ანტირუსული ქვეტექსტი მრავლადაა, ხოლო აფხაზური მედია რუსული პოლიტიკის ღია და მწვავედ კრიტიკას უკვე არ ერიდება.

აფხაზური მედიის ცნობით, რუსული პოლიტიკით უკმაყოფილების ბოლო წვეთი აღმოჩნდა რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა ორგანოების ერთობლივი საინფორმაციო და საკოორდინაციო ცენტრის შექმნის საკითხი, რომელიც ფაქტობრივად აფხაზეთის დე ფაქტო შსს-ს რუსეთის შსს-სთან მიერთებას ნიშნავს და რაც დე ფაქტო პარლამენტარების განცხადებით, მათ სუვერენიტეტს ზღუდავს.

აფხაზური საზოგადოების უკმაყოფილება კიდევ უფრო გააძლიერა სურკოვის ულტიმატუმმა - თუკი ამ პროექტის რატიფიცირებაზე უარს იტყვიან, რუსეთი დაპირებულ ფინანსურ დახმარებას, რომელმაც უკვე ნახევარი წელი დაიგვიანა, საერთოდ არ გადარიცხავს.

სწორედ ეს ულტიმატუმი შეფასდა აფხაზეთში შატნაჟად, რასაც პარლამენტარების აღშფოთება მოჰყვა და მათ ერთსულოვნად უარი თქვეს "აფხაზეთის სუვერენიტეტის შეზღუდვის ხარჯზე" ამ დოკუმენტების რატიფიცირებაზე.

სოხუმში აცხადებენ, რომ ყოველი დახმარების ჩარიცხვის წინ კრემლი მათ ახალ-ახალ მოთხოვნებს უყენებს და ეს მათთვის მიუღებელია.

პროექტის მიხედვით, საინფორმაციო და საკოორდინაციო ცენტრი ხდება სტრუქტურა, რომელიც აფხაზეთის "ხელისუფლების" წინაშე ანგარიშვალდებული არ იქნება. ცენტრს ენიჭება ისეთი ფუნქციები, როგორიცაა სს დანაშაულის, კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ასევე მონაცემთა ბაზის შექმნა, ექსპერტიზა და ა.შ. ეს სტუქტურა "რესპუბლიკის" შსს-ს შეცვლის და ის დაფინანსებული იქნება პირდაპირ რუსეთის ბიუჯეტიდან.

შეთანხმების ეს პროექტი დე ფაქტო პარლამენტში მოულოდნელი არ ყოფილა. ცნობილი იყო, რომ რამდენიმე თვის წინ "დეპუტატები" მსგავს "უწყებათაშორის შეთანხმებას" განიხილავდნენ და მოსკოვსა და სოხუმს შორის ამ თემაზე კონსულტაცია მიმდინარეობდა.

აფხაზური გამოცემის "ნოვაია გაზეტას" რედაქტორი იზიდა ჭანია წერს, რომ დიდი ხანია ასეთი კონსენსუსი აფხაზებს არ უნახავთ და წინა კვირას ამ თემის "პარლამენტში" განხილვამ აჩვენა, რომ არის თემები, რომლის ირგვლივაც ყველა ერთიანდება.

ჭანია წერს, რომ დღეს ამ შეთანხმების მიღებაზეა დამოკიდებული რუსეთიდან აფხაზეთისათვის ფინანსების მიწოდება. ამის შესახებ "პრემიერმა" მიქვაბიამ ვლადიმირ სურკოვთან შეხვედრის შემდეგ "დეპუტატებს" პირდაპირ განუცხადა და სწორედ ეს სურკოვის შანტაჟი გახდა "პარლამენტარების" გაერთიანებს მთავარი ფაქტორი.

თითქმის ყველა "დეპუტატი" გამოვიდა განცხადებით, რომ აფხაზეთი არ ექვემდებარება "ცალკეული, არცთუ კეთილსინდისიერი რუსი ჩინოვნიკის აშკარა შანტაჟს". ნაწილმა უკმაყოფილოდ განაცხადა ისიც, რომ რუსეთი აფხაზეთს ფინანსური დახმარებისათვის მუდმივად ახალ პირობებსა და მოთხოვნებს უყენებს.

