"მცირედი ინციდენტიც კი მოძრაობის შეწყვეტასა და დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ერთმანეთისგან გათიშვას ნიშნავს"
თაკო მათეშვილი
20.07.2015

 მილსადენის შემდეგ საფრთხე უკვე ცენტრალურ ავტომაგისტრალს ემუქრება, რომელიც დასავლეთ საქართველოს აღმოსავლეთთან აკავშირებს, რადგან ოკუპანტები მისგან უკვე სულ რაღაც 450 მეტრში არიან.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ამის თავიდან ასაცილებლად სათანადო ზომები სასწრაფოდ თუ არ გატარდება, რუსები ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებენ, ავტომაგისტრალს ხელში ჩაიგდებენ, რაც ქვეყნის მასშტაბით მოძრაობას საფრთხეს შეუქმნის, რომ აღარაფერი ვთქვათ სატრანზიტო გადაზიდვებზე.

შემდგომ კი მაგისტრალის სანაცვლოდ საქართველოს მთავრობას რამე სტრატეგიულ დათმობაზე წასვლას აიძულებენ.

მოგეხსენებათ, 10 ივლისს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. "საზღვრის" აღმნიშვნელი ბანერები უკანონოდ აღმართეს.

რუსმა "მესაზღვრეებმა" ცხინვალთან საოკუპაციო ხაზი კიდევ 1,5 კილომეტრით გადმოწიეს. ამ ადგილებში მოსახლეობას ნათესები აქვს. ისინი შიშობენ, რომ მოსავალს ვერ აიღებენ.

მათივე თქმით, ხალხი რუსმა მესაზღვრეებმა გააფრთხილეს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე გადააგილებისაგან თავი შეიკავონ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, მნიშვნელოვანია, რომ ორივე ტერიტორიის სიახლოვეს ბაქო-სუფსის მილსადენის გარკვეული სეგმენტები მდებარეობს და განხორციელებული უკანონო ქმედებით სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო კი საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს, სათანადო შეფასება მისცენ ნაბიჯს, რომელიც უსაფრთხოებისა და მშვიდობის წინააღმდეგაა მიმართული და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს უხეშად არღვევს."ჩვენ ამ საკითხს მთელი სიმწვავით დავაყენებთ გაეროში, ეუთოში, გამოვიყენებთ ყველა შესაბამის საერთაშორისო ბერკეტს იმისათვის, რომ რუსეთის პროვოკაცია უპასუხოდ არ დარჩეს. ამ მიზნით უკვე შედგა სატელეფონო საუბარი ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან", - განმარტავენ სამინისტროში.

ბაქო-სუფსის ნავთობსადენის შესახებ პირველი შეთანხმება აზერბაიჯანის მთავრობასა და ინვესტორებს შორის 1994 წელს გაფორმდა - მიზანი კასპიის ზღვიდან ნავთობის ექსპორტის დაწყება იყო.

მილსადენი 1999 წელს ამუშავდა, მთლიანი სიგრძე 833 კილომეტრია, აქედან 775 კილომეტრი 21 დიუმიანი დიამეტრის მილია. ნავთობსადენი სანგაჩალის ტერმინალიდან სუფსის ტერმინალამდეა გადაჭიმული, მილის 375 კილომეტრი საქართველოს ტერიტორიაზე გადის.

ნავთობსადენის ყველაზე დიდი აქციონერი ბრიტანული იზ-ია ("ბრითიშ პეტროლიუმი"). მილსადენის აქციებს ასევე ფლობენ აზერბაიჯანული ნავთობის საერთაშორისო კომპანია, ამერიკული "შევრონი" და "ექსონმობილი", იაპონური "ინპექსი" და "იტოჩუ", ნორვეგიული "სტატოილი", თურქული "თურქიშ პეტროლიუმი" და ინდური ნავთობისა და გაზის კორპორაცია.

ბაქო-სუფსას ნავთობსადენით დღეში საშუალოდ, 145 000 ბარელი ნავთობის გადაქაჩვა შეიძლება. სუფსის ტერმინალში განლაგებულია 160 000 კუბური მეტრის მოცულობის ოთხი რეზერვუარი, ექვსი საქაჩი და ორი წნევის მარეგულირებელი სადგური.

მილსადენის ზემოხსენებული ნაწილი ოკუპაციის ქვეშ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მოექცა, თუმცა ბოლო 7 წლის განმავლობაში ოკუპანტები სულ უფრო მეტ ტერიტორიას ეტაპობრივად იკავებენ. ამჯერად კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ოკუპაციის ქვეშ სოფელ ორჭოსანისა და სოფელ წითელუბნის დამატებითი ტერიტორიები მოექცა. სწორედ აქ გადის დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენი.

