"სოხუმი იცვლება. ბოლოს 5 წლის წინ ვიყავი და იმის შემდეგ ბევრი რამ შეცვლილი დამხვდა. ბევრი შენობა ისევ ისეა დანგრეული, როგორც ომის შემდეგ, თუმცა არის მშენებლობებიც.
"სოხუმს როგორც გასცდებით, გზები ბევრგან გაფუჭებულია, მაგრამ გალიდან სოხუმამდე ტრასა დაგებულია. ახლად შეღებილი და ფერად-ფერადად განათებული სახლებიც დამხვდა...
"ჩვენ მათთვის მეგობრები არ ვართ. ისინი უფრთხიან იმას, რომ ცუდ მხარეს, დანგრეულ ქუჩებს და შენობებს დაინახავენ ქართველები და იმ სტერეოტიპს გააძლიერებენ, რომ აფხაზეთი დაღუპულია, საქართველოს გარეშე არ ვარგიან, ამიტომაც უფრთხიან იქ ქართველების ჩასვლას", - სოხუმში ჩასვლის და წინაპრების საფლავების მონახულების ერთდღიან ისტორიას, აფხაზების განწყობას და შეცვლილ სოხუმზე ცოტა ფრთხილად ყვება "მთელ კვირასთან" მწერალი, კულტურის ყოფილი მინისტრი გურამ ოდიშარია, რომლის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილმა ფრაზამ - "სოხუში ვიყავი, ახლახან ჩამოვედი, მეგობრებო", - ძალიან ბევრ ქართველში მშობლიური სოხუმის ტკივილნარევი მოგონება გააღვიძა.
ამბობს, რომ ყველაფერი საგაზეთოდ არ ითქმევა, ამიტომ ბევრი შეკითხვა უპასუხოდ დატოვა. მისი თქმით, ეს იმიტომ, რომ შერიგებისათვის სიკეთის დანახვა და კარგის პოპულარიზაციაა აუცილებელი.
გურამ ოდიშარია: მე სოხუმში დავიბადე და ბავშვობაში სიარულთან ერთად ცურვასაც ვსაწვლობდი და, რაც მთავარია, ურთიერთობას სოხუმში მცხოვრებ ნებისმიერი ეროვნების ადამიანთან. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ იქ ბევრი მეგობარი მყავს.
რა თქმა უნდა, აფხაზი მეგობრებიც მყავს და ნათესავებიც. ამას წინათ აფხაზმა მეგობრებმა მიმიპატიჟეს. არ არსებობს კედელი, რომელსაც კეთილი ადამიანური ურთიერთობის შეჩერება შეეძლოს, თუმცა, სამწუხაროდ, ომის შემდეგ ამდენი წელი გავიდა და ვერა და ვერ გადაიჭრა ის პრობლემა, რომელსაც კონფლიქტის დარეგულირება ჰქვია. მჯერა, რომ დროსა და სივრცეში არსებობს ფორმულა, რომელიც ყველას აწყობს, მაგრამ, მიზეზთა და მიზეზთა გამო ჯერ მას ვერ მივაგენით.
"მთელი კვირა": ბევრმა დევნილმა დატოვა ოკუპირებულ აფხაზეთში ნაცნობ-მეგობარი, მაგრამ ვერ ახერხებს ჩასვლას, თქვენ ეს როგორ შეძელით?
გ.ო.: ჯერ ერთი, იქ არც ისე ცოტა ქართველი ჩადის ხოლმე. ზოგი შერეული ოჯახის წარმომადგენელია, ზოგიც ნათესავ-მეგობართან ჩადის, გასვენებაში, სხვა მიზეზის გამო...
