დარჩება თუ არა საბერძნეთი ევროზონაში - ეს საკითხი ბერძნებმა ხვალ, 5 ივლისს რეფერენდუმზე უნდა გადაწყვიტონ. რეფერენდუმს ევროპა ერთგვარი შიშით უყურებს, რადგან დარჩენა-არდარჩენით არა მარტო საბერძნეთის ბედი წყდება, არამედ ევროკავშირის პრესტიჟიც უნდა გადარჩეს.
ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის კახა გოგოლაშვილის პროგნოზით, საბერძნეთი ევროკავშირში დარჩება და კრედიტორების მოთხოვნას ქამრების შემოჭერის პოლიტიკის გატარების საკითხზე მხარს დაუჭერს. სწორედ ეს არის რეფერენდუმის შეკითხვის შინაარსიც.
რამ მიიყვანა არსებულ ეკონომიკურ კრიზისამდე საბერძნეთი, რამდენია ქვეყნის ვალი, რას გამოიწვევს ევროზონიდან მათი გასვლა და რა ბედი ელის იქ მომუშავე ქართველებს - ამ თემებზე "რეზონასთან" კახა გოგოლაშვილი საუბრობს.
კახა გოგოლაშვილი: ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ საბერძნეთის მოსახლეობამ ევროკავშირიდან გასვლა აირჩიოს. წინასწარი გამოკითხვებით მოსახლეობის ნახევარი ევროზონიდან გასვლის მომხრეა, ნახევარი - არა. რაც უფრო ახლოვდება რეფერენდუმის დღე, მოსახლეობა უფრო აცნობიერებს იმ საფრთხეს, რაც საბერძნეთს ევროკავშირიდან გასვლის შემთხვევაში ელის. ესმით, რომ დასავლეთის გარეშე პრობლემებს ვერ გადაწყვეტენ. ევროკავშირის წევრობა საბერძნეთს ძალიან ბევრ შესაძლებლობას ანიჭებს. ამიტომ მგონია, რომ რეფერენდუმზე ბერძნები ევროზონიდან ფაქტობრივ გასვლას არ გადაწყვეტენ.
მთავრობა კი, რომელიც ულტრა-მემარცხენეა და რომლის პრიორიტეტები ცნობილიც არ არის, დღეს ევროკავშირის ინსტიტუტების შანტაჟს ეწევა. ჩემი აზრით, ციპრასის მთავრობამ მხოლოდ თავისი პოპულარობის გასაზრდელად მიმართა პოპულისტურ ნაბიჯს და დანიშნა რეფერენდუმი. თუმცა მგონია, რომ ეს მთავრობა საბოლოოდ ამ საკითხს გადაყვება. თუკი რეფერენდუმში გადაწყდა, რომ მოსახლეობა საერთაშორისო კრედიტორებთან შეთანხმების მომხრეა და ევროკავშირში დარჩენა სურს, მაშინ მთავრობა პოზიციებს ვერ შეინარჩუნებს. მეორეს მხრივ, ევროკავშირში არსებობს შიში, რომ საბერძნეთის გასვლა ევროპაში დესტაბილიზაციას გამოიწვევს და ამდენად არგასვლის შემთხვევაში ძალიან დიდ დახმარებას გაუწევენ მას და უკვე შეთავაზებულ პაკეტს გააორმაგებენ. ასევე საფინანსო ორგანიზაციებიდანაც იქნება დახმარება.
"რ": საუბარია იმაზე, რომ პრემიერმა ციპრასმა ბოლო დღეებში უკან დაიხია და კრედიტორთა მიერ შეთავაზებული იმ პირობების უმეტესობაზე თანხმობას აცხადებს, რომლებიც მოლაპარაკებების ჩაშლამდე და რეფერენდუმის გამოცხადებამდე განიხილებოდა. საუბარი იყო იმაზე, რომ ციპრასი ითხოვდა, საბერძნეთის კუნძულებზე დღგ-ს შემცირებული გადასახადი შენარჩუნებულიყო და საპენსიო ასაკის 67 წლამდე გაზრდა არა დაუყოვნებლივ, არამედ ოქტომბერში დაწყებულიყო.
