ქართული ლეგიონის მეთაურის, მამუკა მამულაშვილის თქმით, მისი შენაერთი ფრონტის ყველაზე ცხელ ხაზზე იბრძვის და სეპარატისტები მთავარ შეტევებს ხშირად წორედ მათ წინააღმდეგ ახორციელებენ.
ამბობს, რომ რუსეთს დონბასში შეჰყვანილი ჰყავს ძალიან დიდი რაოდენობის ტექნიკა და რეგულარული შენაერთები. თუმცა უკრაინის ჯარი ბოლო თვეების მანძილზე მიმდინარე დაუსრულებელი შეტაკებების დროს გამოიწრთო და სეპარატისტებსა და რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილებს გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევს.
რაც შეეხება კიდევ ერთ დაღუპულ ქართველ მებრძოლს, მამულაშვილის თქმით, იგი დასვენების დროს, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
უკრაინაში არსებულ ვითარებაზე და იქ მებრძოლ ქართველებზე "რეზონანსი" ქართული ლეგიონის მეთაურს, მამუკა მამულაშვილს ესაუბრა.
მამუკა მამულაშვილი: ჩვენ ვიმყოფებით ყველაზე მწვავე ხაზზე, ვაკონტროლებთ 8-კილომეტრიან მონაკვეთს და ფაქტობრივად ყოველდღე ვიგერიებთ შემოტევას. რუსეთის რეგულარული არმია ცდილობს შემოჭრას და ფრონტის ხაზის გადმოწევას. იერიში პირდაპირ ჩვენს ხაზზეა. ერთი თვის განმავლობაში რამდენიმე ათეულჯერ მოვიგერიეთ სეპარატისტების იერიში. რუსეთს შემოყვანილი ჰყავს ძალიან დიდი რაოდენობის ტექნიკა და რეგულარული საჯარისო შენაერთები.
"რეზონანსი": კონკრეტულად რომელ რეგიონში ხართ?
მ.მ: ლუგანსკის ოლქში. კონკრეტულ ადგილს ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ აკრძალულია ეს.
"რ": პოლიტოლოგების აზრით, რუსეთი მთავარ შეტევას მარიუპოლზე განახორციელებს, ყირიმთან სახმელოთო გზის გასაჭრელად...
მ.მ: ამაზე იყო სწორედ ლაპარაკი და მთელი ყურადღებაც მარიუპოლზე იყო გამახვილებული. მაგრამ ჩვენ ვიმყოფებით ფრონტის ხაზის მეორე ბოლოში, მარიუპოლიდან ძალიან შორს და რუსები აქ უფრო გაქტიურებულები არიან.
"რ": უკრაინის არმია როგორ არის მომზადებული, როგორ უმკლავდება მტრის შემოტევებს?
მ.მ: ყველანაირად მომზადებულია. მარტო ჩვენმა დანაყოფმა სეპარატისტები რამდენიმე ათეულჯერ შეაჩერა. მთლიანად არმიაც წინა პერიოდთან შედარებით ძალიან მომზადებულია. მებძოლები კარგად გამოიწვრთნენ და არ აძლევენ საშუალებას, რომ რუსეთმა დღევანდელი ფრონტის ხაზი გადალახოს.
"რ": მიიღო თუ არა უკრაინამ აშშ-სგან დახმარება. ამ საკითხზე ორივე მხარე მოლაპარაკებას უკვე დიდი ხანია, რაც აწარმოებს....
მ.მ: ამ პროცესებში ნაკლებად ვართ ჩართული. რამდენადაც ვიცი, ჯერჯერობით დახმარება არ მიუღიათ. მაგრამ, როგორც ვიცი, ელოდებიან.
"რ": ამჟამად რამდენი ქართველი მოხალისე იბრძვის უკრაინის მხარეს?
მ.მ: ვერ დაგიკონკრეტებთ, იმიტომ, რომ ეს არ არის საჯარო ინფორმაცია. თუმცა ბევრად მეტია, ვიდრე სეპარატისტების მხარეს მებრძოლი ქართველების რაოდენობა.
"რ": და რუსეთის მხარეს რამდენი ქართველი იბრძვის?
მ.მ: ეს ძირითადად ადგილობრივი ქართველები არიან, ვინც იქ ცხოვრობდნენ, სწორედ ისინი იბრძვიან სეპარატისტების მხარეს. თუმცა არ არის მნიშვნელოვანი რაოდენობა. ჩემი ინფორმაციით, სავარაუდოდ 3-4 კაცია. სამწუხაროა, მაგრამ ისინი არიან მოღალატეები. ამაში ანაზღაურებას ღებულობენ და სისხლიანი ფულით ცდილობენ ოჯახის შენახვას.
"რ": საქართველოდან ჩამოსვლას კიდევ ხომ არ აპირებენ მოხალისეები?
მ.მ: მე ვცდილობ, რომ შევაჩერო, შეწყდეს ჩამოსვლა. ამის საშუალება აღარ არის. თან ვცდილობ, გავუფრთხილდე იმ რესურს, რომელმაც უნდა დაიცვას საქართველო. თუმცა, რა თქმა უნდა, ვაცნობიერებთ, რომ ეს არის ფრონტის ხაზი, რომელზედაც გადის საქართველოს ინტერესიც.
"რ": ქართველების გარდა უკრაინაში კიდევ რომელი ქვეყნის მოხალისეები იბრძვიან?
მ.მ: არიან ჩვენი ძალიან ახლო მეგობრები, ჩეჩნური შენაერთი - ჯოხარ დუდაევის (სახელობის) ბატალიონი, რომელიც ჩვენი მოძმე ბატალიონია და ვმოქმედებთ კორდინირებულად. ასევე არიან სხვა ქვეყნებიდანაც, მაგალითად, შვეიცარიიდან ჩამოსული მოხალისეები.
"რ": თუმცა ქართველები ყველაზე მეტნი არიან, როგორც ვიცი...
მ.მ: კი ბატონო, ქართველები მეტნი არიან, იმიტომ, რომ საქართველოს ინტერესი პირდაპირ უკავშირდება უკრაინის ინტერესს. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ რუსეთმა უკრაინაში არ მოახერხოს თუნდაც ერთი ნაბიჯის წინ გადმოდგმა.
რაც შეეხება უცხოელ მოხალისეებს, ცოტა ხნის წინ 4 იტალიელი შემოგვიერთდა, ასევე არიან ფრანგები. ქართველების ცალკე შენაერთია, რომელიც ვთანამშრომლობთ უკრაინულ ბატალიონთან, თუმცა მე ცალკე ხელმძღვანელი გახლავართ და გადაწყვეტილებებს ჩემი ბიჭების მოქმედებების შესახებ ვიღებ თავად.
"რ": დღეს უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, კოტე ლაშხია დაიღუპა, რა ვითარებაში მოხდა მისი გარდაცვალება?
მ.მ: ეს მებრძოლი იმყოფებოდა როტაციაზე - ისვენებდა.
"რ": ანუ უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა?
მ.მ: დიახ. ზღვაში გადახტომის დროს თავი დარტყა ქვას და გარდაიცვალა.
"რ": როდის ჩამოასვენებენ საქართველოში?
მ.მ: ახლა მოლაპარაკება გვაქვს საქართველოს საკონსულოსთან და, სავარაუდოდ, გადაიხდიან ჩამოსვენების თანხას და მალე ჩამოასვენებენ, თუმცა ჯერ აქ მიაგებენ სათანადო პატივს. იქნება პანაშვიდი და მერე გადმოასვენებენ ჩვენს ქვეყანაში.
ჰყავს მეუღლე და პატარა, რამდენიმე თვის გოგო. მეუღლე საქართველოს მოქალაქე არ გახლავთ, უცხოელია, თუმცა რომელი ქვეყნიდან, არ ვიცი. ამჟამად იგი საქართველოში არ გახლავთ, განქორწინებულია. კოტე უკრაინაში საბრძოლველად რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდა.
"რ": საქართველოს ექს-პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს თუ ხვდებით ხოლმე?
მ.მ: ბევრი ფიქრობს, თითქოს ჩვენ ახლოს ვართ მიხეილ სააკაშვილთან ან რომელიმე სხვა ჯგუფთან. არ მინდა ვინმე შევიდეს შეცდომაში და ეგონოს, რომ წარმოვადგენთ სააკაშვილის, ან რომელიმე სხვა პოლიტიკურ გუნდს. ჩვენ, უბრალოდ, ვიბრძვით საქართველოსთვის და სიმართლისთვის. ვართ იქ, სადაც სჭირდება საქართველოს. საერთოდ არ გვაქვს შეხვედრა პოლიტიკოსებთან, არც სააკაშვილთან და არც ადგილობრივებთან. ჩვენ ვემსახურებით საქართველოს ერთიანობის იდეას.
სააკაშვილი ბოლოს დაჯილდოებაზე ვნახე, სადაც უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც იმყოფებოდა. ჩვენ ფრონტის წინა ხაზზე ვართ და პოლიტიკოსებთან შეხვედრებისთვის არ გვცალია.
"რ": და მაინც, ხომ არ ფიქრობთ უახლოეს მომავალში ქვეყანაში დაბრუნებაზე?
მ.მ: გვქონდა შემოთავაზება, რომ (უკრაინის) მოქალაქეობა აგვეღო, მაგრამ ეს ჩვენი თვითმიზანი არ არის. აქ სხვა რამეს არ ვემსახურებით - საქართველოს დამოუკიდებლობის იდეით ვართ შეპყრობილები. ასე რომ, ჯერჯერობით ვერ ჩამოვალთ, იმიტომ, რომ ახლა უკრაინაში რთული ვითარებაა.