"თუ ყველაფერი ისე წავიდა, როგორც ველით, მომავალი წლის გაზაფხულზე უვიზო რეჟიმი გვექნება"
თაკო მათეშვილი
02.07.2015

 ასოცირებით გათვალისწინებული რეფორმების დიდი ნაწილი 3-4 წელიწადში დასრულდება, 5 წელიწადში კი საქართველო უფრო ევროპული იქნება, ვიდრე დღესაა, ამბობს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარგებელზე საუბრისას და დასძენს, რომ "არასწორი მოლოდინი" იმედგაცრუების მთავარი მიზეზია.

რაც შეეხება მთავარ მოლოდინს - უვიზო რეჟიმის ამოქმედებას, ამბობს, რომ მომავალი წლის გაზაფხულზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გადაადგილება უკვე თავისუფლად უნდა შეგვეძლოს.

"რეზონანსთან" ინტერვიუში იგი ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერიდან გასულ ერთ წელიწადს აფასებს.

არჩილ ყარაულაშვილი: პირველ რიგში, ასოცირების ხელშეკრულება პრაქტიკულად ქვეყნის მოდერნიზაციის გეგმაა, სადაც ის რეფორმებია გაწერილი, რომლის შესრულებითაც საქართვეოლო ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებს უნდა დაუახლოვდეს. აქ მინიშნებულია ევროკავშირის შესაბამისი დირექტივები, რეგულაციები და ასევე ვადები, რა დროშიც ამ კონკრეტული ამოცანების შესრულება უნდა მოესწროს.

გასულ წელს საქართველოს მთავრობაში შეიქმნა ხელშეკრულების განხორციელების მექანიზმი, გაძლიერდა ევროინტეგრაციის სტრუქტურები, სხვადასხვა უწყებებში შეიქმნა განყოფილებები და ყველა უწყებაში პასუხისმგებელი მინისტრის მოადგილეა. ანუ, მთლიანად სისტემაა შექმნილი, რომელსაც სპეციალური კომისია ხელმძღვანელობს - ევროკავშირთან ინტეგრაციის კომისია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, რომელიც გადაწყვეტილების მიმღები ძირითადი ორგანოა.

ამავე დროს, ჩვენი ოფისი სხვადასხვა უწყებებასთან ერთად ჰორიზონტალურ კოორდინაციას ანხორციელებს. გვაქვს შესაბამისი ყოველწლიური გეგმა. 2014-ში ეს გეგმა 4-თვიანი იყო, რადგან ასოცირების შეთანხმება ძალაში 1 სექტემბერს შევიდა. წელს კი უკვე ჩვეულებრივ ერთწლიანი გეგმა გვაქვს. მის შემუშავებაში არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ ჩართულნი. მათ მიერ წამოყენებული წინადადებები და შენიშვნები გათვალისწინებულ იქნა.

გეგმა წარმატებით სრულდება და ეს არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ჩვენი ევროპელი პარტნიორების შეფასებაა. ამ შეფასებამ პირველად გასულ წელს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოზე გაიჟღერა. იგი სხვა ფორმატებშიცაა აღნიშნული. რიგის სამიტის დოკუმენტშიც წერია, რომ საქართველო წარმატებით ანხორციელებს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეფორმებს.

"რეზონანსი": იღებს თუ არა ქვეყანა იმ მაქსიმალურ სარგებელს, რაც ასოცირების ხელშეკრულებას შეეძლო მოეტანა?

ა.ყ: ეს სარგებელი ძალზედ ფართო და მრავალწახნაგოვანია. რა თქმა უნდა, ქვეყანამ ამ სარგებლის მიღება სხვადასხვა მიმართულებით უკვე დაიწყო. მოგეხსენებათ, ასოცირება ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცის კომპონენტსაც გულისხმობს. შესაბამისად, ქართული პროდუქცია ევროპის ბაზარზე უკვე ტარიფებისა და კვოტების გარეშე გადის. ამჟამად აქტიური მუშაობა მიდის ევროკავშირის სტანდარტებისა და ნორმების დანერგვისათვის, რათა პროდუქციას არასატარიფო ბარიერებიც მოეხსნას და მან ევროკავშირის ბაზარზე შეღწევა სრულიად თავისუფლად შეძლოს. ამ რეფორმების შედეგად ნავარაუდებია, რომ ქართული ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზრდება, რასაც წარმოების, დასაქმებისა და ცხოვრების დონის ზრდაც მოჰყვება.