კ.გ: არის საუბარი, რომ ციპრასმა მოლაპარაკებები დაიწყო, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდთანაც. მგონია, რომ ორმაგ თამაშს თამაშობს. ეს არის პოლიტიკური ფანდი, რომ რეფერენდუმის შედეგების შემდეგ თანამდებობის დატოვება არ მოუწიოს. ძალიან რთული თამაშია და ძნელია მისი ზუსტად გაანალიზება. შეიძლება რაღაცას გავუსვათ ხაზი - ციპრასი და მისი მთავრობა მაქსიმალურად პოპულისტური პოლიტიკის გატარებას ცდილობდნენ, ხალხს უთხრეს, რომ მაქსიმალურად დავიცავთ საბერძნეთის ინტერესებს, არ მივცემთ საშუალებას ყველაფერმა ამან ჩვენს ზურგზე გადაიაროსო. ამ ტალღაზე მოვიდნენ ხელისუფლებაში, რადგან ხალხი უკმაყოფილო იყო რეფორმებისა და ევროკავშირის მხრიდან წაყენებული ხისტი მოთხოვნების გამო. ამის იქით ამ მთავრობას რაიმე გრძელვადიანი სტრატეგია, ეკონომიკური გაჯანსაღების გეგმა არ ჰქონია.
"რ": რამდენი აქვს საბერძნეთს ვალი?
კ.გ: მთავრობას 180 მილიარდი ევრო ჰქონდა 3 წლის წინ, სანამ დახმარების პროგრამა დაიწყებოდა. ცოტა შემცირდა, მაგრამ იმდენად არა, რომ სტაბილურობა აღდგეს. ალბათ 120 მლრდ ექნება. მთლიანი, მთავრობისა და კომპანიების ვალი, რომელიც სხვადასხვა ბანკების მიმართ დაგროვდა, 300 მილიარდ ევროზე მეტია. მათგან ზოგი ვალი სასწრაფოა, ზოგი გრძელვადიანი, ზოგი - რესტრუქტურიზებულია.
"რ": რამდენად შესაძლებელია ევროკავშირის რომელიმე ქვეყანამ ევროზონის დატოვების სანაცვლოდ უარი თქვას ვალის გადახდაზე და ეს შერჩეს?
კ.გ: როდესაც ქვეყანა ვალს ვერ იხდის, ამას დეფოლტი ჰქვია. შემდეგ დეფოლტის მართვა ძალიან რთულია, პროცესი საერთაშორისო დავებში გადადის, სხვა ქვეყნებში თუ რაიმე საკუთრება აქვს, ან ანგარიშებზე რაიმე თანხა, ხდება ამის მოხსნა. დატოვებს თუ არა საბერძნეთი ევროზონას, ეს საერთაშორისო ვალებია და მას გადახდა მაინც მოუწევს. თუმცა გადაუხდელი ვალიც დარჩება, რაც კრედიტორებს დააწვებათ. ქვეყნის რეიტინგი ძალიან ეცემა, ინვესტიციები არ შედის, ბანკები სესხებს არ აძლევენ, მის ობლიგაციებს არავინ ყიდულობს.
"რ": საქართველში საბერძნეთში საუბრისას ზოგადად ორი პოზიციაა. ზოგი ბერძნების სიზარმაცეზე საუბრობს, სხვები ამბობენ, რომ ევროკავშირი ახრჩობს და სანამ ჩვენ ამ კავშირში შევალთ, უნდა ვიცოდეთ რა ბედი გველისო. რეალურად, ვისი ბრალია ეს კრიზისი?