გარდა ამისა, მე უკვე გითხარით, რომ იქ ბევრი მეგობარი მყავს. სანამ ომი დაიწყებოდა, მე ლიტერატურულ-საზოგადოებრივი ჟურნალ "რიწის" მთავარი რედაქტორი ვიყავი. მაშინ სიტუაცია ორივე მხრიდან რადიკალების მიერაც ძალიან იძაბებოდა. მე ყოველთვის ვამბობდი, აფხაზებთან დიალოგი არ უნდა გავწყვიტოთ, თორემ თუ "კალაშნიკოვი" ამუშავდება, თუ სამხედრო ძალები ამოქმედდება, ძალიან მძიმე ვითრებაში ჩავვარდებით ყველანი-მეთქი. ვწერდი კიდეც ამაზე. ეს ყველას ახსოვს. შევდგით კიდეც ხაფანგში ფეხი.
გარდა ამისა, დაახლოებით 20 წლის წინ, როდესაც სახალხო დიპლომატიის ეგიდით პირველი მოლაპარაკებები დაიწყო, მე ამ მოლაპარაკებებში ვმონაწილეობდი და ვხვდებოდი აფხაზებს. თან, უკვე დაწერილი მქონდა ჩემი წიგნი "სოხუმში დაბრუნება", სადაც სოხუმში გატარებულ წლებს, სიყვარულს, ერთმანეთის პატივისცემას ვიხსენებ. ვიხსენებ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ომზე მაღლა დადგნენ, დაპირისპირებულ მხარეს მყოფი ადამიანები გადაარჩინეს სიკვდილს თუ მოროდიორებს.
ჩემი პიესა "ზღვა, რომელიც ჩემია" 2004 წელს თემურ ჩხეიძემ დადგა. ვმვ-ით გადაღებული ეს სპექტაკლი და აფხაზეთზე დაწერილი ჩემი წიგნები სოხუმშიც კარგად იციან. მკითხველი თუ მაყურებელი ყოველთვის გენდობა, თუკი შენ გულწრფელი ხარ და ცდილობ, ობიექტური იყო.
მოკლედ, ომის შემდეგ აფხაზეთში ეს ჩემი მეშვიდე ჩასვლა იყო.
"მ.კ.": მინისტრობისასაც ჩასულხართ სოხუმში?
გ.ო.: მინისტრობისას არა. როცა მთავრობის წევრი ხარ, სხვა სტატუსი გაქვს. თუმცა, აფხაზებთან ურთიერთობა ყოველთვის მქონდა.
"მ.კ.": მაღალი თანამდებობის პირ აფხაზებთან გაქვთ ურთიერთობა?
გ.ო.: სოხუმი ჩემი მშობლიური ქალაქია და იქ ძალიან ბევრს ვიცნობ. მათ შორის თანამდებობის ხალხსაც. ურთიერთობაც მაქვს, მაგრამ საგაზეთოდ ვერ მოვყვები.
"მ.კ.": ამბობთ, რომ მეშვიდედ ჩახვედით. წლების მიხედვით როგორ იცვლება სოხუმი და სოხუმელები?
გ.ო.: დრო ყველაფერს ცვლის. იცვლება სოხუმიც. ქალაქში ზოგან არის დანგრეული შენობები, მაგრამ არის მშენებლობებიც. ენგურიდან სოხუმისკენ მიმავალი ტრასა კარგ მდგომარეობაშია. მშვენივრად გამოიყურება სანაპირო, ქალაქის ცენტრი. ბევრი სახლი ახლად შეღებილია, ღამით ქალაქი კარგად არიას განათებული, შთამბეჭდავია.
თუკი წლების წინ ქართულად ლაპარაკს ერიდებოდნენ, ქალაქში ახლა თავისუფლად საუბრობენ იქ მცხოვრები ქართველები. ბაზარში მეგრულად საუბარსაც გაიგებთ.
სოხუმში ჩასვლისას პირველად სასაფლაოზე გავდივარ. საგვარეულო სასაფლაო სოხუმის შემოგარენში, აბჟაყვაშია. გასაგები მიზეზის გამო საფლავების უმრავლესობა მოუვლელია, საფლავის ქვები ზოგან წაქცეული. ბალახი მოძალებულია, ზოგან ხეებიცაა ამოსული. ომის შემდეგ იყო ფაქტები, როდესაც სასაფლაოებს ძარცვავდნენ, საფლავის ქვებს იპარავდნენ. შემდეგ ადგილობრივმა საზოგადოებამ დიდი პროტესტი გამოთქვა და შემდეგ წლებში საფლავის ქვების ქურდობა აღარ ხდება.
