გუშინ კიდევ ერთი თავდასმა მოხდა სასწრაფო დახმარების ბრიგადაზე. ეს უკვე წელს მესამე მსგავსი ინციდენტია თბილისში. როგორც სასწრაფო სამსახურში აცხადებენ, ბრიგადებზე თავდასხმისა და შეურაცხყოფის შემთხვევების მთავარი მიზეზი დაგვიანებაა, რასაც იმ გარემოებას უკავშირებენ, რომ სასწრაფოს მანქანებს მძღოლები გზას არ უთმობენ. ამიტომ, მოითხოვენ ასეთი მძღოლების, ისევე როგორც საკუთრივ თავდამსხმელების, კანონისმიერ დასჯას.
სასწრაფოში აცხადებენ, რომ მათ მანქანებზე ვიდეორეგისტრატორებია დამონტაჟებული და თუ მათ მანქანებს გზას არ დაუთმობენ, ვიდეოჩანაწერებს პოლიციას გადასცემენ, რაც ჯიუტ მძღოლებს 30-ლარიან ჯარიმად დაუჯდებათ.
გუშინ ვაშლიჯვარში გამოძახებაზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს პაციენტი დანით თავს დაესხა. როგორც თვითმხილველები "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებენ, შემთხვევა დღის საათებში მოხდა.
მედიკოსები არ დაშავებულან, რადგანაც მათ თავს მანქანაში ჩაჯდომითა და კარების ჩაკეტვით უშველეს, რის შემდეგაც გაბრაზებულმა პაციენტმა დანით, სასწრაფოს მანქანას საბურავები დაუჭრა. ექიმებმა ადგილზე საპატრულო და სასწრაფო დახმარების სხვა ეკიპაჟები გამოიძახეს.
სასწრაფოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მამაკაცი რომელიც დახმარებას ითხოვდა, ამბობდა, რომ ოპერაციის გაკეთების შემდეგ გულმკერდის არეში ტკივილები აწუხებდა. ადგილზე მიუსლ სამედიცინო დახმარების ბრიგადას პაციენტი სადარბაზოშივე დახვდა.
გასინჯვის შემდეგ მან ექიმებს კატეგორიულად მოსთხოვა, რომ იმ საავადმყოფოში გადაეყვანათ, სადაც ოპერაცია გაიკეთა. თუმცა მედიკოსებმა განუმარტეს, რომ ამისთვის კონკრეტული პროცედურების ჩატარება იყო საჭირო, რათა კლინიკისთვის პაციენტის შეყვანის საკითხი შეეთანხმებინათ. სწორედ ამას მოჰყვა დაპირისპირება.
"შემთხვევა ვაშლისჯვრის დასახლებაში მოხდა. 20 წლის ახალგაზრდა, რომელმაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა, ექიმებს დანით თავს დაესხა. თუმცა მათ თავს გაქცევით უშველეს და მანქანაში ჩაჯდომა მოასწრეს. რის შემდეგაც ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. გაბრაზებულმა პაციენტმა დანით სამედიცინო დახმარების მანქანას საბურავები დაუჭრა.
"ინციდენტში ახალგაზრდას მამაც ჩაერთო, რომელიც გაღიზიანებასა და აგრესიას ექიმების მიმართ გამოხატავდა. ექიმებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და თან ემუქრებოდნენ. შემთხვევის ადგილზე მისულმა სხვა სამედიცინო ბრიგადამ გაღიზიანებული და აგრესიული პაციენტი კლინიკაში გადაიყვანა. ხოლო რაც შეეხებათ ექიმებს მათ ნერვიული შოკი მიიღეს და თავად დასჭირდათ სამედიცინო დახმარება," - აცხადებენ პრესსამსახურში.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი 166-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. საქმეზე კი გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ ეს სასწრაფოს ბრიგადაზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის. იგივე შემთხვევას ადგილი 20 მაისს თბილისში ვარკეთილის მესამე მასივის ზემო პლატოზე ჰქონდა.
სასწრაფოს თანამშრომელთა განცხადებით, ისინი გამოძახებაზე მივიდნენ, სადაც მამაკაცი დახვდათ, რომელსაც ხელში ქვა ეჭირა. მან სასწრაფოს მძღოლს ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ამის შემდეგ ადგილზე პოლიცია მივიდა და თავდამსხმელი დააკავა. როგორც ექიმები ყვებიან, ახალგაზრდამ, რომელიც სავარაუდოდ პაციენტის შვილი იყო, აგრესიის მოტივად დაგვიანება დაასახელა.
კიდევ ერთი მსგავსი შემთხვევა 3 აპრილს ქავთარაძის ქუჩაზე, ყოფილი "ლეჩკომბინატის" ეზოში მოხდა. ექიმებს სიტყვიერი შეურაცხყოფა პაციენტის მეგობრებმა მიაყენეს, მძღოლს კი ფიზიკურად მაშინ გაუსწორდნენ, როდესაც ის მანქანიდან პაციენტის გადმოყვანას ცდილობდა. ისინი, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
მძღოლი მსუბუქად დაშავდა. პაციენტმა კი გამოკვლევის ჩატარების გარეშე, თავად დატოვა კლინიკა.
აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით, დაკავებულია ერთი პირი. ცემის ფაქტზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით გამოძიება მიმდინარეობს.
სამედიცინო დახმარების ბრიგადაზე თავდასხმისა და აგრესიის გახშირებულ შემთხვევებს პრესსამსახურში ხშირად გამოძახებაზე დაგვიანებით მისვლას უკავშირებენ. ხოლო თავის მხრივ ამას ისინი იმ მძღოლებს აბრალებენ, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანებს დროულად არ ატარებენ. ისინი კატეგორიულად მოითხოვენ იმ მძღოლების მკაცრად დაჯარიმებას, რომლებიც ასეთ ქმედებას ჩადიან.
სასწრაფოს სამსახური ასევე მოითხოვს თავდამსხმელების დასჯასაც.
როგორც "რეზონანსს" სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის პრესსამსახურში განუცხადეს, შესაბამისი კანონი უკვე მოქმედებს, რომლის აღსრულებაც აქტიურად მიმდინარეობს.
სამედიცინო ცენტრში განმარტავენ, რომ თუ მომავალში მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდება, სასწრაფო დახმარება საპატრულო პოლიციას იმ ვიდეოჩანაწერს მიაწვდის, რომელსაც მანქანებში დამონტაჟებული კამერებით იღებენ. საპატრულო პოლიცია კი სამართალდარღვევის ფაქტზე, შესაბამის რეაგირებას მოახდენს.
მოსახლეობიდან მედიკოსებზე აგრესიის მიზეზად სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის უფროსი თემურ ბარკალაია სასწრაფო დახმარების დაგვიანებას ასახელებს. ამიტომაც, ბარკალაია კანონის ადმინისტრირების გამკაცრების ინიციატივით გამოდის.
"ჩვენი ინიციატივით, მანქანებში არსებული ვიდეორეგისტრატორები საპატრულო პოლიციას იმ ურჩი მძღოლების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის, რომლებიც გამოძახებაზე მიმავალი ბრიგადის მანქანას, რომელსაც სასიგნალო ციმციმა აქვს ჩართული და შესაბამისი სიგნალითაა აღჭურვილი, გზას არ დაუთმობენ. ასეთ ურჩ მძღოლებზე ინფორმაცია საპატრულო პოლიციას შემდგომი რეაგირებისთვის მიეწოდება," - განაცხადა სასწრაფო დახმარების ცენტრის უფროსმა.
არსებული კანონმდებლობის ასეთი ქმედებისთვის მძღოლი 30 ლარით დაჯარიმდება.