უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობამ იკლო. თუმცა, რუსული მედია საინფორმაციო ფრონტზე იერიშს არ წყვეტს.
გასულ კვირას "რუსეთი 24"-ის ეთერში გასულ ვრცელ ტელესიუჟეტს დიდი რეზონანსი მოჰყვა. რუსი ჟურნალისტების ცნობით, ივლისის შუა რიცხვებში დივერსიული ოპერაციისას უკრაინის სთამთავრობო ძალების მხარეს მებრძოლმა ქართველებმა შეცდომით უკრაინული არმიის კუვთნილ ქვეითთა საბრძოლო მანქანას გაუხსნეს ცეცხლი. "მეგობრული ცეცხლის" შედეგად სამი უკრაინელი დაიღუპა.
მეტი დამაჯერებლობისათვის რუსულ სამთავრობო ტელეარხს პრორუსი სეპარატისტების მიერ მოპოვებული რადიოჩანაწერი მოჰყავს. აუდიოჩანაწერში ორი პიროვნება, მკვეთრი აქცენტითა და გრამატიკული შეცდომებით, ინციდენტის შესახებ ქართულ ენაზე საუბრობს. წარმოგიდგენთ ამ დიალოგის ნაწილს, სტილი დაცულია:
- "ტოპაზ" "ბერკუტი" ვარ, ვხედავ "ზილს", რა ვქნა?
- საიდან მოდის?
- მგონი მარიოპულიდან.
- გოჩა, ჩვენები არიან?
- არა, სეპარები (იგულისხმება სეპარატისტები).
- "ბერკუტი" ვარ, "ბეტეერს" ვხედავ, ფეხებში ესროლეთ, ერთი მე-200 (სამხედრო სლენგზე დაღუპულს ნიშნავს) მიყავთ.
საუბრისას ისმის ავტომატური იარაღის სროლის ხმა. მოგვიანებით რადიოგადაცემაში ვინმე "არმაზა" ერთვება.
- "ტოპაზ", "არმაზა" ვარ, დავაი ყურები დავაჭრათ, რამე ხომ უნდა გვქონდეს?!
- კარგი. ფრთხილად!
სამხედრო მიმომხილველის, გიორგი ინაურის თქმით, რუსული მედიის მსგავსი პროპაგანდისტული ხრიკი შიდა მომხმარებელზეა გათვლილი. პროპაგანდისტების მიზანია უკრაინელი სამხედროები და მათ მხარეს მებრძოლი მოხალისეები, მათ შორის ქართველებიც, სულელ, არაპროფესიონალ, მაგრამ სასტიკ პიროვნებებად წარმოაჩინონ. ამასთან, მათი მიზანია გაამყარონ მითი იმის შესახებ, რომ უკრაინის სამთავრობო ჯარების რიგებში უცოელი დაქირავებული მებრძოლები მრავლად არიან.
როგორც სამხედრო მიმომხილველი აღნიშნავს, ოფიციალური მონაცემებით დონბასში, უკრაინელების მხარდამხარ მებრძოლ უცხოელთა, მათ შორის ქართველთა რაოდენობა, მეომართა საერთო ოდენობის 3%-ზე ნაკლებია.
"თუ ამ აუდიოჩანაწერის შინაარსს კარგად დავაკვირდებით, მივხდებით, რომ მისი მონაწილეები საუბრობენ იმას, რასაც რუსული პროპაგანდა დაუღალავად ამტკიცებს. საუბარი აშკარად ოთახშია ჩაწერილი და ისინი დაწერილ ტექსტს კითხულობენ, რაც ლაპარაკის მანერაზეც კარგად შეიმჩნევა. მოდელირებულ გასროლის ხმებზე, რომელიც სავარაუდოდ რომელიმე კომპიუტერული თამაშიდან აქვთ აღებული, საერთოდ საუბარიც კი არ ღირს", - თქვა ინაურმა "მთელ კვირასთან" საუბრისას.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსული არხების ჩვენება უკრაინაში შეზღუდულია, მსგავსი ვიდეოები იტვირთება სოციალურ ქსელებში, რასაც როგორც რუსი, ასევე უკრაინელი და ქართველი მომხმარებლების მხრიდან თან კომენტარების სახით ფართო განხილვა ახლავს.
ინფორმაციის გადასამოწმებლად "მთელი კვირა" უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისეებს დაუკავშირდა. ბატალიონ "დონბასის" ასმეთაურის დავით მარტიაშვილის თქმით, ამ სიუჟეტში იმდენად აშკარად იკვეთება რუსული სპეცსამსახურების ხელი, რომ მასზე სერიოზული კომენტარის გაკეთებაც კი შეუძლებელია.
"ჯერ ერთი, დავიწყებ იქიდან, რომ ასეთი საძახისებით უბრალოდ არ არსებობენ ქართველები პოლკ "აზოვში". მეცინება - ქართველმა დაირქვა "ტოპაზი", "ბერკუტი"... პირდაპირ რუსული სერიალია - "სპეცნაზი" ჰქვია, სახელები იქედანა აღებული.
"მეორე - მეორე წელია ამ ომში ვართ და ბატალიონის კავშირის სიხშირეზე ქართულად ლაპარაკი უბრალოდ წარმოუდგენელია. ვინ მოგცემს მაგის უფლებას?! შენ რა, შენი მინი ომი ხომ არ გაქვს მანდ?!
"სინამდვილეში ამ სისულელეზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო გარდა იმისა, რომ მე, არასპეციალისტიც კი ვხვდები, რომ ასი პროცენტით უნიჭო მონტაჟია, სპეციალისტი ამას 10-15 წამში გეტყვით. "ვხედავ ბეტერს..." "სროლა ფეხებში..." - რა უნდა ვთქვა ამ სისულელეზე... სროლის ხმაც კი ფონად ადევს.
"ამაში ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ ის ნაძირალა ქართველები, რომლის ხმებიც დაადეს ფონად ამ სისულელეს, შეგნებულად წავიდნენ თანამემამულეთა დისკრედიტაციაზე. სხვას ვერაფერს გეტყვით", - თქვა "მთელ კვირასთან" საუბრისას დავით მარტიაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ უკრაინულ მედიასაშუალებებს, რომლებსაც ეყრდნობიან რუსი ჟურნალისტები, ამ ინციდენტისა და ზოგადად სამი უკრაინელი სამხედროს დაღუპვის შესახებ არანაირი ცნობები არ გამოუქვეყნებიათ.