"მ.კ.": ერთმა რუსმა ბლოგერმა სოხუმის ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა, რომ შენობები საშინელ დღეშია, რომ, მაგალითად, სოხუმის რკინიგზის სადგურის შენობა არა მარტო დანგრეულია, არამედ საპირფარეშოდ არის ქცეული. ასევე სოხუმის ცენტრში გადაღებული იყო სხვა ფანჯრებჩალეწილი შენობები და დიდი ორმოები გზაზე.
გ.ო.: შესაძლოა, მაგრამ მე არ ვიცი, სადგურში არ ვყოფილვარ. ზოგჯერ ძველი, 2007-2009 წლის ფოტოებიც ვრცელდება. ჩემთვის სოხუმში გადის მსოფლიოს ღერძი და ამიტომ ამ ქალაქის გულშემატკივარი ვარ. ყველაფერი შედარებითია და მე ახლანდელ სოხუმს 5 წლის წინანდელს ვადარებ.
ასუფთავებენ ქალაქს და ეს მომეწონა. ისე, როგორც ჩვენთან, ფორმებში ჩაცმული მენაგვეები ვნახე. ვნახე სხვა ქვეყნიდან ჩამოსული მუშახელიც. ქალაქში სიხალვათეა, თუმცა სანაპიროზე ტურისტი ცოტა არ არის.
როდესაც წლებია ასე დაშორებულები ვართ ერთმანეთს, ორივე მხრიდან სტერეოტიპები ძლიერდება. რეალობა რომ იცოდე, ყველაფერი საკუთარი თვალით უნდა ნახო. სოხუმი ისეთი ლამაზი ქალაქია და იქ ისეთი სიმწვანეა, რომ დანგრეული სახლების მიუხედავად ეს აბობოქრებული სიმწვანე ყველაფერს ალამაზებს. ზღვისპირა ქალაქებს ასე ახასიათებთ - ზღვა მზის სხივებს ირეკლავს, სინათლე მეტია და მწვანე ფერიც ბევრად უფრო მკვეთრია, სხვა ფერებიც.
5 წლის წინ გაგრაშიც ვიყავი და იქაურობა ლამაზი იყო. მითხრეს, რომ ახლა უკეთესია. ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და იმავე წლის თვენახევარში გაგრა დაეცა. ასე რომ, სოხუმისგან განსხვავებით გაგრაში ომი დიდხანს არ იყო. თუმცა, იქ "გაგრიფშის" სასტუმრო დანგრეულია, რესტორანი კი მოვლილია, ცნობილი რესტორანი, უზარმაზარსაათიანი, გაგრის სიმბოლო.
"მ.კ.": მთავრობის სახლი, ის 12-სართულიანი შენობა, რომელიც სოხუმის აღების კადრებში ყოველთვის ჩანს, გაკეთებულია?
გ.ო.: ეს შენობა ომის დროს დაიწვა. მოთხრეს, რესტავრაციას მომავალ წელს დაიწყებენო.
"მ.კ.": თქვენი სახლი თუ ნახეთ და ვინ ცხოვრობს იქ?
გ.ო.: მითხრეს, რომ აფხაზი კაცი, რომელიღაც რაიონიდან. როგორია ბინა, ეს არ ვიცი. ცენტრში არსებული ქართველების ყველა ბინა დანაწილებულია და ყველგან ცხოვრობენ. გარეუბნები ცარიელია, ასევე სოხუმის რაიონიც. ცარიელი, უკაცო სახლები, როგორც წესი, ნელ-ნელა იშლება და ასე ჩამონგრეული უკაცო სახლი ბევრია. ეს სახლები ძალიან საწყალი შესახედია.