თუნდაც პერსპექტივა, რომ ევროკავშირის ბაზარი იხსნება და საქართველო თავის ეკონომიკურ რეფორმებში უფრო ადვილად განჭვრეტადი იქნება, ინვესტორებსაც უბიძგებს, რომ ფული აქ უფრო აქტიურად დააბანდონ. ასე რომ, ეს ინვესტიციების ზრდასთანაცაა დაკავშირებული. ამას უნდა მოჰყვეს საექსპორტო შესაძლებლობების გაძლიერებაც, კონკურენტუნარიანობის ამაღლება.

ევროკავშირის ბაზარი მსყიდველუნარიანობით მსოფლიოში უდიდესია. ესაა 500 მილიონი მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქე. შესაბამისად, პერსპექტივა ძალიან ფართოა და მისი გამოყენება იმაზეცაა დამოკიდებული, თუ რამდენად აქტიურად ჩაიდება ჩვენს ბიზნესში ინვესტიციები, რამდენად აქტიურად გაუმჯობესდება ჩვენი პროდუქციის კონკურენტუნარიანობა და ა.შ.

ამის გარდა, აქ კიდევ ძალიან ბევრი მიმარულებაა, რომლის განვითარებასთან ერთად საქართველო უფრო თანამედროვე სახელმწიფო გახდება. სხვადასხვა სფეროებში, სექტორალურ მიმართულებებზე ევროპული სტანდარტები დაინერგება, რომლებიც იცავს ადამიანის, მომხმარებლის, მესაკუთრის უფლებებს და ა.შ. ჩვენ პრაქტიკულად ვიღებთ იმ გამოცდილებას, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებმა საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში დააგროვეს. ზუდტად ამ გამოცდილების გაზიარებას ემსახურება ასოცირების ხელშეკრულებაც. თანაც ევროკავშირი ამ გამოცდილების გაზიარებაში გვეხმარება - ფინანსურად, ექსპერტიზით, სხვადასხვა პროექტებითა და პროგრამებით, ინვესტიციებით.

"რ": თუ გაქვთ კონკრეტული მონაცემი, რამდენად გაიზარდა ექსპორტი ამ დროისათვის?

ა.ყ: წლის პირველ კვარტალში, როდესაც ლარზე დიდი ზეწოლა იყო, ზუსტად ევროკავშირში ექსპორტის ზრდამ შეუწყო ხელი იმას, რომ ლარი მეტად არ გაუფასურებულიყო მაშინ, როცა ჩვენი ექსპორტი დსთ-ში საკმაოდ შემცირდა ამ ქვეყნებში არსებული კრიზისის გამო.

ბოლო 4 თვეში ეექსპორტი 6%-ით გაიზარდა, თუმცა პირველ კვარტალში უფრო მნიშვნელოვანი რიცხვი გქვონდა, თუ სწიორად მახსოვს - 21%. შესაბამისად, ხელშეკრულება უკვე მოქმედებს და ჩვენს ეკონომიკას ყველაზე კრიტიკულ მომენტში დაეხმარა.

ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქართული კომპანიები ევროკავშირის ბაზარს სულ უფრო მეტად სწავლობენ და მასში ერთვებიან. სულ უფრო მეტი ახალი პროდუქცია გადის. ამის საკმაოდ წარმატებული მაგალითებიც არსებობს. თუმცა, იმისათვის, რომ ჩვენი ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდოს, შესაბამისი რეფორმებია საჭირო, რათა ყველა ის მოთხოვნა დაინერგოს, რაც არასატარიფო ბარიერებს მოხსნის და ექსპორტის გაზრდის საშუალებას მოგვცემს.

"რ": მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაზეც თქვენ საუბრობთ, საზოგადოებაში ხშირად ისმის საყვედური იმის შესახებ, რომ ასოცირებით ხალხი კონკრეტულ პროგრესს ვერ გრძნობს. რა ეტაპზე იქნება სარგებელი ჩვეულებრივი მოქალაქეებისათვის ხელშესახები?