მაშინ "რეზონანსი" შეეცადა გაერკვია, თუ რამდენადაა მილსადენის უსაფრთხოება ასეთ შემთხვევაში დაცული და რა შეიძლება დაემუქროს მას. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებმა განგვიმარტეს, რომ უსაფრთხოების გარანტიები არ არსებობს და ყველაფერი მხოლოდ რუსების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

"მათი კეთილი ნება რა არის, ეს ქართველებმა კარგად ვიცით. გაფუჭებას თუ მოინდომებენ, გააფუჭებენ, თუ არ მოინდომებენ - არ გააფუჭებენ. უსაფრთხოების არანაირი გარანტია არ არსებობს. ღმერთმა უწყის, როდის გამოაცხადებენ რუსები, რომ ეს მილსადენი მათი უსაფრთხოების წინააღმდეგაა მიმართული. ადგებიან და მარტივად გადაკეტავენ", - გვითხრა გასულ კვირაში პოლიტოლოგმა თორნიკე შარაშენიძემ.

ხელისუფლებაში კი ალტერნატიულ მილსადენზე ალაპარაკდნენ და განაცხადეს, რომ საქართველო მზად არის, დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის მარშრუტი შეცვალოს.

საქართველოს მთავრობა არ გამორიცხავს, რომ დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის 1605 მეტრი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული, რუსეთმა შანტაჟის იარაღად გამოიყენოს და სიტუაციის გართულების შემთხვევაში ალტერნატიული მარშრუტის მშენებლობა აქვს გადაწყვეტილი.

"2008 წლის ომის შემდეგ მილსადენის ამ 1605 მეტრიან მონაკვეთზე ბრიტიშ პეტრიოლიუმი ვერ ახერხებს შემოვლით საქმიანობას და კონტროლს. ამ კონკრეტულ მონაკვეთს მხოლოდ სატელიტიდან აკვირდებიან.

"ანუ, ეს პრობლემა დღეს და გუშინ არ დაწყებულა, ეს 2008 წლიდან არსებობს. თუმცა, დღემდე მილსადენს არანაირი შეფერხება არ ჰქონია, ის ჩვეულებრივად მუშაობს. მისი მეშვეობით დაახლოებით, 5 მილიონი ტონა ნავთობი გაედინება და საქართველო ყოველწლიურად 7 მილიონი დოლარის ოდენობის შემოსავალს იღებს. იმ შემთხვევაში, თუ რამე კონკრეტული პრობლემები იქნება, ჩვენ უკვე გამზადებული გვაქვს ალტერნატიული მარშრუტის პროექტი, რომლის განხორციელებაც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს", - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.

მილსადენის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცევა ქვეყნის უსაფრთხოებისა და იმიჯისათვის უდიდესი პრობლემა რომაა, ამაზე სპეციალისტები მთელი კვირაა საუბრობენ, თუმცა "მთელ კვირასთან" ახლა უკვე უფრო დიდ პრობლემაზე ალაპარაკდნენ, რომელიც ქვეყანას, სავარაუდოდ, ახლო მომავალში ელის წინ. მილსადენის "წართმევაზე" დიდი პრობლემა ცენტრალური ავტომაგისტრალის ხელში ჩაგდებაა, რომელიც ოკუპანტებისაგან სულ რაღაც 450 მეტრში გადის.

"საქართველოს ევროპელი დემოკრატების" ლიდერი და აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე პაატა დავითაია ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ საფრთხეების შესახებ, რომლებიც მილსადენს ემუქრებოდა, ხელისუფლება არაერთხელ გაუფრთხილებია. მისი თქმით, ამაზე განცხადებებს ორი წლის უწინაც აკეთებდა, მაგრამ ხელისუფლებას რეაგირება არ მოუხდენია.

ამბობს, რომ პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2012 წელს ამ ტერიტორიაზე სპეცდანიშნულების რაზმების ბლოკ-პოსტები მოხსნეს.

"2008 წლიდან მთელ პერიმეტრზე სპეცდანიშნულების რაზმები იდგა. 2012 წელს ისინი მოხსნეს და ჩვეულებრივი პატრულირება დაიწყეს. აი სწორედ მას შემდეგ დაიწყო მცოცავი ანექსია.

