"მეც ადამიანი ვარ, ღამეები არ მძინავს, პასუხი მაინც გამცენ, რატომ ჩახოცეს ხალხი, გამაგებინეთ ვინმემ"
თაკო მათეშვილი
08.07.2015

 სტიქიით დაზარალებული სვანიძის ქუჩის კომიტეტმა, რომლის დამფუძნებელიც ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილია, მერიასთან ერთად კომპენსაციის გაცემის წესი შეიმუშავა, რომლითაც კმაყოფილები არიან, თუმცა აქვე ხარვეზებზეც საუბრობენ. სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ თითოეული ოჯახის ზარალის შეფასება დაიწყო და კომპენსაციის ოდენობაც ამის მიხედვით დადგინდება.

"რეზონანსთან" ინტერვიუში თამაზ ელიზბარაშვილი იმ სირთულეებზე საუბრობს, რასაც სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობისას აწყდებიან და მთავრობის წარმომადგენლებს მოუწოდებს, რაკი ადამიანების სიცოცხლე ვერ გადაარჩინეს, ახლა მათ ოჯახებს მაინც ღირსეულად დაუდგნენ გვერდში.

თამაზ ელიზბარაშვილი: მერიასთან ინტენსიურად ვთანამშრომლობთ. მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძესთან და ქონების მართვის სააგენტოს უფროსთან, კარლო ლაფერაძესთან მჭიდრო კავშირი გვაქვს. მუშაობაში აქტიურად იყო ჩართული ვაკის გამგებელი ლაშა აბაშიძეც. ერთობლივი მუშაობით იმას მივაღწიეთ, რომ დაზარალებულთა დაკმაყოფილების წესი შევიმუშავეთ. ეს წესი ნამდვილად ძალიან კარგია და ის, რაც მასშია ჩადებული, ჩვენთვის მისაღებია, ხალხის ინტერესს პირდაპირ ასახავს, დაზარალებულები კატეგორიებად დაიყვნენ და ა.შ.

თუმცა, ამ წესს ერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი აქვს - ვადები არაა გაწერილი. ანუ, არაა დადგენილი, თუ რა ვადაში უნდა გაავლოს გარემოს დაცვის სამინისტრომ ე.წ. უბედურების ზონის ხაზები.

"რეზონანსი": რას ნიშნავს უბედურების ზონის ხაზები?

თ.ე: ანუ ესაა რისკის ზონა, ადგილი, რომელიც მომავალში სტიქიის განმეორების შემთხვევაში კვლავ შეიძლება დაიტბოროს. მაგალითად, ზოგიერთი სახლი, მართალია, დაიტბორა, მაგრამ თავად სახლი არ დანგრეულა, გადარჩა და რეაბილიტაციას ექვემდებარება. სახელმწიფოც თანახმაა, მფლობელს რემონტისთვის თანხა გადასცეს. თუმცა, ვერ გაიცემა მანამ, სანამ გამყოფი ხაზი არ გაივლება. ანუ, თუ ეს სახლი რისკის ზონაში მდებარეობს, მომავალში კვლავ შეიძლება დაიტბოროს თუ ამ ზონის მიღმაა. თუ რისკის ზონაშია, ოჯახი უნდა გასახლდეს, მიუხედავად იმისა, რომ სახლი ვარგისია თუ არა, მაშინ რემონტისთვის თანხა უნდა გაიცეს. ამას კი გარემოს დაცვის სამინისტროს დასკვნა სჭირდება. დასკვნის დადებამდე ამ ოჯახების ბედი გაურკვეველია და ქირით ცხოვრობენ.

მერიას დაზარალებულთა დაკმაყოფილების წესში ვერ ჩავაწერინეთ ვადა, რა დროშიც სამინისტრომ ეს ე.წ. უბედურების ზონის ხაზები უნდა გაავლოს. კულუარულად ვიცი, რომ ამას შესაძლოა რვა თვე დასჭირდეს. ეს წარმოუდგენელი აბსურდია! სამინისტროს შეუძლია ეს პროცესი უსასრულოდ გაწელოს.

"რ": ანუ, "უბედურების ზონაში" იგულისხმება მდინარის კალაპოტი და ის სახლები, რომლებიც ამ კალაპოტშია ან მის სიახლოვეს?