"მ.კ.": ხალხი თუ დაგხვდათ შეცვლილი? ენატრებათ მაინც ქართველი მეზობელი?
გ.ო.: მასობრივი შეხვედრები არ მქონია, ჩემს მეგობრებს შევხვდი მარტო. რაც ომმა ვერ შეცვალა, ეს ჩვენი ურთიერთობაა. შესაძლოა, ჩვენ სხვადასხვა იდეოლოგიურ პლატფორმაზე ვიყოთ, მაგრამ მთავარ ღირებულებას - ადამიანურ ურთიერთობას, მეგობრობას ვინარჩუნებთ.
როდესაც რეზო ჩხეიძე გარდაიცვალა, რამდენიმე აფხაზმა "ფეისბუკზე" დადო ბლოგი, კეთილი სიტყვით გაიხსენეს ბატონი რეზო. მაისში სოხუმის ერთ-ერთ კინოთეატრში ფერადი "ჯარისაცის მამა" აჩვენეს.
აფხაზებმა თბილისის წყალდიდობაზეც თანაგრძნობა გამოხატეს. და ამაში არაფერია გასაკვირი.
"მ.კ.": რას ამბობენ ახლა, აქვთ ქართველებთან ურთიერთობის ინტერესი?
გ.ო.: რა თქმა უნდა. მათ უწევთ კიდეც გალის ქართველებთან ურთიერთობა. გარდა ამისა, მითხრეს, რომ სოხუმში 2000-მდე ქართველი ცხოვრობს. ოჩამჩირეში კიდევ მეტი. იყო ერთი სოხუმელი კოლორიტი, ძველი სპორტსმენი, გვარად აგრბა. ომის შემდეგ სოხუმში ჩასული რუსი კორესპონდენტი ეკითხება აგრაბას: ქართველი მეგობრები გყავდათ და ახლა რომ ქართველები ნახოთ, რას ეტყვითო. მან ქუდი ძირს დააგდო და აყვირდა - როგორ არ გესმით, მეგობრებს ეროვნების მიხედვით არ ირჩევენო.
"მ.კ.": სოხუმში აინტერესებთ, რა ხდება დანარჩენ საქართველოში?
გ.ო.: ძალიან აინტერესებთ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს. თუმცა, უკვე რუსი პოლიტიკოსების სახელები უფრო იციან, ვიდრე ქართველების.
რეფორმებიც აინტერესებთ. მოსწონთ პოლიციის რეფორმა და ჩვენი პოლიცია საერთოდ. მოსწონთ ეროვნული გამოცდების რეფორმაც. აინტერესებთ დღევანდელი ბათუმი.
"მ.კ.": ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც აფხაზ ახალგაზრდებს სხვადასხვა ფორუმებზე ხვდებიან, ამბობენ, რომ აფხაზები როგორც მტრებს, როგორც მათი მამების მკვლელებს ისე გვიყურებენო და ასეთი განწყობა იქ ძალიან პოპულარულია. ახალგაზრდებს სხვა ურთიერთობები არც ახსოვთ, ენაც არ იციან და ძალიან გაუცხოებულები არიან.
გ.ო.: რა თქმა უნდა, მათ ახსოვთ ომი. ქართული ჩემ დროსაც არ იცოდნენ და რუსულად ლაპარაკობდნენ, მაგრამ ეს არ არის უბედურება. ურთიერთგაგების ენა უნივერსალურია - პოეტის თქმისა არ იყოს, მთავარია კავშირი გულთა შორის.
საუბედუროდ, ჩვენ დღეს მეგობარი ხალხები არ ვართ, მაგრამ ყველაფერი შეიძლება ნელ-ნელა დაიძლიოს. პირადად მე პოლიტიკოსი არ ვარ, მაგრამ ვიცი, რომ ეს დიდი თუ მცირე პოლიტიკის ვირტუოზულად გასაკეთებელი საქმეა. ჩვენ გაუცხოების სტადიაში ვართ და ამიტომ ორივე მხარე ხშირად სტერეოტიპების ოკეანეში ვტივტივებთ, ვერ ვაანალიზებთ რეალობას.
