ნატოს მიმართ ხშირად ვისმენთ საყვედურნარევ შენიშვნებს იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა საკუთარ რიგებში "თავის დროზე" რომ მიეღო, იქ არ განვითარდებოდა მოვლენები, რომლებიც დღეს მიმდინარეობს - არ დაკარგავდა ყირიმს, არ დაიწყებოდა ომი და ა.შ.
ამ მაგალითზე დაყრდნობით საქართველოში ხშირად მსჯელობენ თუ კიდევ რა შეიძლება მოჰყვეს ნატოსა და ევროკავშირის მხრიდან გაფართოებაზე თავის შეკავებასა და ინტეგრაციული პროცესების დამუხრუჭებას. განსაკუთრებით, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამან ისეთ ქვეყნებზე, როგორიც საქართველო, უკრაინა და მოლდოვაა.
სპეციალისტები ხშირად გამოთქვამენ საფუძვლიან ეჭვებს იმის თაობაზე, რომ თუკი ნატოში შესვლის წინაპირობა ქვეყნებისათვის კონფლიქტების არარსებობა იქნება, ეს რუსეთს დამატებით სტიმულს მისცემს იმისათვის, რომ ამ ქვეყნებში გამოიწვიოს და გააღვივოს კონფლიქტები, რათა ამით მათი ნატოში ვერშესვლა უზრუნველყოს.
მეორეს მხრივ, სპეციალისტები იმაზე მსჯელობენ, თუ რატომ ეკიდებიან ნატოსა და ევროკავშირში გაფართოებას ასეთი სიფრთხილით და ამბობენ, რომ საამისოდ მათ საკმაოდ წონიანი მიზეზები აქვთ.
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ხათუნა ლაგაზიძე ამბოს, რომ ნატოსა და ევროკავშირის თავშეკავება რეაქციაა რუსეთის ქმედებაზე, მის მოთხოვნაზე, რომლის მიხედვითაც დასახელებული ქვეყნები უნდა იყვნენ სულ მცირე ნეიტრალური და ბუფერული ზონა რუსეთსა და ევროკავშირს შორის, მაქსიმუმ კი - ევრაზიული კავშირის წევრები. მისი თქმით, საგანგაშოა, რომ ეს თავშეკავება რუსეთის მხრიდან ნატოსა და ევროკავშირის უკან დახევად აღიქმება.
"რუსეთის ლოგიკა ასეთია - ნატოს მიერ საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში ჯარების განთავსება მისთვის იგივეა, რაც რუსეთის ჯარების განლაგება მექსიკასა და კანადაში. მისთვის ეს ქვეყნები ის წითელი ზღვარია, რომელიც ნატომ და ევროკავშირმა არ უნდა გადაკვეთოს. ძალიან სამწუხაროა, რომ ისინი ამ ეტაპზე უკან დახევის რეჟიმში არიან, თუმცა გასათვალისწინებელია ის, რომ როგორც წესი რუსეთი მიღწეულით არასდროს კმაყოფილდება.
"რამდენიმე დღის წინ რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება იმის შესახებ, თუ რამდენად კანონიერად მიენიჭა ბალტიისპირეთის ქვეყნებს 1991 წელს დამოუკიდებლობა. იყო თუ არა მაშინდელი სახელმწიფო საბჭო უფლებამოსილი, რომ ბალტიის ქვეყნებისათვის დამოუკიდებლობა მიენიჭებინა.
"ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას უკვე საკუთარი გავლენის სფეროდ აღიქვამს და უფრო შორს - ბალტიისპირეთში მიდის. ალბათ ახსნა არ უნდა იმას, რომ რუსეთში ასეთი რამები შემთხვევით არ ხდება. ამაში რუსეთის მესიჯი დევს - თუ დასავლეთი ამ სამ ქვეყანას არ შეეშვება ის კიდევ უფრო ღრმად შევა ევროპაში. ამ სიტუაციაში ნატო და ევროკავშირი უკვე იმასღა ცდილობენ, რომ წევრ ქვეყნებში მაინც შეინარჩუნონ მშვიდობა", - ამბოს ლაგაზიძე.
მეორეს მხრივ კი, მისი თქმით ნატო და განსაკუთრებით აშშ "ავი ძაღლივით" იქცევა, რომელიც არც თავად ჭამს და არც სხვას აჭმევს - არც ხელიდან გვიშვებენ და არც გვიახლოვებენ. იმ შემთხვეევაში კი, თუ საქართველოს მოსახლეობა ნატოსგან ჩამოშორებას და რუსეთისკენ სვლას გადაწყვეტს, ალიანსის რეაქცია ძალიან მწვავე იქნება.