ა.ყ: არ უნდა ველოდოთ, რომ ერთ დღეს ყველაფერი კარდინალურად შეიცვლება. რეფორმების დიდი ნაწილი 3-4 წელიწადში დასრულდება. ასეა გაწერილი ვადები. როგორც გითხარით, სარგებლის ასპექტი საკმაოდ ფართოა. იგი შეეხება ჯანდაცვის სისტემის ხარისხსაც, განათლების სისტემასაც და ა.შ. ეს სტანდარტები ეტაპობრივად დაინერგება და შესაბამისად ის მომსახრუებაც, რასაც სახელმწიფო მოქალაქეებს უწევს, ეტაპობრივად გაუმჯობესდება. გაუმჯობესდება მოთხოვნებიც არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ კორძო სექტორის მიმართაც.

თავად ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ბოლო ვადა არ არსებობს. ამ მიზნების კრიტიკული მასა ალბათ დაახლოებით 5-6 წელიწადში განხორციელდება და მაშინ საქართველო მეტად ვეროპული იქნება, ვიდრე დღესაა.

"რ": ხალხში იმედგაცრუების მატებას ხომ არ უკავშირებთ ევრაზიულ კავშირში შესვლის მომხრეთა ზრდა, ბოლო კვლევებით ასეთი მოქალაქეების რაოდენობა საგრძნობლადაა გაზრდილი.

ა.ყ: მოსაზრებას გარკვეულწილად ვეთანხმები. საქართველომ ძალზედ ბევრი რეფორმა უკვე განახორციელა და ველით, რომ ევროკავშირი მკაფიოდ ჩამოყალიბდება და ევროპულ პერსპექტვას მოგვცემს. ამით ცალსახად იქნება ნათქვამი, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება. ამის უფლება საქართველოს აქვს, თუმცა მზაობა კითხვის ნიშნის ქვეშაა. ჩვენც ვიცით, რომ დღეს ამისათვის მზად არ ვართ, მაგრამ საჭიროა ევროკავშირმაც აღიაროს, რომ პერსპექტივა გვაქვს. ზუსტად ამ აღიარებას ვთხოვთ ევროპელ პარტნიორებს.

სამწუხაროდ, რიგის სამიტზე ეს არ მოხდა. ამას თავისი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზები ჰქონდა. მიგვაჩნია, რომ ევროპული პერსპექტივის გადადება მოსახლეობაში არაერთგვაროვან დამოკიდებულებას იწვევს და დასავლური კურსის მოწინააღმდეგეებს იმის არგუმენტს აძლევს, რომ ევროპა ჩვენი განვითარების რეალური პერსპექტივა არაა, რომ საქართველოს ევროკავშირში მიღებას არავინ აპირებს და ამიტომ სხვა გზა უნდა ვეძიოთ. ხშირად მინიშნებაცაა, რომ ეს რუსეთთან ინტეგრაციის გზა უნდა იყოს.

ვფიქრობ, ამ ხალხს ავიწყდება, თუ როგორი სახელმწიფოა დღეს რუსეთი. სამწუხაროდ, იგი დემოკრატიით, კორუფციასთან ბრძოლითა და თავისუფალი ეკონომიკით არ გამოირჩევა. რომ არაფერი ვთქვათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ხალხი მნიშვნელოვანი სარგებლის მოლოდინშია და ერთ-ერთი ასეთი სარგებელი უვიზო მიმოსვლაა. სამწუხაროდ, იყო არასწორი მოლოდინი, რომ ამას რიგის სამიტზევე მივიღებდით. ზოგადად სამიტები არაა ადგილი, სადაც უვიზო მიმოსვლაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება. ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის შესაბამისი საბჭო იღებს, რომელიც შს მინისტრების დონეზე იკრიბება შეფასების პროცესი დასრულდების შემდეგ. ვინაიდან რიგის სამიტისადმი დიდი და არასწორი მოლოდინი იყო, შემდგომ გარკვეულ იმედგაცრუებას ადგილი ნამდვილად ჰქონდა. ეს პრორუსული ძალებისათვის კიდევ ერთი ხელჩასაჭიდი იყო.

ჩვენი რეფორმები ამ კუთხით უმოკლეს დროში იქნება განხორციელებული ადა ამას ჩვენი ევროპელი პარტნიორებიც აღიარებენ. სამოქმედო გეგმას ჩვენ უფრო სწრაფად ვასრულებთ, ვიდრე მოლდოვამ შეასრულა. უბრალოდ, მან ეს ჩვენზე გაცილებით ადრე დაიწყო და უფრო ადრეც დაასრულა. ჩვენ პრაქტიკულად დავასრულეთ, მხოლოდ შეფასების კომპონენტებია დარჩენული, რაც დიდი ალბათობით მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. შესაბამისად, უვიზო მიმოსვლაც არაა ძალიან შორს.

