სუპერთასის ფინალური მატჩის ბილეთების გაყიდვისას არსებულ ტექნიკურ გაუმართაობაზე პასუხისმგებლობას ბილეთები.გე მთლიანად საკუთარ თავზე იღებს, - ამის შესახებ საიტის ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ჩხიკვიშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა.
ამბობს, რომ რაღაც ბოლომდე კიდევ ვერ გათვალეს და ტექნიკური პრობლემა ამიტომ შეიქმნა. ჩხიკვიშვილი ასევე ადასტურებს კულუარებში გავრცელებულ ცნობასაც, რომლის მიხედვითაც საიტზე ჰაკერული შეტევა განხორციელდა, რა დროსაც ბილეთების გაყიდვა გაყალბების გზითაც განხორციელდა, თუმცა ამ შემთხვევაში პრობლემა უსაფრთხოების სამსახურმა მალევე აღმოფხვრა. საიტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მათ უეფასგან 45000 ევრო არ მიუღიათ, თუმცა ეს მათი წინაპირობა არც ყოფილა. თუმცა ამტკიცებენ, რომ ამ გარემოებას არავითარი კავშირი არა აქვს იმასთან, რომ საიტმა არ იმუშავა. ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით კი ხელშეკრულებაში ეწერა, რომ საიტის ადმინისტრაცია თანხას მომსახურების შესრულების შემდეგ მიიღებდა.
ჩვენ სპეციალისტებსაც ვესაუბრეთ. ამბობენ, რაც მეტი ფული იდება საიტის ტექნიკური მხარის უზრუნველყოფაში, მით უფრო უძლებს ტექნიკურად დატვირთვასა და ჰაკერულ შეტევებს. რა რაოდენობის თანხა იყო საჭირო, რომ ბილეთები.გე-ს ასეთი პრობლემა არ შექმნოდა, ამის თქმა პროგრამისტს უჭირს, თუმცა დასძენს, რომ ამის უზრუნველსაყოფად 45 000 ევრო საკმარისზე მეტი იყო.
შეგახსენებთ, რომ უეფა-ს სუპერთასის ფინალური შეხვედრა თბილისში 11 აგვისტოს "დინამო არენაზე" გაიმართება. მატჩში ერთმანეთს ესპანური კლუბები - ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული კატალონიური "ბარსელონა" და ევროპის ლიგის ჩემპიონი ანდალუზიური "სევილია" დაუპირისპირდებიან. ბილეთების ონლაინგაყიდვის ვალდებულება ბილეთები.გე-მ აიღო, თუმცა ტექნიკური გაუმართაობის გამო საიტი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ 22000 ბილეთს ფედერაცია სტადიონის სალაროებში გაყიდის. 4300 ბილეთს კი ისევ ბილეთები.გე გაყიდის.
პროგრამისტი რატი გველესიანი "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ საიტს დაფინანსება საკმარისზე მეტი ჰქონდა, რაც საკმარისი იყო იმისთვის, რომ ამხელა დატვირთვისთვის გაეძლო.
"ჩემი ინფორმაციით, საიტს საკმაოდ ძლიერი სერვერები ჰქონდა, შემდეგ ის კიდევ უფრო გააძლიერეს. წესით და რიგით, ამ დატვირთვისთვის უნდა გაეძლო, მაგრამ ალბათ მაინც ტექნიკური მოუმზადებლობის ბრალია. ბოლომდე ვერ გათვალეს შესაბამის რაოდენობაზე. ანუ, აქ საქმე გვაქვს ადამიანურ შეცდომებზე.
"მარტივად რომ ვთქვათ, რაც უფრო მეტი ბიუჯეტია ჩადებული სერვერების გაძლიერებისთვის, მით მეტი რესურსი აქვს და მით მეტის გაძლება შეუძლია. მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ჰაკერული შეტევები ნაკლებად მოსალოდნელი იყო, აქ იყო ის, რომ ბევრი ადამიანი შედიოდა საიტზე, რასაც საიტმა ტექნიკურად ვერ გაუძლო", - ამბობს პროგრამისტი, რომელსაც უჭირს თანხის დასახელება, თუ რა თანხა იყო საჭირო იმისთვის, რომ საიტი შესაბამის მოთხოვნებს მომზადებული დახვედროდა.
"ორი დეტალი იყო გასათვალისწინებელი. ერთია ის, თუ რამდენ მომხმარებელს გაუძლებს საიტი და მეორე, ერთდროულად რამდენ მომხმარებელზეა გათვლილი. ერთდროულად გაძლება ყველაზე რთულია. შესაძლოა, დღის განმავლობაში ასი ათას მომხმარებელს გაუძლოს და ერთდროულად 10000 მომხმარებლის გაძლებაც კი გაუჭირდეს.
