ქვეყანაში 20 000 არასამთავრობო ორგანიზაციაა და მათი რიცხვი ყოველწლიურად 1500 ერთეულით იზრდება
ელზა წიკლაური
14.07.2015

 საქართველოში 20 ათასზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციაა რეგისტრირებული. 3,7-მილიონიან ქვეყანაში ასეთი რაოდენობით არასამთავრობოების არსებობა ხშირად გამხდარა კრიტიკის ობიექტი, თუმცა მათი შექმნა არც ადრე და არც ახლა არ შეჩერებულა. მეტიც, თითქმის ყოველთვიურად რამდენიმე ახალი ა/ო-ს ფუძნდება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მარტო 2015 წლის 6 თვეში 752 არაკომერციული იურიდიული პირი დარეგისტრირდა.

სპეციალისტების ერთი ნაწილისთვის "ენჯეოების" არსებობა პრობლემა არაა, თუკი მათი საქმიანობა შედეგზეა ორიენტირებული. ცუდი ისაა, რომ მათი მოღვაწეობა უმრავლეს შემთხვევაში უშედეგოა და მხოლოდ გრანტების მიღებას უკავშირდება. ამასთან, ასეთ ორგანიზაციებში მოღვაწეობა ერთგვარი ტრამპლინია ჯერ დიდ ორგანიზაციებში გადასვლისთვის და შემდეგ პოლიტიკაში მოხვედრისთვის.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2010 წელს ქვეყანაში 989 არაკომერციული იურიდიული პირი დარეგისტრირდა (მათ შორის, 11 უცხოური არაკომერციული იურიდიული პირის ფილიალი), 2011-ში - 1 235 ა/ო, 2012-ში - 1188 (10 უცხოური ა/ო-ს ფილიალი) დარეგისტრირდა. 2013 წელს 1716 არაკომერციული იურიდიული პირი დარეგისტრირდა (12 უცხოური არაკომერციული იურიდიული პირის ფილიალი). 2014 წელს არასამთავრობოების რეგისტრაციის რაოდენობა ოდნავ შემცირდა და 1436 ერთეული შეადგინა. რაც შეეხება 2015 წელს, 6 თვეში უკვე 752 არაკომერციული იურიდიული პირი დარეგისტრირდა, მათგან 7 უცხოური არაკომერციული იურიდიული პირის ფილიალი.

არასამთავრობოებს კონკურენტები 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის არჩევნების შემდეგაც შეემატა. ისინი, ვინც არჩევნებამდე ხელისუფლების მაღალ ეშელონებში იყვნენ, არასამთავრობო სექტორში გადაინაცვლეს. ბოლო 6 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი არასათავმორობო ორგანიზაცია სწორედ არჩვნების შემდეგ წელს, 2013-ში დარეგისტრირდა (1716 ერთეული).

როგორც ამ ციფრებიდან ჩანს, საქართველოში ყოველწლიურად უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია რეგისტრირდება, რაც სპეციალისტების აზრით, კარგი სულაც არ არის.

მასობრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტის არჩილ გამზარდია თვლის, რომ ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი რაოდენობა სახელმწიფო სექტორის სისუსტეზე მეტყველებს. "ენჯეოებს" სურთ, რომ იმ სერვისების შექმნასა თუ მართვაში მიიღონ მონაწილეობა, რომელიც სახელმწიფოში ეფექტურად ვერ ხორციელდება:

"სწორედ ამ სამიზნე ჯგუფზე მუშაობას იღებს საკუთარ თავზე არასამთავრობო სექტორი. ისინი, სახელმწიფო სექტორთან ერთად, ცდილობენ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ამ ტიპის სერვისის დაკმაყოფილებას. ბუნებრივია, რომ იქ, სადაც ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რაღაცას ვერ აკეთებს სახელმწიფო", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" გამზარდიამ.

საქართველოში არასამთავრობოთა რაოდენობა არაადეკვატურად დიდია. ეს რამდენიმე მიზეზითაა გამოწვეული, მათ შორის, მთავარი ფინანსური ინტერესია.

"როდესაც დაფინანსების ინტერესი ჩნდება, ბუნებრივია, ისინი დეკლარირებულ მიზნებს ხშირად უფრო ფორმად იყენებენ, ვიდრე საქმეს აკეთებენ. გარდა ამისა, ჩვენთან პოლიტიკური პარტიების იმიჯი იმდენად შელახულია, რომ გარკვეული სუბიექტები ცდილობენ არასამთავრობო ორგანიზაციებში მოღვაწეობით საკუთარი თავი უკეთესებად წარმოაჩინონ.

დღეს ა/ო სექტორიდან მოსული წინა ხელისუფლება ცდილობს, რომ არასამთავრობო სივრცე გარკვეულ კათარზისად წარმოადგინოს და "ენჯეოების" წარმომადგენელთა სახით გამოჩნდეს ასპარესზე. ეს პოლიტიკური პროცესების მართვის ერთგვარ შირმად იქცა, რაც თავისთვად არასწორია. არასამთავრობო სექტორის ფუნქციაა სამოქალაქო საზოგადოებაში განსაკუთრებული როლის შეტანა როგორც ძალიან ლოკალურ, ასევე სამოქალაქო ცნობიერების საკითხში. ეს არ უნდა იყოს გამოყენებული იმისათვის, რომ ა/ო-ებმა თავი პოლიტიკის ნაწილად წარმოადგინონ", - განაცხადა გამზარდიამ.

