შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ "რეზონანსთან" ინტერვიუში პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომელიც მან უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის ძმის, ლევან ბობოხიძის ამნისტიის შესახებ მიიღო. როგორც ქორიძე ამბობს, პრეზიდენტს ამის თაობაზე რეკომენდაცია შეწყალების კომისიამ გაუგზავნა, რის შემდეგაც ინდივიდუალური გადაწყვეტილება თავად მან მიიღო.
ლევან ბობოხიძეს 3 წელის ჰქონდა მისჯილი, საიდანაც პატიმრობაში 7 თვე გაატარა. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის თქმით, იგი არ აკმაყოფილებდა შეწყალებისათვის დაწესებულ პატიმრობაში ყოფნის ვადის კრიტერიუმებს. თუმცა, კომისიამ პრეზიდენტის მიერ 2014 წლის მარტში დამკიცებული შეწყალების კომისიიის საქმიანობის ახალი დებულებით იხელმძღვანელა, რომელიც განსაკუთრებული გარემოებების შემთხვევაში პატიმრობის ვადასთან დაკავშირებით გამონაკლისს უშვებს.
"რეზონანსი": როგორ ხდება კომისიის მიერ პატიმრის შეწყალების საკითხის განხილვა და რა პრიორიტეტით გადაწყვიტეთ, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის ძმა ლევან ბობოხიძე შეგეწყალებინათ?
ზვიად ქორიძე: ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მსჯავრს იხდის, ან მისი ოჯახის წევრს და ადვოკატს შეუძლია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაწეროს და ჩააბაროს განცხადება შეწყალების მოთხოვნის თაობაზე. ამის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან პრეზიდენტის მოთხოვნა იგზავნება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და იქ უკვე თვითონ მსჯავრდებული აწერს ხელს, სადაც ის ადასტურებს, რომ მზად არის, თავადაც მოითხოვოს შეწყალება. ამის შემდეგ კი საქმის დეტალები - განაჩენი, დახასიათებებები, რეკომენდაციები, შუამდგომლობა - შეწყალების კომისიაში იგზავნება.
ლევან ბობოხიძის საქმეც შეწყალების კომისიამდე ასეთივე ჩვეულებრივი პროცედურით მოვიდა, ისევე, როგორც ამავე საქმეზე გასამართლებული 3 სხვა პერსონის საქმე. სულ ოთხი ადამიანი იხდის მსჯავრს იმ დანაშაულზე და მათ შორის არის აკაკი ბობოხიძის ძმაც. სწორედ ეს ადამიანები ითხოვდნენ შეწყალებას.
18 ივლისს იყო კომისიის სხდომა, სადაც 598 საქმე იყო შემოსული და აქედან მხოლოდ 254 აკმაყოფილებდა ვადის კრიტერიუმებს.
კომისია ვალდებულია, რომ ყველა საქმე განიხილოს და პრეზიდენტს რეკომენდაციით მიმართოს კონკრეტული პირის შეწყალების შესახებ. ბობოხიძის საქმეზეც ჩავთვალეთ, რომ ჯდებოდა ყველა იმ კრიტერიუმში, რაც ადამიანის შეწყალებისთვისაა საჭიროა.
"რ": რამდენად ერთსულოვანი იყო თავად კომისიის წევრების გადაწყვეტილება ლევან ბობოხიძესთან დაკავშირებით?
ზ.ქ.: ბობოხიძის საქმე და მასთან ერთად ბრალდებული კიდევ სამი პირის საქმე განვიხილეთ. ვნახეთ, რომ ამ ერთის საქმე ვადის კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა, ხოლო დანარჩენი სამის - არა. მათ შორის ბობოხიძეც იყო.
მაგრამ დებულებაში შეწყალების კომისიიის საქმიანობის შესახებ, რომელიც პრეზიდენტმა 2014 წლის მარტში დაამტკიცა, პირდაპირ წერია, რომ თუ კომისიას საჭიროდ მიაჩნია, რომ განსაკუთრებული გარემოების შემთხვევაში განიხილოს რომელიმე მსაჯვარდებულის საქმე, მას ამის უფლება ეძლევა. ამ დებულებაზე დაყრდნობით გადავწყვიტეთ ლევან ბობოხიძის შეწყალებაც.
რაც შეეხება კომისიის წევრების თანხმობას, მინდა გითხრათ, რომ ბობოხიძის და მის საქმეში ბრალდებული პირების ამნისტიის გადაწყვეტილების მიღებისას კომისიის 8-ვე წევრმა თანხმობა განაცხადა. კენჭისყრის დროს წინააღმდეგობა არც ერთს არ გამოუხატავს.
"რ": რა იყო ის განსაკუთრებული გარემოება, რომლის მიხედვითაც ლევან ბობოხიძის საქმე განიხილეთ?
