"ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი პრეზიდენტი არის ჭეშმარიტად "ნაციონალური" პრეზიდენტი" - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტის შეწყალების აქტს.
ცნობისათვის, პრეზიდენტმა ხუთშაბათს 98 პატიმარი შეიწყალა, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" წევრის აკაკი ბობოხიძის ძმა და პრემიერის გაღიზიანება სწორედ ამას მოჰყვა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებას განცხადებითვე გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი მსგავსი საკითხების გადაწყვეტის დროს პარტიული ნიშნით არ მოქმედებს.
როგორ განვითარდება მოვლენები და რამდენად შორს წავა პრემიერსა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირება - ამის შესახებ "რეზონანსი" ექსპერტ გია ხუხაშვილს ესაუბრა.
გია ხუხაშვილი: სამწუხაროა, რომ ურთიერთბრალდებების მოსმენა გვიწევს, მაგრამ ეს დაპირისპირება ახალი არ არის. ამ პოლემიკას დიდი ხანია ვუყურებთ, ასეთი რეალობა გვაქვს, ასეთია მოცემულობა და ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ.
რაც ახლა მოხდა, ეს პრეზიდენტის პრობლემა არ არის, ეს პირველ რიგში პრემიერის პრობლემაა. იმიტომ, რომ შეწყალების აქტი არ გულისხმობს პოლიტიკურ შეხედულებებს.
სამწუხარო, იცით, რა არის - რომ შინაარსზე კი არ არის საუბარი, ეს პიროვნება იმსახურებდა თუ არა შეწყალებას, აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ის არის ვიღაცის ძმა, თუნდაც ძალიან მიუღებელის. ეს არის იმის დადასტურება, რომ პრემიერს, როგორც ჩანს, ინსტიტუციებზე და კანონზე კი არ აქვს ორიენტაცია, ორიენტაცია აქვს სუბიექტურ აღქმაზე - ნათესაობაზე, ძმობაზე, პოლიტიკურ შეხედულებებზე. ასე რომც იფიქროს, არ უნდა თქვას, იმიტომ, რომ ეს პირველ რიგში მას აზიანებას. ეს არის ინსტიტუციის უპატივცემულობა და არა პრეზიდენტის ამ შემთხვევაში.
უსამართლობაა ის, რომ აქცენტი კეთდება გიორგი მარგველაშვილის "ნაციონალობაზე". ჩვენ დღეს არ დავბადებულვართ და გვახსოვს, ვინ რას აკეთებდა რეჟიმის მძვინვარების წლებში, ვინ როგორ გამოთქვამდა პროტესტს.
სხვათა შორის, ძალიან ბევრი ადამიანი 2011 წლამდე საერთოდ არ აპროტესტებდა ამ ყველაფერს, მუშაობდა თავისთვის და ძალიანაც არ მოსწონდა ჩვენი აქტიურობა, მათ შორის მარაგველაშვილის აქტიურობა საკაშვილის კრიტიკით. ახლა რომ მთავარი მებრძოლების დროშები აწიეს, შეიძლება 2011 წლამდე ისინი სულ სხვა შეხედულების იყვნენ და ეს არ უნდა დაავიწყდეთ, იმიტომ, რომ ერთხელაც იქნება ამას შეახსენებენ.
"რეზონანსი": თქვენი აზრით, როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს, ანუ სადამდე მივიდეს ეს დაპირისპირება, პრეზიდენტის იმპიჩმენტამდე ხომ არა...
გ.ხ.: იმპიჩმენტი რაზე, რომ ბობოხიძის ძმა გაათავისუფლა? ეს ღრმად არასერიოზულია. პოლიტიკა საერთოდ მკაცრი ხელობაა და ყველაფერზე უნდა ფიქრობდეს ადამიანი. პოლიტიკაში რომ ხარ, ძლიერი უნდა იყო, მაგრამ მე ვერ ვხედავ საფუძველს იმისა, რომ ასეთი პროცედურა ვინმემ დაიწყოს. თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რა საფუძველი შეიძლება შექმნას გიორგი მარგველაშვილმა ამისათვის.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს, ყველას კარგად გვესმის, რომ საარჩევნო წელი დგება, ესკალაცია გაგრძელდება. მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლება, ანუ ხელისუფლების პიარტექნოლოგები შეეცდებიან, რომ პრეზიდენტი მოწინააღმდეგის ბანაკთან ასოცირდებოდეს, ანუ იქით მოაქციონ, რომ შეინარჩუნონ ორპოლუსიანი პოლიტიკური პროცესი; იმიტომ, რომ პრეზიდენტი, როგორც ინსტიტუციის ხელმძღვანელი, როგორც სახელმწიფოს მეთაური ნეიტრალურ პოზიციაში (პოლიტექნოლოგიურად) საარჩევნოდ ბევრად უფრო სახიფათოა, ვიდრე პრეზიდენტი, თუნდაც მოწინააღმდეგეთა ბანაკში.
მე არ ვფიქრობ, რომ პრემიერი ამაზე ფიქრობდეს, მაგრამ შეიძლება ვიღაცები ამ სცენარზე ფიქრობენ, მაგრამ ძალიან გაუჭირდებათ მარგველაშვილზე "ნაციონალების" იარლიყის ჩამოკიდება. გარდა იმისა, რომ ეს უსამართლო იქნებოდა, შესასრულებლადაც ძნელია.
"რ": თქვენი აზრით, მარგველაშვილს რა პასუხი ექნება, შევა პოლემიკაში? ჯერ-ჯერობით პირადად მას არანაირი განცხადება არ გაუკეთებია.
გ.ხ.: მე ვფიქრობ, რომ მარგველაშვილი ყველაფერზე ამაზე მაღლა დგას. იგი ამ პოლემიკაში არ შევა და სწორიც იქნება, რადგან ის სახელმწიფოს მეთაურია და მას არ შეშვენის მდარე პოლიტიკაში შესვლა.
ისე, კიდევ ბევრი ამბავი იქნება, ასეთია პოლიტიკა.