რაც შეეხება მათი მხრიდან პოლიტიკურ საკითხებში ჩარევას, არჩილ გამზარდიას თქმით, ეს ქართული რეალობისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა.

"სახელმწიფო მართვაში უნდა მონაწილეობდეს ყველა, მაგრამ მართვაში ჩარევა, როგორც ამას ჩვენი "ენჯეოები" აკეთებენრ, არ უნდა ხდებოდეს. არჩევნებზე ყველა ვიღებთ გადაწყვეტილებას, ანუ სახელმწიფო მართვაში ვმონაწილეობთ, მაგრამ, როდესაც ვიღაც საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე მუშაობს, რათა მერე რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის ინტერესი შეასრულოს, ეს უკვე ჩარევაა. ჩვენთან არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიებია, რომლებსაც მხოლოდ ფორმალურად გააჩნიათ არასამთავრობოს სტატუსი", - დასძინა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას არჩილ გამზარდიამ.

ინტერნეტ-გამოცემა "ფორ.გე"-ს მთავარი რედაქტორი, ჟურნალისტი გია იაკობაშვილი ამბობს, რომ დღეს საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნა, ერთი მხრივ, ფულის იოლად შოვნის მეთოდს უკავშირდება, მეორე მხრივ კი, ასეთ ორგანიზაციაში მუშაობა ერთგვარი ტრამპლინია დიდ პოლიტიკაში მოსახვედრად.

"დღესდღეობით დაახლოებით 20 ათასამდე არასამთავრობო ორგანიზაციაა. მათგან უმეტესობა თითქმის აღარ ფუნქციობს, მაგრამ აქ საინტერესო ისაა, თუ რატომ ქმნიან ადამიანები არასამთავრობო ორგანიზაციებს. როგორც ჩანს, ქვეყანაში არსებულმა უმუშევრობამ, სოციალურმა ფონმა ადამიანებს უბიძგა, შემოსავლის იოლი წყარო იპოვონ. ჰგონიათ, რომ ა/ო-ს შექმნით ფულს მართლაც ადვილად იშოვიან.

ისინი ხედავენ, რომ ნებისმიერ საკითხზე, რომელიც საზოგადოებას აღელვებს და რაზეც მედია ამახვილებს ყურადღებას, კომენტარებს სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აკეთებენ. უცხოური დელეგაციები რომ ჩამოდიან, ისინიც სწორედ ამ ხალხს ხვდებიან.

არასამთავრობოების წევრები არ გამოირჩევიან არც ინტელექტით, არც პროფესიული გამოცდილებით და ამ დროს კი მათ საზოგადოებაში სერიოზული ადგილი უკავიათ, ჭკუას ეკითხებიან, მათ აზრს ითვალისწინებენ. ამასთან, მოგზაურობენ, გადაადგილდებიან კარგი მანქანებით, აქვთ კარგი შემოსავალი და სოციალური სტატუსი.

რიგითი ადამიანები მათ რომ უყურებენ, უჩნდებათ სურვილი, რომ მათაც მიაღწიონ წარმატებას და ქმნიან არასამთავრობო ორგანიზაციებს, რათა იშოვონ ფული. "ენჯეოები" რომ იდეის გარშემო იქმნებოდეს, არ გვეყოლებოდა ერთი და იგივე საკითხზე მომუშავე ასობით არასამთავრობო ორგანიზაცია. სრულიადაც არა! მათ უნდათ ცალკე შექმნან, თავად ერქვათ "თავმჯდომარეები" და ამ გზით გაიკაფონ გზა - ჯერ მედიაში გამოჩნდნენ, მერე დაირქვან ექსპერტები და საბოლოო ჯამში კი პოლიტიკაში გადაინაცვლონ", - განაცხადა გია იაკობაშვილმა.

მისი თქმით, "ნაცმოძრაობის" ძირითადი ბირთვი არასამთავრობო სექტორიდან მოვიდა, ასევე "ოცნების" ბევრი წარმომადგენელიც. ამიტომ ადამიანი, განსაკუთრებით ახალგაზრდა ფიქრობს - რატომ ვისწავლო ბევრი, რატომ ვიშრომო, რატომ ვიწვალო, რატომ უნდა დავკარგო ყოველივე ამაში დრო, როცა შემიძლია შევქმნა "ენ-ჯე-ო", ავიღო გრანტი და ვიყო კარგად.

"თუმცა ისინი სწორედ იმაში ცდებიან, რომ 20 ათასამდე არასამთავრობოდან ეკრანზე მხოლოდ 20 ადამიანს ვხედავთ, რომლებიც ერთდროულად საუბრობენ სოფლის მეურნეობაზე, ადამიანის უფლებებზე, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაზე, გარემოზე ზემოქმედების შეფასებაზე, რუსეთის მცოცავ ანექსიაზე, გენდერულ საკითხებზე, ცხოველთა უფლებებსა და ა.შ.

ახალგაზრდებს, რომლებიც არასამთავრობოებში მიდიან, რათა იოლი ფული იშოვონ, შემდეგ მადა ეზრდებათ. პოლიტიკა კი კიდევ უფრო იოლი საშუალებაა იმისათვის, რომ აკეთო არაფერი და გქონდეს ყველაფერი", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას გია იაკობაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×