"ანზორ ჩუბინიძე კარგი ვარიანტია, რადგანაც ის არ არის შემჩნეული პოლიტიკურ თამაშებში"
თიკო ოსმანოვა
21.07.2015

 "შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვიდან იქნება", - ასეთია პოლიტოლოგების ვარაუდი. პრემიერ-მინისტრი პარლამენტს ახალ მინისტრს 2 დღეში წარუდგენს და სავარაუდოდ, ეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე იქნება. რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას, ამ პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილმა ვახტანგ გომელაური დანიშნა.

"რამდენიმე კანდიდატურაზეა საუბარია, მათ შორის დაცვის სამსახურის უფროსზე. სხვათა შორის ვიცნობ და ძალიან კარგი პიროვნებაა, მივასალმებოდი მის დანიშვნას. ასევე იყო საუბარი გიგლა აგულაშვილზე, ისიც ძალიან კარგი, წარმატებული პიროვნებაა, მაგრამ რომელს წარადგენს ღარიბაშვილი, არ ვიცი.

"დანარჩენი კანდიდატურების შესახებ არ მსმენია, თუმცა ალბათ მიმდინარეობს ამ საკითხზე მსჯელობა. ვფიქრობ, გამოჩნდება ღირსეული ადამიანი, ვინც გაუმკლავდება იმ გამოწვევებს, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას. გომელაურის კანდიდატურასაც ვუჭერთ მხარს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე.

შეგახსენებთ, რომ სამთავრობო ცვლილებები შს სამინისტროს გაყოფის შედეგად განხორციელდა.

კანონის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თანამდებობაზე 6 წლის ვადით ირჩევა და მას პარლამენტი პრემიერის წარდგენის შემდეგ ამტკიცებს. ვახტანგ გომელაურის კანდიდატურა პარლამენტში უკვე შევიდა და სავარაუდოდ, დეპუტატების უმრავლესობა მხარს დაუჭერს. მხარდამჭერები ჰყავს ანზორ ჩუბინიძის კანდიდატურასაც, თუმცა ღარიბაშვილი ამას ოფიციალურად 2 დღეში დაასახელებს.

"ვახტანგ გომელაური არის უაღრესად პრინციპული, სამართლიანი ადამიანი და მჯერა, რომ წარმატებით უხელმძღვანელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ვახტანგ გომელაურის დასახელების დროს განაცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნება" ხალხს დაჰპირდა, რომ შსს იქნებოდა დემოკრატიული, დასავლურ სტადანდარტებზე დაფუძნებული სტრუქტურა.

"ჩვენ დავიწყეთ შსს-ს რეფორმირება, გავხადეთ სისტემა დეპოლიტიზებული და დღეიდან უკვე ვმიჯნავთ უსაფრთხოების სამსახურებს. სწორედ ამ გადაწყვეტილებით, ჩვენმა კოალიციამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ ერთგული ჩვენი დანაპირების. "მე დღეს წარმოგიდგენთ ახლადშექმნილი უსაფრთხოების სამსახურის უფროს ვახტანგ გომელაურს. წელს უკვე ორჯერ მომიწია მისი წარდგენა. ვახო არის უაღრესად პატიოსანი, წესიერი ადამიანი, აქვს კარგი მენეჯერული თვისებები, მე მას 12 წელია ვიცნობ, მასთან მომიწია მუშაობა 3 წლის განმავლობაში.

"მინდა მადლობა გადავუხადო მას გაწეული სამსახურისთვის, რომელიც მან შეასრულა თავისი ქვეყნის და ხალხის წინაშე. ის არის უარღესად პრინციპული და სამართლიანი ადამიანი და მჯერა, რომ წარმატებით უხელმძღვანელებს სამსახურს. ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ უწყებამ, რაც მთავარია, ჩვენს მოქალაქეებში დიდი ნდობა მოიპოვოს.

"ვახო არის ადამიანი, რომელიც იმსახურებს ჩვენი საზოგადოების ნდობას. მან დაამტკიცა, რომ ბოლო პერიოდში ყველაზე რთულ სისტემას უხელმძღვანელა.

მინდა მას ვუსურვო წარმატებები და მჯერა, რომ ის იქნება წარმატებული სამსახურის უფროსი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება ვაკანტურ თანამდებობას, პოლიტოლოგების აზრით, ეს ადამიანი ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვიდან შეირჩევა.

ყოფილი პრემიერის ექს-მრჩეველ გია ხუხაშვილის თქმით, შსს-ს ახალი მინისტრი არ უნდა იყოს პოლიტიკური ფიგურა, შესაბამისად, იგი ჩუბინიძის კანდიდატურას მიესალმება.

"ვფიქრობ, ეს არის სწორი გადაწყვეტილება იმ პოლიტიკურ რეალობაში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. საზოგადოების მოთხოვნა გომელაურის ტიპის ადამიანებზე დიდია. ასე რომ, ღარიბაშვილის ეს გადაწყვეტილება სწორია. იგი გახლავთ გაწონასწორებული და მან ეს მინისტრის პოსტზე ყოფნის დროს დაამტკიცა. მისი წინამორბედებისგან განსხვავებით, არ გამოირჩეოდა საეჭვო და არაკომპეტენტური განცხადებებით.