მ.ქ.: პირველ რიგში გავეცანით იმ პირის ბრალდებას, რომელიც დროის კრიტერიუმს აკმაყოფილებდა. ამიტომაც კომისიამ დადებითი რეკომენდაციის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, რაკი ასევე კომისიის წარდგენილ სიაში დანარჩენი 3 პირი იყო და ერთ-ერთი მათგანი ბობოხიძის ძმაც, დაისვა საკითხი, რათა მათი შეწყალების საკითხიც განხილულიყო.
როგორც უკვე აღვნიშნე, წევრების მხრიდან წინააღმდეგობა არ ყოფილა. ბუნებრივია, პრეზიდენტი იხილავს იმ საქმეებს, რომელსაც დადებითი რეკომენდაციით ჩვენ ვაწვდით. შესაბამისად, ჩვენი პოზიცია გაიზიარა და მხარი დაუჭირა.
ამ საქმეში ბრალდებული 4 ადამიანიდან ყველას სხვადასხვა დროით ჰქონდა სასჯელი მოხდილი და სხვადასხვა ტიპის. რა თქმა უნდა, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, თუ რა არგუმენტები ჰქონდათ კომისიის წევრებს, თუმცა გეტყვით, რომ ეს არ იყო მძიმე დანაშაულში ბრალდებული ხალხი. შესაბამისად, დისკუსია და წინააღმდეგობა წევრების მხრიდან დიდად არ ყოფილა. ამის შემდეგ კი უკვე ინდივიდუალური გადაწყვეტილება თავად პრეზიდენტმა მიიღო.
"რ": ელოდით თუ არა მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებისგან ასეთ რეაქციას და განხილვისას პრეზიდენტს ხომ არ უთქვამს, რომ მისი ეს გადაწყვეტილება საკუთარი გუნდის წევრებთან ახალი დაპირისპირების მიზეზი გახდებოდა?
ზ.ქ.: რა თქმა უნდა, არც მე და არც პრეზიდენტს ამის მოლოდინი არ გვქონია, რადგანაც ჩვენ გადაწყვეტილება პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე არ მიგვიღია. პარტიული და პოლიტიკური ნიშნით კომისიის წევრები რეკომენდაციებს შეწყალების შესახებ არ ვიძლევით. ჩვენი მიზანია, რომ პრეზიდენტს ჰუმანური გადაწყვეტილება შევთავაზოთ. ხოლო პრეზიდენტი ამ შემთხვევაში საკუთარი ნების მიხედვით წყვეტს. ასე რომ, იქ განხილვისას არ ყოფილა საუბარი - ეს იმის ძმაა და ამის გამო მოდი, არ შევიწყალოთ.
არის თუ არა ის "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თუ აქტივისტი, ბუნებრივია, ჩვენთვის უცნობია. ჩვენ ვიხილავდით კონკრეტულ დანაშაულს, სადაც სამოხელეო სახის ბარლდებაზეა საუბარი. დეპუტატ ბობოხიძის ძმას ხე-ტყის მასალის უკანონო გასხვისებაში ედებოდა ბრალი.
ჩვენ გვქონდა კონკრეტული დავა და კამათი, თუ სად იკვეთებოდა ამ ადამიანების დანაშაული, იმიტომ, რომ ეს საქმე გაერთიანებულია და მხოლოდ საჯარო პირები არ აგებენ პასუხს.
ამიტომაც ყველაფერი კარგად ავწონ-დავწონეთ და ისე გადავწყვიტეთ. მე მიმაჩნია, რომ ეს არ არის პოლიტიკური თემა და შესაბამისად, ამხელა თანამდებობის პირი, როგორიც პრემიერ-მინისტრია, ასე არ უნდა აზროვნებდეს.
ერთ-ერთი მედიის პროდუსერი მირეკავს და მეუბნება, რომ მას კომენტარი უნდა ჩემგან კაკო ბობოხიძის ძმის შეწყალების შესახებ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ პრეზიდენტს შევთავაზეთ ლევან ბობოხიძის შეწყალება და არა პოლიტიკური ფიგურის ძმის. ძალიან გთხოვთ, საზოგადოებას სწორად მივაწოდოთ ინფორმაცია.
თუ კაკო ბობოხიძეს რამე სჭირს შესაწყალებელი, მაშინ ამაზე ვისაუბროთ. მაგრამ, რამდენადაც ვიცი, ის არც მსჯავრდებულია და არც რაიმე განაჩენი არის დამდგარი მის წინააღმდეგ. მისი ძმა ჩვენთვის არის დამოუკიდებელი პიროვნება და ჩვენ მას პოლიტიკურ კონტექსტში არ განვიხილავთ. მე არ ვიცი, ეს რომელი ეპოქის კონიუნქტურაა, რომ ძმამ ძმის გამო პასუხი აგოს.