მაგალითად კი სომხეთი მოჰყავს, რომელსაც რუსი პოლიტიკოსები რუსეთის მთავარ თავის ტკივილს უწოდებენ, რადგან აშშ-ს ძირითადი აქტივობა სწორედ ამ ქვეყნისკენაა მიმართული - ამერიკა დაახლოებით 300-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას აფინანსებს შემდგომი გააქტიურების პერსპექტივით. ასე რომ, იმ ქვეყნებშიც კი, რომელთა სასიცოცხლო ინტერესები რუსეთზეა მიბმული, ლაგაზიძის თქმით, აშშ-ს გავლენა მაღალია.
ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს იმ ზრდად იმედგაცრუებაზეც, რომელიც ქართულ საზოგადოებაში დასავლეთის მიმართაა. ამბობს, რომ ამ მხრივ გადამწყვეტი 2016 წელი იქნება, რადგან ამ წელს ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მისაღები - საქართველო ევროკავშირში უვიზო მიმოსვლას ელის და ასევე ნატოს ვარშავის სამიტია გასამართი, სადაც მაპ-ის მონიჭების თემა წყდება.
"აქვე აღვნიშნავ, რომ ძალიან სწორი პოზიცია აქვს თავდაცვის ახალ მინისტრს რომელიც მაპ-ს პირდაპირ ითხოვს და ამბობს, რომ საქართველოს 25 - წლიანი მცდელობა ნატოსთან დაახლოებისა როგორც მინიმუმ პასუხს იმსახურებს.
"ვფიქრობ ასეთი კატეგორიული პოზიცია უფრო მომგებიანია, ვიდრე ნატოსთან და ევროკავშირთან ენის მოჩლექით საუბარი. მხოლოდ ჩვენ არ გვჭირდება ნატო და ევროკავშირი, ყველაფრიდან ჩანს, რომ მათაც ვჭირდებით. ამას სომხეთში განვითარებული მოვლენებიც ადასტურებს.
"ამის პარალელურად დიდი შანსია იმისა, რომ 2016 წლამდე რუსეთმაც მოგვცეს უვიზო მიმოსვლა. თუ იგივეს მიღება ევროკავშირისგან ვერ შევძელით, ეს პროდასავლურ ძალებზე სერიოზული დარტყმა იქნება. მათი პოზიციები ისედაც ისეთი სუსტია, როგორც არასოდეს და ამის გარეშე არჩევნებში სერიოზული შედეგის დადება გაუჭირდებათ. ასე რომ, დასავლეთის მიმართულებით შესაძლოა ქართულ საზოგადოებაში საკმაოდ მძიმე პერსპექტივა გაჩნდეს, თუკი იქიდან შემხვედრი ნაბიჯები არ გადმოიდგა", - აღნიშნავს ანალიტიკოსი.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი, ლაგაზიძე აცხადებს, რომ ევროკავშირს მხოლოდ საკუთარი ნაჭუჭიდან ყურება არ გამოადგება. ის უმწვავეს კრიზისშია, როგორშიც დაარსების დღიდან არ ყოფილა. ამაზე, მისი თქმით, საბერძნეთის მაგალითიც მეტყველებს და ეს პროცესები აშკარად მიანიშნებს იმაზე, რომ იქ ყველაფერი ისე არ არის როგორც უნდა იყოს.
"ნატოსა და ევროკავშირისათვის გაფართოებისაგან თავის შეკავების ახლომხედველური პოლიტიკა არ მგონია გონივრული იყოს. რაც უფრო უკან დაიხევენ, მით უფრო მიაწვებათ ერთი მხრივ რუსეთი, მეორე მხრივ ჩინეთი და მესამე მხრივ "ისლამური სახელმწიფო", - აღნიშნავს იგი.
რაც შეეხება კითხვას იმის თაობაზე, აირიდებდა თუ არა უკრაინა თავიდან ომს, ალიანსს იგი ადრე რომ მიეღო და შეგვიძლია თუ არა მისი შემთხვევა ამ ორგანიზაციების თავშეკავებული პოლიტიკის უარყოფით შედეგად მივიჩნიოთ, ლაგაზიძე შემდეგნაირად პასუხობს:
"ნატოს ეს ქვეყნები მაშინ უნდა მიეღო, როცა რუსეთს პასუხის თავი არ ჰქონდა. მაშინ თავი შეიკავეს. ჩემი აზრით არა იმიტომ, რომ ეს ქვეყნები ჯერ დემოკრატიის ჩარჩოებში არ ისხდნენ, არამედ იმის გამო, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით მათი "სათრევი" გახდებოდნენ.