"რ": თქვით, რომ სამოქმედო გეგმა მოლდოვაზე სწრაფად შევასრულეთ. ეს პროცესში ჩართული ადამიანებისაგანაც არაერთხელ მოგვისმენია. მიუხედავად ამისა, ის შედეგი, რაც მათ მიიღეს, ჩვენ ჯერჯერობით ვერ მივიღეთ. რატომ?

ა.ყ: როგორც გითხარით, მათ ჩვენზე ადრე დაიწყეს. როცა მისცეს უვიზო რეჟიმი, იმ მომენტისათვის უკვე ორი წელი იყო გასული, რაც მოლდოველები სამოქმედო გეგმაზე მუშაობდნენ. ჩვენთვის კი, რიგის სამიტზე ეს გადაწყვეტილება რომც მიეღოთ, გამოვიდოდა, რომ სამოქმედო გეგმის შესრულებაზე მუშაობის დაწყებიდან ერთ წელიწადში მოგვცემდნენ.

მოლდოველებს ამ გეგმის განხორციელებისათვის რა პერიოდიც დასჭირდათ, ჩვენთვის ეს ვადა ჯერ არ გასულა. ამისათვის კიდევ ნახევარ წელზე მეტი გვაქვს დარჩენილი. გეგმას ნამდვილად არ ჩამოვრჩებით და როგორც ევროპელი ექსპერტებიც აღნიშნავენ, მოლდოვაზე სწრაფადაც ვასრულებთ.

"რ": რა როლი აქვს ამ ყველაფერში გეოპოლიტიკასა და პოლიტიკურ გადაწყვეტილებას?

ა.ყ: რა თქმა უნდა, ეს ფაქტორიც გარკვეულწილად მუშაობს. მოდლოვასთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას გეოპოლიტიკურადაც კარგი პერიოდი დაემთხვა. მის დროს უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტი არ იყო, თანაც მოლდოვას უკვე ჰყავდა ევროკავშირის 600 ათასი მოქალაქე, ანუ რუმინეთის პასპორტის მქონე. ევროპელებისათვის ის საფრთხეც კი არსებობდა, რომ პროცესი გაგრძელდებოდა და ყველა აიღებდა რუმინეთის პასპორტს. ამიტომ, ვიზალიბერალიზაცია ფაქტიურად აზრსაც კი კარგავდა.

ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, მოლდოვის შეფასებას ევროკავშირი ჩვენსავით მკაცრად არ მიდგომია. ჩვენ შემთხვევაში კი გეოპოლიტიკური ფაქტორები საწინააღმდეგოდ მოქმედებდა. მოგეხსენებათ, რეფორმების განხორციელების კუთხით ჩვენ და უკრაინა ერთად ვფასდებით. უკრაინაზე გაცილებით წინ ვართ. მარტო ჩვენ რომ შევეფასებინეთ, გამოვიდოდა, რომ უკრაინა ვიზალიბერალიზაციის გზაზე მარტო რჩებოდა. ეს კი, როგორც ჩანს, პოლიტიკურად მთლად ხელსაყრელი არ იყო. ევროკავშირი ცდილობს ამ რთულ პერიოდში უკრაინას ყველანაირად დაეხმაროს და ეს ნაბიჯი არამეგობრულად ჩაითვლებოდა.

ასე რომ, ევროკავშირის გადაწყვეტილებაში პოლიტიკური ფაქტორი ნამდვილად იყო და ამიტომ შეფასებებში უმკაცრესად მოგვიდგნენ და კარგად ეძებეს თუ რაში შეიძლებოდა ერთი ნაბიჯი მიემატებინათ ჩვენთვის, რათა ამასობაში უკრაინაც წამოგვეწიოს. ოფიციალურად ამის თქმა, რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ არ გამოვრიცხავთ, რომ შეფასების პროცესში ასეთი მომენტებიც იყო.

"რ": რა გარანტია გვაქვს, რომ წლის ბოლოსთვის მაინც არ იქცევა ჩვენთვის უკრაინა მუხრუჭად?

