ეკატერინე ბასილაია
11.07.2015

 ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში არსებული ქართული ისტორიული ძეგლის - თირის მონასტრის ფრესკების ნაწილი გადალესეს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ოსურმა გამოცემა "სპუტნიკმა" გაავრცელა. როგორც ოსური მედია წერს, სამუშაოები მას შემდეგ შეწყდა, რაც საქმეში დე ფაქტო კულტურის სამინისტრო ჩაერია.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს პრესსამსახურის უფროსის, ნათია მურაჩაშვილის თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ შორის ცხინვალში, ქართულ ისტორიულ ძეგლებს აზიანებენ და ფრესკებს შლიან.

მისი თქმით, რადგან ტერიტორია ოკუპირებულია, ქართული მხარის მიერ ადგილზე მონიტორინგის განხორციელება შეუძლებელია. ძეგლების დაზიანების, რეაბილიტაციის თუ იმ პროცესების შესახებ, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მათ შორის ცხინვალში, ჩვენს ამა თუ იმ ძეგლზე ხდება, ინფორმაცია ოფიციალურ თბილისს მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით აქვს. ეს არის ერთადერთი წყარო, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, მეტ-ნაკლებად დავინახოთ რეალური სურათი, რა ხდება ძეგლებთან მიმართებაში.

"თირის მონასტერის შესახებ ცნობაც ინტერნეტით გავრცელდა. შესაბამისი ანგარიში მომზადდება და კულტურის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით ანგარიში გადაიგზავნება საერთაშორისო საზოგადოებისათვის, რომ მონიტორინგი განხორციელდეს არა მარტო თირის მონასტერზე, არამედ თითოეულ ძეგლზე, რომელზეც საქართველოს მხარე ფლობს ინფორმაციას, რომ აღნიშნულმა ძეგლებმა მხატვრული ღირებულება დაკარგეს, ან არასწორი ჩარევის შედეგად დაზიანდნენ", - ამბობს მურაჩაშვილი და დასძენს, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში პერმანენტულად ვრცელდება სხვადასხვა ძეგლის დაზიანების შესახებ ცნობა, ეს არის იკორთას მონასტერი, ხეითის მთავარანგელოზის ეკლესია, ასევე სხვა ძეგლებიც. თუმცა ზუსტად რა დაზიანებები აქვს ამა თუ იმ ძეგლს, ქართული მხარე ამ ინფორმაციას არ ფლობს.

აღსანიშნავია, რომ თირის მონასტრის ფრესკების დაზიანების შესახებ ცნობა ოსურმა გამოცემა "სპუტნიკმა" გაავრცელა. გამოცემის თქმით, გაურკვეველი სიტუაცია შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან არქიტექტურულ ძეგლზე - თირის მონასტერეზე, სადაც მუშებმა ფრესკების გალესვა და გარე კედლის განახლება ისე დაიწყეს, რომ არც ადგილობრივი "ხელისუფლების" და არც "ალანიის ეპარქიის" წარმომადგენლებმა არაფერი იცოდნენ.

ჟურნალისტი დიანა კოზაევა წერს, რომ რამდენიმე მუშას ტაძრის შიგნით დაყენებული აქვს ხის ხარაჩოები და კედლებს ათეთრებენ. გადალესილია კედელზე არსებული უძველესი ფრესკები.

კორესპონდენტის შეკითხვაზე, რა მიზნით და ვისი შეკვეთით ტარდება ეს სამუშაო, მუშები აცხადებენ, რომ ისინი "ცხინვალის ეკლესიის" მითითებით "არემონტებენ". თუმცა თავად ცხინვალის ეკლესიის მოქმედმა დე ფაქტო ხელმღვანელმა ეს ინფორმაცია უარყო. ამ ინფორმაციით გაკვირვებულები დარჩნენ თვით დე ფაქტო კულტურის უწყებაშიც. ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ნელი ტაბუევამ მომხდარი უდიდეს დარღვევად შეაფასა და სამუშაოებიც შეჩერდა.

ღვთისმშობლის სახელობის მამათა მონასტერი ყ||-ყ||| საუკუნეებშია აგებული და ის ცხინვალიდან 5 კილომეტრის მოშორებით, თამარაშენის ზევით, სოფელ მონასტერთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. მონასტერში შემონახულია მეთხუთმეტე საუკუნის ფრესკების ფრაგმენტები. კედლებზე ისევ ჩანს ქართული წარწერები.

ოსური წყაროს ცნობით, მონასტერში დიდი ხანია რესტავრაცია და კონსერვაცია არ ჩატარებულა. ტაძრის სახურავიდან წყალი ჩადიოდა, რომელიც ფრესკებს გამოუსწორებელ ზიანს აყენებდა. 2013 წლიდან დე ფაქტო პრეზიდენტის ფონდიდან თანხა გამოიყო და სახურავი შეკეთდა.

როგორც ირკვევა, მონასტრის დაზიანების გამო დე ფაქტო რესპუბლიკის მშენებლობის სამინისტრომ საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში სარემონტო სამუშაოები დაიწყო და ეკლესია-მონასტრების შეკეთება ჩვეულებრივ სამშენებლო კომპანიებს დაავალეს. თირის მონასტერში კომპანია "უიუტი" მუშაობს.