"რაც შეეხება შს მინისტრს, არ მინდა კანდიდატურებზე საუბარი, უბრალოდ წინასწარი მოლოდინიდან გამომდინარე, ორ ძირითად პრინციპზე ვილაპარაკებ. პირველი უშიშროების სამსახურისგან განსხვავებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ეს არის საკმაოდ დიდი მაშსტაბური ორგანიზაცია, რომელსაც აქვს პირდაპირი კომუნიკაცია საზოგადოებასთან - შესაბამისად, ახალი მახასიათებელი ახალი მინისტრის უნდა იყოს ჰუმანურობა, კანონმორჩილება, წესიერება და იმის უნარი, რომ მუდმივ კომუნიკაციაში იყოს საზოგადოებასთან და მის ცალკეულ წარმომადგენლებთან.

"მეორე, იგი უნდა იყოს პოლიტიკური ფიგურა, უნდა ჰქონდეს ცნობადობა, მაგრამ ის არ უნდა ასოცირდებოდეს კოალიაციაში შემავალ რომელიმე პარტიასთან. პარტიული ნიშნით დღეს მინისტრის დანიშვნამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული რყევები და დაარღვიოს სახელისუფლებლო ბალანსი.

"რესპუბლიკური" პარტიის ლეგიტიმაცია საზოგადოებაში არის მინიმალური და ასეთი დიდი ძალაუფლების მისთვის მინიჭება არ გამოიწვევს დადებით ემოციას.

"ანზორ ჩუბინიძე არის კარგი ვარიანტი, იმიტომ, რომ იგი არ არის შემჩნეული სხვადასხვა ტიპის პოლიტიკურ თამაშებში. არის აგრეთვე წესიერი ადამიანი, რომელიც იწვევს გარკვეულ ნდობას. არასდროს გაუკეთებია ხმამაღალი პოლიტიკური განცხადებები. კარგი ტექნიკური მინისტრი იქნება.

"მას აქვს აგრეთვე მენეჯერული გამოცდილება, იმიტომ, რომ შს სამინისტროში სახელმწიფო დაცვის სამსახური არის ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი სტრუქტურა. ასე რომ, მის დანიშვნას მივესალმები", - უთხრა "რეზონანსს" ხუხაშვილმა.

დიპლომატიური აკადემიის რექტორის სოსო ცინცაძის აზრით, ჩუბინიძის დანიშვნით კიდევ ერთხელ დამტკიცდება, რომ მთვარობაში მინისტრებს ივანიშვილი ნიშნავს.

"ჩუბინიძის დანიშვნის შემთხვევაში, კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ მინისტრებს მთავრობაში ივანიშვილი ნიშნავს. თავდაცვის მინისტრის პოსტი ივანიშვილისთვის არ არის საინტერესო, რადგან სახელმწიფოს ხერხემალი ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში შსს-ია.

"დემოკრატიულ ქვეყნებში კი პირიქითაა, გავლენიან მინისტრად შსს, თავდაცვა და უსაფრთხოება არ მიიჩნევა. ეს სამინისტროები არავის არ უნდა, იქ უფრო ფინანსთა და იუსტიციის მინისტრები უნდათ, რომლებიც ჩანან. მაგალითად, საბჭოთა კავშირის დროს ყველა მინისტრის ხელფასი 300 მანეთი იყო, ფინანსთა მინისტრის კი 900 მანეთი.

"სხვათა შორის ირაკლი ალასანიას ოცნება იყო შს მინისტრობა. მისი წინასაარჩევნო განცხადებებიც ამასთან იყო დაკავშირებული. მას უკვე თავის პროგრამა ჰქონდა. ამიტომ საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ შეთანხმებაც თავდაპირველად ასეთი იყო, რომ ალასანია უნდა ყოფილიყო შს მინისტრი.

"მაგრამ გადამწყვეტ მომენტში, როგორც ჩანს, ივანიშვილი ბოლომდე არ ენდო ალასანიას. დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ პირველმა "შავმა კატამ" ივანიშვილსა და ალასანიას შორის მაშინ გაიარა, როცა ივანიშვილმა შს მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.

"ივანიშვილი უცხოს არ ენდობა, ამიტომ ეს ორი მინისტრი გომელაური და ჩუბინიძე, ან ვინმე სხვა იქნება მისი ძალიან ახლო გარემოცვიდან.

"ღარიბაშვილს არაფერი არ ემუქრება, სანამ მას ივანიშვილი კარგი თვალით უყურებს - გარემოცვა კი იმიტომ გამოაცალა, რომ უფრო ერთგული იყოს. ალტერნატივა და არავის იმედი არ უნდა ჰქონდეს. ასეთია ქვეყნის პოლიტიკა, სადაც დემოკრატია ჯერ არ შემდგარა. და ეს არ არის ივანიშვილის გამოგონილი", - გვითხრა ცინცაძემ.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ანზორ ჩუბინიძის კანდიდატურა მაშინაც მოიაზრებოდა, როცა ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერის პოსტი დაიკავა და შს მინისტრის თანამდებობა დატოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×