თუკი თურქეთი "ისლამურ სახელმწიფოსთან" ომში უფრო მასშტაბურად ჩაერთვება, გამოდის, რომ ბრძოლის ხაზი მეზობელ ქვეყანაში გაივლება და ისეთი ცხელი წერტილებისაგან, როგორიც სირია და ერაყია, აღარც ისე "შორს" ვიქნებით. ეს კი, სამხედრო ანალიტიკოსების აზრით, საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებს ზრდის, რადგან თურქეთის ჩათრევით "ისლამური სახელმწიფო" კავკასიაში უფრო მარტივად შემოაღწევს.
ჩვენს მეზობელ ქვეყანაში სიტუაცია დღითიდღე მძიმდება. მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ ქალაქ სურუჩში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რასაც 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად კი თურქეთ-სირიის საზღვარზე შეტაკებების შედეგად თურქი ჯარისკაცი გარდაიცვალა. ამის შემდეგ ქვეყნის საჰაერო ძალები სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციებს თავს დაესხნენ.
ამავდროულად, ოფიციალურმა ანკარამ იერიშები ერაყის ჩრდილოეთით ქურთი მებრძოლების ბანაკზეც მიიტანა. საბოლოოდ, თურქეთი "ისლამური სახელმწიფოსა" და ქურთი სეპარატისტების წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო მოქმედებების კოორდინაციის მიზნით ნატოში საგანგებო სხდომის მოწვევის ინიციატივით გამოვიდა.
ამ ყველაფერს კი წინ თურქეთის მიერ აშშ-სათვის "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ საბრძოლველად სამხედრო ბაზის დათმობა უძღოდა. ჩრდილოეთ სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ერთობლივი კამპანიის გაფართოებასთან დაკავშირებით თურქეთთან მოლაპარაკება აშშ ახლაც მართავს. ამის შესახებ, "ბიბისის" ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
მისი თქმით, კოალიციური ძალები "უფრო მეტად ეცდებიან და აქტიურ ქმედებებს მიმართავენ სასაზღვრო რეგიონში". ამასთან, კირბის განცხადებით, აშშ-ის თურქეთისთვის ჩრდილოეთ ერაყში ქურთების პოზიციებზე ავიაიერიშების სანქცია არ გაუცია. ქურთები, რომლებიც "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ იბრძვიან, თურქეთს თავიანთი პოზიციების დაბომბვაში ადანაშაულებენ. მათივე თქმით, თურქეთის ბრძოლა "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ სინამდვილეში ქურთების წინააღმდეგ ბრძოლაა.
თურქეთში კი ანტიტერორისტული ოპერაციები 34 პროვინციაში აქტიურად მიმდინარეობს. თურქეთის მთავრობის აპარატის ინფორმაციით, ამ ოპერაციებში დაკავებულ ადამიანთა რიცხვი 1050-ს შეადგენს. დაკავებულები არიან პირები, რომლებიც რამე სახით არიან ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირში.
ორი დღის წინანდელი ინფორმაციით, დაკავებულთა რაოდენობა 600-მდე ადამიანს შეადგენდა. ამასთანავე, ქვეყანამ სახელმწიფო საზღვრების გაძლიერების გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორის, საკურორტო ზონებშიც.
მიუხედავად სიტუაციის ყოველდღიური დამძიმებისა, თავდაცვის მინისტრი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ე.წ. ისლამური სახელმწიფოსგან საფრთხე არ ელის. როგორც თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ქართულ მხარეს რამე საფრთხეებთან დაკავშირებით მონაცემები არ აქვს.
"თქვენ იცით, რომ საქართველოს, როგორც ყველა ნორმალურ ქვეყანას, აქვს საფრთხეების დოკუმენტი. უმრავლეს შემთხვევაში ამ ტიპის საფრთხეებზე ძირითადი პასუხისმგებლობა მოდის არა თავდაცვის სამინისტროზე, არამედ უშიშროების სამსახურებსა და შს სამინისტროზე.
"თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, მუდმივად მზადყოფნის რეჟიმში ვართ, რომ თუ საჭირო გახდა - დაწყებული ბუნებრივი კატასტროფით შექმნილი საფრთხეებიდან, დამთავრებული ასეთი ტიპის საფრთხეების მოლოდინით, დავეხმაროთ შესაბამის უწყებებს ამ საფრთხეების ნეიტრალიზებაში, ან თავად ავიღოთ უკვე პასუხისმგებლობა იქ, სადაც თავდაცვის სამინისტრო ხდება მთავარი კომპონენტი.