რადიო "თავისუფლების" ცნობით, თირის მონასტერში ჩასულმა ოსმა ისტორიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ მშენებლებს ხეებიც მოუჭრიათ, ხოლო მე-16 საუკუნის სამრეკლოს იატაკი, უბრალოდ, ბეტონით ამოუვსიათ.

ადგილობრივმა ისტორიკოსებმა სამართალდამცავებს უკვე მოსთხოვეს ვითარების გარკვევა, თვითონ კი შეიტყვეს, რომ სამშენებლო კომპანია "უიუტისთვის" პროგრამის ფარგლებში სარემონტოდ კიდევ ოთხი ეკლესია გადაუციათ. მათ შორისაა იკორთის მე-12 საუკუნის ტაძარიც.

საპატრიარქოში ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ კულტურულ ძეგლებზე ინფორმაციას არ ფლობენ. პატრიარქის პრესმდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი ამბობს იმასაც, რომ ისინი ასევე არ ფლობენ ცნობებს იმაზე, ვინ აწარმოებს ცხინვალის ტერიტორიაზე სასულიერო რიტუალებს.

მამა მიქაელ ბოტკოველი: "ვერ შევდივართ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რა უნდა ვიცოდეთ?! ერთადერთი ახალგორში არიან ქართველი სასულიერო პირები, ისიც ერთ მონასტერში. იქ არიან ჩარჩენილები და ვერ გამოდიან. რომ გამოვიდნენ, შემდეგ უკან არ შეუშვებენ. მეუფე ისაია წელიწადზე მეტია ახალგორშია და ვერ მოდის, გადმოსვლის შემთხვევაში უკან აღარ დააბრუნებენ. ჩვენთვის არც ის არის ცნობილი, ცხინვალში ვინ ატარებს წირვა-ლოცვას - რუსები თუ ოსები. ალბათ ორივე ერთად. რუსების გარეშე ისინი არაფერს აკეთებენ, მაგრამ ჩვენ არანაირი კონტაქტი არ გვაქვს და დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვით."

ცნობისათვის, სამხერთ ოსეთის მსგავსად ოკუპირებულ აფხაზეთშიც ხდება ქართული კულტურული ძეგლების დაზიანება.

მაგალითად, განახლების და აღდგენის მიზნით ჩატარებული სამუშაოების შედეგად ისტორიული სახე დაუკარგეს დრანდისა და ილორის წმინდა გიორგის ტაძრებს. ამის გამო აღშფოთება თვით აფხაზმა ისტორიკოსებმაც გამოთქვეს.

ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია თეთრად გადაღებეს და რუსული გუმბათი დაადგეს. ტაძარს დამატებული აქვს ქართული არქიტექტურისთვის სრულიად უცხო რელიეფური ელემენტები.

ბედიის მონასტერში კი გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის - ბაგრატ მესამის ერთადერთი ფრესკა განადგურებულია და ასევე დაზიანებულია მონასტრის შიგნით არსებული თითქმის ყველა ქართული წარწერა და ორნამენტი.

"სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ აფხაზეთისაგან განსხვავებით ცხინვალში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მონასტერი გადაღებეს.

მამუკა არეშიძე: "ადგილობრივი მკვიდრი ოსები ქრისტიანები არიან, შეიძლება განსაკუთრებული რელიგიურობით არ გამოირჩეოდნენ, მაგრამ მაინც ამ რელიგიის მიმდევრები არიან და ცხინვალში არსებულ ეკლესიებს თავად უვლიან. ცხინვალის გარეთ ეკლესიები კი ძირითადად ქართულ სოფლებში იყო. ეს სოფლები კი მთლიანად განადგურებულია და შესაბამისად მათი მოვლა-პატრონობა ვითომ "სახელმწიფოს" აქვს საკუთარ თავზე აღებული, მაგრამ რესურსი არ გვაქვსო და მოვლით თავს არავინ იწუხებს, თუმცა შეგნებულად არავინ ანადგურებს. არც ტაძრების რუსულად გადაკეთება არ ხდება. ამ ხეობაში რუსული სამღვდელოების გააქტიურება არ შეინიშნება - ძირითადად, საბერძნეთის ერთ-ერთი განდგომილი ეპარქიის ფრთის ქვეშ არიან. ახალგორის ძეგლებთან სხვა მიდგომა აქვთ. იქ აქტიურობა საერთოდ არ აქვთ და იქ ქართველი სასულიერო პირები არიან. თირის მონასტერი გამონაკლისი აღმოჩნდა და საიდუმლოებით არის მოცული ბრძანების გამცემი პირი. როგორც ჩანს, ვიღაცამ გასცა გადალესვის ბრძანება, მაგრამ შემდეგ დე ფაქტო კულტურის სამინისტროს აღშფოთების გამო უკან დაიხიეს".

არეშიძის თქმით, დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხმამაღლა არავინ ბედავს იმის მტკიცებას, რომ იქ არსებული ქართული კუტლურის ძეგლები ქართული არ არის, თუმცა ნელ-ნელა ტენდენცია იქითკენ მიდის, რომ მალე აფხაზეთში - აფხაზურ და ოსეთში - ალანურ კულტურულ ძეგლებად მონათლონ ქართული ისტორიული ძეგლები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×