თ.ე: სწორედ ეს უნდა დაადგინონ გარემოს დაცვის სამინისტროს სპეციალისტებმა. იქ არიან გეოლოგები, ურბანისტები, მარკშეიდერები და ა.შ. რამდენიმე სპეციალისტს ვესაუბრე, რომლებიც სამინისტროში მუშაობენ და, სავარაუდოდ, ამ კომისიაშიც არიან და ვიცი, რომ ისინი ამ დასკვნაზე ხელის მოწერას ვერ ბედავენ. ამიტომ, მაქსიმალურად გაჭიანურდება. მეუბნებიან -მე რომ დავწერო, რომ შენი სახლი უსაფრთხოა და არაა რისკის ზონაში, ხვალ კი ახალდაბაში ისევ ჩამოწვეს მეწყერი, ვერე ისევ ჩახერგოს და იმაზე მეტი წყალი დააგუბოს, მხოლოდ შენს სახლს კი არ დატბორავს, თამარაშვილის ქუჩაზეც ავაო.

მოგეხსენებათ, თამარაშვილის გვირაბის თავზე ნაყარი მიწაა. ანუ, თავად გვირაბი რკინა-ბეტონისაა, მის თავზე კი კომუნისტებმა მიწა დაყარეს და ხელოვნური მთა გააკეთეს. მასზე ზემოდან ასფალტი დააგეს და ამ მოასფალტებულ ადგილს ახლა თამარაშვილის ქუჩა ჰქვია. გეოლოგები მეუბნებიან, წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რამხელა ნგრევას გადაურჩა თბილისიო.

მოგეხსენებათ, სვანიძის ქუჩა იმიტომ დაიტბორა, რომ თამარაშვილის გვირაბი ჩაიხერგა. წყალს სულ ორი მეტრი დააკლდა თამარაშვილის ქუჩაზე გადმოსასვლელად. ორი მეტრითაც რომ აწეულიყო, ის უკვე თამარაშვილზე გადმოვიდოდა და იპოდრომისაკენ დაეშვებოდაო. იქიდან ყაზბეგის ქუჩაზე გადავიდოდა, შემდეგ პეკინზე და მთელ საბურთალოს წალეკავდაო.

შედეგად კი, იმავე გეოლოგების თქმით, ეს ხელოვნური მთა, რომელიც გვირაბის თავზეა, გაიჟღინთებოდა, გასკდებოდა და ღვარცოფი მთლიანად წყნეთის ქუჩისა და ხილიანის მიმართულებით დაეშვებოდა. ოღონდ იმაზე ბევრად მეტი და მძლავრი, ვიდრე სტიქიის დროს იყო. ამ ქუჩებს მთლიანად წალეკავდა, გმირთა მოედანზე ჩავიდოდა და მტკვრის მიმართულებით წავიდოდაო. მტკვრის კალაპოტი ამას ვეღარ დაიჭერდა და იქიდან გადმოვარდნილი წყალი პლეხანოვზე შევარდებოდაო. გზად კი ყველაფერს ააოხრებდა და ყველა სულიერს დახოცავდაო. აი, ამას გადაურჩა იმ გეოლოგების თქმით თბილისი. ამას მხოლოდ წყლის დონის 2 მეტრი დააკლდა.

სწორედ ამის გამო არ აწერენ დასკვნას ხელს. წყნეთი-ბეთანიის გზაზე ორი იმდენი მოზვავებული მიწაა გამზადებულიო. იმაზე უარესად შეიძლება ჩახერგოს იქ მდინარე ვერე და ორჯერ მეტი დამანგრეველი ძალით შეიძლება დაეშვას თბილისისკენო. მერე კი ის ყველაფერი შეიძლება მოხდეს, რაც ზემოთ გითხარით. ამაზე ხელის მოწერა და ციხეში წასვლა ვის მოუნდება?

"რ": ერთი კვირის წინ თქვენ დაზარალებულთა სიებთანაც გქონდათ პრობლემა. ამბობდით, რომ ხელოვნურად იყო გაბერილი. მოწესრიგდა თუ არა ეს საკითხი?

თ.ე: დიახ, სიები მოწესრიგდა და როგორც გითხარით, დაზარალებულები ორ კატეგორიადაც დაიყვნენ. პირველში შედიან ისინი, ვისი სახლიც სრულად განადგურდა და ასევე ისინი, რომლის სახლიც გადარჩა, მაგრამ იქ ცხოვრება რისკის გამო შეუძლებელია, ხოლო მეორე კატეგორიაში ისინი, ვისი სახლიც დაიტბორა, მაგრამ არ დანგრეულა, რისკის ზონაშიც არ დგას და რემონტის შემდეგ საცხოვრებლად ისევ გამოდგება. წესის მიხედვით, რომელიც საკრებულომ მიიღო, ჯერ პირველი კატეგორიის დაზარალებულები დაკმაყოფილდებიან, შემდეგ კი მეორეზე გადავლენ. აქ უკვე ვიჭედებით, რადგან სარეაბილიტაციო სამუშაოები გარემოს დაცვის სამინისტროს დასკვნის გარეშე ვერ დაიწყება.

