"უკრაინის პარალელურად საქართველო რუსეთისთვის მეორე ფრონტის ხაზი იმ შემთხვევაში გახდება თუ ის დაინახავს, რომ საქართველოს ხელისუფლებას, სპეცსამსახურებსა და შეიარაღებულ ძალებს რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის საშუალება არ ექნებათ", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე რუსეთის მხრიდან საქართველოში დაძაბულობის ახალი წერტილის შესაძლო გახსნასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, კრემლს სომხეთთან ინტენსიური კომუნიკაცია სჭირდება, ამისათვის კი უკრაინის პარალელურად საქართველოში დაძაბულობის ახალი წერტილის გახსნას არ მოერიდება: "მითუმეტეს მას შემდეგ, რაც საერთაშორისო საზოგადოების სანქციების არასაკმარისი აქტიურობის გამო, რუსეთს ყირიმი "შერჩა" და ამისათვის საკმარისი სასჯელი არ მიუღია.
"მას შემდეგ, რაც ირანს სანქციები მოეხსნა, რუსეთს მითუმეტეს სჭირდება თავის სტრატეგიულ მოკავშირე სომხეთთან უფრო ხშირი კომუნიკაცია, ამიტომ მოსალოდნელია რუსეთმა სომხეთზე სახმელეთო, დერეფანი გაჭრას და ამისათვის საქართველოზე უფრო აქტიური ზეწოლა განახორციელოს.
"ასევე, გამორიცხული არ არის, რომ რუსეთმა გამოგონილი მიზნით დაიწყოს ინტერვენცია, რითაც სომხეთს ცხინვალიდან ბორჯომისა და ჯავახეთის გავლით დაუკავშირდება.
"არის იმის წინაპირობა, რომ რუსეთმა საქართველოში იგივე გაიმეოროს, რაც უკრაინაში განახორციელა, თუნდაც იმიტომ, რომ ძალიან კარგად ვხედავთ რუსეთის აგენტურისა და მისი პროპაგანდისტური მედიასაშუალების გააქტიურებას, ეს იმის მსგავსი მოვლენებია, რაც ყირიმის ანექსიას უძღოდა წინ", - ამბობს ალეკო კვახაძე.
მისივე თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში დადგა საკითხი, რომ საქართველოსა და უკრაინას შეიარაღება მიეწოდოს, თუმცა როგორც ის ამბობს, საქართველოს შემთხვევაში უფრო მეტი წინაპირობა არსებობს.
"ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებასა და იგივე ირაკლი ალასანიას დროსაც თავდაცვის სამინისტრო სხვადასხვა თავდაცვითი იარაღის მოწოდებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას აწარმოებდა, მაშინ როცა უკრაინამ დასავლეთთან დაახლოების და მოლაპარაკების პროცესი მხოლოდ მაიდნის შემდეგ დაიწყო, ამ შემთხვევაში საქართველოს უფრო მეტი წინაპირობა გააჩნია.
"2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის ზეწოლით საერთაშორისო საზოგადოებამ, განსაკუთრებით ძლიერი სამხედრო წარმოების მქონე სახელმწიფოებმა საქართველოს არაოფიციალური ემბარგო დაადო. საქართველო შეიარაღების, განსაკუთრებით ანტისაჰაერო საშუალებების ყიდვას ვერ ახერხებდა და ჩვენი ქვეყანა იძულებული გახდა საკუთარი სამხედრო წარმოება განევითარებინა.
"მაგრამ მას შემდეგ, რაც საერთაშორისო საზოგადოება ევროპის შუაგულში, კერძოდ უკრაინაში, რუსეთის აგრესიის წინაშე დადგა, ბუნებრივია, დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში დადგა საკითხი, რომ საქართველოსა და უკრაინას მიეწოდოს შეიარაღება.
"აქვე უნდა განვსაზღვროთ, თუ რა სახის შეიარაღება იგულისხმება, როცა ვსაუბრობთ დასავლეთის მხრიდან იარაღის მოწოდებაზე, რადგან უკრაინას სასიცოცხლო მნიშვნელობის იარაღი, ანუ ანტისაჰაერო და ანტისატანკო შეიარაღება არ მიუღია", - ამბობს ალეკო კვახაძე.
ჟურნალ "არსენალის" რედაქტორის ირაკლი ალადაშვილის თქმით, იმის გამო, რომ საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით რუსეთისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, ეს უკანასკნელი აგრესიული პოლიტიკის გატარებას უფრო გააძლიერებს.
"არა მარტო საქართველო, არამედ რუსეთის მოსაზღვრე ყველა სახელმწიფო, რომელიც ევრაზიულ კავშირში არ არის, რუსეთისთვის ფრონტის ხაზია. როდესაც რუსული იმპერია თავის აგრესიულ პოლიტიკას თავშეუკავებლად გამოხატავს, წინა ხაზზე ყოველთვის მეზობელი ქვეყნები აღმოჩნდებიან.
"პუტინმა ღიად განაცხადა, რომ 2015 წელს ახალი ე.წ. ევრაზიული კავშირის შექმნას აპირებს და ამ უკანასკნელში ყველა ყოფილი საბჭოთა რესბუპლიკა მოიაზრება. ამას თუ დავუმატებთ საქართველოს გეოპოლიტიკურ ადგილმდებარეობას, ეს უკანასკნელი რუსეთისთვის მნიშვნელოვანია.
"რუსეთის ეკონომიკის 80% ენერგომატარებლებიდან მიღებულ შემოსავლებზეა დამოკიდებული, სწორედ ამიტომ უნდა რუსეთს საქართველოს გზის გაკონტროლება, რომ დასავლეთს ალტერნატიული ენერგომატარებლის მიწოდების საშუალება არ ჰქონდეს, ამიტომ რუსეთი გახსნილ აგრესიასაც არ მალავს", - ამბობს ირაკლი ალადაშვილი.
მისი თქმით, რუსეთის მხრიდან ამ ეტაპზე ომის განახლების საშიშროება არ არსებობს, თუმცა საზღვრის გადმოწევით და მსგავსი პროვოკაციებით ცდილობს თავისი მიზნის მიღწევას.
"იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, დაძაბულობა უკვე არსებობს, თუმცა ჩემი აზრით, ამ ეტაპზე რუსეთს ომის განახლება არ სჭირდება, რადგან თავის მიზნებს ომის გარეშე, ყოველდღიურად ახორციელებს.
"ამის ფონზე საქართველოს მთავრობამ პრინციპულობა უნდა გამოიჩინოს და რუსეთის შეჩერება საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით უნდა მოახდინოს.
"რაც შეეხება დასავლეთისგან იარაღის მოწოდების მოლოდინს, ამის შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ სანამ საერთაშორისო თანამეგობრობა მობილიზებას მოახდენს, საქართველომ გარკვეული დროით მტრის შეკავება და თავის დაცვა უნდა მოახერხოს, რადგან სხვა არჩევანი არ გვაქვს", - ამბობს ირაკლი ალადაშვილი.