"თანხაზე საუბარი ცოტა რთულია. შესაძლოა, ძველი ტექნიკა იყიდო იაფად, მაგრამ შედეგი იგივე იყოს, რაც ახლის შემთხვევაში. ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი. როგორც ცნობილია, ბილეთები.გე-მ უეფასგან 45000 ევრო მიიღო. ეს თანხა შესაბამისი სერვერის მოსამზადებლად საკმარისზე მეტიც კი იყო. უეფამ, რა თქმა უნდა, წინასწარ იცოდა, რა დატვირთვაც შეიძლებოდა ჰქონოდა საიტს, გათვლილი იყო ეს და ამიტომ გამოყო ეს თანხა. ვიმეორებ, ამ თანხის ინვესტიცია საკმარისზე მეტი იყო იმისთვის, რომ საიტს ამ დატვირთვისთვის გაეძლო", - ამბობს რატი გველესიანი.
თუმცა, როგორც ირკვევა, ბილეთები.გე-ს უეფასგან 45000 ევრო წინასწარ არ მიუღია. ამის შესახებ განცხადება პარლამენტშიც გაკეთდა. უმრავლესობის დეპუტატმა დავით ლორთქიფანიძემ ამ საკითხის გამოძიების მოთხოვნით შესაბამის ორგანოებს მიმართა. დეპუტატს აინტერესებს, საიტის ადმინისტრაციისთვის თანხის მიუცემლობა ხომ არ გახდა პრობლემის წარმოქმნის მიზეზი.
"ჩემი დღევადელი განცხადების მუზაა ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის განცხადება იმის შესახებ, რომ ბილეთების გაყიდვა არის არა მხოლოდ ფედერაციის, არამედ საქართველოს პრესტიჟი. ამ საკითხში თავიდანვე აუცილებელი იყო სათანადო სამსახურების ჩარევა. პროცესი თავიდანვე ტყუილზე იყო აგებული. თავიდან ფეხბურთის ფედერაცია ამბობდა, რომ მათ უეფასა და ბილეთები.გე-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან კავშირი არ ჰქონდათ, თუმცა სამი დღის შემდეგ აღიარეს, რომ ისინი "გამტარი" იყვნენ და მათ მხოლოდ კონტრაქტი გააფორმეს. თავიდან ამბობდნენ, რომ თითქოს თანხა ბილეტები.გე-ს ჩაერიცხა, მაგრამ ორი დღის წინ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა აღიარა, რომ ფეხბურთის ფედერაციამ ბილეთები.გე-ს თანხა არ ჩაურიცხა. კითხვა მაქვს, იქნებ ის 45 ათასი ევრო იყო საჭირო იმისთვის, რომ ბილეთები.გე-ს პროცედურა წესიერად ჩაეტარებინა? საჭიროა დადგინდეს, რასთან გვქონდა საქმე," - განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.
იქამდე სამართალდამცავ ორგანოებს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემაც მიმართა, რომ უეფა-ს სუპერთასის ბილეთების გაყიდვის საკითხით დაინტერესდნენ.
"მთელი საქართველოს პრესტიჟია, რომ თამაში მაღალ დონეზე ჩატარდეს. ფედერაცია სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, აუცილებლობის შემთხვევაში, გაარკვიონ საკითხი. თუ ეს მხოლოდ ტექნიკური საკითხი არ არის, მაშინ სამართალდამცავები უნდა დაგვეხმარონ. არის თუ არა საბოტაჟის ნიშნები", - განაცხდა რევაზ არველაძემ.
დეპუტატ დავით ლორთქიფანიძეს ფეხბურთის ფედერაციაში უპასუხეს. ფედერაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელმა ეკა ელოშვილმა "რეზონანსს" უთხრა, რომ უეფა არასდროს არც ერთ ორგანიზაციასთან არ აფორმებს ხელშეკრულებას პირდაპირი წესით.
"ამისთვის უეფას ყველა ქვეყანაში იყენებს თავის წევრ ნაციონალურ ასოციაციას, როგორც ე.წ. გამტარს. ამ შემთხვევაშიც ანალოგიურად მოიქცა, როდესაც მან შეარჩია მოთამაშე კომპანიები ამ სუპერთასის მატჩის ორგანიზებაში. საუბარია აეროპორტზე, ტრანსპორტის კომპანიაზე თუ ბილეთების გაყიდვის კომპანიაზე. მან გააკეთა არჩევანი და ამის შემდეგ ჩვენი მეშვეობით მასთან დადო ხელშეკრულება.
"ეს 45000 ევრო იყო საკომპენსაციო თანხა, რომელიც გარკვეული მომსახურების შემდეგ უნდა ჩარიცხვოდა კომპანიას. ეს საკითხი ჩადებული იყო კონტრაქტში, რომ საქმის შესრულების შემდეგ ეს თანხა გადაეცემოდა კომპანიას. საქმე არ შესრულებულა. მგონი, ყველაფერი ნათელია", - გვითხრა ეკა ელოშვილმა.
ბილეთები.გე-ს ტექნიკური დირექტორი გიორგი ჩხიკვიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას იმ მიზეზებს განმარტავს, რატომ შეიქმნა გუშინ ბილეთების ყიდვასთან დაკავშირებული პრობლემები.