"ჩვენ არ ველოდებით, რომ რამე განსაკუთრებული პრობლემები იქნება საქართველოში, ყოველ შემთხვევაში, არ გვაქვს არანაირი მონაცემები აღნიშნულთან მიმართებაში. ტურისტული სეზონი ჩვენთან ძალიან კარგად მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და სტაბილურად განვითარდება," - განაცხადა ხიდაშელმა.
მინისტრისაგან განსხვავებით, სიტუაციას ნაკლებდამაიდებლად აფასებს ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი და ამბობს, რომ ისლამური სახელმწიფოსაგან მომდინარე საფრთხე მთლიან რეგიონს ემუქრება.
მისი თქმით, აქამდე ერთადერთი საიმედო ის გვქონდა, რომ სირიისა და ერაყის ტერიტორიისაგან, სადაც დღეს "ისლამური სახელმწიფო" მოქმედებს, საქართველოს თურქეთი იფარავდა. ახლა კი, თუ ისიც ამ ბრძოლებში ჩაერთვება, გამოდის, რომ უშუალოდ ფრონტისპირა ქვეყანა ვხდებით.
"ჩნდება იმის საფრთხე, რომ "ისლამურმა სახელმწიფომ" სამხრეთ კავკასიაში შემოაღწიოს. თურქეთი ძალიან არასახარბიელო მდგომარეობაში იმყოფება რამდენიმე მიმართულებით - "ისლამურ სახელმწიფოსთან", ქურთებთან და ასევე სირიის დღევანდელ ხელისუფლებასთან, რომელთანაც ასევე დაძაბული ურთიერთობა აქვს. მას ამ სამი მიმართულებით მოუწევს ბრძოლა.
"ყველაზე საოცარი კი ისაა, რომ ამ სამიდან ორი ერთმანეთში იბრძვის - სირია და "ისლამური სახელმწიფო" და ქურთები და "ისლამურიი სახელმწიფო". ასე რომ, სიტუაცია ძალიან ჩახლართულია და თურქეთი იძულებულია, ამ ომში ჩაერთოს. ამით კი სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბება. თურქეთის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტებიც მოხშირდება.
"აღსანიშნავია ისიც, რომ იმ ადამიანების უმეტესობა, ვინც "ისლამურ სახელმწიფოში" მებრძოლად მიდიოდა, ამას სწორედ თურქეთის გავლით ახერხებდა. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყებიდან თუ ევროპიდან ისინი თურქეთში მიემგზავრებოდნენ და ისლამისტებს მის საზღვარზე გადასვლით უერთდებოდნენ", - აღნიშნავს ალადაშვილი.
იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთმა აშშ-ს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ საბრძოლველად თავისი ბაზის განმოყენების უფლება მისცა, ალადაშვილი არ გამორიცხავს, რომ ამიერიდან ეს უფლება ნატოს სხვა წევრებმაც მიიღონ და თურქეთის ტერიტორია შეტევისათვის გამოიყენონ.
თუმცა, ანალიტიკოსის აზრით, აშშ წინააღმდეგი იქნება იმისა, რომ თურქეთმა "ისლამურ სახელმწიფოსთან" ერთად ქურთების პოზიციებიც დაბომბოს, რადგან "ისინი რეალურად დღეს "ისლამურ სახელმწიფოს" ყველაზე ეფექტურად ებრძვიან. ერაყის რეგულარული არმიისაგან განსხვავებით".
თურქეთის მეშვეობით ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დამარცხებას ელის პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე. ამბობს, რომ თურქეთს ძალიან სერიოზული სპეცსამსახურები და შეიარაღებული ძალები ჰყავს და მისი ომში ჩართვა "ისლამური სახელმწიფოს" დასამარებას დააჩქარებს.
რაც შეეხება ამ ყველაფერში საქართველოს როლს და საფრთხეებს, რომელიც მეზობელი ქვეყნის ისეთ საშიშ მტერთან ბრძოლაში ჩაბმით შეიძლება დაგვემუქროს, როგორიც "ისლამური სახელმწიფოა", შარაშენიძე ამბობს, რომ სერიოზული არაფერი გვემუქრება. "არც ლტოლვილების ნაკადი შემოვა თურქეთიდან. ბუნებრივია, სასიამოვნო არაა, რომ რეგიონში ომი მიდის, მაგრამ თურქეთი ამ პრობლემას მოაგვარებს, მითუმეტეს, რომ მას ნატოს ჩართვაც შეუძლია მოითხოვოს", - აღნიშნავს იგი.