"ვინ ეკითხება სურკოვს ჩვენს შიდა საქმეებს? ვინ დანიშნა ის აფხაზების ზედამხედველად?" - განაცხადა აფხაზეთის ე.წ. პარლამეტის წევრმა ასლან კობახიამ.

"ვაჭრობა აფხაზეთის დამოუკიდებლობის ხარჯზე უადგილოა და არ მოხდება. ღია შანტაჟი რუსი ჩინოვნიკების მხრიდან იწვევს გაუგებრობას და გულისწყრომას. მოკავშირეებს ასე არ ექცევიან," - აღნიშნა "პარლამენტარმა" ახრა კვეკვესკირმა ე.წ. პრემიერ მიქვაბიასთან შეხვედრისას.

პარლამენტში ასევე გაისმა კრიტიკა რუსეთის მიერ შეუსრულებელ დაპირებებზეც.

დე ფაქტო პარლამენტის წევრ ლეონიდ ჩამაგუას თქმით, რუსეთის მხრიდან აფხაზეთისთვის გამოყოფილ ფინანსურ დახმარებას ყოველწლიურად თან მოჰყვება დამატებითი მოთხოვნები და ეს იმ დროს, როცა რუსეთი თავის დაპირებებს არ ასრულებს. კერძოდ კი, რუსეთი არც საკუთარ საზღვარზე ამსუბუქებს გადაადგილების რეჟიმს და არც "აფხაზეთის საზღვრის" გამაგრებაში ხარჯავს დამატებით ძალისხმევას.

პირველად პარლამენტში საჯაროდ დადგა საკითხი, რომ აფხაზეთმა რუსეთს სამხედრო ბაზებისათვის თუნდაც შეღავათიანი პირობებით, იჯარის გადასახადი მოსთხოვოს.

"დეპუტატების" განცხადებით, სამხედრო ბაზებიდან მიღებული შემოსავალი არ იქნება იმაზე ნაკლები, რასაც დღეს რუსეთს დახმარების სახით ეხვეწებიან.

საინფორმაციო და საკოორდინაციო ცენტრის პროექტს მხარი მხოლოდ ერთმა "დეპუტატმა" - სერგეი შამბამ დაუჭირა.

აფხაზური მედიის პროგნოზით, "დეპუტატები" არ მიიღებენ არც ამ და არც სხვა პროექტს, რომელიც აფხაზეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება. აქედან გამომდინარე, ვარაუდია, რომ იმ დეპუტატების რაოდენობა, რომლებსაც ზოგიერთი რუსი პოლიტოლოგი ნაციონალისტის წოდებით აჯილდოვებს, გეომეტრიული სისწრაფით გაიზრდება.

"იმ პირობებში, როდესაც აფხაზებს სხვა სტრატეგიული პარტნიორი არ ჰყავთ, მხოლოდ სინანული შეიძლება იმაზე, რომ რუსული პოლიტიკა კორექტულობით არ ხასიათდება და ძალისმიერი წნეხის ტაქტიკას ეფუძნება. დღეს ჩვენ ათწლეულობის განმავლობაში რუსეთისაგან შეთავაზებული ყველა დოკუმენტის უპირობოდ მიღების ნაყოფს ვიმკით. თან ისე, რომ ზოგჯერ დოკუმენტების რატიფიცირებასაც არ ვახდენდით, როგორც ეს იყო რკინიგზის თაღლითობისას, რომლის დავალიანება აფხაზეთის ბიუჯეტს დღესაც ადევს", - წერს აფხაზური გამოცემა "ნუჟნაია გაზეტას" რედაქტორი იზიდა ჭანია.

აფხაზეთის უშიშროების ექს-მინისტრის, "ექსპერტთა კლუბის" თავმჯდომარის ლევან კიკნაძის განცხადებით, გასული წლის ნოემბერში ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული ე.წ. სამოკავშირეო ხელშეკრულების შემდეგ სპეციალისტები პროგნოზირებდნენ, რომ აფხაზებს იმ უფლებებსაც წაართმევდნენ, რაც აქამდე საკუთარ მიწაზე ჰქონდათ და აფხაზები განცხადებებში უფრო და უფრო კატეგორიულებიც გახდებოდნენ. მაგრამ ეს შედეგს არ მოიტანს.