"მაშინ როცა რუსეთის მოქცევა ალიანსის სარტყელში შეიძლებოდა, ნატომ ამ ქვეყნების შეერთებაზე უარი თქვა. ვფიქრობ მან ხელიდან გაუშვა დრო როცა გაფართოება უმტკივნეულოდ შეეძლო. მას შეეძლო საფრთხეების ძირძველი ევროპისაგან შორს გადაწევა. ასე რომ, არ ვეკუთვნი იმ ადამიანთა რიგებს, ვინც ფიქრობს რომ ნატოსა და ევროკავშირის მხრიდან გაფართოებაზე უარის თქმა წევრ ქვეყნებში მაინც შეუნარჩუნებს სიმშივდეს", - აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.
რუსეთის მხრიდან ნატოს არაფორმალურ გავლენებზე საუბრობს საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანადამფუძნებელი, საგარეო ურთიერთობების სპეციალისტი ელენე ხოშტარია და ამბობს, რომ მას ალიანსის გაფართოებაზე ირიბი ვეტოს უფლება აქვს სწორედ იმით, რომ კონფლიქტებს არ აგვარებს, პირიქით - ამწვავებს.
ამით, ხოშტარიას თქმით, რუსეთმა ნატოს გაფართოების, როგორც მინიმუმ შეჩერება მოახერხა. ეს კი, თავისთავად პრობლემაა თავად ორგანიზაციისთვის, რადგან იმას ნიშნავს, რომ ორგანიზაცია რუსეთის გავლენის ქვეშ იმყოფება.
ჩვენთან მიმართებაში, მისი თქმით, ეს ყველაფერი გამოიწვევს იმას, რომ რუსეთი თავისი გავლენის სფეროების დამკვიდრებას უფრო თამამად განაგრძობს. თუკი იგი ნახავს, რომ დასავლეთის დაშინება ეფექტურია და ეს მოქმედებს, პროცესებს ყველა ქვეყანაში შესაბამისად წარმართავს. ნატოში შესვლაში ხელის შეშლისათვის ზოგგან შეიძლება ომი დასჭირდეს, ზოგან პოლიტიკური სიტუაციის არევა, ზოგან პროპაგანდა და ა.შ.
რაც შეეხება უკრაინის მაგალითს, ხოშტარია მიიჩნევს, რომ იქ მიმდინარე პროცესების გამო მხოლოდ ნატო არ უნდა "დავადანაშაულოთ."
"დიდი ხნის განმავლობაში თავად უკრაინა არ გამოთქვამდა სურვილს ნატოში შესვლის თაობაზე. ის ამისათვის მზად არ იყო. შესაბამისად, ეს დღის წესრიგში არ იდგა. თუმცა შეგვიძლია გავიხსენოთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტი, სადაც უკრაინისთვის მაპი-ს მიცემა რუსეთისთვის სერიოზული სიგნალი იქნებოდა იმისა, რომ მისი ქმედებების მიუხედავად, ნატო გაფართოებას განაგრძობს.
"გაფართოების ყველაზე კარგი, დადებითი მაგალითი აღმოსავლეთ ევროპაში გაფართოებაა. პრობლემები იქაც ძალიან ბევრი იყო - კონფლიქტები, გაუყოფელი ტერიტორიები, პრობლემები რუსეთთან, თუმცა ევროკავშირისა და ნატოს ერთდროულმა გაფართოებამ ეს ყველაფერი დაარეგულირა. უსაფრთხოებისა და განვითარების სივრცე შექმნა.
"ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენი არგუმენტიც ისაა, რომ გაფართოება არის ერთადერთი საშუალება იმისთვის, რომ რუსეთის გეგმა არ განხორციელდეს და უსაფრთხო სივრცე აქაც ჩამოყალიბდეს. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენს შემთხვევაში ეს უფრო რთულია, იმიტომ რომ ბევრი კონფლიქტი გვაქვს.
"ამის გასაღები რუსეთის ხელშია, რომელიც ბირთვული სახელმწიფოა და ამის გამო ყველაფერი ისე მარტივი არ არის, როგორც ბალტიისპირეთის ან ბალკანეთის ქვეყნების შემთხვევაში, სადაც კონფლიქტი ასევე იყო, მაგრამ მეორე მხარეს ბირთვული სახელმწიფო არ იდგა. ამ ორგანიზაციების გაფართოების გარდა, სხვა გამოსავალი ევროპაში უსაფრთხოების დამკვიდრების არ არსებობს", - მიიჩნევს ელენე ხოშტარია.