"2008-დან 2012 წლამდე ამ კონფლიქტის ზონაში უფრო მეტი პოლიციელია დაღუპული, ვიდრე თავად საბრძოლო მოქმედებების დროს. ეს პოლიციელები იმის გამო იღუპებოდნენ, რომ თავისი სიცოცხლის ფასად ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას იცავდნენ. "საზღვრის" გადმოწევას არ ანებებდნენ.

"2012 წლის შემდგომ კი ბლოკპოსტები მოიხსნა და ტერიტორია დაუცველი დარჩა. გაუკონტროლებელ ტერიტორიაზე კი მეზობელი მეზობელს უწევს ღობეს და მტრისგან რას უნდა ელოდო. მათაც დაიწყეს საოკუპაციო ხაზის გადმოწევა ხან 3 კილომეტრით, ხან ხუთი კილომეტრით და ა.შ. მაშინვე ვთქვი, რომ ნავთობსადენის ხელში ჩასაგდებად ემზადებოდნენ და სასწრაფო ზომები იყო მისაღები, მაგრამ ყურადღება არავინ მიაქცია", - ამბობს დავითაია.

შემდგომი ნაბიჯი კი, დავითაიას თქმით, უკვე ავტომაგისტრალის ხელში ჩაგდებაა. დარწმუნებულია, რომ ამ შანსს ხელიდან არავინ გაუშვებს.

"როცა კომისიის თავმჯდომარე ვიყავი, მქონდა ინფორმაცია, რომ მათ ჰქონდათ 60-იანი წლების რუკა, რომლის მიხედვითად საზღვარი ავტომაგისტრალს სცილდებოდა. 60-იან წლებში ეს საზღვარი შეიცვალა, მაგრამ ისინი ისევ იმ რუკით ხელმძღვანელობენ.

"თუ გახსოვთ, 2008 წელს, როცა ისინი ავტომაგისტრალიდან გავიდნენ, ბოლო ბლოკ-პოსტი სწორედ ორჭოსანთან დატოვეს. ისინი იქიდან გასვლას საერთოდ არ აპირებდნენ, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის შედეგად იძულებულები გახდნენ დაეხიათ.

"დღეს უკვე საქართველოში არის ხელისუფლება, რომელიც არაფერს აკონტროლებს, არანაირ წინააღმდეგობას არ უწევს და მაშინ, როცა საოკუპაციო ზოლების გადმოწევა მიმდინარეობს, ქვეყნის პრეზიდენტი ყაზბეგში ისვენებს. ამით კი რუსები სარგებლობენ და მათ ავტომაგისტრალი ავტომატის ჯერის დაფარვის ზონაში მოაქციეს.

"ამ გზაზე სულ მოძრაობაა და ნებისმიერ წუთას შეიძლება ვიღაც გიჟმა რუსმა ჯარისკაცმა გაისროლოს და ხალხი ჩაცხრილოს, მიმოსვლა მაშინვე შეწყდება. მერე რუსები ჩადგებიან მაგისტრალზე და იტყვიან, რომ სიტუაციას გააკონტროლებენ. ასე დამთავრდება ყველაფერი.

"რა თქმა უნდა, სატრანზიტო ქვეყანა თავის ფუნქციას კარგავს. იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებამ დაცვითი ღონისძიებები განახორციელოს და ბლოკპოსტები დააყენოს, არაფერს აკეთებს და მხოლოდ იმაზე ზრუნავს, რომ ისინი არ გააღიზიანოს. ამით კი ტერიტორიებს ვკარგავთ", - ამბობს დავითაია.

იგი ვარაუდობს, რომ მაგისტრალს, სავარაუდოდ, ახალ წლამდე დავკარგავთ და მას რუსები ზეწოლის მექანიზმად გამოიყენებენ. მოლაპარაკებებს დაიწყებენ და ბლოკპოსტის მოშლის სანაცვლოდ მთავრობას რაღაც სტრატეგიულს დაათმობინებენ - "ზაქარეიშვილი და მისთანანი კი ამას დიდ წარმატებად შემოგვასაღებენ", - ამბობს ის.

კითხვაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მოვლენები ასე არ განვითარდეს, დავითაია გვპასუხობს, რომ პირველ რიგში ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე სასწრაფოდ სპეცდანიშნულების რაზმები უნდა განლაგდნენ, რათა ტრასა დაცული იყოს. გარდა ამისა, მიიჩნევს, რომ ნავთობსადენი არ უნდა გადაიტანონ, რადგან ამას აზრი არ აქვს და ეს დათმობასა და აღიარებას ნიშნავს.

აღნიშნულ მოსაზრებას ვახტანგ მაისაიაც იზიარებს და ამბობს, რომ ალტერნატიული მილსადენის გაყვანა გამოსავალი არ არის. მისი თქმით, ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესია და გარდა წმინდა სამშენებლო და ტექნიკური სირთულეებისა, იურიდიულ, სამართლებრივ და ეკონომიკურ პრობლემებსაც მოიცავს. შესაბამისად, ალტერნატიულ მილსადენზე საუბარს დილეტანტობად მიიჩნევს.

"არ ვიცი, ვის აწყნარებენ ამით. თანაც, როცა ალტერნატიული მილსადენის გაყვანაზე საუბრობ, გამოდის, რომ შენ უკვე იმ მილსადენზე ხელი ჩაიქნიე და სხვებს გადაულოცე", - აცხადებს ის.

მაგისტრალთან დაკავშირებულ რისკებზე ყურადღებას ისიც ამახვილებს და ამბობს, რომ საფრთხე, რომელიც მას ემუქრებოდა, ჯერ კიდევ რამდენიმე თვით ადრე იყო განჭვრეტადი.

"ბუნებრივია, მაგისტრალი რუსებისათვის სახმელეთო სატრანზიტო საშუალებაა და მისი მეშვეობით სამხედრო მიზნები განხორციელდება. შესაძლებელია სამხედრო შეიარაღების გადაზიდვა ჯერ სომხეთში, მერე კი უკვე ირანსა და სირიაში. შემთხვევითი არაა ისიც, რომ კარასინი-აბაშიძის ბოლო შეხვედრაზეც კარასინმა კვლავ აფხაზეთის რკინიგზაზე გაამახვილა ყურადღება.

"ხელისუფლებას ამის საწინააღმდეგოდ ნაბიჯები აქამდეც უნდა გადაედგა, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ალბათ უკვე დროა, ჩვენი შეიარაღებული ძალების პოტენციალი წარმოაჩინონ. ჩვენი ტერიტორიის დაცვა, სადაც ჯერ კიდევ ჩვენი იურისდიქცია ვრცელდება, აუცილებელია.

"ამ მონაკვეთის დაცვის მიზნით სტაციონარული ბლოკ-პოსტები უნდა შეიქმნას, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების ნაწილები განთავსდებიან. ოღონდ ევროკავშირის სამხედრო სადამკვირვებლო მისიის ძალიან ინტენსიური მეთვალყურეობით, რომლებიც მუდმივმოქმედ მონიტორინგს განახორციელებენ.

"ეს იმისთვისაა საჭირო, რომ რუსმა სამხედროებმა ჩვენი სამხედროების წინააღმდეგ რამე შეიარაღებული ძალადობა არ განახორციელონ. ეს პროცესი როგორმე უნდა შევაკაოთ და რუსებს არ უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ გორი-თბილისის ცენტრალური მაგისტრალი დაიკავონ", - აცხადებს მაისაია.

მისი თქმით, ბლოკპოსტები დროულადაა გასაკეთებელი. დარწმუნებულია, რომ ეს რუსებს ცინიკურ საქციელზე ხელს ააღებინებს და მცოცავ ოკუპაციას შეაჩერებს. მითუმეტეს, თუ ამაში საერთაშორისო საზოგადოებაც ჩაერთვება ევროკავშირისა და ეუთოს მისიების სახით.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ექსპერტი იმ სცენარზე საუბრობს, რაც დიდი ალბათობით, მაგისტრალთან განვითარდება. იქ მცირედი ინციდენტის მოხდენაც კი, მაისაიას მტკიცებით, მოძრაობის შეწყვეტას და დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ერთმანეთისგან გათიშვას ნიშნავს.

ამის შემდეგ კი, დარწმუნებულია, რომ მაგისტრალი ვაჭრობის საგანი გახდება და მის სანაცვლოდ აუცილებლად რამეს მოითხოვენ.

"ასეთი ხერხი აპრობირებულია და როგორც ჩანს, რუსებიც ასეთი ტაქტიკის გამოყენებას აპირებენ. რა თქმა უნდა, ცდილობენ ხელში ჩაიგდონ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და ბაქო-თვილისი-სუფსას ნავთობსადენების მონაკვეთები. ეს უკანასკნელი, ფაქტობრივად ჩაიგდეს უკვე, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მილსადენის 600 მეტრიანი მონაკვეთი მოექცა და 600 მეტრი სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ მილსადენი გადაკეტილად ჩაითვალოს", - აღნიშნავს მაისია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×