ვახტანგ მაისაია თვლის, რომ კავკასიაში საბრძოლო ოპერაციების დაწყების მაღალი ალბათობაა
იაგო ნაცვლიშვილი
30.06.2015

 "ისლამურმა ხალიფატმა ჩამოაყალიბა თავისი ადმინისტრაციული ერთეული კავკასიაში და მისი საშუალებით ახორციელებს კონტროლს ამ ტერიტორიაზე. კონკრეტულად პანკისზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ კავკასია ნიშნავს მთელ კავკასიას და არა მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიას. იატაკქვეშეთში თუ არსებობს ჯგუფი, რომელიც ემორჩილება ისლამურ ხალიფატს, გარკვეული კონტროლის განსახორციელებლად ესეც საკმარისია.

მეორე საფრთხეა ის, რომ შესაძლოა ხალიფატმა გააძლიეროს თავისი სამხედრო ოპერაციები ჩრდილოეთ კავკასიაში, ამას ხალიფატის ხელმძღვანელობა არც მალავს, რომ მისი ინტერესია, ჩრდილოეთ კავკასია აქციოს პლაცდარმად და შემდეგ მთელ კავკასიაში გაავრცელოს", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას "საქართველოს გეოსტრატეგიული კვლევითი ინსტიტუტის" ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია.

მისი თქმით, ხალიფატის ჯგუფები კავკასიის ზოგიერთ რეგიონში უკვე აქტიურად მოქმედებენ, ერთ-ერთი ასეთი რეგიონი აფხაზეთიცაა. ამბობს, რომ პანკისში ყველაზე სტაბილური ვითარებაა. მისი აზრით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ქვემო ქართლსა და აჭარას.

მაისაია იმაზეც საუბრობს, რომ შესაძლოა რუსეთმა ეს საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს, ისე როგორც ამას 2003 წლამდე აკეთებდა პანკისის ხეობაში, ამიტომ უმნიშვნელოვანესია, არ წამოვეგოთ პროვოკაციას არც რუსულ მხარესთან და არც ისლამურ ხალიფატთან.

"რეზონანსი": გასულ კვირაში ტერაქტები განხორციელდა საფრანგეთსა და ტუნისში. ამ მიმართულებით რა საფრთხის წინაშეა საქართველო?

ვახტანგ მაისაია: ისლამურმა ხალიფატმა ჩამოაყალიბა თავისი ადმინისტრაციული ერთეული კავკასიაში. ხალიფატი მისი საშუალებით ახორციელებს კონტროლს აღნიშნულ ტერიტორიაზე. შესაძლოა მთლიანად კავკასიას ვერ აკონტროლებს, მაგრამ მის ზოგიერთ შემადგენელ ნაწილს, ისეთებს, როგორიცაა დაღესტანი და ჩეჩნეთი, მათ უკვე აკონტროლებს.

"რ": პანკისის ხეობაზე რა შეგიძლიათ თქვათ?

ვ.მ: კონკრეტულად პანკისზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ კავკასია ნიშნავს მთელ კავკასიას და არა მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიას. იატაკქვეშეთში თუ არსებობს ჯგუფი, რომელიც ემორჩილება ისლამურ ხალიფატს, გარკვეული კონტროლის განსახორციელებლად ესეც საკმარისია.

საუბარი მაქვს იმაზე, რომ საზოგადოება ემორჩილებოდეს იმ კანონებს, რომელიც გავრცელებულია ხალიფატის ტერიტორიაზე - შარიათულ სამართალზე ვსაუბრობ.

მეორე საფრთხეა ის, რომ შესაძლოა ხალიფატმა გააძლიეროს თავისი სამხედრო ოპერაციები ჩრდილოეთ კავკასიაში, ამას ხალიფატის ხელმძღვანელობა არც მალავს, რომ მისი ინტერესია, ჩრდილოეთ კავკასია აქციოს პლაცდარმად და შემდეგ მთელ კავკასიაში გაავრცელოს.

ვსაუბრობ რუსეთის სხვა ტერიტორიებზე - ვოლგისპირეთი, ურალი, ციმბირი, ასევე მუსულმანურ რესპუბლიკებში: დაღესტანი, ბაშკირეთი და ა.შ. ამ რეგიონებში უკვე შექმნილია ისლამური ხალიფატის ჯგუფები და ისინი აქტიურად მოქმედებენ.

იცით, რომ ორი მსხვილი ტერაქტი უკვე განხორციელდა და მას შეეწირა ყაზახსტანის მუფთი, მისი მოადგილე კი მძიმედ დაიჭრა.

ყაზანშიც რუსეთის ფედერალების წარმომადგენლები უკვე ხალიფატის მებრძოლებს დასდევენ. ქალაქში მიმდინარეობს ბრძოლა. ამის ფაქტებიც არსებობს. კავკასიაში საბრძოლო ოპერაციების დაწყების მაღალი ალბათობა არსებობს. მიმაჩნია, რომ გადაბირების საშუალება არცერთ და არც მეორე მხარეს არ უნდა მიეცეს.

"რ": მეორე მხარე ვინ არის?

