მომავალ წელს რუსეთის კინოგაქირავებაში ქართულ-ოსური ურთიერთობის მოტივებზე გადაღებული ახალი მხატვრული ფილმი გამოვა - "ტელი და ტოლი". ფილმი 2014 წელს ჩრდილოეთ ოსეთში გადაიღო რეჟისორმა ალეკსანდრ ამიროვმა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ოსური საზოგადოების ნაწილში ამ ფილმს მკვეთრად უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.
ფილმში ერთ-ერთ როლს კახი კავსაძეც ასრულებს.
"ტელი და ტოლი" ერთმანეთის მეზობლად მდებარე ორი სოფლის მცხოვრებთა მეგობრობაზე და ურთიერთობაზე მოგვითხრობს. ტელი ქართული სოფელია, ხოლო ტოლი - ოსური. სიუჟეტის მიხედვით, ამ სოფლების მცხოვრებლები წლების განმავლობაში ერთად მშვიდობიანად ცხოვრობდნენ, ჰქონდათ საერთო სასაფლაო და ეკლესია. შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად კი მათ შორის საზღვარი გაივლის, თანაც პირდაპირ საერთო სასაფლაოზე.
ორივე სოფლის მოსახლეობა საზღვრის გავლებასა და დაწესებულ შეზღუდვებს ეწინააღმდეგება. მათ სწამთ, რომ სიკეთე და მეგობრობა გაიმარჯვებს.
"პროექტი "ტელი და ტოლი" ჩემი ძველი ოცნება იყო. მინდოდა, ფილმი ქართული კომედიის სტილში გადამეღო. როდესაც ჩემი სურვილი პროდიუსერ ნატალია ივანოვას გავუზიარე, მან მე შემომთავაზა ასეთი ფილმი გადაგვეღო", - განაცხადა რეჟისორმა.
"ეხო კავკაზას" ინფორმაციით, უკმაყოფილების ერთ-ერთი მიზეზი ესეცაა - ოსურ საზოგადოებაში მიიჩნევენ, რომ ქართულ-ოსურ ურთიერთობაზე ფილმის გადაღებისას, ბოლო წლების სისხლიანი დაპირისპირების გათვალისწინებით, კომედიური ჟანრის არჩევა უკვე გაუმართლებელია.
გარდა ამისა, ფილმის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ მასში საერთოდ უგულებელყოფილი ან დამახინჯებულია არსებული რეალობა.
ფილმის სხვა დეტალებზე არაფერია ცნობილი. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად "რეზონანსი" კახი კავსაძეს დაუკავშირდა, მაგრამ მან ფილმის ეკრანებზე გამოსვლამდე კომენტარისაგან თავი შეიკავა.
"რეზონანსი" დაინტერესდა, აღნიშნული ფილმის შესახებ ქართულ მხარეს რა ინფორმაცია აქვს და სპეციალისტები ქართულ-ოსურ კონფლიქტზე გადაღებულ ფილმზე რას ფიქრობენ.
როგორც კულტურის სამინისტროში "რეზონანსს" უთხრეს, მათ ამ ფილმზე არანაირი ინფორმაცია არ აქვთ, რადგან ქართული მხარე გადაღებაში ჩართული არ არიან.
როგორც ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე "რეზონანსთან" ამბობს, მან ფილმის შესახებ მხოლოდ ზოგადი შინაარსი იცის.
"თავისთავად, როდესაც ფილმი ჯერ არ გინახავს, ისე მსჯელობა ძნელია, მაგრამ მე ვიცი ჩრდილოეთ ოსეთის შეფასებები, რომელიც საკმაოდ სკეპტიკურია. ისინი ამბობენ, რომ ეს ფილმი საბჭოური დროის ფილოსოფიითაა გაკეთებული.
"საბჭოთა პერიოდის დროინდელი დაბალი გემოვნებითაა წარმოებული, სადაც ყველაფერი ისე ტკბილად არის გაკეთებული, ვითომ პრობლემა ამ ორ თემს შორის არ არსებობს. ჩრდილოეთ ოსეთში ფილმს ასეთი შეფასებები აქვს", - განაცხადა არეშიძემ.
ფილმის შესახებ ინფორმაცია ასევე არ ჰქონდა სამხრეთ ოსეთის ადმინსტრაციის ყოფილ ხელმძღვანელ დიმიტრი სანაკოევს და უმრავლესობის წევრ ლერი ხაბელოვს.
კონფლიქტოლოგი ალექსანდრე რუსეცკი "რეზონანსთან" საუბრისას მხოლოდ იმას ამბობს, რომ ასეთი ფილმის გადაღებაზე ინფორმაცია აქვს და მხოლოდ ის იცის, რომ ამ ფილმს ხმაური მოჰყვა.