კ.გ: შეიძლება ითქვას, რომ ორივეს ბრალია. ევროკავშირის ბრალი იმაშია, როდესაც 2002 წელს მონეტარული და ეკონომიკური კავშირი ამოქმედდა, არ იყო გათვალისწინებული, რომ მონეტარული კავშირის მართვა შეიძლება. ასევე არ მომხდარა წევრების ფისკალური პოლიტიკის დაახლოება და ზედამხედველობის მექანიზმების შექნა, რომელიც საბიუჯეტო პროგრამების რეალისტურობას, ხარჯვას, დეფიციტის ინდექსს გააკონტროლებდა. ზოგადად მივიღეთ მონეტარული კავშირი, რომელშიც ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ ფულადი ემისია კონტროლდებოდა. ეს იყო ევროკავშირის ქვეყნების შეცდომა, რაც ახლა სწორდება. შეიქნა ახალი სპეციალური შეთანხმება, რომლითაც ევროკომისიასა და ევროპის ცენტრალურ ბანკს ქვეყნების ბიუჯეტის გაკონტროლების უფლება ეძლევათ, რეალურ სტატისტიკაში ჩაიხედონ და ნახონ ბიუჯეტი როგორ სრულდება, შემდეგ ქვეყნებს რეფორმირებისთვის პირობები წაუყენონ, შეუსრულებლობის შემთხვევაში კი სანქციები დაუწესონ. სტაბილიზაციის ფონდი შექმნეს. თუ ბიუჯეტის დეფიციტთან და საგარეო ვალთან დაკავშირებით რომელიმე ქვეყანას პრობლემა აქვს, რეფორმირების გეგმას აძლევენ და ამ ფონდიდან საბიუჯეტო დახმარებას აძლევენ. ეს ევროზონას სტაბილურობას უნარჩუნებს.
საბერძნეთის ბრალი იმაშია, რომ იტყუებოდა. როდესაც ევრო შეიქმნა, ქვეყნებს თავად უნდა ეკონტროლებინა ინფლაციის დონე, საგარეო ვალი და ბიუჯეტის დეფიციტი. საბერძნეთის მთავრობა კი სტატისტიკურ მაჩვენებლებს აყალბებდა და აჩვენებდა, რომ ამხელა ვალი არ ჰქონდა.
რამდენად ნაკლებდეფიციტურია ბიუჯეტი და რამდენად ნაკლები ვალი აქვს სახელმწიფოს, ამაზეა დამოკიდებული მთელი ევროზონის, ევროს, როგორც ვალუტის, სტაბილურობა.
საგარეო ვალი მშპ-ს 60%-ს არ უნდა აჭარბებდეს, ბიუჯეტის დეფიციტი კი 3%-ს. საბერძნეთში გადაჭარბებული იყო, მაგრამ მალავდნენ. ამიტომაც დაიწყო ევრომ დაცემა და როდესაც მიზეზის გამოძიება დაიწყეს, აღმოჩნდა, რომ საბერძნეთს ძალიან ცუდად ჰქონდა საქმე. ამის გამო, რასაკვირველია საბერძნეთის ბრალი ძალიან დიდია. სიმართლე რომ ეთქვა, დროზე მისცემდნენ დახმარებას და დროზე მოითხოვდნენ საბიუჯეტო პროგრამების შეკვეცას.
"რ": მაღალი პენსიები, მაღალი სოციალური პროგრამები, დღგ-ს დაბალი გადასახადი - ამ ყველაფერს ბრალდება ბერძნული კრიზისი და ამ მიმართულებების გადახედვას ითხოვენ კრედიტორები?
კ.გ: კრედიტორები საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას ითხოვენ, ასევე ფინანსურ ხარჯებზე შესაბამის კონტროლს და ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის გადახედვას. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები და ევროკავშირი ითხოვენ, რომ მნიშვნელოვნად შემცირდეს პენსიები, დახმარებები, საბიუჯეტო სექტორში დასაქმებული მოსახლეობის ხელფასი და რაოდენობა. მოსახლეობაც სწორედ ამ ქამრების შემოჭერის მოთხოვნითაა უკმაყოფილო.
"რ": გამოდის, რომ რეფერენდუმზე კრედიტორების "კი"-ს შემოხაზვა პენსიებისა და ხელფასების შემცირებას ნიშნავს?