ვ.მ: ვსაუბრობ ისლამისტურ ხალფატზე და რუსეთის ფედერალურ ძალებზე. რუსეთმაც შესაძლოა ეს ფაქტი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე გამოიყენოს.

"რ": რუსეთი როგორ გამოიყენებს ამას საკუთარი ინტერესებისთვის?

ვ.მ: როგორც რუსეთი ამას პანკისის ხეობაში აკეთებდა 2003 წლამდე არსებული ვითარებისას. დაახლოებით ისეთნაირადვე გამოიყენებს. ანუ შესაძლოა ათასი ბრალდებები და პროვოკაციები წამოვიდეს. რუსეთს თავისი ინტერესები გააჩნია კავკსიაში, განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიაში და ბუნებრივია რუსეთი ყველანიარდ შეეცდება გააძლიეროს თავისი სამხედრო ძალები ამ არეალში.

რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება გამოირჩევა აგრესიული ფორმით და მე ვფიქრობ, რომ მას არ დასჭირდება რამე განსაკუთრებული საბაბი ამისთვის. მითუმეტეს, რომ რუსეთს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს დასავლეთთან, აშშ-რუსეთის ურთიერთობა ძალიან მძიმე ფაზაში შედის.

"რ": არსებულ ვითარებაში ჩვენს ხელისუფლებას აქვს რამე ბერკეტი ვითარების დასარეგულირებლად?

ვ.მ: მთავარი მომენტია, რომ ჩვენ პროვოკაციაზე არ წამოვეგოთ არც ერთ მხარესთან და არც მეორესთან. მთავარი საკითხი ეს არის და ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა გაითავისოს ეს საფრთხეები. სამწუხაროა, რომ ზოგიერთ პოლიტიკოსს ეს სერიოზულ საფრთხედ არ მიაჩნია.

"რ": ვის გულისხმობთ?

ვ.მ: ვისაც ვგულისხმობ, ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. გამგები გაიგებს. მათი განცხადებები ასეთ აზრს ტოვებს. სჯობს, რომ ყველა სერიოზულად მივუდგეთ ამ საფრთხეებს. ხელისუფლება და საზოგადოება უნდა გაერთიანდეს, რათა არსებულ გამოწვევებს გავუმკლავდეთ.

"რ":სპეცსამსახურების მხრიდან საჭიროა თუ არა განსაკუთრებული მობილიზება იგივე პანკისის ხეობაში?

ვ.მ: არა მარტო პანკისში, მას დავანებოთ თავი. ამ მხრივ იქ საკმაოდ სტაბილური ვითარებაა. ადგილობრივი მოსახლეობა კარგად არის მობილიზებული და გაცნობიერებულიც არსებული გამოწვევის მთელ სიცხადეზე. იქ ნაკლებად ჩანს ამ საფრთხის რეალური პერიპეტიები.

თუ ხელოვნურად არ დაძაბა იქ ვითარება გარკვეული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა, პანკისელებს შეუძლიათ ადეკვატური პასუხი გასცენ არსებულ გამოწვევებს.

პანკისელების მობილიზება რომ არ იყოს, ახლა გაცილებით მეტი ადამიანი იქნებოდა სირიასა და ერაყში.

გაცილებით უფრო გაურკვეველი სიტუაციაა ქვემო ქართლსა და აჭარაში. აქ რა ხდება, ნაკლებად არის ცნობილი საზოგადოებისთვის. ასევე ეს საფრთხე არსებობს აფხაზეთში, დე-ფაქტო კონტროლირებად ტერიტორიაზე, სადაც უკვე არიან ისლამური ხალიფატის წარმომადგენლები.

"რ": პანკისიდან ახალგაზრდების გადინება კვლავ მიმდინარეობს. დღეს გახდა ცნობილი, რომ სირიაში კიდევ ერთი პანკისელი დაიღუპა - 23 წლის თურფალ ბორჩაშვილი. არსებობს რამე რესურსი იმისთვის, რომ რეგიონიდან ახალგაზრდების გადინების პროცესი როგორღაც შევაჩეროთ?

ვ.მ: არ ვიცი, როგორ უნდა შეაჩერო ეს. ადამიანი მიდის თურქეთში და იქიდან ხვდება სირიასა თუ ერაყში. ან საერთოდ არ წავა თურქეთში, წავა რომელიმე ევროპულ სახელმწიფოში, იქიდან ჩავა თურქეთში და მერე გადავა სირიაში. სირიაში ევროპიდან ჩავიდა ჩატაევი, რომელიც თურქეთის საზღვართან საერთოდ არ დაფიქსირებულა.

საჭიროა უფრო მეტი აგენტურული მუშაობა და აქტიური ღონისძიებების გატარება, ეს უკვე სპეცსამსახურების საქმეა. პოლიტიკური და სამართლებრივი საკითხებით ამის აღმოფხვრა ძალიან რთულია. ძნელია განსაზღვრო ვინ არის ისლამური ხალიფატის მიმდევარი. კავკასიური ლიდერების შეხვედრაზეც შეუძლებელია ამ საკითხის გადაწყვეტა. ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ სპეცსამსახურების იმედად უნდა ვიყოთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×