საქართველოს ევროკავშირი იმედის თვალით უყურებს, ძალიან მნიშვნელოვანია, ხალხმა გაიგოს, რამხელა შანსი მიიღო საქართველომ და ქართველმა ხალხმა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით, აცხადებს გერნოტ ერლერი, გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან.
გერნოტ ერლერი, რომელიც რუსეთთან პოლიტიკაში გერმანიის სპეციალური კოორდინატორია, რამდენიმე დღით თბილისში იმყოფებოდა, სადაც ფრიდრიხ ებერტის ფონდის დაარსების მეოცე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო.
გამომდინარე გერმანელი პოლიტიკოსის დატვირთული გრაფიკიდან, "რეზონანსს" გერნოტ ერლერთან მხოლოდ მოკლე ინტერვიუს ჩაწერის შესაძლებლობა მიეცა.
"რეზონანსი": ორი სიტყვით, რას უკავშირება თქვენი ვიზიტი თბილისში?
გერნოტ ერლერი: ჩემს ვიზიტს საქართველოში აქვს როგორც მიზეზი, ისე მიზანი.
მიზანი ის არის, რომ ფრიდრიხ ებერტის ფონდს, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი მე ვიყავი, 20 წელი უსრულდება.
მიზეზი კი ისაა, რომ მინდა გავიგო მეტი საქართველოს შესახებ, რომელსაც შეეხო კონფლიქტი ევროკავშირსა და რუსეთს შორის, და მაინტერესებს, ამ კუთხით რა ვითარებაა.
რადგან საქართველო წარმოადგენს ძალიან დიდ იმედს ევროკავშირისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის იმ ქვეყნებთან ერთად, რომლებმაც ხელი მოაწერეს ასოცირების ხელშეკრულებას. ვგულისხმობ უკრაინიასა და მოლდოვას.
"რ": ახლახან დასრულდა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი რიგაში. საქართველოში ბევრი ამ სამიტის შედეგით, ცოტა არ იყოს, იმედგაცრუებული დარჩა. ქართველები მოელოდნენ ვიზალიბერალიზაციის კუთხით მკაფიო გზავნილს და შეიძლება კიდევ უფრო მეტადაც, საქართველოს ევროპული პერსპექტივის, ანუ მომავალში ევროკავშირის წევრობის ოფიციალურად აღიარებას. არც ერთი ეს მოლოდინი არ გამართლდა. ახლა კი კითხვა: საერთოდ ევროპული პერსპექტივა, ასე ვთქვათ, უპერსპექტივოა და ჩვენ მომავალში ამ მხრივ არაფერს უნდა ველოდოთ?
გ.ე: ძალიან მნიშვნელოვანია, ხალხმა გაიგოს, რამხელა შანსი მიიღო საქართველომ და ქართველმა ხალხმა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით. ეს არის გზა, რომელიც გაიარა ყველა იმ ქვეყანამ, რომელიც ევროპას დაუახლოვდა და მერე გახდა ევროკავშირის წევრი.
საქართველომ არ უნდა დააკნინოს ასოცირების მნიშვნელობა და არ უნდა ჩაიციკლოს ევროკავშირის წევრობაზე - როგორც იტყვიან, მეორე ნაბიჯი პირველის წინ არ უნდა გადავდგათ.
გერმანია, ისევე როგორც ევროკავშირის ყველა სხვა ქვეყანა, მზად არის, რომ დაუჭიროს მხარი საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების იმპლემენტაციაში.
რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის საკითხს, ამ მხრივ მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და იმედი მაქვს, რომ ექსპერტების შემდეგი ანგარიში დადებითი იქნება.
"რ": რაც შეეხება ნატოს, რომელიც კიდევ ერთი მტკივნეული საკითხია საქართველოში - აქ ბევრი მიიჩნევს, რომ გერმანია საქართველოს გაწევრიანების ამბიციების მიმართ სკეპტიკურად იყო განწყობილი და ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, კერძოდ უკრაინის კრიზისმა და "ახალი ცივი ომის" რიტორიკამ ხომ არ შეცვალა გერმანიის პოზიცია ამ მიმართულებით?
გ.ე: არაფერი არც უნდა შეცვლილიყო ჩვენს განწყობაში. ჩვენ (გერმანიას) ყოველთვის რეალისტური პოზიცია გვეკავა და ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვაღიარებთ ვერცერთი ქვეყნის ვეტოს უფლებას. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ბუქარესტისა და უელსის სამიტების გადაწყვეტილებებს, რაც ალიანსთან საქართველოს დაახლოებასა და თანამშრომლობის გაძლიერებას ითვალისწინებს. ჩვენი პოზიცია ამ მხრივ ცალსახაა და მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ამ გზაზე.
"რ": თქვენ რუსეთის ექსპერტი ბრძანდებით და ახლა გეკითხებით როგორც ექსპერტს, დაპირისპირება რუსეთსა და დასავლეთს შორის კიდევ უფრრო გაღრმავდება თუ სიტუაცია შემოტრიალდება და ურთიერთობები მეტ-ნაკლებად დათბება?
გ.ე: ჩვენ ახლა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ვართ და ის, თუ რომელი მიმართულებით განვითარდება პროცესები, რუსეთის ქცევაზეა დამოკიდებული.
რაც შეეხება მინსკის შეთანხმების შესრულებას, ამ მხრივ პრობლემები არსებობს ორივე - როგორც რუსული ასევე უკრაინული - მხრიდან.
როგორც მოგეხსენებათ, გერმანია, ისევე როგორც ევროკავშირის სხვა ქვეყნები, მხარს უჭერს ამ შეთანხმების შესრულებას და ზოგადად კონფლიქტის მოგვარების პოლიტიკურ და არა სამხედრო გზას.
თუ ეს შეთანხმება იქნება პუნქტობრივად შესრულებული, მაშინ შეიძლება ვილაპარაკოთ სანქციების ეტაპობრივად მოხსნაზე და უკვე შემდეგ ნდობის აღდგენაზე. ახლა, სამწუხაროდ, ნდობა დარღვეულია.