"მ.კ.": გალში ქართველებს რომ ავიწროებენ, ქართულად სწავლას უშლიან, ამაზე რა დამოკიდებულება აქვთ თქვენს მეგობარ აფხაზებს?
გ.ო.: არასამთავრობოები და საზოგადოების ერთი ნაწილი ამბობს, რომ ეს არ შეიძლება. პრესაშიც იწერება და ეს ერთ-ერთი საკამათო თემაა. ის, რომ გალში ქართველი აფხაზურს იწავლის, ძალიან კარგია, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ქართულის შევიწროების ხარჯზე.
"მ.კ.": ქართული ტაძრების ბედიც მაინტერესებს. ბაგრატ მესამის ფრესკა წაშალეს, ილორი რუსულ სობორს დაამსგავსეს. რა ხდება დღეს?
გ.ო.: თუკი მაშინ ვიღაცამ იძალადა, ამ საქმეს ახლა სერიოზულად მოჰკიდეს ხელი. განსაკუთრებით ოჩამჩირის რაიონშია ბევრი ტაძარი, რომელიც ერთად აგვიგია. ახლა მათ მეტი ყურადღება ექცევა. რამდენადაც ვიცი, რთულ მდგომარეობაშია მოქვი და ბედია.
"მ.კ.": რატომ მარტივად არ უშვებენ ყველა ქართველს სოხუმში?
გ.ო.: რა თქმა უნდა, ამას მძიმე პოლიტიკური სიტუაცია განაპირობებს. მედიას შეუძლია, ომისკენ შეაგულიანოს ადამიანები, ან პირიქით - ხელი შეუწყოს შერიგების პროცესს. სამწუხაროდ, ამ საქმეში ჩაუხედავი ადამიანები ხანდახან უფრო ნეგატივზე არიან ორიენტირებულები.
იყო ასეთი შემთხვევა - თბილისში ერთი აფხაზის შვილი მკურნალობდა და ჩვენმა ერთ-ერთმა ტელეარხმა განაცხადა - მამამისი ომის გმირია, მან 400 ქართველი მოკლაო. იმ ოჯახმა სასწრაფოდ დატოვა თბილისი.
საერთოდ, ომის შემდეგ მხარეები უფრო სიავის პოპულარიზაციას ეწევიან. ამიტომაც ორივე მხარეს კარგად იციან, ვინ იყო ბოროტების ჩამდენი. იციან მათი სახელებიც, მაგრამ სიკეთის კაცებზე ცოტა რამ ვიცით.
"მ.კ.": როდის აპირებთ კიდევ სოხუმში ჩასვლას?
გ.ო.: ჯერ არ ვიცი. სხვათა შორის, ქართველებმა, ვინც ჩემი ჩასვლა გაიგეს, დიდი სითბო და მონატრება გამოხატეს. აფხაზებმაც ახლობლებთან მოკითხვა დამაბარეს, მათი ტელეფონის ნომრებიც გამომატანეს.
სოხუმში ერთი ადგილია - ზღვაში შეჭრილი რესტორანი "ამრა". დაახლოებით 11 წლის წინ ჩემი სოხუმში ყოფნისას, მეგობრებმა მითხრეს - "ამრაზე" ერთგან არის სამი კვადრატული მეტრი, საიდანაც შენი მობილური ტელეფონით შეგიძლია თბილისში დარეკოო. მართლაც ასე იყო.
საღამოს, მეგობრის სახლში სუფრას რომ მივუსხედით, მათ ვუთხარი: ჩვენ ურთიერთობის უზარმაზარი სივრცე გვქონდა, ახლა კი მხოლოდ 3 კვადრატული მეტრი შემოგვრჩა. იმედი მაქვს, რომ ეს 3 კვადრატული 300, 3 000... და შემდეგ უსაზღვრო გახდება-მეთქი.
ახლაც ამას ვისურვებ.