რაც უფრო დაარეგულირებს საქართველო თავის კონფლიქტებს და ურთიერთობას რუსეთთან, მით უფრო გამარტივდება როგორც ნატოში, ისე ევროკავშირში შესვლა - ამ მოსაზრებას გამოთქვამენ როგორც ხელისუფლებაში, ისე პოლიტოლოგთა წრეებშიც. მათი თქმით, ამ მხრივ სრულიად ადეკვატური იყო უსუფაშვილის განცხადებაც იმაზე, რომ დასავლეთი კარასინი-აბაშიძის ფორმატის შენარჩუნებას გვთხოვს.
განცხადება იმის შესახებ, რომ ნატოში კარასინი-აბაშიძის ფორმატის გაუქმებას არ გვირჩევენ, რადგან ამით მაპ-ის მიღება გართულდება, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გააკეთა და დასძინა, რომ დასავლეთი ამ საკითხით მუდმივად ინტერესდება.
"მათ ესმით ასეთი განცხადებები ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან და თვლიან, რომ თუ ეს ასე გაკეთდება და მთავრობა გაწყვეტს ამ ძალიან მცირე, არც-თუ ეფექტურ, მაგრამ აუცილებელ ხაზს რუსეთთან ურთიერთობის, მაშინ ჩვენი საქმე ნატოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ქფზ-ის მიღების თვალსაზრისით გართულდება, რადგან საქართველოსთვის ქფზ-ის მოცემა, საქართველოს ნატოში გაწევრიანება არ არის გააზრებული და მონდომებული ნატოს წევრი სახელმწიფოების მხრიდან იმისთვის, რომ ხვალ ახალ კონფლიქტში შევიდნენ რუსეთთან. ნატო არ ეძებს რუსეთთან კონფლიქტში შესვლის ახალ მიზეზს და საბაბს", - განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლება ახერხებს სტრატეგიული მიზნების და ამოცანებისკენ სვლას ისე, რომ დამატებით პრობლემებს არ უქმნის საკუთარ ქვეყანას და როცა ამ პრობლემებს სხვები უქმნიან, მათ მოგვარებას საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით ცდილობს.
"საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეთანხმებით უნდა ვდგამდეთ ნაბიჯებს, თორემ მათთან შეთანხმების გარეშე გადადგმული ნაბიჯების შედეგებს დღესაც ვიმკით," - დასძინა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მოგეხსენებათ, ოპოზიციის მხრიდან მუდმივად ისმის შენიშვნები იმის შესახებ, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატი გასაუქმებელია, რადგან საქართველოს დათმობითმა პოლიტიკამ რუსეთის მიმართ შედეგი ვერ გამოიღო. საკითხი ამგვარად ხშირად დგება და დიალოგის არსებობა-არარსებობის საჭიროებაზე პოლიტოლოგებიც გასხვავებულ მოსაზრებებს აფიქსირებენ ხოლმე.
ხელისუფლებაში კი განმარტავენ, თუ რა იგულისხმა უსუფაშვილმა განცხადებაში, რა კავშირშია ერთი შეხედვით ორი სხვადასხვა საკითხი ერთმანეთთან და რატომაა კარასინი-აბაშიძის ფორმატზე მაპ-ის მოცემა დამოკიდებული.
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გუგული მაღრაძის თქმით, დასავლეთი ამას გვეუბნება, რადგან მთელ მსოფლიოში არის იმის მცდელობა, რომ კონფლიქტები რაც შეიძლება ნაკლებად მწვავე იყოს. მისი აზრით, ამას ისიც მიუთითებს, რომ ირანთან ურთიერთობა თბება.
კონფლიქტების მოგვარება კი მოლაპარაკებით ბევრად ადვილია და თუ მოლაპარაკება არ ხერხდება, სიტუაცია მაინც აღარ უნდა გამწვავდეს ისე, რომ ცივი ან ცხელი ომის პირამდე მივიდეს.
"ამიტომ ჩვენმა ხელისუფლებამ ე.წ. სტრატეგიული თმენის პოზიცია დაიჭირა. ეს ადვილი არაა, მითუმეტეს რუსეთის ქმედებების ფონზე, მაგრამ ის ამას სწორედ იმიტომ აკეთებს, რომ პროვოკაციებში აგვიყოლიოს, სიტუაცია გაამწვავოს და მსოფლიოში არსებულ ცხელ წერტილებს კიდევ ერთი ცხელი წერტილი დაემატოს.