"რ": ლევან ბობოხიძის მიმართ ხშირად ისმოდა ბრალდებები, რომ როდესაც ის "ნაციონალური მოძრაობის" და ხონის საკრებულოს წევრი იყო, საპროტესტო აქციების დარბევაში მონაწილეობდა. ხომ არ ფიქრობთ, რომ პრემიერ-მინისტრმა სწორედ ამიტომ მოიხსენია ის როგორც პოლიტიკური ფიგურა ვანო მერაბიშვილის, ბაჩო ახალაიასა და სააკაშვილის გვერდით?
ზ.ქ.: უკცარავად, მაგრამ თუ ეს ადამიანი გასამართლებული უნდა ყოფილიყო ცემა-ტყეპისა და ხალხის დარბევისთვის, მაშინ ჩვენ წინაშე იდებოდა ეს საქმეები, რომელიც ამ კონკრეტულ დანაშაულზე დადგებოდა.
მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ის სხვა პირებთან ერთად გასამართლებული იყო სამოხელეო ტიპის დანაშაულზე. ამიტომაც ამ დანაშაულზე დამდგარი სასჯელის პრიზმაში ვარჩევდით მის დანაშაულს. თუ პრემიერ-მინისტრმა ამ კონტექსტში გააკეთა განცხადება, მაშინ ეს კითხვები მას უნდა დაუსვათ.
"რ": პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ "პრეზიდენტი თუ ასეთი კეთილია, მას შეუძლია, მერაბიშვილის, ახალაიას და სააკაშვილის შეწყალებაზეც ხელი მოაწეროს". თუ აღნიშნულმა პირებმა მართლაც მიმართეს შეწყალების კომისიას, თქვენ მათ საქმეებს განიხილავთ?
ზ.ქ.: რა თქმა უნდა, თუკი ბაჩო ახალაია, მერაბიშვილი და მათ შორის სააკაშვილიც, რომლის მიმართაც ჯერ განაჩენი დამდგარი არ არის, მიმართავენ შეწყალების კომისიას ან პრეზიდენტს, ჩვენ მათ საქმეებს ჩვეულებრივად განვიხილავთ, ვიმსჯელებთ და გვერდზე არ გადავდებთ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი პოლიტიკური ფიგურები იყვნენ ან არიან.
ხოლო რა ტიპის გადაწყვეტილებას მიიღებს კომისია, ეს ჩვენს რეკომენდაციაში ჩამოყალიბებული იქნება და ყველა გაიგებს. როგორ შეიძლება ამაზე საუბარი დღეს, როდესაც ასეთი რამ ჯერ ბუნებაში არ არსებობს და რაღაცა ჰიპოტეტური განცხადებები ვაკეთოთ. მიმაჩნია, რომ ეს პოლიტიკური სპეკულაციის საგანია და ჩვენ შეწყალების კომისია არ ვართ პოლიტიკური ანგარიშწორების ბიურო და პოლიტიკური ნიშნით განცხადებებს არ ვიხილავთ.
"რ": თქვენი აზრით, რატომ გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ეს განცხადება?
ზ.ქ.: კიდევ ერთხელ ვამბობ - ეს ჯობია, მას ჰკითხოთ. იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში თუ მათ პრეზიდენტის წინააღმდეგ რაიმე კამპანიის წამოწყება სურთ, ისინი ამას ყველა შემთხვევაში განახორციელებენ.
თუმცა, მე დავინახე ერთი რამ, რომ ის ყიჟინა, რაც ბობოხიძის ამნისტიას მოჰყვა, არაადეკვატურია. ამაში მე მხოლოდ პოლიტიკური კონტექსი დავინახე.
"რ": ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია როგორია?
ზ.ქ.: როგორც ჩემთვის ცნობილია, პრეზიდენტი ერთგულია საკუთარი გადაწყვეტილების. რომელიც ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპეპს და ფიქრობს, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება არ უნდა იყოს მიღებული ვიწრო ლოკალური პარტიული და პოლიტიკური ნიშნით.
აქ საკითხი შეეხება ადამიანებს და საქართველოს მოქალაქეებს. ხოლო პრეზიდენტი არის ყველას პრეზიდენტი. ამიტომაც ის იღებს პოლიტიკური კონტექსტისგან დაცლილ გადაწყვეტილებას. ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა ბობოხიძის ამნისტიასთან დაკავშირებით და ძალიან უცნაურია, როდესაც მთავრობის წევრები და პარლამენტის დეპუტატები ცდილობენ, ამ საქმეს პოლიტიკური კონტექსტი შესძინონ.