იმიტომ ვითხოვდით კანონში ვადების გაწერას, რომ ხალხს სცოდნოდა, თუ რამდენ ხანში გადაწყდება მათი საკითხი - შევლენ ძველ სახლებში თუ ახალი უნდა უყიდონ.

საკრებულოს დეპუტატებიც არ დაგვიდგნენ ამ საკითხში გვერდით, მხოლოდ ხათუნა სამნიძე, დავით ზურაბიშვილი და შალვა ოგბაიძე ითხოვდნენ კანონში ვადების განსაზღვრას. სხვებმა კი ფეხებზე დაგვიკიდეს. სირცხვილი იმ დეპუტატებს. ამიტომ დაზარალებულთა კომიტეტის წევრები უკვე ვგეგმავთ, დღეს გარემოს დაცვის სამინისტროს მივმართოთ და ვადის გამხელა მოვთხოვოთ.

"რ": როგორც ვიცით, სვანიძის ქუჩაზე რამდენიმე ოჯახი მდგმურად ცხოვრობდა. გადაუხდიან თუ არა კომპენსაციას მათაც?

თ.ე: მდგმურები უძრავი ქონების მეპატრონეები არ იყვნენ და ამიტომ თითოეულ მათგანს 500 ლარიანი კომპენსაცია მიეცემა. ეს თანხა მთლად ადეკვატური, რა თქმა უნდა, არ არის. ზოგს იქ ტელეფონები ჰქონდა, ლეპტოპები და ა.შ. თუმცა, ზოგმა შეიძლება 500 ლარზე ნაკლებიც დაკარგა. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილი შეასრულებს თავის პირობას, რომ თუკი ვინმე კომპენსაციით უკმაყოფილო დარჩება, თავად აუნაზღაურებს დანაკლისს.

"რ": მიიღებენ თუ არა უფრო მეტ კომპენსაციას ისინი, ვისაც სტიქიის დროს ოჯახის წევრები დაეღუპა?

თ.ე: მე პირველი ვიყავი, ვინც ეს საკითხი დასვა. ჯერ დავიწყებ იმით, რომ იმ გოგო-ბიჭებისა და იმ ადამიანების გადარჩენა, რომლებიც ახალ გზაზე თუ სვანიძის ქუჩაზე დაიღუპნენ, შეიძლებოდა. სახელმწიფო რომ თავის სიმაღლეზე ყოფილიყო, ეს არ მოხდებოდა. მე ახალდაბაში ვიყავი ასული, მოსახლეობას შევხვდი და იცით, რა მითხრეს? აქ მეწყერი რომ ჩამოწვა და წყალმა დაგუბება დაიწყო, 112-ში ხუთჯერ დავრეკეთ და ვუთხარით, აქ ზღვასავით დგება წყალი და თბილისს მიხედეთო.

მეწყერი რომ ჩამოწვა ერთი მძღოლი მანქანიანად ქვეშ მოიყოლა. მას დღემდე ეძებენ. მის უკან მომავალ მანქანებში მსხდომებმაც დაიწყეს რეკვა 112-ში. მთელი სოფელი უყურებდა, თუ როგორ იტბორებოდა იქაურობა. წყლის სიღრმე თითქმის 60 მეტრი იყო. ხომ შეიძლებოდა სამხედრო ვერტმფრენებიდან წერტილოვანი დარტყმების მეშვეობით ეს ხელოვნური დამბა გაერღვიათ და წყლისათვის დაგუბების საშუალება არ მიეცათ? ხალხი რომ რეკავდა და ამბავს ატყობინებდა, ზომები რატომ არ მიიღეს?

გარდა ამისა, მეწყერი იქ ჩამოწვა ღამით, 11-ს რომ 10 წუთი აკლდა, სვანიძის ქუჩაზე კი წყალი 1-ის 10 წუთზე შემოვარდა. ერთი საათისა და 20 წუთის განმავლობაში იქ წყალი გუბდებოდა და ვინმეს რომ გავეფრთხილებინეთ, ჩვენ ხომ ქუჩის დაცლას მოვასწრებდით? ექვსი მეზობელი ხომ აღარ დამეხრჩობოდა?

მეტსაც გეტყვით - თბილისში ძლიერი წვიმა რომ დაიწყო, 1-ის 7 წუთზე 112-ში დავრეკე და ვთხოვე, მოეცათ ინფორმაცია, ზემოთ, ახალდაბა-ბეთანიისაკენ იყო თუ არა წვიმა. მოგეხსენებათ, 4 ივნისს ძაღლების თავშესაფარი დამეტბორა, 25 ძაღლი დამეღუპა და ვუთხარი, თუ იქაც წვიმაა, მითხარით, რომ ძაღლები გავიყვანო-მეთქი. ეს ინფორმაცია არ მომცეს! არადა, იცოდნენ, რომ მეწყერი უკვე ჩამოწოლილი იყო და რომ ვერე გუბდებოდა. 5-ჯერ დავრეკე და არაფერი მითხრეს! მაგიტომაც ვარ გაგიჟებული, ხალხის გახიზვნა ხომ შეიძლებოდა?

