ვერეს ხეობაში სულ ახლახანს მომხდარი დამანგრეველი სტიქიის შემდეგ, თბილისის ამ მნიშვნელოვანი ტერიტორიის მიმართ საზოგადოების ინტერესი ძალიან მაღალია. აქედან გამომდინარე გამოითქმის უამრავი მოსაზრება ვერეს ხეობის შემადგენელი ზონების ზოოპარკისა და მზიურის უახლოესი და პერსპექტიული განვითარების თაობაზე.
იმისთვის, რომ პროფესიონალებმა (არქიტექტორებმა, ურბანისტებმა, გეოლოგებმა, ეკოლოგებმა, ჰიდროლოგებმა და ა.შ.) გადაწყვიტონ ვერეს ხეობის ბედი, თბილისის მერიასთან შეიქმნა საკონსულტაციო საბჭო, რომელთა დასკვნებსა და რეკომენდაციებს უნდა ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ამიტომ საზოგადოებაც, ცალკეული პიროვნებები ან ორგანიზაციები მოთმინებით უნდა დაელოდონ საბჭოს კომპეტენტურ მოსაზრებას.
სამწუხაროდ, ამის მიუხედავად ამ დღეებში ძალიან აქტიურად და შეიძლება ითქვას აგრესიულადაც გაჟღერდა წინადადება ვერეს ხეობაში "თბილისური მანჰეტენის" მშენებლობის შესახებ.
ცალკეული პირების, საერთაშორისო მშენებელთა ასოციაციისა და სხვათა მხრიდან ეს აბსურდული იდეა იმდენად კარგად იყო გაპიარებული მასმედიაში, კონფერენციებზე, თბილისის მერიაში, რომ იქმნება შთაბეჭდილება, რომ მათ სერიოზულად სურთ ამ იდეის თავსმოხვევა საზოგადოებასა და ხელისუფლებისათვის.
მათივე განცხადებით აღნიშნული წინადადება ითვალისწინებს ვერეს ხეობაში სასტუმროების, ბიზნეს-ცენტრების და კორპუსების მშენებლობას, რათა უფრო მსუყე ლუკმად აქციონ ე.წ. "თბილისური მანჰეტენი".
მინდა, როგორც არქიტექტორისა და ურბანისტის მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, მოკლედ მიმოვიხილო ვერეს ხეობის განვითარების საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდები.
დიდი ხანია არქიტექტორებისთვის და მშენებლებისთვის ცნობილია გეოლოგიური დასკვნები იმის შესახებ, რომ ვერეს ხეობის ფერდობები ვაკის მხრიდან მეწყერსაშიშ, მცოცავ გრუნტებს წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში დაიწყო ვერეს ხეობაში, ვაკე-საბურთალოს გზის მიმდებარე ფერდობებზე მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა (წყნეთის, სვანიძის ქუჩები და ა.შ.).
ამავე პერიოდში, ჩვენი დიდი მწერლის, ნოდარ დუმბაძის წინადადებით, ამ ხეობის ცენტრში, რეკრეაციული ზონის "მზიურის" მშენებლობამ შეაჩერა ამ ტერიტორიის ურბანული ექსპანსია და გაჩნდა იმედი, რომ თბილისი მიიღებდა შესანიშნავ გამწვანებულ და კეთილმოწყობილ დასვენების ზონას.
ამ ზონის კიდევ უფრო გასაზრდელად განზრახული იყო ზოოპარკის გადატანა ჯერ ლისის ტბის ზონაში, შემდგომ კი თბილისის ზღვაზე.შედეგად ვერეს ხეობის უკვე საკმაოდ დიდი მწვანე სივრცე დაუკავშირდებოდა ქალაქის ცენტრს, გმირთა მოედანს. სამწუხაროდ ეს პროექტი დღემდე ვერ განხორციელდა.
პოსტსაბჭოთა პერიოდში ვერეს ხეობაში მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. გასული საუკუნის 90-იან და შემდგომ ათწლეულებში ქვეყანაში განვითარდა "საბაზრო ურთიერთობების" ყველაზე მიუღებელი, ქაოტური და უმართავი ფორმები. მშენებლობა ძირითადად ქალაქის ცენტრალურ ე.წ. "პრესტიჟულ", ვაკის, ვერის და მიმდებარე ტერიტორიებზე მიმდინარეობდა.
ურბანულ განვითარებას განსაზღვრავდა არა არქიტექტურულ-ქალაქგეგმარებითი ნორმები და პრინციპები (თბილისის გენგეგმის არარსებობის პირობებში), არამედ მშენებელ-ინვესტორთა და სხვათა მოგება. შედეგად აღნიშნული რაიონები გაივსო ე.წ. ჩადგმული, დაშენებული, ან რეკრეაციულ სივრცეებში აშენებული კორპუსებით, გართულდა და გადაიტვირთა სატრანსპორტო არტერიები, უკიდურესად გაუარესდა ეკოლოგიური მდგომარეობა.
