"მსგავსი რამ ადრეც იყო, მაგრამ არა ისეთი ძლიერი, როგორიც ახლა არის"
თეა ბეჟიტაშვილი
27.07.2015

 "ჩვენი მიზანია, დავიცვათ თეთრი რასის სიწმინდე და მომავალი ქართველი ბავშვებისთვის" - ფლაერებს ასეთი წარწერითა და ნაცისტური სიმბოლიკით დედაქალაქის ქუჩებში ახალგაზრდები რამდენიმე დღის წინ არიგებდნენ. წარწერის გარდა, სურათზე ინგლისურად არის მიწერილი "ნაციონალ-სოციალისტური საქართველო".

"მთელ კვირასთან" საუბრისას სტიკერების დამრიგებელ ახალგაზრდულ ჯგუფთან დაახლოებული პირი ამბობს, რომ მათ ჯგუფში რამდენიმე ადამიანია, დაახლოებით 23-25 წლის ასაკის და მათ ნეო-ნაცისტური იდეოლოგია აერთიანებთ. წყაროს თქმითვე, მისთვის უცნობია, ისინი სუბკულტურას აყოლილი ახალგაზრდები არიან, თუ რაიმე ორგანიზაციის წევრები.

მოძრაობა "იდენტობის" ლიდერის ირაკლი ვაჭარაძის თქმით, მსგავსი ტიპის დაჯგუფებები უკრაინასა და რუსეთში არიან, რომლებიც რელიგიური, ეთნიკური და სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს ფიზიკურად უსწორდებიან.

"ბოლო დროს უკრაინაში ასეთი დაჯგუფებები ძალიან მომრავლდა. ისინი სცემენ ემიგრანტებს, ლგბტ პირებს, ადამიანებს, ვინც არ მოსწონთ და ვინც უმცირესობაშია. ასეთი რასისტული ჯგუფები ნელ-ნელა საქართველოშიც ჩნდება და თან აგრესიულ ქმედებაზე გადადიან.

"უკვე ჩნდება ნაცისტურ-ფაშისტური ტექსტები. მსგავსი რამ ადრეც იყო, მაგრამ არა ისეთი ძლიერი, როგორიც ახლა არის. ეს ჯგუფები ახალი თაობაა და, როგორც წესი, იცით, რას აკეთებენ? მაგალითად, რუსეთში ლგბტ პირს პაემანს უნიშნავენ, მივლენ, ცემენ ან კლავენ და ვიდეოს უღებენ.

"საქართველოში ჯერ მსგავსი რამ არ მსმენია, თუმცა, ამ სტიკერების ამბავი არ მომეწონა და საფრთხე ნამდვილად არსებობს, რომ ეს პრორუსი ჯგუფები გაძლიერდნენ. სადაც რუსული გავლენაა, ფეხს იქ იკიდებენ, ძირითადად რუსეთსა და უკრაინაში. ეს სტიკერი იმის მანიშნებელია, რომ საქართველოში ასეთი ჯგუფები გამოჩნდა", - ამბობს ირაკლი ვაჭარაძე.

ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძის თქმით, საქართველოში რასიზმს პერსპექტივა არ აქვს, თუმცა მისივე თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ამაზე დროული რეაგირებაა საჭირო: "რასიზმი ისეთი რამეა, ყველგან შეიძლება აღმოცენდეს. საქართველოში ამის ალბათობა ძალიან მცირეა, რადგან ტრადიციებია სხვანაირი, მაგრამ რაღაც ნიშნები მაინც არის.

"ალბათ გახსოვთ, ერთ დროს იყო ასეთი ლოზუნგი - საქართველო ქართველებისთვის, რამაც ბევრი ეთნიკური არაქართველი დააფრთხო და საქართველოდან წაიყვანა, ეს იყო ნაციზმის ელემენტი.

"ნაციზმის სახესხვაობად შეიძლება ავიღოთ რასიზმი, თუმცა, რასიზმის ელემენტი ადრე არც შეგვხვედრია, რადგან სხვა რასის წარმომადგენლები საქართველოს ტერიტორიაზე პრაქტიკულად არ გვხდებოდნენ.

