საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის უკვე ყოფილი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი წარადგინა, ხოლო მღებრიშვილის ადგილს მისი პირველი მოადგილე კახა კახიშვილი დაიკავებს.
პრემიერის თქმით, გიორგი მღებრიშვილის სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობის დროს სერიოზული რეფორმები გატარდა და პრემიერი იმედოვნებს, რომ მღებრიშვილი შს მინისტრად მუშაობას თავს წარმატებით გაართმევს.
რაც შეეხება კახი კახიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კახიშვილის მინისტრად დანიშვნა არის მკაფიო გზავნილი ყველასთვის, რომ სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმირების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა კიდევ უფრო გაიზრდება.
როგორ აფასებთ "ოცნების" სამთავრობო კარუსელს? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
გრიგოლ გაგნიძე (იურისტი): ამას "კარუსელს" ვერ დავარქმევდი. ეს ცვლილება, როგორც ხედავთ, აუცილებელი იყო და დადებითად ვაფასებ, ვინაიდან 2012 წლის შემდეგ გიორგი მღებრიშვილმა თავისი პროფესიონალური უნარ-ჩვევები წარმოაჩინა. გვახსოვს, რომ ის იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და შემდეგ სასჯელაღსრულების უწყების ხელმძღვანელი.
"ასევე დადებითად ვაფასებ კახი კახიშვილის მინისტრობასაც. უფლებადამცველები მას დიდ პატივს სცემენ."
მიშა თავხელიძე (პოლიტოლოგი): მე მგონი ივანიშვილის მთავრობამ თვითონ არ იცის რას აკეთებს. ნებისმიერი ასეთი გადაადგილება ან რამე სტრუქტურული ცვლილება შეიძლება მხოლოდ ორი მიზეზით იყოს გამოწვეული - ბიძინა ივანიშვილს პერსონალურად უნდა რაღაც, როგორც ეს მოხდა ეროვნული ბანკის ფუნქციების გადანაწილების შემთხვევაში, ან ეს ყველაფერი შიდაკლანური ბრძოლის შედეგია და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაყოფაც ამ კატეგორიაში გადის.
"რაციონალური მოტივი, რომ რაიმე პრობლემა გადაწყვიტონ ან სტრუქტურული რეფორმები გაატარონ, ივანიშვილის მთავრობის წევრებს არ აქვთ და ვერც ექნებათ შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობების გამო."
ია ანთაძე (ჟურნალისტი): გიორგი მღებრიშვილი სასჯელაღსრულების სამინისტროში ისეთ დროს მივიდა, როდესაც ძირითადი რეფორმები უკვე გატარებული იყო და შს სამინისტროში ბევრად მეტი საქმე ექნება, რადგან უწყების გაყოფის შემდეგ ბევრი რამ იქნება ასაწყობი და ახლა უფრო გამოჩნდება რამდენად შეუძლია სისტემის კარგად მართვა, ვიდრე აქამდე შეეძლო.
"რაც შეეხება კახი კახიშვილს, ვფიქრობ კარგი ცვლილებაა, რადგან კახი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ხედვებით სამართლიანობასთან, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით. როგორც მინისტრის მოადგილე, მან გამოცდილება მიიღო და ვფიქრობ ცუდი მინისტრი არ იქნება."
ლაშა ჩხარტიშვილი (ეკოლოგი): "თუ კახი კახიშვილი დამოუკიდებელი იქნება, ამ ურთულეს სისტემაში შეიძლება მან ბევრი კარგი გააკეთოს. სასჯელაღსრულების სისტემაში მონიტორინგის ჩატარებას პირველივე დღიდან ვთხოვდი და ვურჩევდი, რადგან ამის გარეშე სისტემა ვერ იმუშავებს. მივესალმები მის დანიშვნას, უბრალოდ მას პრინციპული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს.
"რაც შეეხება გიორგი მღებრიშვილის შს მინისტრად დანიშვნას, აქ შეიძლება კადრების დეფიციტთან გვქონდეს საქმე იმიტომ, რომ ეს ადამიანი უკვე იყო ერთ სამინისტროსში და რამდენად საჭირო იყო მისი მეორე სამინისტროში ასეთ რთულ პოზიციაზე გადაყვანა, არ ვიცი. ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ სამთავრობო გუნდში კადრების დეფიციტია."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე