საგამოცდო ციებ-ცხელება თანდათან აქტიურ ფაზაში შედის. აბიტურიენტებისათვის ერთ-ერთ მთავარ, ასე ვთქვათ, სტრატეგიულ გადაწყვეტილებას სასწავლო დაწესებულების არჩევა წარმოადგენს. უმაღლესი სასწავლებლის არჩევისას კი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ყოველწლიური გადასახადი.
საქართველოში კერძო უნივერსიტეტების სწავლის საფასური სახელმწიფო უნივერსიტეტების ფასს ბევრად აღემატება. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც, აბიტურიენტთა დიდი ნაწილი ძვირადღირებულ კერძო უნივერსიტეტში ჩაბარებისგან თავს იკავებს.
სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლის საფასური 1500-2250 ლარს შეადგენს. რაც შეეხება კერძო უმაღლეს სასწავლებლებს, ერთი წლის გადასახადი 2250-დან 8000 ლარამდე მერყეობს.
ბაკალავრიატის მიმართულებით კერძო სასწავლებლების ერთი აკადემიური წლის საფასურის ოდენობით თავისუფალი უნივერსიტეტი ლიდერობს, კერძოდ მისი ბიზნესის სკოლა - უთქ, სადაც ყოველწლიური საფასური 7850 ლარს შეადგენს.
ქვემოთ მოყვანილია ძირითადი უნივერსიტეტების ნუსხა ბაკალავრიატის მინიმალური ყოველწლიური გადასახადის მიხედვით:
1. თავისუფალი უნივერსიტეტი: 6950 - 7850 ლარი;
2. კავკასიის უნივერსიტეტი: 5900 - 7500 ლარი;
3. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (ჯიპა): 5000 - 7000 ლარი.
4. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი: 4000 - 6000 ლარი;
5. საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი (სდასუ) - 3200 - 4500 ლარი;
6. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი: 2940 - 5100 ლარი;
7. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი: 2700 - 7600 ლარი;
8. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი: 2450 - 2850 ლარი.
9. საქართველოს უნივერსიტეტი - 2250 - 3300 ლარი;
რატომ განსხვავდება კერძო უმაღლესი სასწავლებლისა და სახელმწიფო სასწავლებლების სწავლის საფასური ერთმანეთისგან და რეალურად გაზრდილი სწავლის საფასური გვაძლევს თუ არა უფრო მეტი ცოდნის მიღების შესაძლებლობას, მაშინ როდესაც ხშირად კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთი და იგივე პროფესორი ასწავლის?
როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი იგორ კვესელავა "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, ძალიან ბევრია ისეთი პროფესორი, რომელიც როგორც სახელმწიფო ასევე კერძო უნივერსიტეტში ასწავლის.
"ხელფასის თვალსაზრისით ტექნიკურ უნივერსიტეტში წლის განმავლობაში 400 საათის ჩატარების შანსი ეძლევათ, ანაზღაურება სრული პროფესორისთვის 1200 ლარი გამოდის, ხოლო ასოცირებული პროფესორისთვის 900 ლარია.
"ბუნებრივია, რომ ადამიანს ეს თანხა არ ჰყოფნის და პარალელურად ლექციების ჩასატარებლად სხვა უნივერსიტეტში მიდის. კერძო უნივერსიტეტი ანაზღაურებას მისი გამოცდილებისა და სტატუსის მიხედვით სთავაზობს. ხშირად იწვევს ცნობილ და გამოცდილ ლექტორებს, რომ აბიტურიენტი მიიზიდოს ან არ გაექცეს," - განაცხადა კვესელავამ.
მისი თქმით, უმაღლესი სასწავლებლები უფრო მეტ დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვიან და დროთა განმავლობაში სახელმწიფოს როლი უმაღლესი სასწავლებლების მონიტორინგში მცირდება.
"სასწავლებლები ცდილობდნენ, უფრო მეტი ავტონომია მოიპოვონ. თუმცა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს დახმარებას მაინც უწევს," - ამბობს იგორ კვესელავა.
"როდესაც კერძო სასწავლებელი იქმნება, ისევე როგორც სახელწიფო უნივერსიტეტი, ჯერ ავტორიზაციას და შემდეგ აკრედიტაციას გადის. ამ ყველაფერს სახელმწიფოცა და კერძო უნივერსიტეტიც ერთ სისტემაში გადის.
"თუმცა აქ ერთი ფაქტია, სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების შენობები, რომელშიც ახლა არიან, თავად სახელწიფოს მიერაა დაფუძნებული და გარკვეულ დახმარებასაც უწევთ. კერძო უმაღლეს სასწავლებლებს კი საკუთარი შენობები აქვთ, ამიტომაც სასწავლო პროცესს საკუთარი ნებით, გადაწყვეტილებებით და სურვილით განაგებენ," - განაცხადა კვესელავამ.
როგორც ექსპერტი განათლების საკითხებში სიმონ ჯანაშია "რეზონანსთან" ამბობს, სწავლის მაღალი გადასახადი ხშირად უკეთესი სწავლის გარანტიას იძლევა.
"ჩემი აზრით, კერძო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის უკეთესი პირობებია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა მიმართულებით ერთი და იგივე სიტუაციაა. კერძოში უფრო კარგი ინფრასტრუქტურაა, რომელიც სტუდენტებისთვის უფრო მისაღებია, შესაძლებლობა, რომ უნივერსიტეტში დარჩნენ და იმუშაონ.
"რაც შეეხება სწავლის ხარისხსს, ამას არამარტო პროფესორები და მათი პროგრამა განაპირობებს, არამედ თავისთავად სტუდენტებიც. ამიტომ, რაც უფრო მაღალია სტუდენტების ცოდნის დონე, იქ უფრო მაღალია-ხოლმე სწავლის ხარისხიც.
"მაშინ, როდესაც უნივერსიტეტი აქტიური სწავლების მეთოდებს, დისკუსიებს და ჯგუფურ სამუშაოს იყენებს, ერთ-ერთი ძირითადი რესურსი სტუდენტები არიან ხოლმე. პროფესორები, რაც უფრო მაღალი დონის სტუდენტებთან მუშაობენ, მით უფრო რთულ რაღაცეებზე ავარჯიშებენ.
"უმაღლესებისთვის ეს ფასი არის ერთგვარი მექანიზმი, რომ უფრო მაღალი შედეგის მქონე მოსწავლეები მოიყვანონ. საშუალოდ იმ ხალხს, რაც უფრო შემოსავალი მაღალი აქვს, მათ უფრო მაღალი აქვთ განათლების დონეც. აქედან გამომდინარე, შეიძლება უფრო მეტ საფასურს იმაში იხდიდნენ.
ასევე მაღალი ფასის უმაღლესის არჩევას ისიც განაპირობებს, რომ მაღალი მოტივაციისთვის მაღალი ცოდნის სტუდენტებთან ერთად ისხდნენ," - განაცხადა ჯანაშიამ.