ოთარ შავიშვილი პროფესორი
ბესარიონ კიწმარიშვილი პროფესორი
ტერმინები "დევალვაცია" და "ინფლაცია" ერთმანეთისაგან განსხვავდებიან იმით, რომ პირველი მათგანი ნიშნავს ეროვნული ვალუტის (ჩვენ შემთხვევაში ლარის) კურსის შემცირებას სხვა ქვეყნათა ვალუტების კურსთან შედარებით, მეორე - კი ფასების საერთო დონის გადიდებას ქვეყნის შიგნით.
ლარი მიმოქცევაშია 1995 წლის ოქტომბრიდან. თავდაპირველად მისი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში იყო - 1,25. მომდევნო წლებში, ეკონომიკის არამდგრადობის გამო, ლარმა ბევრჯერ განიცადა დევალვაცია.
მსოფლიო პრაქტიკაში არსებობს კონვენტირებადი (გაცვლის უნარის მქონე), ნაწილობრივ კონვერტირებადი და არაკონვერტირებადი ვალუტები. კონვერტირებად ვალუტას წარმოადგენს აშშ დოლარი და ევრო, ნაწილობრივ კონვერტირებადია იაპონური იენი. რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის ვალუტას (ლარს), იგი არაკონვერტირებადია. ეს ნიშნავს, რომ იგი სხვა ქვეყნების ვალუტებზე ნაკლებად იცვლება.
მივმართოდ ისტორიულ ექსკურსს: კომუნისტურ პერიოდში ყოფილი სსრ კავშირის ტერიტორიაზე (დედამიწის 1/6 ნაწილი) მოქმედებდა ერთიანი ვალუტა - მანეთი, რომლის ოფიციალური კურსი აღემატებოდა აშშ-ის დოლარის კურსს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წარმოიშვა ეროვნული ვალუტები. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში კი, პირიქით, ეროვნული ვალუტები გაუქმდა და ერთიანი ვალუტა - ევრო - შემოიღეს. მისი ძირითადი მიზანი იყო აშშ დოლარის კურსის წინააღმდეგ ბრძოლა.
საქართველოში 1993-95 წლებში მიმოიქცეოდა გარდამავალი ფულადი საშუალება - კუპონი, რომლის შემოღებაც იყო იძულებითი ღონისძიება, რადგანაც ყოფილი სსრ კავშირის ცენტრალური ბანკი აღარ გვამარაგებდა მანეთის ბანკნოტებით. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 1995 წლის ოქტომბრიდან ჩვენს ქვეყანაში მიმოიქცევა ეროვნული არაკონვერტირებადი ვალუტა - ლარი.
ბოლო პერიოდში ქართულ პრესაში გამოითქვა მოსაზრება ეროვნული ვალუტის გაუქმების შესახებ, რასაც კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით. ევროს სივრცეში მოხვედრა საქართველოში ფასებს კატასტროფულად გაზრდის, რაც ჩვენი მოსახლეობის ცხოვრების დონის მკვეთრ გაუარესებას გამოიწვევს.
მართალია, დედამიწაზე არ არსებობს ქვეყანა, სადაც აშშ დოლარი არ იყოს მიმოქცევაში, მაგრამ ეს იმის შედეგია, რომ აშშ-ის ეეკონომიკა მთელ მსოფლიოშია ფესვგადგმული. ბოლო პერიოდში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობით ჩინეთმა გაუსწრო ამერიკას, თუმცა ჩინეთის ეკონომიკა, ძირითადად, ვითარდება კრედიტების ხარჯზე. ამიტომ იგი ნაკლებად მდგრადია აშშ-ის ეკონომიკასთან შედარებით.
ბოლო პერიოდში აშშ დოლარის კურსმა ლარის კურსთან მიმართებით 2,30-ს გადააჭარბა. ამჟამად იგი 2,25-ის ფარგლებშია. ამას განაპირობებს ბევრი რამ, უპირველეს ყოვლისა ის, რომ საქართველოს ეკონომიკა არამდგრადია. ლარის კურსის ძირითადი მარეგულირებელი ორგანოა ეროვნული ბანკი. იგი დაკისრებულ ფუნქციას ახორციელებს ორი ბერკეტით:
1) საპროცენტო განაკვეთების რეგულირებით;
2) აშშ დოლარის მასის მიმოქცევაში რეგულირებით;
ბოლო პერიოდში საქართველოში მიმოქცეული დოლარის მასა შემცირდა, რაც განპირობებული იყო შემდეგი ფაქტორებით:
როგორც ცნობილია, საქართველოს მოსახლეობის აქტიური ნაწილი გასულია საზღვარგარეთ (2014 წლის მოსახლეობის აღწერით, 740 ათასი შრომისუნარიანი მოქალაქე). 740 ათასიდან ყველაზე მეტი იმყოფება რუსეთის ფედერაციაში, საიდანაც ისინი თავიანთ ნათესავებთან დიდი რაოდენობით აშშ დოლარს აგზავნიდნენ საქართველოში. 2014 წლის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციიდან, დაახლოებით, 700 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა.
2013-14 წლებში არსებული გლობალური ეკონომიკური კრიზისი საქართველოსაც შეეხო და შეაფერხა კონვენტირებადი ვალუტის - აშშ დოლარის - მობილიზება. დასავლეთ ევროპიდან და აშშ-დან გაცილებით ნაკლები ფული ირიცხებოდა საქართველოში, რამაც აქ დოლარისა და ევროს ბაზარი დააზარალა. ეროვნულმა ბანკმაც დააგვიანა რეაქცია. აშშ დოლარის მოცულობა ადგილობრივ ბაზარზე ვერ დაარეგულირა, რამაც გამოიწვია უცხოური ვალუტის "შიმშილი" და აქედან გამომდინარე, ლარის შემდგომი დევალვაცია.
საქართველოს ეკონომიკა ამჟამადაც იმყოფება კრიზისისა და დეპრესიის მდგომარეობაში. 1993 წლიდან მოყოლებული, ჩვენს ქვეყანაში არ არის დაძლეული დეპრესიული მდგომარეობა. ამიტომაც საჭიროა საგადასახადო განაკვეთების შემცირება და მისი შემდგომი ლიბერალიზაცია. მეტი სტიმული სჭირდება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. იმისათვის, რომ ლარის კურსი მომავალში მკვეთრად არ გაუფასურდეს, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ეკონომიკის გამოცოცხლება და მისი აღმავლობა.