მოსაზრება
04.07.2015

გურამ ცინცაძე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი

ჰიდროლოგიის თვალსაზრისით მდინარე ვერე ძნელად პროგნოზირებადი მდინარეა. 1987 წ წყლის სახელმწიფო კადასტრის მონაცემების თანახმად მდ. ვერეს საშუალო წლიური ხარჯია ღ!1,17 კბ/მ წამში, დაფიქსირებული მაქსიმალური ხარჯი ღ!57,6 კბ/მ წამში, მინიმალური ღ!0,06 კბ/მ წამში. წყალშემკრები აუზის ფართი 190,1 კვ/კმ-ია, მდინარის სიგრძე 38,5 კმ, ჩამონადენის საშუალო მოდული 7 ლიტრი კვ/კმ. ბეთანიას და ბაგებს შორის მდინარის საშუალო ქანობია შ!0,0158. 13 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მდ. ვერეს წყალსაზომ პოსტზე წყლის ხარჯი, სავარაუდოდ, ღ!500 კბ/მ წამში იყო, რამაც დიდი მსხვერპლი და მატერიალური ზარალი მიაყენა თბილისს სვანიძის ქუჩიდან მტკვრის სანაპირომდე.

მომავალში მსგავსი კატასტროფული შედეგების თავიდან ასაცილებლად, მედიაში გაჩნდა მდინარეზე ჰიდროტექნიკური ნაგებობების მოწყობის სხვადასხვა ვარიანტი, რომლებიც კატასტროფული ხარჯების აკუმულირებისათვის ხეობაში წყალსაცავების შექმნას ითვალისწინებს. ვერეს ხეობაში წყალსაცავების მოწყობის იდეა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია შემდეგ მოსაზრებათა გამო:

1. საქართველო სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს. აქედან გამომდინარე, ქალაქის თავზე წყალსაცავის მოწყობა, გარკვეულწილად, საფრთხის მატარებელია;

2. ხეობა მეწყერსაშიში ზონაა. ასეთ ადგილებში წყალსაცავის მოწყობა სამშენებლო ნორმებისა და წესების თანახმად დაუშვებელია;

მდინარე ვერესა და თბილისის თანაცხოვრება გარდაუვალი ფაქტია. უნდა მოიძებნოს თანაარსებობის ოპტიმალური ვარიანტი. ამ მოტივით ქალაქის ხელისუფლებას ვთავაზობთ პრობლემის მოგვარების ჩვენეულ ვარიანტს, რომლის არსი შემდეგში მდგომარეობს: მდ. ვერეს კალაპოტში, სავარაუდოდ, 471 ნიშნულის ზონაში, გეოლოგიური პირობების გათვალისწინებით, განთავსდება ღია ფართოზღურბლიანი წყალმიმღების ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობა, რომლის ძირითადი ელემენტები იქნება რკინა-ბეტონის ბურჯები და მათ შორის არსებულ მალებში მოწყობილი მოძრავი მსხვილხვრეტებიანი ლითონის გისოსები; ნაგებობა მაქსიმალურად ჩაეწერება მდინარის კალაპოტის მთელ სიგანეში, რათა მინიმალურად შეიზღუდოს მდინარის ცოცხალი კვეთი და, შესაბამისად, მდინარის თავისუფალი დინების რეჟიმი. წყალმიმღების ზღურბლი და მდინარის კალაპოტის ფსკერი ერთ სიბრტყეზე მოეწყობა. კონსტრუქცია მაქსიმალურად ბუნებრივ რეჟიმში დატოვებს რა მდინარეს, გისოსების მეშვეობით გზას გადაუღობავს მხოლოდ შეტივტივებულ ნატანს (მორები, ხეები, ბუჩქები, ტოტები და ა.შ.), რათა ქვედა ბიეფში მოწყობილი წყალსატარი გვირაბები არ ჩახერგოს, რამაც, პრაქტიკულად, გამოიწვია მთელი ის ტრაგიკული შედეგები, რომელიც თბილისში იმ ღამით დატრიალდა. რაც შეეხება ფსკერულ ნატანს, ნაშალ კლდოვან ქანებს, რომლებიც გისოსის ხვრეტებში ვერ გაივლის, კაშხლის ოპერატორი საჭირო სიმაღლეზე ასწევს გისოსს და წყლის ნაკადი მყარ ნატანს ქვედა ბიეფში ჩარეცხავს. გისოსები აღჭურვილი იქნება გარეიფერებით და მორების ამტაცი ამწეებით. შეტივტივებული ნატანის უტილიზაცია მოხდება ქვედა ბიეფში მოწყობილ მოედანზე. რადგან მდინარე ვერე თბილისის ფარგლებში მიედინება, მასზე მოწყობილი ჰიდროტექნიკური ნაგებობა სამშენებლო ნორმატივებით კაპიტალურობის 1-ელ კლასს მიეკუთვნება. შესაბამისად, ჰიდროტექნიკური ნაგებობების საშუალო მრავალწლიანი უზრუნველყოფის საანგარიშო წყლის ხარჯი 0,01% იქნება.

არსებული წყალსატარი გვირაბების შიგა კედელი მოპირკეთებულია გოფრირებული მასალით, რაც კატასტროფის ერთ-ერთი მიზეზია. მისი დემონტაჟისა და გვირაბის შიგა ზედაპირის სიმქისის ნორმამდე მიყვანის შემდეგ, ჩვენი ვარაუდით, იგი იმუშავებს როგორც დაძირული მილსადენი. აქედან გამომდინარე მდ. ვერეს კალაპოტში გათვალისწინებული ყველა საინჟინრო ნაგებობის ნიშნული გვირაბის ზედა ბიეფის ნიშნულზე მაღლა უნდა დაპროექტდეს. საპროექტო წინადადებაში შემოთავაზებული ჰიდროტექნიკური ნაგებობის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება, კონსტრუქციის სიმარტივის გამო, მნიშვნელოვნად ნაკლები იქნება სხვა საინჟინრო ვარიანტებთან შედარებით. გაცილებით სწრაფად განხორციელდება მისი მშენებლობაც.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×