მაგას რომ თავი დავანებოთ, სვანიძის ქუჩაზე რომ წყალი შემოვარდა და თამარაშვილის გვირაბი რომ ჩაიხერგა, 40 წუთი გუბდებოდა. წყალი 40 წუთის განმავლობაში ჩვენს ქუჩაზე იდგა, მხოლოდ ამის შემდეგ მიაწვა გვირაბს და იქ ჩახერგილი მანქანები თუ ხეები გაიტანა. ხომ იცოდნენ, რომ ოდესმე ასე მოხდებოდა? წყალი სვანიძეზე სამუდამოდ ხომ არ დარჩებოდა, მერე ხომ ქვემოთ წალეკავდა ქალაქს და რატომ არ გადაკეტეს ახალი გზა? რატომ ვერ მოახერხეს ეს ყველაფერი იმხელა დროში და რატომ ჩახოცეს ხალხი, გამაგებინეთ ვინმემ. ამაზე ვარ გაგიჟებული! მეც ადამიანი ვარ და ღამეები არ მძინავს, პასუხი მაინც გამცენ!

ეს ყველაფერი რომ მოხდა და თავიანთი მოქალაქეები ვერ გადაარჩინეს, ახლა მაინც იზრუნონ მათ ოჯახებზე. ზოგს მცირეწლოვანი შვილები რომ დარჩა, მათ ვინ მიხედავს? მათ ხომ მშობლები იმის გამო დაკარგეს, რომ სახელმწიფომ ვერც ევაკუაციის გამოცხადება მოახერხა, არც გზა გადაკეტა და მანქანები სასაკლაოზე შეუშვა. ახლა ამ ხალხს მაინც მისცენ ადეკვატური კომპენსაცია. მათ შვილებს მაინც დაუნიშნონ დახმარება 18 წლამდე, ან სხვა სახით დაუდგნენ გვერდში. ვერ ვეგუები ამ უსამართლობას და მომკალით თუ გინდათ! მერე რა, რომ მთავრობაში ჩემი მეგობრები არიან, პირდაპირ ვეუბნები მათ - თუკი ეს ხალხი ვერ გადაარჩინეს, მათ ოჯახებს მაინც დაუდგნენ გვერდში!

იცით რა, მე ძალიან ცუდი მოქალაქე ვარ, იმდენად ცუდი, რომ ჩემი თავი მეზიზღება! იცით რატომ? 4 ივნისს რომ წყალდიდობა მოხდა და ჩემი თავშესაფარი დატბორა, მაშინ რომ მე, როგორც მოქალაქე, ჩემს სიმაღლეზე დავმდგარიყავი, შეიძლებოდა 13 ივნისის ტრაგედია აგვერიდებინა. მეც და მამაჩემიც სვანიძის ქუჩაზე დავიბადეთ და გავიზარდეთ. მთელი ცხოვრება ამ ქუჩაზე გავატარეთ და მდინარე ვერეს ყველა "კაპრიზები" ვიცით. 4 ივნისის წყალდიდობა რომ ნახა, მამაჩემმა მითხრა, არასდროს მახსოვს, ვერეს ამდენი ქვიშა, მიწა და ხე-ტყე ჩამოეტანაო. ეს იმას ნიშნავს, რომ ზემოთ სადღაც მეწყერი ჩამოწვა და მდინარე დააგუბაო.

ეს ვიცოდი, მაგრამ გავჩუმდი. ერთი ამბავი უნდა ამეტეხა, რომ ენახათ, იქ კიდევ ხომ არა იყო საშიში, კიდევ ხომ არ იყო მეწყრის რისკი. მე რომ მაშინ სათანადო სიმაღლეზე ვყოფილიყავი, ეს 22 სიცოცხლე გადარჩებოდა. პასიური ვიყავი და ამიტომ ვარ ძალიან ცუდი მოქალაქე. გთხოვთ, სიტყვასიტყვით დაწერეთ, რომ მე თითოეული გარდაცვლილის ოჯახს ბოდიშს ვუხდი. ყველაფერი ჩემი ბრალია. მათ თითქმის ყოველ ღამე სიზმარში ვხედავ. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ თითოეულმა დაზარალებულმა ბოლო კაპიკამდე აინაზღაუროს ის, რაც დაკარგა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×