"ძალიან სწორია, რომ პროვოკაციებს არ ვყვებით. არამთავარზე არ უნდა გავამახვილოთ ყურადღება და მთავარი გვერდზე არ უნდა დაგვრჩეს. მთავარი კი ისაა, რომ ჩვენ ვამბობთ - ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთმა უნდა დატოვოს! იმას კი არ ვიზამთ, რომ რუსეთის ქმედებებს ავყვეთ და მათ მეტის გაკეთების საშუალება მივცეთ", - აღნიშნავს დეპუტატი.
მისივე თქმით, რაც უფრო მეტი პირდაპირი კონტაქტი გვექნება რუსეთთან სხვადასხვა საკითებთან დაკავშირებით, უკეთესი იქნება. აქვე მაგალითად ევროსაბჭო მოჰყავს, რომელიც ცდილობს, რომ რუსეთი მთლიანად არ გარიცხოს და მასთან კონტაქტის საშუალება დაიტოვოს.
რაც შეეხება კარასინი-აბაშიძის ფორმატს, დეპუტატი ამბობს, რომ ეს ფორმატი სხვა ფორმატებს ხელს არანაირად არ უშლის. მისი თქმით, ჟენევის ფორმატი ოფიციალურ ფორმატად რჩება, სადაც საქართველო რუსეთს საერთაშორისო მხარის ჩართულობით ელაპარაკება. კარასინი-აბაშიძის დიალოგი კი არაფორმალური ფორმატია.
"ჩვენ ზუსტად მივყვებით იმ ისტრუქციას, რასაც დასავლეთის ცივილური ქვეყნები გვაძლევენ - მთავარ საკითხებში პრინციპულები ვართ, მაგრამ ვცდილობთ, რომ პროვოკაციებს არ წამოვეგოთ, სიტუაცია მეტად არ გავართულოთ და მოლაპარაკებები შევინარჩუნოთ. ემოციებს არ ვყვებით და საერთაშორისო საზოგადოება ამას აფასებს", - აღნიშნავს გუგული მაღრაძე.
კარასინი-აბაშიძის ფორმატისა და მაპ-ის, ამ ორი საკითხის ერთმანეთთან პირდაპირ მიბმა არ შეიძლება ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ირაკლი მენაღარიშვილის აზრით, რადგან ისინი ერთმანეთთან წმინდა ტექნიკურად არაა დაკავშირებული.
თუმცა, აქვე იმასაც დასძენს, რომ როგორც ნატოში, ისე ევროკავშირში საქართველოს სწორედაც მოუწოდებენ რუსეთთან რაც შეიძლება კონსტრუქციული ურთიერთობა ჰქონდეს, რათა რუსეთს, რომელიც ამგვარ აგრესიულ განწყობაზეა, საქართველოს წინააღმდეგ მორიგი აგრესიული ნაბიჯის გადადგმის საფუძველი არ ჰქონდეს. ანდა ამის შანსი რაც შეიძლება მინიმალური იყოს.
"რაც მეტად მოვაგვარებთ კონფლიქტებს, მით მეტად გაგვიადვილდება ნატოშიც და ევროკავშირშიც შესვლა. თუმცა, ყველას კარგად მოეხსენება თუ რას ნიშნავს ეს კონფლიქტიები და ამიტომ საქართველოს წინაშე მათი დამოუკიდებლად გადაწყვეტის ამოცანას არავინ სვამს. ეს სერიოზული არ იქნებოდა.
"ევროპასა და ნატოს ძალიან კარგად ესმის, რომ რუსეთის პოზიციის ცვლილების გარეშე, უბრალოდ, არაფერი გამოვა. ამიტომ საკთხი ასე დგას - საქართველოს უნდა ჰქონდეს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პრაქტიკული და სერიოზული ძალისხმევით განტკიცებული სტრატეგია, რომელიც ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის გადაწყვეტას მშვიდობიანი გზით, სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების შერიგების პროცესის მეშვეობით გულისხმობს. ეს მოთხოვნა ქვეყნის წინაშე დგას და ეს სრულიად გასაგებიცაა", - აღნიშნავს მენაღარიშვილი.
ამის გარდა, ნატოსა თუ ევრკავშირში ინტეგრაციის პროცესზე, მისი თქმით, უამრავი რამ მოქმედებს. მათ შორის ქვეყნის შიგნით რეფორმები, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური მიმართულებით. ასევე, შიდა დაპირისპირებების პრობლემის შემცირება, რაც ქვეყნის პოტენციელის გამოყენების პერსპექტივასა და მის საერთაშორისო იმიჯს მნიშვნელოვნად აზიანებს.