იაგო ნაცვლიშვილი
01.08.2015

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადო. მან არ გაიზიარა უმრავლესობის პოზიცია და კანონში შესატან ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. ცვლილების თანახმად, იგეგმება ეროვნული ბანკისთვის საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფა და ძლიერდება საპარლამენტო კონტროლი.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა შეფასებები საპარლამენტო უმრავლესობაში. დეპუტატების ნაწილის თქმით, პრეზიდენტი "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ თამაშს თამაშობს. ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის აზრით, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და პროექტი "ნაცმოძრაობის" მიერ მომზადებულ ალტერნატიულ წინადადებას ემყარება. უმრავლესაობას პრეზიდენტმა უპასუხა და აღნიშნა, რომ ამ განცხადებებით "ნაცმოძრაობა" ძლიერდება. მარგველაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ მან ფიცი სახელმწიფოს წინაშე დადო და არა "ქართული ოცნების".

არის თუ არა პრეზიდენტი "ნაცმოძრაობის" გავლენის ქვეშ? - ამ კითხვით საზოგადოების წარმომადგენლებს მივმართეთ.

 გიორგი შენგელაია (რეჟისორი): "მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი არ არის "ნაცმოძრაობის" გავლენის ქვეშ, ის ამ პარტიის წევრია. თავისი იდეოლოგიით, მანერებით, ინგლისური ქცევით - "ნაციონალია".

"გიორგი მარგველაშვილი არის ამერიკის იმ ფრთის ფავორიტი, რომელიც სააკაშვილს უჭერს მხარს. დიდი ხანია, ამერიკელები გვაკვირდებიან და გადაწყვიტეს, რომ ჩვენზე პრეზიდენტების მეშვეობით იმოქმედონ. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. ამ გუნდში მოიაზრება ირაკლი ალასანიაც თავისი გუნდით.

"ამით არის განპირობებული პრეზიდენტის ეს გამოხდომები. ახლა ვეტოს ადებს ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტს. თუნდაც ის, რომ აკაკი ბობოხიძის ძმა შეიწყალა. ხალხი ყველაფერს ხვდება. საბოლოოდ "ნაცმოძრაობა", მარგველაშვილი და ალასანია გაერთიანდებიან. მაგრამ საბოლოოდ განაჩენს ხალხი გამოიტანს. კარგია თუ ცუდია - ეს ფაქტია. 2012 წელს მარტო ბიძინა ივანიშვილს არ გაუმარჯვია, ხალხმა გაიმარჯვა. მიმაჩნია, რომ მარგველაშვილი ჩამოყალიბებული "ნაციონალია".

 გია ბურჯანაძე (მსახიობი): "უმრავლესობა გაიძახის, პრეზიდენტი "ნაციონალური მოძრაობის" თამაშს თამაშობსო, მაგრამ მე მაინტერესებს, უმრავლესობაში "ნაცმოძრაობის" თამაშს სხვა არავინ თამაშობს?! ეს კითხვა მაქვს უმრავლესობასთან.

"გიორგი მარგველაშვილიც ისევე თამაშობს "ნაცმოძრაობის" პოლიტიკურ თამაშს, როგორც უმრავლესობაში შემავალ პარტიათა დიდი ნაწილი. სჯობს, ჯერ კოალიციაში მოიკითხონ პარტიები, რომლებიც დღესაც "ნაცმოძრაობის" სატელიტები არიან. რატომ უკვირთ ერთი კაცის მოქმედებები, არ მესმის. ჯერ კოალიციაში მოიკითხონ და მერე ილაპარაკონ პრეზიდენტზე".

 ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე): "არ მინდა დავიჯერო, რომ საქართველოს პრეზიდენტი "ნაციონალური მოძრაობის" გავლენის ქვეშ არის. მინდა ვიფიქრო, რომ ისევ კოაბიტაციას "აწვება". არ მინდა დავიჯერო, რომ "ნაციონალებთან" კავშირშია. რეალურად რა ხდება, ეს მე არ ვიცი.

"თავიდან რაც უთხრეს ამათ ("ოცნებამ"), რომ უნდა ითამაშონ, ვითომ ძალიან უყვართ ერთმანეთი, ჩემი აზრით, გიორგი მარგველაშვილი ისევ იმ თამაშს თამაშობს".

 თედო დონდუა (ისტორიკოსი): "მგონია, რომ პრეზიდენტი ამასთან დაკავშირებით ძალიან ცდება. ეროვნული ბანკი პარლამენტის კონტროლის ქვეშ უნდა იყოს, რადგან მერე ხდება პოლიტიზება და ეროვნული ბანკი პარტიული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს.

"დამიჯერეთ, რომ პრეზიდენტი "ნაციონალური მოძრაობის" წევრია. აბსოლუტური შეცდომაა, თითქოს ეს ვიღაცებმა პრეზიდენტად აირჩიეს. თავიდანვე "ნაციონალი" იყო, მაგან და "ნაცმოძრაობამ" რაღაც პოლიტიკური თამაში ითამაშეს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×