ვაკემ და ვერამ პრესტიჟულობიდან კატასტროფისკენ დაიწყო სწრაფი სვლა. მოგებას დახარბებულმა "ინვესტორებმა" ამ პროცესში აქტიურად ჩართეს მზიურის მიმდებარე ვერეს ფერდობები, სადაც არამდგრადი გრუნტების გამო მშენებლობა დიდ რისკთანაა დაკავშირებული, რადგან გარკვეული მეტეო-სეისმურ სიტუაციაში მოსალოდნელია კატასტროფული შედეგები, რაც 13 ივნისის წყალმოვარდნამ და მეწყერებმაც დაადასტურა.
ჯერ კიდევ 10 წლის წინ, ჩემ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში (კავკასიის მაცნე, #3, 2004წ.) მწვავედ იყო დასმული ზემოთაღნიშნული საკითხი. ნათქვამი იყო, რომ - ხდება დასვენების შესანიშნავი კერის, მზიურის ტერიტორიის ექსპანსია, რომელიც კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანს. ეს პროგნოზი გამართლდა.
გასული წლების მანძილზე აღნიშნულ ტერიტორიაზე აშენდა ათეულობით მრავალსართულიანი შენობა. განაშენიანების გენგეგმის არარსებობის პირობებში, მისი ქაოტურობის, მაღალი სიმჭიდროვის, ღია სივრცეების სიმცირის გამო, უბანი კატასტროფულად დაიტვირთა ავტომობილებით და მხოლოდ ტრანსპორტთან დაკავშირებით, პრესტიჟული სიმყუდროვის ნაცვლად, ხმაურიანი და გამონაბოლქვით გაჯერებული უბანი მივიღეთ.
განუკითხაობისა და საკანონმდებლო ბაზის არარსებობის გამო განაშენიანებამ მიიტაცა მზიურის მნიშვნელოვანი ტერიტორია. მის შუაგულშიც კი გაჩნდა ე.წ. პრესტიჟული სკოლა, რომელიც 13 ივნისის ღამეს მთლიანად დაფარა წყალმა და შლამმა.
ყოველივე ამას, რამდენიმე წლის წინ, დაემატა წინა ხელისუფლების მიერ განხორციელებული ჩქაროსნული გზის გაყვანა ვერეს რეკრეაციული ზონის ცენტრში, რომელიც იყო კატეგორიულად მიუღებელი მრავალი ფაქტორის გამო. ამიტომაც ამ ტრასამ გამოიწვია საზოგადოების არაერთი მწვავე პროტესტი.
როგორც ჩემი, ასევე პროფესიონალების აზრია, რომ ქალაქის სატრანსპორტო პრობლემების გადაჭრა არ უნდა ხდებოდეს გამწვანებული, რეკრეაციული ზონების განადგურების ხარჯზე. სამწუხაროდ მაშინ კომპეტენტური სპეციალისტებისათვის აზრის გამოთქმისა და ალტერნატიული ვარიანტის შეთავაზების საშუალება არავის მიუცია.
საგაზეთო სტატია არ იძლევა უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი ანალიზის საშუალებას, თუმცა ალბათ აღნიშნულიდანაც კარგად ჩანს, რომ თბილისის არქიტექტურულ-ურბანულ საკითხებზე მსჯელობისას, ძირითადად მასშტაბურ შეცდომებზე გვიხდება საუბარი. არადა ასეთი შეცდომების გამოსწორება თითქმის შეუძლებელია.
აქედან გამომდინარე ჩვენ აღარ გვაქვს უფლება თბილისს და კონკრეტულად ვერეს ხეობას არაკომპეტენტური, ყოვლად გაუაზრებელი, პოპულისტური და ინვესტორებისა თუ სხვათა მოგებაზე გათვლილი, ე.წ. "თბილისური მანჰეტენის" ან მსგავსი აბსურდული იდეები შევთავაზოთ.
ჩემის აზრით საჭიროა დავუბრუნდეთ სულმნათი ნოდარ დუმბაძის მიერ დაწყებულ საქმეს - ვერეს ხეობაში, ზოოპარკის ჩათვლით, რეკრეაციული, ტყე-პარკის ტიპის მძლავრი ზონის შექმნის იდეას. უნდა გამოცხადდეს კონკურსი ამ ზონის დაგეგმარებაზე და შემდგომ მოხდეს მისი ეტაპობრივი განხორციელება.
სწორად მიმაჩნია მერიის გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არსებული გზის აღდგენის შესახებ, მაგრამ პერსპექტივაში საჭიროა ალტერნატიული ვარიანტების ძიება.
საქართველოში არიან უაღრესად კომპეტენტური და მაღალკვალიფიციური პროფესიონალური კადრები არქიტექტორებისა, ურბანისტებისა, ინჟინრებისა, გეოლოგებისა, ეკოლოგებისა და ა.შ. არსებობს ორი ძლიერი უმაღლესი არქიტექტურული სკოლა: საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, ურბანისტთა ასოციაცია და ა.შ., სადაც თავმოყრილია სპეციალისტები, რომელთაც შეუძლიათ ქალაქის რთული და მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტა.
თენგიზ მახარაშვილი
არქიტექტურის დოქტორი, პროფესორი. არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.