"იცით, რომ პირველად გაყიდვა დაიწყო გასულ ორშაბათს, რასაც ძალიან დიდი დატვირთვა მოჰყვა, ამიტომ გავაძლიერეთ უსაფრთხოების სისტემა. როგორც ჩანს, კიდევ ვერ გავთვალეთ რაღაც ბოლომდე და მას კიდევ დააკლდა რაღაცა. ამის გამო ძალიან ბევრი მომხმარებელი დაიბლოკა. სერვერებმა გაუძლეს ყველაფერს, მაგრამ ზედმეტად დაიტვირთა სერვერები და ამის გამო ძალიან ბევრი მომხმარებელი რომლებიც საათობით რიგში იდგნენ უსაფრთხოების სისტემისგან იბლოკებოდნენ.
"რაც შეეხება იმას, რომ ადამიანები იყვნენ რიგში წინ და შემდეგ უცბად რიგის შუაში ან ბოლოში ხვდებოდნენ, ეს გამოწვეულია ინტერნეტის მოწოდების პრობლემით. შესაძლოა წამიერად მომხმარებელთან გაითიშა ინტერნეტი და შესაბამისად მან დაკარგა რიგი. ეს რიგის სისტემა დანიური კომპანიის პროდუქტია. ჩვენ არ შეგვეძლო, რომ ადამიანები ან ამოგვეგდო რიგიდან ან დაგვექვეითებინა. ამ რიგითობასთან ჩვენ შეხება არ გვქონია", - ამბობს ჩხიკვიშვილი, რომელიც ადასტურებს კულუარებში გავრცელებულ ცნობებს, რომ საიტზე იყო ჰაკერული შეტევები, რა დროსაც გაყალბების გზით ბილეთების შეძენაც მოხერხდა.
"იყო შემთხვევები, როდესაც ადამიანები ცდილობდნენ რიგის გვერდის ავლით საიტზე შეღწევას. იყო ასეთი შემთხვევები. შესაბამისი ვიდეო "იუთუბზეც" არის ატვირთული თუ როგორ ცდილობდნენ საიტის გატეხვას. იმ ინფორმაციასაც გიდასტურებთ, რომ ამ გზით ადამიანებმა ბილეთები შეიძინეს, თუმცა ჩვენ დავუკავშირდით იმ კომპანიას, ვისაც უსაფრთხოების საკითხები ევალებოდა. დაახლოებით 20 წუთში მოხდა მისი გამოსწორება", - ამბობს "ბილეთები.გე"-ს ტექნიკური დირექტორი, რომელიც იქვე დასძენს რომ მათ უეფასგან გამოყოფილი თანხა, 45000 ევრო არ მიუღიათ.
"ჩვენ ეს თანხა არ მიგვიღია. მეტსაც გეტყვით, ის კონტრაქტი, რომელიც ჩვენსა და უეფას შორის დაიდო, გაუქმებულია. თუმცა ამას ვერ დავაბრალებ იმ გაუმართაობას რაც იყო. ეს იყო ჩვენი პრობლემა. ჩვენ არც გვქონია პრეტენზია, რომ ეს თანხა წინასწარ უნდა ჩარიცხულიყო. ეს თანხა უნდა ჩაგვრიცხვოდა მას შემდეგ, როდესაც შესაბამის მომსახურეობას განვახორციელებდით.
"ვაღიარებთ, რომ ეს ტექნიკური პრობლემები იყო ჩვენი პრობლემა. ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ საიტის ტექნიკურ მომზადებაზე ჩვენ თვითონ უნდა გვეზრუნა. წინასწარ თანხის მიღება ჩვენ არ მოგვითხოვია.
"რაც შეეხება იმას, გველოდება თუ არა რაიმე სანქცია უეფასგან, ამაზე გეტყვით, რომ არაფერი მსგავსი არ გველოდება. ხელშეკრულებაში ასეთი პუნქტი ჩაწერილი არ ყოფილა. პირიქით, ყველანაირად მხარში გვიდგანან და დღეს დილას მოგვთხოვეს, რომ ონლაინგაყიდვა გაგვეგრძელებინა. 4300 ბილეთი როგორც კი გაიყიდება, ონლაინგაყიდვა მაშინვე შეწყდება. თუ დღეს მოესწრება, დღესვე დასრულდება, თუ არა და ხვალაც გაგრძელდება. ეს არის უეფას მოთხოვნა", - აცხადებს გიორგი ჩხიკვიშვილი.
"რეზონანსი" შსს-საც დაუკავშირდა იმის გასარკვევად, დაინტერესდება თუ არა გამოძიება ამ საკითხით. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილემ ვიქტორია კლიმიჩევამ გვითხრა, გამოძიების დასაწყებად საჭიროა შსს-ს ვინმემ კონკრეტული ფაქტით მიმართოს.
"დღევანდელი სიტუაცია გამოძიების დაწყების საფუძველს არ იძლევა", - აღნიშნა მან.