"ახლა უკვე, ბუნებრივია, სხვადასხვა რასის წარმომადგენლები თბილისის ქუჩებშიც გვხვდება და ამან შეიძლება რაღაც რეაქცია გამოიწვიოს, მითუმეტეს ახალგაზრდობას რადიკალიზმისკენ მიდრეკილება სულ აქვს. მაგრამ ქართულმა კულტურამ ნაციზმიც არ იგუა იმიტომ, რომ ეთნიკურად მრავალნაციონალური კულტურა ვართ. ასეთი ისტორია თავისთავად გასწავლის ტოლერანტობას განსხვავებული რელიგიის მიმართ", - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

ფსიქოლოგის თქმით, ნაციზმისთვის ფონი საქართველოში არსებობს და ამის მაგალითად ახლო აღმოსავლეთიდან მიგრაციის საკმაოდ დიდ ტალღას ასახელებს.

"როგორც კი დაინახავენ, რომ რომელიმე ერის წარმომადგენლები ქვეყანაში ჭარბად შემოდიან და ქვეყნის ბედზე გავლენას ახდენენ, ამ ქვეყანაში ყოველთვის აღმოჩნდება ხოლმე ჯგუფები, რომლებიც გამოსავალს ამ ხალხის მიმართ ძალადობრივი მეთოდის გამოყენებაში ხედავენ. ნაციზმი ასეთ ფონზე ჩნდება ხოლმე", - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

მისი თქმით, ასეთ დროს ახალგაზრდებში ქვეყნის გადარჩენისთვის გაღვივებულმა პატრიოტულმა გრძნობებმა შეიძლება პირიქით, ქვეყანა დამღუპველ გზაზე დააყენოს, ამიტომაც დროული ყურადღებაა საჭირო.

"ამ დროს ბევრი რამ სახელმწიფო პოლიტიკაზეა დამოკიდებული. თუკი მოსახლეობამ აღმოაჩინა, რომ უცხოელი მიგრანტების უფლებები უფროა დაცული, ვიდრე მათი, ხალხი ამ ტიპის მოსაზრებებს აჰყვება და ყველაზე ცუდი ეს არის. თუ მარტო ახალგაზრდული ჯგუფების დონეზე დარჩა, ეს ერთი პრობლემაა, მაგრამ თუ მასშტაბური სახე მიიღო - გაცილებით დიდი პრობლემა იქნება.

"ხელისუფლების როლი სწორედ ის არის, რომ მოსახლეობამ სხვა ქვეყნის წარმომადგენლისგან თავი დაჩაგრულად არ იგრძნოს და მათი უფლებები არ შეიზღუდოს.

"მაგალითი რომ მოვიყვანოთ, შემოტანილი პომიდორი უფრო იაფი ჯდება, ამიტომ ქართველ გლეხს პომიდვრის გასაღების საშუალება აღარ აქვს. პომიდვრის გაყიდვის საკითხამდე დავედით, მაგრამ უცხოურობის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ამ დონეზე უფრო ადვილი გასაღვივებელია.

"ანალოგიური პრობლემაა მიწების გაყიდვა, უცხოელი მესაკუთრეები ქართველების ინტერესს ყურადღებას არ აქცევენ. ასე რომ, ამ ტიპის საკითხების დარეგულირება თუ არ მოხდა, მერე საზოგადოებას ნუ მოვთხოვთ, რომ იყოს დაფიქრებული. "ვიცით, რომ რუსეთში ნაცისტური ორგანიზაციებია. შეიძლება ერთი ქვეყნის ნაცისტები მეორე ქვეყნის ნაცისტებს დაუკავშირდნენ, როგორც თავის დროზე გერმანელები იაპონელებსა და იტალიელებს დაუკავშირდნენ და ამავე მოტივებზე ერთიანი ბლოკი შეკრან. ეს ქვეყნისთვის შეიძლება ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა აღმოჩნდეს", - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×