ა.ყ: ახლა უკვე კონკრეტული რეკომენტაციები გვაქვს, რომლის განხორციელებასაც ვფიქრობთ, რომ სრულფასოვნად შევძლებთ. შესაბამისად, მათ პროცესის გაჭიანურების არგუმენტი არ ექნებათ.

"რ": დროში რამდენად ჩავეტევით?

ა.ყ: ამისათვის სრულად მზად ვართ.

"რ": ფიქრობთ თუ არა, რომ თავიდანვე, ხელისუფლების შეცვლისთანავე, ევროკავშირთან მიმართებით უფრო აქტიური პოლიტიკა რომ გატარებულიყო, დღეს უფრო წინ ვიქნებოდით, ვიდრე ვართ?

ა.ყ: ევროკავშირთან ჩვენი აქტიურობა არასდროს შენელებულა. პირიქით, ხელისუფლების შეცვლის შემდგომ მნიშვნელოვანი წინსვლა გვქონდა თუნდაც ასოცირების შეთანხმებაზე მოლაპარაკებების პროცესში. უბრალოდ, მოლდოვასთან და უკრაინასთან ევროკავშირმა გარკვეული პროცესები გაცილებით ადრე დაიწყო. თუნდაც სამეზობლო პოლიტიკაში ისინი გაციებით ადრე ჩაერთვნენ. ვიზალიბერალიზაციაზე დიალოგიც წლებით ადრე დაიწყეს. ჩვენთან გვიან რომ დაიწყო, სწორედ წინა ხელისუფლების დროს მოხდა. ასე რომ, სასტარტო პოზიციაზე წინა ხელისუფლების დროს ჩამოვჩით.

თუმცა, როგორც გითხარით, ამ პროცესში ჩვენ მათ ვეწევით და უკრაინას პრაქტიკულად გადავუსწარით კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე გვიან დავიწყეთ ეს რეფორმები, ყველაზე აქტიურად და ეფექტურად ვანხორციელებთ. შესაბამისად, ვერ ვიტყვით, რომ ახალი ხელისუფლება ნაკლებად აქტიური იყო. პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ ის პრობლემური საკითხები, რაც ძველი ხელისუფლების დროს დაგროვდა და ეხებოდა შრომის კანონმდებლობას, კონკურენციის კანონმდებლობას თუ ა.შ. ამ ხელისუფლების დროს გადაიჭრა.

"რ": რა შეიძლება გახდეს წლის ბოლოს ჩვენთვის ვიზალიბერალიზაციაზე უარის თქმის მიზეზი?

ა.ყ: ამ წლის ბოლოს მხოლოდ შეფასება დასრულდება და არა უვიზო მიმოსვლის დაწყება. არასწორი მოლოდინი თუ არ გაუჩნდა ხალხს, იმედგაცრუებაც არ იქნება. ჩვენ ვმუშაობთ, რათა მოქალაქეებს ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ.

"რ": რა პროცესებია გასავლელი მანამდე?

ა.ყ: ჩვენი რეფორმები წლის ბოლომდე უნდა დავასრულოთ. წლის ბოლოს ევროკავშირი შეგვაფასებს და შესაბამისი პროცედურები დაიწყება - შს მინისტრების დონეზე ევროკავშირის საბჭო შეიკრიბება და შენგენის ქვეყნები უკვე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებენ - მისცენ თუ არა საქართველოს უვიზოდ მიმოსვლის უფლება.

აქვე უნდა განვმარტოთ, რომ უვიზო მიმოსვლა ევროპაში გადასახლების უფლებას არ ნიშნავს. საქართველოს მოქალაქეებს არც იქ მუშაობის ნება ეძლევათ და არც სწავლის. ეს მხოლოდ მოკლევადიანი გამგზავრების უფლებაა. თუმცა, რა თქმა უნდა, ადვილდება იქაურ სასწავლებლებში ჩაბარებაც და ლეგალური სამუშაოს შოვნაც, რის შემდეგაც უკვე იქაური დამსაქმებელი დაგეხმარება გრძელვადიანი ვიზის აღებაში.

"რ": თუ ყველაფერი ისე წავიდა, როგორც ახლა თქვენ თქვით, რამდენ ხანში დადგება ის დღე, როცა ევროპაში უვიზოდ გამგზავრებას შევძლებთ?

ა.ყ: თუ ყველაფერი ასე წავიდა, ალბათ მომავალი წლის გაზაფხულზე ეს უკვე უნდა შევძლოთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×