სიახლე, რომელიც საქართველოსათვის ერთდროულად დადებითი შედეგის მომტანიცაა და უარყოფითისაც - ასე აფასებენ სპეციალისტები საქართველოში ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნას, რაც უახლოეს მომავალში მოხდება.
მათი აზრით, სიახლე პირველ რიგში რუსეთს გააღიზიანებს, მეორე რიგში კი - "ისლამურ სახელმწიფოს", რადგან მათთვის ეს ნატოს საქართველოში შემოსვლად აღიქმება. ალიანსი მათი მტერია, შესაბამისად, საქართველოსაც მტრად მიიჩნევენ.
ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის შექმნა უელსის სამიტზე გადაწყდა და მის შესახებ საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა დეტალები არ ხმაურდებოდა. გუშინ კი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ გაამხილა ის ადგილები, სადაც ცენტრი განთავსდება. მისი თქმით, იგი როგორც ვაზიანის, ისე კრწანისის ეროვნულ ცენტრს მოიცავს.
"სასწავლო ცენტრის მდებარეობის საკითხი უკვე გადაწყვეტილია. ეს არ იქნება მხოლოდ ერთი ლოკაცია, ერთი შენობა. ეს იქნება სასწავლო ცენტრი, რომელიც შეიცავს რამდენიმე სიმულაციურ და სასწავლო-ტაქტიკურ რაიონს, რომლებშიც მოხვდება როგორც კრწანისის ეროვნული ცენტრი, ასევე ვაზიანის ტაქტიკური ველი და სასროლეთი", - ამბობს ვახტანგ კაპანაძე.
რაც შეეხება თარიღს, წინასწარი ინფორმაციით, ცენტრი, სავარაუდოდ, საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტის ფარგლებში გაიხსნება, რომელიც ალიანსის მრავალეროვნული სამხედრო სწავლება "ფპშდუ თზშკშე 2015"-ის დახურვის ცერემონიალზე, 22 ივლისს ჩამოდის.
სწავლება გუშინ დაიწყო და მასში პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელები მონაწილეობენ. იგი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ხორციელდება. უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს სწავლებების ჩატარება წარმოადგენს.
სამხედრო სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების, ბულგარეთის, რუმინეთის, ლიტვისა და ლატვიის სამხედრო მოსამსახურეები ჩამოვიდნენ. საქართველოს მხრიდან წვრთნაში მეოთხე მექანიზებული ბრიგადის 42-ე ბატალიონი ჩაერთო. წვრთნებში შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა კორპუსი 220-მდე სამხედრო მოსამსახურით არის წარმოდგენილი. დანარჩენი ქვეყნები სწავლებაში ოცეულის დონის ქვედანაყოფებით მონაწილეობენ.
მრავალეროვნული სამხედრო სწავლება "ფპშდუ თზშკშე 2015" საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავს. მის ფარგლებში ძირთადად ქართველი სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებული მრავალეროვნული ბრიგადის შტაბი ჩამოყალიბდა. საშტაბო და საველე წვრთნების მიზანს კონვენციური ოპერაციების დროს ურთიერთქმედებების დახვეწა და სხვადასხვა ქვეყნების სამხედრო ტაქტიკის გაცნობა წარმოადგენს.
ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი იმ პროგრესზე საუბრობს, რასაც ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნა მოგვიტანს და ამბობს, რომ ამით საქართველო ნატოსთან და ზოგადად დასავლეთთან კიდევ უფრო დაახლოვდება. გარდა ამისა, მისი თქმით, ცენტრი თანამედროვე საბრძოლო მოქმედებებისათვის ქართველი სამხედროების უკეთესად მომზადებას შეუწყობს ხელს.
"ჩემი ინფრომაციით, ამ სასწავლო ცენტრში გაწვრთნიან და შეაფასებენ ბატალიონის დონის დანაყოფებს. ამას უკვე მნიშვნელობა აქვს, რადგან ბატალიონის მაღალი დონის მომზადებაზეა საუბარი, რაც მისასალმებელია. კარგი იქნება თუ ქართველი სამხედროები მუდმივად გაივლიან წვრთნებს და მსოფლიოში სამხედრო სფეროს განვითარებას არ ჩამორჩებიან", - აღნიშნავს იგი.
თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ცენტრის გახსნა ვიღაცეებს გააღიზიანებთ, ალადაშვილი მის უარყოფით მხარეებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ გაღიზიანება პირველ რიგში რუსეთისაგან წამოვა.