"საქმე იქითკენ მიდის, რომ თანდათან მოსკოვთან ურთიერთობა გამწვავდება. აფხაზებს სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ და ხელშეკრულებას ამიტომაც მოაწერეს ხელი, მიუხედავად იმისა, რომ არა მარტო პარლამენტში, მოსახლეობაშიც დიდი პროტესტი და ვნებათაღელვა იყო. მაგრამ რა შეცვალა ამან? არაფერი.

"ახლაც არ აქვთ სხვა გამოსავალი. როგორც წინა ხელშეკრულებისას მოხდა, აქაც რაღაც კოსმეტიკურ ცვლილებას შეიტანენ და ხელს მაინც მოაწერინებენ. აფხაზებს სხვა მოკავშირე არ ჰყავთ, ამიტომაც უკმაყოფილო განცხადებები იქნება, მაგრამ რუსეთთან მკაფიო დაპირისპირებამდე საქმე არ მივა.

"ანტირუსული განწყობით გაერთიანება, ისე, რომ ის საშიშ ძალად გადაიქცეს, ამ ეტაპზე მოსალოდნელი არ არის. მომავალში კი გადაუვალი მგონია.

"თუმცა, აქ ერთი რამეცაა - მთელი აფხაზეთი გადაჭედილია რუსი სამხედროებით, მესაზღვრეებით, ამას ემატება ძალიან გაზრდილი სომხური მოსახლეობა, რომელიც ყოველთვის რუსის მხარეს იჭერს ხოლმე და ამ ფონზე კი ადგილობრივი აფხაზები უმცირესობაში ექცევიან. ამდენად, მომავალში რუსული პოლიტიკისათვის წინააღმდეგობის გაწევა ბევრად გართულდება", - ამბობს კიკნაძე.

მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლება აფხაზეთის შიდა პროცესებს და აფხაზურ შსს-ს ისედაც აკინტროლებდა, მაგრამ ადრე ეს დე ფაქტოდ ხდებოდა, ახლა კი დოკუმენტის სახე მიეცა, თანაც შეთავაზება შანტაჟის სახით მოხდა და სწორედ ამ ულტიმატუმმა გააღიზიანა აფხაზები ყველაზე მეტად.

"სურკოვი და მთელი კრემლი დიდი ხანია ფიქრობს, რომ აფხაზებს ულტიმატუმები უნდა წაუყენონ, მაგრამ ასე კატეგორიული განცხადება და დაფინანსების ასე ღიად დამადლება უკვე მათი "სუვერენიტეტისა" და "დამოუკიდებლობისათვის" ხაზის გადასმაა. მაინც მგონია, რომ ცოტა ხანში კრემლიდან იტყვიან, რომ ასეთი კატეგორიული განცხადება მათგან არ მოდიოდა და პროეექტს მაინც მიაღებინებენ," - აღნიშნავს კიკნაძე და დასძენს, რომ აფხაზების დიდი ხანია რუსეთის მიმართ გაღიზიანებულები არიან შეპირებული 5 მილიარდი რუბლის არგადმორიცხვის გამო და ეს ულტიმატუმი ამიტომაც გახდა ასე გამაღიზიანებელი.

"მით უმეტეს, რომ რუსული დაფინანსება სულ უფრო და უფრო მცირდება და ამ შემცირების გამოცაა სოხუმში უკმაყოფილება. ამიტომაც გააჟღერეს დე ფაქტო პარლამენტში იდეა - სამხედრო ბაზებისათვის გადავახდევინოთ იჯარა, დაფინანსებისათვის ხვეწნა არ გვინდა, მეტს მაინც არაფერს გვაძლევენო.

"რუსეთი აფხაზებს ამგვარ ულტიმატუმებს არ აპატიებს. მოსკოვმა ყოვეგვარი წინაპირობის გარეშე აღიარა მათი დამოუკიდებლობა და ასე რომ, აფხაზებს რუსეთის წინააღმდეგ წასვლის უფლებაც არ აქვთ. ამიტომაც რუსი აკეთებს იმას, რაც მისი ქვეყნის პოლიტიკისათვისაა საჭირო. აფხაზეთს როგორც საკუთარ კოლონიას, ისე უყურებს და ექცევა. აფხაზეთში მოსწონთ თუ არა, კრემლი თავის პოლიტიკას და მიზნებს არ გადაუხვევს, - დასძენს კიკნაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×