კ.გ: მოსახლეობამ "კი" და "არა" უნდა თქვას იმაზე, დაექვემდებარება თუ არა საბერძნეთი ევროკავშირის მოთხოვნებს. თუ დაბერძნეთის მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ ევროკავშირისაგან დამოუკიდებლად შეძლებენ არსებობას და უკეთესი პოლიტიკის წაძღოლას, მაშინ რეფერენდუმზე უარი უნდა უთხრან. თუ ევროკავშირში დარჩენას გადაწყვეტენ, ეს მოთხოვნები დარჩება, მაგრამ ევროკავშირი უფრო მეტი რაოდენობის დახმარებას შესთავაზებს და ამით მათ გადაწყვეტილებას დაუფასებს.
"რ": რა თანხის შეთავაზებაზეა საუბარი?
კ.გ: ახლა საუბარია 60-მილიარდიან სწრაფ დახმარებაზე, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. 240 მილიარდი ევრო სჭირდება საბერძნეთს კრიზისიდან გამოსასვლელად. ამ ფულს ის მიიღებს, მაგრამ თანდათანობით. ერთი ორგანიზაციიდან, ვთქვათ ევროკავშირიდან ყოველწლიურად 4-5 მილიარდზეა საუბარი.
"რ": ევროზონიდან გასვლა რას მოუტანს ქვეყანას?
კ.გ: ეს ილუზიაა. მოკლევადიან პირობებში თავისუფლება ექნებათ, გაზრდილი დეფიციტური ბიუჯეტით, საკუთარი ეროვნული ბანკიდან ნასესხები ფულით დააფინანსებს ხელფასებსა და პენსიებს, თუმცა ამას ინფლაცია მოყვება. გაცვლით კურსს ვერ დაიჭერს და შესაძლოა ბერძნული ვალუტა დროებით არაკონვერტირებადიც გახდეს. საბერძნეთის ეკონომიკის სტაბილურობის გარანტად ევროკავშირი გამოდიოდა, დამოუკიდებლად არსებობა კი გაუჭირდებათ. ინვესტიციები შემცირდება, საერთაშორისო ბაზარზე სესხის აღება გაუჭირდებათ, ბევრი ბერძნული კომპანია გაკოტრდება.
"რ": ასეთი პრობლემური თუა საბერძნეთი, მისი გასვლა ევროკავშირს რაში აზარალებს?
კ.გ: ეს დიდი კატასტროფა იქნება. საბერძნეთის გასვლა გარკვეული სკანდალია და ევროს სტაბილურობაზე, მის გაცვლით კურსზე და ევროკავშირის სხვა ქვეყნების რეიტინგებზე ძალიან ცუდად იმოქმედებს.
"რ": რა ბედი ელით საბერძნეთში მომუშავე ქართველებს, რომელთა რაოდენობა არაოფიციალური მონაცემებით 150-200 ათასამდეა. ისინი ხომ სწორედ იმიტომ არიან საბერძნეთში, რომ მაღალი პენსიების გამო მათ ნორმალურ ანაზრაურებას სთავაზობენ?
კ.გ: შეიზღუდა ფულადი გადარიცხები და ქეშის გამოტანა და ეს ყველაფერი ჩვენ მოქალაქეებს პრობლემებს შეუქმნის. ვერც ჩვენი თანამემამულეების სამუშაო ადგილები იქნება სტაბილურად გარანტირებული, რადგან ეს ეკონომიკური კრიზისი დამქირავებლების ფინანსურ შესაძლებლობებს ამცირებს და შესაძლოა ოჯახებიდან და კომპანიებიდან დაითხოვონ ან ხელფასი შეუმცირონ. გარდა ამისა, შემცირდება გადმორიცხვები. ჩვენ რუსეთიდან გადმორიცხვების 30% შეგვიმცირდა, საბერძნეთი კი ამ მხრივ მეორე ადგილზე იყო და ახლა უკვე იქიდანაც შემცირდება და ეს ჩვენს საგადამხდელო ბალანსს დააჩნდება. ეს კი შესაძლოა ლარის კურსსაც დააწვეს.