"ის არც მალავს და პირდაპირ ამბობს, რომ ნატოს გაფართოებასა და მის საზღვრებთან მიახლოებას ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ აღიქვამს. მიუხედავად იმისა, რომ ქართული მხარეც და ნატოს წარმომადგენლობაც მუდმივად უსვამენ ხაზს იმას, რომ ეს ერთობლივი სწავლებისა და შეფასების ცენტრი სამხედრო ბაზა არაა. მას არანაირი საბრძოლო ფუნქცია არ ექნება და მხოლოდ სასწავლო დაწესებულებაა. თუმცა, რუსეთში მაინც მიიჩმევენ, რომ ეს ნატოს საქართველოში შემოსვლაა.
"გარდა რუსეთისა, ასევე გასათვალისწინებელია "ისლამური სახელმწიფოს" ფაქტორიც. მათ კავკასიაში ხალიფატის შექმნის შესახებ განაცხადეს. ნატო მათთვის პირველი მტერია და ბუნებრივია, ჩათვლიან, რომ საქართველოც ნატოს მოკავშირეა, ე.ი. ისიც მათი მტერია. თუმცა, ჩვენთვის მთავარი უარყოფითი პროცესი რუსეთიდან წარიმართება", - აღნიშნავს ალადაშვილი.
რაც შეეხება იმას, თუ რა შეიძლება იყოს რუსეთის გაღიზიანების შედეგი და რა კონკრეტულ ნაბიჯებს უნდა ველოდოთ მისგან, ანალიტიკოსი ამბობს, რომ იგი ძირითადად პოლიტიკურ რიტორიკას გააძლიერებს.
"წესით, მათ არაფერი უნდა მოიმოქმედონ, რადგან ეს მხოლოდ სასწავლო ცენტრია და არა სარაკეტო ბაზა, ან სატანკო ბრიგადა, მაგრამ რუსეთისათვის საბაბის მოძებნა პრობლემა არაა. არ ვფიქრობ, რომ ამის გამო ვაზიანს ან კრწანისს დაბომბავს, მაგრამ ალბათ პოლიტიკურ ზეწოლას გააგრძელებს", - აცხადებს ირაკლი ალადაშვილი.
ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნისაგან დადებითზე მეტად უარყოფით შედეგებს ელის პოლიტოლოგი, პროფესორი იგორ კვესელავა და ამბობს, რომ "ისლამური სახლემწიფოს" იმ პერიპეტიებიდან გამომდინარე, რასაც ბოლო დროს ვხედავთ, საქართველოში ნატოს ცენტრის გახსნა ჩვენთვის სასურველი და საუკეთესო გადაწყვეტილება ნამდვილად არ იქნება.
გარდა ამისა, იგი დარწმუნებულია, რომ ცენტრი რუსეთთან ურთიერთობასაც გაართულებს და იგი "ახალ მაქინაციებს" დაიწყებს.
"მრჩება შთაბეჭდილება, რომ ნატო საქართველოს თავზე დამოკლეს მახვილივით ჰკიდია. არავინ იცის, როდის მოწყდება და დაგვეცემა. უკვე 25 წელია, ნატოს ძახილი გვესმის. მთავარი პოლიტიკური საგანი და ობიექტი ეს ალიანსი გახდა და არა ის სხვა პრობლემები, რაც ქვეყანას ასე აწუხებს.
"თუკი ეს ცენტრი დაგვეხმარება სოციალური პირობების გაუმჯობესებაში, ეკონომიკის გაძლიერებაში, პოლიტიკის სწორად წარმართვაში, დემოკრატიის განვითარებაში, მაშინ მის გახსნას მივესმალმები, მაგრამ თუკი ის სხვა ღონისძიებებს დაემსგავსება და რუსეთთან ურთიერთობას გაგვირთულებს, მაშინ უკვე აღარ ვიცი, რას გვაძლევს ეს ჩვენ. რა ვქნათ, განგებამ გვარგუნა ეს იმპერია მეზობლად და ვერ გადავაადგილებთ.
"მეორე მხრივ კი, ეს შესაძლოა ნატოსთან დაახლოებაშიც დაგვეხმაროს. მაპ-ის თემაც ისევ წამოიწია. თუმცა, მე, როგორც მოქალაქესა და პოლიტოლოგს, ეჭვი მეპარება, რომ ჩვენ უახლოეს 10-15 წელიწადში ნატოში შესვლა მოვახერხოთ. პრობლემური ქვეყანა ვართ და ასეთ ქვეყნებს ალიანსში არ იღებენ. ასე რომ, ამ ცენტრის გახსნა, ჩემი აზრით, უფრო მეტად უარყოფით შედეგს მოგვიტანს, დადებითს ძალიან ცოტას ვხედავ", - აღნიშნავს კვესელავა.